Facebook Twitter
#ბს-629-616(2კ-14) 2 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე


განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ სახელმწიფო აუდიტის სამსახური (მოპასუხე); ი. პ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი - ლ. უ-ი

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 6 ნოემბერს ი. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 2010 წლის 22 მარტის #34/25 ბრძანებით ი. პ-ი დაინიშნა საქართველოს კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის ... ვაკანტურ თანამდებობაზე, განუსაზღვრელი ვადით. იგი არაერთხელ იქნა წახალისებული სამსახურებრივი მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულებისათვის, ხოლო დისციპლინური საქმისწარმოება მის მიმართ არასდროს დაწყებულა.
2013 წლის 9 ოქტომბერს ოფიციალური გაცნობის მიზნით მოსარჩელეს გადაეცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის #1/428 ბრძანება ი. პ-ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ, რომლითაც ფაქტობრივად მოხდა მისი ჩამოქვეითება იურიდიული დეპარტამენტის ... თანამდებობიდან შიდა აუდიტის დეპარტამენტის ... დროებით მოვალეობის შემსრულებლად.
მოსარჩელის მითითებით, სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას თუ რა გადაუდებელი სამსახურებრივი აუცილებლობა არსებობდა მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისათვის. გარდა აღნიშნულისა, ი. პ-ი გადაყვანილ იქნა იმ თანამდებობაზე, რომელსაც იგი არ შეესაბამებოდა პროფესიისა და კვალიფიკაციის თვალსაზრისით.
მოსარჩელის მითითებით, სასამართლოს განხილვის საგანი უნდა გახდეს ასევე, ი. პ-ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის კანონიერად მიჩნევის შემთხვევაშიც, არსებობდა თუ არა მისი აუდიტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანის წინაპირობები და აღნიშნული თავსებადია თუ არა მოხელის გადაყვანისათვის არსებულ საკანონმდებლო წესრიგთან.
მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან შრომითი ურთიერთობა რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით, რომლის მე-13 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპებია პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა. სადავო აქტი გამოიცა მითითებული პრინციპების უგულებელყოფით და ი. პ-ი გადაყვანილ იქნა იმ თანამდებობაზე, სადაც ვერ უზრუნველყოფდა მითითებული პრინციპების შესრულებას და რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა იგი.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის #1/428 ბრძანების ბათილად ცნობა მისი გამოცემის მომენტიდან და ი. პ-ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანამდე არსებული თანამდებობისა და ახალი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობის ანაზღაურება თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის, 2013 წლის 9 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. უ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2010 წლის 22 მარტის №34/25 ბრძანებით ი. პ-ი დაინიშნა საქართველოს კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის ... თანამდებობაზე.
ი. პ-მა 2013 წლის 3 ოქტომბერს თანხმობა განაცხადა გადაეყვანათ შიდა აუდიტის დეპარტამენტში ... თანამდებობაზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის №1/428 ბრძანებით ი. პ-ი გადაყვანილ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ... თანამდებობიდან შიდა აუდიტის დეპარტამენტის ... თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე.
მოსარჩელემ დაამთავრა სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის 2 დეკემბრის №1/443 ბრძანებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ... თანამდებობაზე დაინიშნა ლ. უ-ი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის 4 დეკემბრის №456 ბრძანებით ი. პ-ი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის ... თანამდებობიდან 2013 წლის 4 დეკემბრიდან.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის 18 სექტემბრის №189/37 ბრძანებით დამტკიცდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის საშტატო ნუსხა, შტატით განისაზღვრა ... თანამდებობაზე 2 საშტატო ერთეული.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრულია სხვა თანამდებობაზე ან სხვა ადგილმდებარეობის სამუშაოზე მოხელის გადაყვანა, აგრეთვე მისთვის დაკავებული თანამდებობით გაუთვალისწინებელი დავალების დაკისრება მხოლოდ მოხელის თანხმობით. გამონაკლისს წარმოადგენს ამავე კანონის 53-ე, 54-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 53-ე, 54-ე და 57-ე მუხლით განსაზღვრული რომელიმე შემთხვევა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ი. პ-ი სხვა თანამდებობაზე გადაყვანილ იქნა მისი თანხმობით. განმსაზღვრელი არ არის ის გარემოება, რომ თანხმობა ეხებოდა შიდა აუდიტის დეპარტამენტში ... თანამდებობაზე გადაყვანას, ხოლო გასაჩივრებული ბრძანებით ის დაინიშნა დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი - კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე.
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურში მიიღება თანამდებობაზე დანიშვნით ან არჩევით. ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, თანამდებობაზე პირის დანიშვნის უფლება აქვს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ ამისთვის უფლებამოსილ მოხელეს. თანამდებობა, რომელზეც მოხელის დანიშვნის უფლება აქვს დაწესებულების ხელმძღვანელს, განისაზღვრება კანონმდებლობით.
საქალაქო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტით“, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზაციასა და საქმიანობის წესს, მათ შორის: მის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, პრეზიდიუმის უფლებამოსილების განხორციელების წესსა და შიდა საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს. აღნიშნული რეგლამენტის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ’’ და ,,ი’’ ქვეპუნქტების თანახმად, გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს, იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა დაწინაურების, დაქვეითების, გადაყვანისა და სხვა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; უფლებამოსილია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების და მინიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით გამოსცეს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებები.
საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ი. პ-ის გადაყვანა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ... თანამდებობიდან შიდა აუდიტის დეპარტამენტის ... თანამდებობაზე წარმოადგენდა გენერალური აუდიტორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, ამასთან, გადაყვანაზე არსებობდა პირის გამოხატული ნება.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უფლებამოსილების ფარგლებში და შესაბამისად, არ არსებობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის №1/428 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 112-ე მუხლით, ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან, არ არსებობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის №1/428 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, მოსარჩელის მოთხოვნა თანხის ანაზღაურების შესახებ არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. პ-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ი. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება ნაწილობრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის #1/428 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. პ-ის სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის #1/428 ბრძანება ი. პ-ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ; ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის N1/428 ბრძანება წარმოადგენდა კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირვანდელ რედაქციაზე, რომელიც მოქმედებდა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2010 წლის 22 მარტის №34/25 ბრძანების გამოცემის მომენტში, კერძოდ, კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი იყო, რომ პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კონკურსის შედეგების გათვალისწინებით. იმავე 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ამ დაწესებულებაში გარკვეული თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი, გარდა 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი (პირვანდელი რედაქციით) ადგენდა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ორ ალტერნატიულ გზას - კონკურსით და კონკურსის გარეშე; როგორც კონკურსის შედეგების მიხედვით, ისე - პირდაპირი წესით პირების თანამდებობებზე გამწესება წარმოადგენდა იდენტური შინაარსისა და მნიშვნელობის მქონე იურიდიულ ფაქტებს ისე, რომ კანონი კონკურსით და კონკურსის გარეშე დანიშნულ მოხელეებს აყენებდა თანაბარ სამართლებრივ მდგომარეობაში იმ თვალსაზრისით, რომ არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების პირობებში ურთიერთობის მონაწილე არცერთი მხარე არ განიხილავდა და ეჭვქვეშ არ აყენებდა პირდაპირი წესით (ანუ, კონკურსის გარეშე) დანიშნული მოხელის თანამდებობაზე ყოფნის ვადას/ხანგრძლივობას, კომპეტენციას, კვალიფიკაციას, საჯარო სამსახურის ფარგლებში მის (მოხელის) მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და შეძენილი უფლებების მოცულობას, ლეგალურობას.
