Facebook Twitter

#ბს-454-448(კს-14) 22 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ზ. ძ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის დადგენილებაზე.

2014 წლის 5 მარტს ზ. ძ-მა საჩივრით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს საპატრულო პოლიციის 2014 წლის 3 თებერვლის №ევ... ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 2014 წლის 24 თებერვლის №20/23-7-35 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის დადგენილებით ზ. ძ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს დადგენილებით საჩივრის ავტორს განემარტა დადგენილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის დადგენილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ძ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის დადგენილებით ზ. ძ-ის საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა, რომ იგი არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას.

2014 წლის 27 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა ზ. ძ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის დადგენილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის სააპელაციო სასამართლოსათვის დავალება.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ძ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კანონმდებელმა ახლებურად დაარეგულირა სასამართლოთა კომპეტენცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვასთან დაკავშირებით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ ასევე სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

ამდენად, კანონმდებელმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხის განხილვა დაუქვემდებარა სასამართლოთა მიერ არა სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვას და მიუთითა ამ კატეგორიის დავათა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განხილვაზე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე საპატრულო პოლიციელი უფლებამოსილია ადგილზე გამოწეროს საჯარიმო ქვითარი. საქმეთა ადგილზე განხილვის კომპეტენციას განსაზღვრავს სამართალდარღვევათა კოდექსის 2341-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმის განხილვა შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას, მის გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, ადგილზე ადმინისტრაციული სახდელის დადებას და საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას დამრღვევისათვის.

აღნიშნული წესით განხილულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესს განსაზღვრავს სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ორგანოს (თამანდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341-ე მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგაც საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტების დათქმა ეხება ამ კატეგორიის საქმეთა მხოლოდ განხილვის და არა გასაჩივრების წესს, რამდენადაც მითითებული ნორმა განსაზღვრავს სწორედ სასამართლოთა კომპეტენციას მითითებულ საქმეებთან დაკავშირებით, რომ ამ კატეგორიის საქმეთა განხილვა უნდა მოხდეს სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რომლითაც განისაზღვრება ასევე გასაჩივრების წესიც. მით უფრო, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატ მოსამართლეთა იურისდიქციას დაექვემდებარა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადასინჯვა. ანუ კანონმდებლობამ სასამართლო ორგანოთა კონტროლს დაუქვემდებარა სამართალდარღვევის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც უნდა განხორციელდეს სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ გასაჩივრების წესის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება, რამდენადაც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, ერთპიროვნულად განიხილოს მაგისტრატ მოსამართლეთა მიერ განხილული დავები, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, გულისხმობს მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებს, რომლის გასაჩივრების წესიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლითაა განსაზღვრული, ანუ როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტზე დადგენილება სახდელის დადების შესახებ გამოაქვს სასამართლოს, ხოლო მისი კანონიერების გადამოწმება ხდება სააპელაციო სასამართლოს მიერ. ხოლო ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ აკონკრეტებს და არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტზე, არ გულისხმობს გასაჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილისაგან განსხვავებულ წესს. აღნიშნული შესაძლოა მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზით აიხსნას, რაც ვერ გახდება ნორმის არასწორი განმარტების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციები შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი არ ავალდებულებს მონაწილე ქვეყნებს შექმნან სააპელაციო სასამართლოთა სისტემა. ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ არის გათვალისწინებული და არც გამომდინარეობს მე-6 მუხლიდან. კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლის (რომელიც გასაჩივრების უფლებას განსაზღვრავს) მე-2 პუნქტი მსუბუქ სამართალდარღვევათა მიმართ გასაჩივრების უფლების რეგულირების საკითხს სახელმწიფოთა დისკრეციას განაკუთვნებს.

საქართველოს კანონმდებლობის მსგავსად ანალოგიურ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს არაერთი ქვეყნის კანონმდებლობაც, ხოლო რიგი სახელმწიფოების კანონმდებლობა ახდენს სამართალდარღვევის მნიშვნელობისა და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით გასაჩივრების წესის დიფერენციაციას.

ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დაუშვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის დადგენილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და აღნიშნულზე გავლენას არ ახდენს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ გაკეთებული არასწორად განმარტება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ძ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის დადგენილებაზე უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ზ. ძ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე