საქმე #ბს-391-386(კ-14) 30 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი - ა. ვარდიძე;
კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი - მ. ბ-ი (26.03.15წ., =73513 მინდობილობა);
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“, წარმომადგენელი - რ. ფ-ე (24.03.15წ., =01/03 მინდობილობა);
მესამე პირი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, წარმომადგენელი - ვ. გ-ე (15.04.15წ., =259 მინდობილობა);
დავის საგანი - ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2014წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
22.10.2013წ. იბა ამხანაგობა ,,...“ თავმჯდომარემ ა. ბ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 30.07.2013წ. N882013349301-03 გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.09.2013წ. N171770 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ.ბათუმში, ... ქ. N8-ში ჩამოყალიბებულია ბინის და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, რომელშიც გაერთიანებულია 12 ბინის და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრე .ამხანაგობა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში როგორც ქ.ბათუმში, ... ქუჩა N8-ში მდებარე ქონების მესაკუთრე. აღნიშნულ მისამართზე ამხანაგობის მიწის ნაკვეთის საზღვრებში განთავსებული ორსართულიანი ნაგებობის პირველ სართულზე მდებარეობს 46,7 კვ.მ არასაცხოვრებელი დამხმარე ფართი, რომელიც წარმოადგენს ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას და მასზე დღემდე არ არის საკუთრების უფლება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. 20.07.2013წ, ქ.ბათუმში, ... ქუჩა N8-ში ამხანაგობის საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებული საერთო საკუთრების არასაცხოვრებელი ფართის ამხანაგობის საკუთრებაში რეგისტრაციის მიზნით კანონით დადგენილი წესით მოწვეული და ჩატარებულ იქნა ამხანაგობის წევრთა საერთო კრება, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში 46,7 კვ.მ არასაცხოვრებელი, დამხმარე ფართის ამხანაგობის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. ამხანაგობის წევრთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება ( კრების ოქმი) სხვა მასალებთან ერთად სარეგისტრაციოდ წარედგინა საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს. საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 30.07.2013წ. N882013349301-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ განცხადებას არ ერთვოდა კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც სავალდებულო იყო მოთხოვნილ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 25.09.2013წ. N171770 გადაწყვეტილებით იბა ამხანაგობა ,,...“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 30.07.2013წ. N882013349301-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.09.2013წ. № N171770 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არის უკანონო. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურიდან მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ ქ.ბათუმში, ... ქ. =8-ში, I სართულზე მდებარე 194,3 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე რეგისტრირებულია აჭარის ა.რ. საკუთრების უფლება. აღნიშნული ფართი ემიჯნება 46,7 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და საპრივატიზაციო ფართს, აღნიშნული ფართი სახელმწიფო საკუთრებაში რომ ყოფილიყო, სახელმწიფო მოახდენდა ამ ფართის საკუთრების უფლებით რეგისტრაციას 194,3 კვ.მ. ფართტან ერთად. სადავო 46,7 კვ.მ. ფართი არის ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში, რის გამო სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.11.2013წ. განჩინებით მოსარჩელის თანხმობით, საქმეში მოპასუხედ ჩაება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.12.2013წ. გადაწყვეტილებით ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.09.2013წ. N171770 გადაწყვეტილება ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 30.07.2013წ. N882013349301-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 30.07.2013წ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. სასამართლომ მიუთითა, რომ ფართის ნაწილი განიკარგა პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო ფართი არ განკარგულა. მოპასუხე ვერ უთითებს კონკრეტულად რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია მარეგიტრირებელმა ორგანომ სადავო ფართი საპრივატიზაციო ფართად, მით უფრო, რომ სადღეისოდ სადავო ფართი თავისუფალ მდგომარეობაშია, მასზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის და ყოფილი ტექ. აღრიცხვის მასალებით ფართის საკუთრებასთან დაკავშირებით არ მოიპოვება უფლების დამდგენი დოკუმენტი. მარეგისტრირებელ ორგანოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ დღეის მდგომარეობით ქ.ბათუმში, ... ქუჩა N6/8-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებით ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ წევრებთან ერთად საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად რეგისტრირებულია აჭარის ა/რ საკუთრების უფლება მხოლოდ 194.30კვ.