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე’’ 2012 წლის 29 ივნისის N6611 კანონის საფუძველზე შეიცვალა რა კანონის 29-ე მუხლის შინაარსი, ამ უკანასკნელის პირველი პუნქტით დადგინდა, რომ პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, კანონის 29-ე მუხლმა დაადგინა ცვლილებამდე მოქმედი წესისგან განსხვავებული წესი იმ თვალსაზრისით, რომ დღეის პირობებში საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კონკურსის გზით, ახალმა კანონმა უარყო პირდაპირ, კონკურსის გარეშე თანამდებობის დაკავების ალტერნატიული წესი და შესაძლებლობა (აქ არ იგულისხმება კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისები).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის N1/428 ბრძანების გამოცემისას, ანუ, ერთი და იგივე დაწესებულების შიგნით ი. პ-ის ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანის პიროებებში, ეს უკანასკნელი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის სუბიექტს წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ბრძანების გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებია დასახელებული ნორმის მოთხოვნა და ემოქმედა მის შესაბამისად.
კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი ი. პ-ი, თავის დროზე, საქართველოს კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის ... თანამდებობაზე დაინიშნა პირდაპირი წესით (ანუ, კონკურსის გარეშე), განუსაზღვრელი ვადით და იმის გათვალისწინებით, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის (პირვანდელი რედაქციით) მოქმედების პირობებში როგორც კონკურსის შედეგების მიხედვით, ისე - პირდაპირი წესით პირების თანამდებობებზე გამწესება წარმოადგენდა იდენტური მნიშვნელობის მქონე იურიდიულ ფაქტებს, საქართველოს აუდიტის სამსახურის ერთი სტრუქტურული ერთეულიდან (იურიდიული დეპარტამენტიდან) მეორე სტრუქტურულ ერთეულში (შიდა აუდიტის დეპარტამენტში) ... თანამდებობაზე გადაყვანისას ი. პ-ის მიმართ უნდა გავრცელებულიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის მოქმედება ისე, რომ იგი, როგორც ძველ თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დანიშნული პირი, ახალ თანამდებობაზე უნდა დაენიშნათ (უნდა გადაეყვანათ) არა დროებით მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე ვადით, არამედ ასევე განუსაზღვრელი ვადით. ი. პ-ის ახალ თანამდებობაზე დროებით, კონკურსის ჩატარებამდე ვადით დანიშვნა იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული და კანონიერი, თუკი მანამდე მისი იურიდიული დეპარტამენტის ... თანამდებობაზე გამწესება მოხდებოდა ასევე დროებით, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, კონკურსის გავლის პირობით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის N1/428 ბრძანების გამოცემის მომენტში ჯერ კიდევ არ არსებობდა კანონი/კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი (მათ შორის, 2013 წლის 15 ნოემბრის N245/37 ბრძანება), რომელიც დაადგენდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამა თუ იმ თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის წარსადგენ საკონკურსო მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოხელის მიერ შესასრულებელი შრომითი მოვალეობების შინაარსი, როგორც წესი, განსაზღვრავს და აყალიბებს თანამდებობისთვის დაწესებული საკონკურსო მოთხოვნების შინაარსს. ძირითადად, საკონკურსო მოთხოვნებში მოიაზრება განათლება (ანუ, კონკრეტული დარგების, დისციპლინების, საკითხების ცოდნა) და შრომითი გამოცდილება. შესაბამისად, განსხვავებული საკონკურსო მოთხოვნები და განსხვავებული შინაარსის შრომითი საქმიანობა არ არის იდენტური ცნებები. ერთი და იგივე განათლების, კვალიფიკაციის და გამოცდილების (ანუ, ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნების) პირობებში პირმა შესაძლოა ერთნაირი წარმატებით შეასრულოს სხვადასხვა შინაარსის შრომითი საქმიანობა სხვადასხვა თანამდებობებზე ყოფნისას. მოწინააღმდეგე მხარე ვერ მიუთითებს შიდა აუდიტის სამსახურში ... თანამდებობაზე დასაქმებული იურიდიული განათლების მქონე პირის მიერ შესასრულებელ იმ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც ესაჭიროება ისეთი განსხვავებული საკვალიფიკაციო (საკონკურსო) წინაპირობები, რომლებიც არ გააჩნია უფრო მაღალ თანამდებობაზე - იურიდიული დეპარტამენტის ... თანამდებობაზე მყოფ, ასევე იურიდიული განათლების მქონე პირს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ იგი არ უნდა გადაეყვანათ შიდა აუდიტის დეპარტამენტში ... თანამდებობაზე, რამდენადაც არ გააჩნდა ამ თანამდებობაზე საქმიანობისთვის აუცილებელი განათლება და კვალიფიკაცია (კერძოდ, იგულისხმება ფინანსისტის, ეკონომისტის განათლება).
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არა მხოლოდ ფინანსისტებს, ეკონომისტებს, არმედ იურიდიული განათლების მქონე პირებსაც აქვთ შესაძლებლობა, დაიკავონ შიდა აუდიტის სამსახურში ... თანამდებობა გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ იურიდიული განათლების მქონე პირი ფლობს იმ ცოდნას და გააჩნია ის კვალიფიკაცია, რაც აუცილებელია ... კანონით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის N14/37 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტით“ განსაზღვრულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის - შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგლამენტით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელია და საკმარისი, რომ პირი (ამ შემთხვევაში, ...) ფლობდეს იურიდიულ განათლებას, რომლის პირობებშიც იგულისხმება, რომ მას (...) გააჩნია (უნდა გააჩნდეს) სამართლის შესაბამის დარგებში მოქმედი სამართლებრივი აქტების ცოდნა და ამ ცოდნის გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ მხოლოდ ფინანსისტები და ეკონომისტები (და არავითარ შემთხვევაში - იურისტები) მოიაზრებიან შიდა აუდიტის დეპარტამენტში ... თანამდებობებზე, მცდარია, ეწინააღმდეგება რეგლამენტის დებულებებს. ამ მოსაზრების საფუძვლიანობას, დამატებით, ისიც ადასტურებს, რომ იმავე რეგლამენტის თანახმად, შიდა აუდიტის დეპარტამენტი, სხვა სტრუქტურული ერთეულებისგან (აუდიტის დეპარტამენტებისგან) განსხვავებით, შექმნილია იმ მიზნით, რომ სწორედ ამ სტრუქტურულმა ერთეულმა აკონტროლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დანარჩენი სტრუქტურული ერთეულების, ამ ერთეულებში დასაქმებული საჯარო მოხელეების შრომითი საქმიანობა, როგორც ფინანსური ინტერესების, ისე - სამართლებრივი ნორმების ჭრილში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ შეაფასა საქმეზე დართული მტკიცებულებები - სსიპ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის’’ 16.12.2013 წლის N601016 წერილი, ასეევ 24.01.2014 წლის N31244 წერილი, აღნიშნული გავლენას ვერ იქონიებს სადავო საკითხის გამორკვევის შედეგებზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული წერილები არ შეიცავს ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობდა საქმეზე სადავო სამართლებრივი საკითხების გამორკვევას და დადგენას. ი. პ-ის განათლებისა და კვალიფიკაციის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხის ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის’’ ჭრილში კვლევამ ცხადყო, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტში შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად მნიშვნელოვანია არა თანამდებობის (მაგალითად, ...) დასახელება, არამედ იმ ფუნქციათა შინაარსი, რომელთა შესრულებაც პირს უწევს კონკრეტულ თანამდებობაზე ყოფნის დროს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2013 წლის 3 ოქტომბრის N1/428 ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13, მე-15 და 43-ე მუხლების მოთხოვნები. მოპასუხემ ... თანამდებობაზე ი. პ-ის სახით გადაიყვანა სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირი, მოპასუხეს სადავო შემთხვევაში არ უარყვია საჯარო სამსახურში პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის პრინციპები. ასევე, სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს ახალ თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით აპელანტის მხრიდან გაცხადებული თანხმობის (ნების) ნამდვილობას. აპელანტმა ვერ შეძლო იმის მტკიცება, რომ მისი თანხმობა წარმოადგენდა იძულების, მუქარის, შეცდომის შედეგს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკითხს იმის შესახებ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტი არ გამოიყენა აპელანტის სასარგებლოდ, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან აღნიშნული ნორმის არასწორად გამოყენებამ განაპირობა აპელანტის შრომით-სამართლებრივი მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესება იმ თვალსაზრისით, რომ მანამდე განუსაზღვრელი ვადით დანიშნული პირი ახალ თანამდებობაზე გადაყვანილ იქნა დროებით, კონკურსის გავლის პირობით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ი. პ-ის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის N1/428 ბრძანების გამოცემის შემდეგ ი. პ-მა 2013 წლის 4 დეკემბერს განცხადებით მიმართა გენერალურ აუდიტორს და მოითხოვა ... თანამდებობიდან განთავისუფლება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოსცა 2013 წლის 4 დეკემბრის №456 ბრძანება და ი. პ-ი 2013 წლის 4 დეკემბრიდან გაათავისუფლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის ... თანამდებობიდან. აღნიშნულით დასრულდა, შეწყდა ი. პ-სა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის მანამდე არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა.