მ ფართზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.12.2013წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2014წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.12.2013წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 390.3 მუხლის საფუძველზე სრულად გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი და მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ მესამე პირის - ქ.ბათუმის მერიის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის თაობაზე არ უცნობებია. რაც შეეხება საქმეში არსებული და სააპელაციო საჩივარზე დართული ტექნიკური აღრიცხვის მასალებს, აღნიშნული დოკუმენტები თავისი შინაარსით და მონაცემებით უტყუარად ვერ ადასტურებენ სადავო ფართის ( 46.7 კვ.მ-ს) სახელმწიფოს (ადგილობრივი თვითმმართველობის) კუთვნილების ფაქტს, რადგანაც აღნიშნული დოკუმენტები არ წარმოადგენენ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებს და მასში ცალკე არ არის მითითება სადავო ფართზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 14.04.14წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ. კასატორები აღნიშნავენ, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 30.07.13წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ვინაიდან განცხადებას არ ერთვოდა კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ თუ განცხადებას არ ერთვის კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. სარეგისტრაციო დოკუმენტად წარმოდგენილ კრების ოქმზე თანდართული აზომვითი ნახაზის მსგავსი კონფიგურაციის და იდენტური ფართობის საცავი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკურ არქივში დაცული სხვადასხვა დროს შედგენილი 1 სართულის სართულებრივ გეგმაზე დატანილი მონიშვნების მიხედვით წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ფართს, ამასთან ფართი მთლიანად ირიცხებოდა მერიის სახელზე, რასაც მოწმობს ტექინვენტარიზაციის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება (02.11.1989წ.), აქედან ნაწილი მის მიერ განიკარგა პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სადავო ფართი არ განკარგულა. ამდენად, ფართზე საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია პრივატიზაციის წესით. საქმის მასალებით დგინდება, რომ ფართი მთლიანად ირიცხებოდა ქ.ბათუმის მერიის სახელზე. აქედან ნაწილი მის მიერ განიკარგა პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სადავო ფართი არ განკარგულა, რაც არ გულისხმობს იმას, რომ ამხანაგობამ მოიპოვა სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. სადავო უძრავი ნივთი (46,7 კვ.მ.) საპრივატიზაციო ფართს წარმოადგენს, რის გამო კასატორები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №6/8 მდებარე მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 05.05.2011წ. საერთო კრების №1 ოქმის თანახმად, ჩამოყალიბდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ (იხ. ს.ფ. 13). 14.12.2011 წ. იბა ამხანაგობის ,,...“ სახელზე თანასაკუთრებაში დარეგისტრირდა 522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი მონაცემებით, საკადასტრო კოდი: ..., უფლების დამდგენ დოკუმენტად მიეთითა იბა,,...“ კრების ოქმი №110478521, დამოწმების თარიღი: 13.05.2011წ. (ს.ფ. 32). საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 09.09.2001წ. ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აჭარის ა/რ მთავრობას საკუთრებაში გადასცა ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე 194, 3 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (იხ. ს.ფ. 21-25). 16.09.2010 წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე 194,30 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, დაუზუსტებელი მონაცემებით, საკადასტრო კოდი:05.01.25.002 01/501, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია №100901734 ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ა.რ. საკუთრებაში გადაცემის შესახებ (ს.ფ. 31).
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 20.07.2013წ. ამხანაგობა ,,...“ მიერ ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში ამხანაგობის საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებული საერთო საკუთრების არასაცხოვრებელი ფართის ამხანაგობის სკუთრებაში რეგისტრაციის მიზნით, ჩატარდა ამხანაგობის წევრთა საერთო კრება. 20.07.13წ. №10 კრების ოქმის თანახმად, იბა ,,...“ მიიღო გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, .../… №…-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 1-ელ სართულზე მდებარე 46.7 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის საჯარო რეესტრში ამხანაგობა ,,...“ საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე, შპს ,,ლ...“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ამავე კრების ოქმით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ამხანაგობის გადაწყვეტილების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება (ს.ფ. 37-38).
საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება. საჯარო რეესტრი, როგორც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განმახორციელებელი საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, არის უფლების არა მხოლოდ ფიქსაციის, არამედ უფლების წარმოშობის საფუძველი, ვინაიდან უფლება უძრავ ნივთზე წარმოიშობა საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, სარეგისტრაციო სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე და მისი აღმოფხვრის მიზნით უნიშნავს ვადას განმცხადებელს (21.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი). სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ, წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოუდგენლობა იწვევს, მარეგისტრირებელი ორგანოს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას (21.4 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ 24.07.2013წ. ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია პირველ სართულზე მდებარე ფართზე. წარდგენილ განცადებას დაერთო წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან, კრების ოქმი, ნახაზი და ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 30.07.2013 წ. №882013349301-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ მოტივით, რომ დამატებით წარმოსადგენი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი, ვინაიდან ფართი წარმოადგენდა საპრივატიზაციო ფართს (ს.ფ. 39). სარეგისტრაციო სამსახურმა მიუთითა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტად წარმოდგენილ კრების ოქმზე თანდართული აზომვითი ნახაზის მსგავსი კონფიგურაციის და იდენტური ფართობის ფართი, ამავე არქივში დაცული სხვადასხვა დროს შედგენილი 1-ლი სართულის სართულებრივ გეგმებზე დატანილი მონიშვნების მიხედვით, წარმოადგენდა სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ფართს, რის გამოც საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელი იყო მხოლოდ პრივატიზაციის გზით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 02.11.1989წ. ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე სახლთმფლობელობის მესაკუთრე იყო ქ. ბათუმის მერია. შემდგომში მოხდა სახლთმფლობელობაში არსებული ფართების პრივატიზაციის გზით განკარგვა, რის შედეგადაც ბინები გადავიდა კერძო პირთა საკუთრებაში. მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. =107 დადგენილების საფუძველზე განხორციელებული საბინაო ფონდის პრივატიზაციის შედეგად ბინის მესაკუთრეს მრავალბინიან სახლებში ბინის ინდივიდუალურ საკუთრებასთან ერთად ეკუთვნის წილი სახლის საერთო საკუთრებაში. ამდენად, მრავალბინიანი სახლის ყველა ინდივიდუალური საკუთრების მესაკუთრე იმავდროულად საერთო საკუთრების მესაკუთრეა. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის პრივატიზებულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები, მესაკუთრეები ითვლებიან ამ სახლების საინჟინრო მოწყობილობების და საერთო სარგებლობის ადგილების თანამესაკუთრეებად დაკავებული ფართობის პროპორციულად (საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 11.08.1992წ. =825 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს რესპუბლიკაში პრივატიზებული საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაციისა და გაწეული დანახარჯების დაფარვის შესახებ“ დროებითი დებულების მე-7 მუხ.). სახლის ნაწილი, რომელიც არ არის ინდივიდუალურ საკუთრებაში, ბინათმესაკუთრეთა მახანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებას მიეკუთვნება მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნავგამტარები, ბუნკერები და ა.შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში (,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 5.1 მუხ.).
საქართველოს მთავრობის 19.02.05წ. =26 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულება ქონების გადაცემამდე ითვალისწინებს წინადადების შესწავლას, შესწავლის შედეგად ქონების სააგენტოს მიერ რეკომენდაციის შემუშავებას საქართველოს მთავრობისათვის, რომელიც გამოსცემს შესაბამის განკარგულებას (2.4 პ.). საქართველოს მთავრობის 01.09.10 წ. =1149 განკარგულებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, სხვა ობიექტებთან ერთად, საკუთრებაში გადაეცა ქ.ბათუმში, ... ქ. =8-ში მდებარე 194,3 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართობი. საქართველოს მთავრობის 01.09.10წ. =1149 განკარგულების 1-ლი პუნქტის თანახმად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სახელმწიფო ქონება გადაეცა შემდგომში პრივატიზაციის მიზნით. ამდენად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 30.07.13წ. =882013349301-03 გადაწყვეტილებაში შეჩერების საფუძვლად მითითება იმაზე, რომ სადავო ფართი (46,7 კვ.მ.) წარმოადგენს საპრივატიზაციო ფართს არ არის დასაბუთებული, ვინაიდან გაურკვეველი რჩება თუ რატომ არ გადაეცა დანარჩენ 194,3 კვ.მ. საპრივატიზაციო ფართთან ერთად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მომიჯნავე სადავო 46,7 კვ.მ. ფართი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის 09.09.10წ. დადებული ხელშეკრულების თანახმად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 66 ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის ქ.ბათუმში, ... ქ. =8-ში მდებარე 194,3 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. ამჟამად საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ წევრებთან ერთად, აჭარის ა.რ. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მხოლოდ 194,30 კვ.მ. ფართზე.