აპელანტს 2013 წლის 4 დეკემბრის №456 ბრძანება არ გაუსაჩივრებია, აღნიშნულით მან გამოხატა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება მასსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობის დასრულების იურიდიული ფაქტის მიმართ.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მხარეები აღარ იმყოფებიან ერთმანეთთან სამსახურებრივ ურთიერთობაში, ი. პ-ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა ვერ გამოიწვევს მის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენას და ამით მხარეებს შორის სხვა სამართლებრივი აქტით - 2013 წლის 4 დეკემბრის №456 ბრძანებით შეწყვეტილი სამსახურებრივი ურთიერთობების განახლებას. გადაყვანის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სადავო შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს მხარეებს შორის შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობების აღდგენის, განახლების მიზნის მიღწევას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბოლო წინადადებით, რომლის თანახმად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. ამდენად, განაცდურის მოთხოვნის/ანაზღაურების უფლების განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა მოხელის სამსახურში აღდგენა. შესაბამისად, აპელანტს უარი ეთქვა რა სამსახურში აღდგენაზე, არ არსებობს განაცდურის ანაზღაურების საფუძველიც.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. პ-მა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.
ი. პ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა ასევე იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, გასაჩივრებულ ნაწილში არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ... თანამდებობიდან ი. პ-ის შიდა აუდიტის დეპარტამენტის ... თანამდებობაზე გადაყვანის უკანონობის დასაბუთებას, თუმცა სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს რატომ არ წარმოადგენდა აღნიშნული გარემოება ი. პ-ის მიერ დაკავებულ პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენისა და თამანდებობრივ სარგოებს შორის სხვაობის ანაზღაურების საფუძველს.
კასატორის მითითებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობის მთელი პერიოდის მანძილზე ი. პ-ს არ მოუთხოვია იურიდიული დეპარტამენტის ... თანამდებობიდან გათავისუფლება. მან მოითხოვა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ... თანამდებობიდან გათავისუფლება, ვინაიდან არ გააჩნდა ამ თანამდებობისათვის და თანამდებობრივად მის წინაშე მდგომი საკითხების გადაწყვეტისათვის საკმარისი ცოდნა.
კასატორის მითითებით, იმ ვითარებაში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ იურიდიული დეპარტამენტის ... თანამდებობიდან გადაყვანა კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია და ბათილად ცნო სადავო აქტი, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და შეაფასა შეეძლო თუ არა იურისტს აუდიტორის უფლებამოსილების განხორციელება, თუმცა თეორიული შესაძლებლობის არსებობის პირობებშიც უნდა შემოწმდეს გააჩნია თუ არა მოხელეს გამოცდილება და პროფესიონალიზმი.
კასატორის მითითებით, იგი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისას აღიარებდა, რომ არ ფოლობდა აუდიტორის პროფესიულ უნარ-ჩვევებს, შესაბამის გამოცდილებას, რის გამოც ვერ უზრუნველყოფდა ზემოთ მითითებული პრინციპების დაცვას.
გარდა აღნიშნულისა, კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ იურისტისა და აუდიტორის კვალიფიკაცია არ არის ერთი და იგივე, ამასთან, იურისტისა და სამართლის კვალიფიკაციის მქონე პირი ვერ განახორციელებს აუდიტორის უფლებამოსილებას.
კასატორის მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპია მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა და მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა. ამ მიმართებით, სასამართლო კონტროლს უნდა დაექვემდებაროს აღნიშნული საკითხის შეფასება.
კასატორის მოსაზრებით, გამოკვლევას საჭიროებდა ის გარემოება, რამდენად არსებობდა იმის გარდაუვალი აუცილებლობა, რომ განუსაზღვრელი ვადით გამწესებული იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გადაეყვანათ სრულიად სხვა სტრუქტურულ ერთეულში.
ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მითითებული გარემოებები და სამართლებრივი ნორმები ქმნიდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობისა და არსებითად განხილვის წინაპირობას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის #1/428 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი და ამავე კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, რამდენადაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად (2012 წლის 29 ივნისის ცვლილების შეტანამდე მოქმედი რედაქცია), პირი შეიძლებოდა თანამდებობაზე დანიშნულიყო როგორც კონკურსის წესით, ასევე კონკურსის გარეშე. ცვლილების შემდეგ და ამჟამად მოქმედი რედაქციის თანახმად, თანამდებობაზე დანიშვნა უნდა განხორციელდეს მხოლოდ კონკურსის წესით, გარდა ამავე კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელეები იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას შეიძლება უკონკურსოდ დაინიშნონ, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელი იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში მოხელის გადაყვანისას აუცილებელ პირობად ადგენს, რომ გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობაზე მოხელე დანიშნული უნდა იყოს კონკურსის წესით და დაკავებული და დასაკავებელი თანამდებობებისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნები უნდა არსებობდეს. სააპელაციო სასამართლომ კი უკონკურსოდ, განუსაზღვრელი ვადით დანიშნული მოხელე მიიჩნია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სუბიექტად.
კასატორის მითითებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ი. პ-ის მიმართ ვერ გაავრცელებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტს, რის გამოც მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა მოხდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის საფუძველზე, შესაბამისად, არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ი. პ-ის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ი. პ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად. ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. პ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. პ-ისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2010 წლის 22 მარტის #34/25 ბრძანებით ი. პ-ი 2010 წლის 22 მარტიდან დაინიშნა საქართველოს კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის ... თანამდებობაზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის #1/428 ბრძანებით 2013 წლის 3 ოქტომბრიდან ი. პ-ი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, მისივე თანხმობით, გადაყვანილ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ... თანამდებობიდან შიდა აუდიტის დეპარტამენტის ... თანამდებობაზე, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 4 დეკემბრის ბრძანებით ი. პ-ი პირადი განცხადებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად, 2013 წლის 4 დეკემბრიდან გათავისუფლდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის ... თანამდებობიდან.
ი. პ-ი სარჩელით ითხოვდა სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის #1/428 ბრძანების ბათილად ცნობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ... თანამდებობაზე აღდგენას და გადაყვანამდე არსებული თანამდებობისათვის გათვალისწინებულ თანამდებობრივ სარგოსა და ახალი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ თანამდებობრივ სარგოს შორის სხვაობის ანაზღაურებას 2013 წლის 9 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის N1/428 ბრძანება ი. პ-ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ, ხოლო სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
მოსარჩელე სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის #1/428 ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მას გააჩნდა იურისტის და არა აუდიტორის კვალიფიკაცია, რის გამოც არ აკმაყოფილებდა აუდიტორის თანამდებობაზე გამწესებისათვის გათვალისწინებულ პირობებს.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ ი. პ-ის ახალ თანამდებობაზე გადაყვანა მოხდა განსაზღვრული ვადით, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, თუმცა მოსარჩელის ძირითადი არგუმენტი, რომ მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა აუდიტორის თანამდებობას, უარყო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ი. პ-ი 2010 წელს თანამდებობაზე დანიშნული იყო უკონკურსოდ, განუსაზღვრელი ვადით, რის შესაძლებლობასაც იძლეოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი (თანამდებობაზე დანიშვის შესახებ ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედი რედაქცია), ადმინისტრაციულ ორგანოს ი. პ-ის შრომითი მოწყობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით, რომელიც ითვალისწინებს თანამდებობაზე მოხელის უკონკურსოდ დანიშვნას.
მითითებული ნორმის თანახმად, მოხელეები იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას შეიძლება უკონკურსოდ დაინიშნონ, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მოცემული დავის გადაწყვეტისას ძირითად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ი. პ-ის განსაზღვრული ვადით გადაყვანა ახალ თანამდებობაზე, მაშინ, როცა იგი პირადი განცხადებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მისი გათავისუფლების მიზეზი არ ყოფილა არც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ვადის გასვლა, ან საკონკურსო პირობების შეუსრულებლობა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. პ-მა 2013 წლის 3 ოქტომბრის განცხადებით თანხმობა განაცხადა გადაყვანილი ყოფილიყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტში ... თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ ი. პ-ის მიერ ნების გამოვლენა არ წარმოადგენდა იძულების, მუქარის ან შეცდომის შედეგს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კასატორს - ი. პ-ს არ წამოუყენებია დამატებითი საკასაციო პრეტენზია.
ამდენად, მიუხედავად მოსარჩელის მიერ მოცემული დავის ფარგლებში მითითებული არგუმენტებისა, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო გადაყვანილი ... თანამდებობაზე, რამდენადაც მას არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია აღნიშნულ თანამდებობაზე გამწესებისათვის, თანხმობის გაცხადებით მან გამოხატა ნება გადაყვანაზე. ამდენად, არათანმიმდევრულია მოსარჩელის არგუმენტაცია გადაყვანის არაკანონიერებასთან დაკავშირებით იმ ვითარებაში, როდესაც ნების გამოხატვის გამომრიცხავ გარემოებებზე მისი მხრიდან მითითებული არ ყოფილა.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ი. პ-ი ... თანამდებობიდან გათავისუფლდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად, პირადი განცხადების საფუძველზე.
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს კასატორის - ი. პ-ის მოსაზრებას, რომ მისი ნების გამოვლენა უკავშირდებოდა მხოლოდ ... თანამდებობიდან გათავისუფლებას, რის გამოც იგი აღდგენილ უნდა იქნეს პირვანდელ თანამდებობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ ვითარებაში ვერ იქნება მიღწეული სარჩელის მიზანი სამუშაოზე აღდგენის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რამდენადაც უნდა აღმოიფხვრას ის წინააღმდეგობა, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეიქმნა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, გამოიკვლია მტკიცებულებები, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ ი. პ-ი, რომელსაც იურისტის კვალიფიკაცია გააჩნია, აკმაყოფილებს ... თანამდებობისათვის დაწესებულ მოთხოვნებს, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი გადაყვანა ახალ თანამდებობაზე სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია, თუმცა გადაყვანის აქტი ცნო ბათილად ფაქტობრივად იმ საფუძვლით, რაზეც მოსარჩელე არ აპელირებდა. მით უფრო, იმ ვითარებაში, როდესაც ი. პ-ი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ... თანამდებობიდან, ხოლო განსაზღვრული ვადით ... თანამდებობაზე გადაყვანამ რა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, სასამართლოს არ დაუსაბუთებია.
მითითებულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარების ვითარებაშიც წინააღმდეგობრივია გადაწყვეტილება, ვინაიდან გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის პირობებში სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა რატომ არ არსებობდა იურიდიული დეპარტამენტის ... თანამდებობასა და ... თამანდებობისათვის დადგენილ თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობის ანაზღაურების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, ი. პ-ისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. პ-ისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ლ. მურუსიძე


ნ. სხირტლაძე