საქმეზე დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 09.09.01წ. ხელშეკრულების საფუძველზე აჭარის ა.რ. საკუთრებაში გადაცემული ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე 194, 3 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღირიცხა, არ მოიცავს ამხანაგობა ,,...“ საკუთრებაში არსებული მიწის ნავეთის საზღვრებში განთავსებული ორსართულიანი ნაგებობის პირველ სართულზე მდებარე სადავო - 46,7 კვ.მ. არასაცხოვრებელი დამხმარე ფართს, რომელიც საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის ვინმეს სახელზე. საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ფართის ვინმეს ინდივიდუალურ საკუთრებაში ყოფნა, შენობა-ნაგებობისა და კეთილმოწყობის ობიექტის ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას შეადგენს, მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით (,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვპუნქტი, 7.2 მუხლი). ტექ.აღრიცხვის ბარათის ჩანაწერით ირკვევა, რომ აღნიშნული ფართი საწყობად გამოიყენებოდა. ქ. ბათუმის მერიის მიერ სადავო ფართის ოდესმე განკარგვის, სხვა სუბიექტისადმი სარგებლობაში გადაცემის ფაქტი არ დასტურდება, ქ.ბათუმის მერიის წარმომადგენელი ვერ უთითებს ტექინვენტარიზაციის ბიუროში საწყობად აღრიცხული ფართის სხვა კონკრეტულ მოსარგებლეს, ხოლო იბა ,,...“ წარმომადგენლის განმარტებით პირველ სართულზე მდებარე 46,7 კვ.მ. არასაცხოვრებელ სადავო ფართს საწყობად დღემდე ბინათმესაკუთრეები იყენებდნენ, აღნიშნულის უარმყოფი რაიმე მტკიცებულება კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და საქმეში მესამე პირად ჩაბმულ - ქ.ბათუმის მერიის მიერ არ წარმოდგენილა, საქმეში არ მოიპოვება მოცემული ფართის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის დოკუმენტაცია. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. ამდენად, არ დასტურდება ამხანაგობის მიერ ისეთი ქონების საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნა, რომელიც არ იმყოფებოდა ამხანაგობის წევრთა საერთო მფლობელობაში და სარგებლობაში. ამხანაგობის წევრთა საერთო მფლობელობაში და სარგებლობაში ყოფნა წარმოადგენს ასეთი ქონების ამხანაგობის საკუთრებად აღრიცხვის პირობას. შესაბამისად, გაურკვეველია თუ რის საფუძველზე მიიჩნია მარეგისტრირებელმა ორგანომ ფართი საპრივატიზებო ფართად.
იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ეტაპზე არ არის დადგენილი სადავო ფართზე ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრე ამხანაგობა ,,...“ წევრთა საერთო საკუთრების გამომრიცხავი გარემოება, მოცემულ ეტაპზე არ იკვეთება ამხანაგობის გადაწყვეტილებით (20.07.13წ. საერთო კრების =10 ოქმი) ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ ეტაპზე არ არსებობს ამხანაგობის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული - ამხანაგობის წევრთა მიერ გადაწყვეტილების ერთხმად მიღების მოთხოვნის წაყენების პირობა.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სარეგისტრაციო სამსახურმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სადავო გადაწყვეტილება მიიღო სარეგისტრაციო სამსახურში დაცული დოკუმენტაციის გამოკვლევის და შეფასების გარეშე. სარეგისტრაციო სამსახურს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ სადავო 46,7 კვ.მ. ფართი 194,30 კვ.მ. ფართთან ერთად არ გადაცემულა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში სამსახურს არ დაუდგენია სადავო ფართით რომელიმე სხვა სუბიექტის მიერ სარგებლობის ფაქტი, არ დაუდგენია ამ სადავო ფართზე ამხანაგობის საერთო საკუთრების გამომრიცხავი გარემოება. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა სასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების და შეფასების გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევა, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2014წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე