ბს-645-630(კ-კს-14) 30 აპრილი, 2015წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ბმა ,,...“, ა.გ-ის, გ.ხ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.08.2014წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბმა ,,...“, ა.გ-მა, ლ.მ-მა, გ.ხ-ემ და სხვ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ.თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ ქ.თბილისის მერის მოადგილის 16.05.2013წ. =958 განკარგულებისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.12.2012წ. =477609 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ იშუამდგომლა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.12.2012წ. =477609 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2013წ. განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.12.2012წ. =477609 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ბმა ,,...“ თავმჯდომარის ნ.პ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2013წ. განჩინებით ბმა ,,...“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.07.2013წ. განჩინება, ბმა ,,...“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.12.2012წ. =477609 ბრძანების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.11.2013წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, მესამე პირებად ჩაებნენ ი.დ-ა, მ.ჩ-ა, ე.ბ-ი, ლ.თ-ე, ც.ყ-ი, ნ.გ-ე, ქ.დ-ი და ე. გ-ე.
მოსარჩელეებმა 12.11.2013წ. თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს დაზუსტებული სარჩელი და სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოითხოვეს, რომ მესამე პირებს ლ.თ-ეს, მ.ჩ-ას, ი.დ-ას და ე.გ-ეს აეკრძალოთ ქ.თბილისში, ... ქ.=24ა-ში მდებარე შენობაში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.11.2013წ. განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.03.2014წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ.
მესამე პირებმა ი.დ-ამ, მ.ჩ-ამ, ე.ბ-მა, ლ.თ-ემ, ც.ყ-მა, ნ.გ-ემ, ქ.დ-მა და ე. გ-ემ 17.03.2014წ. განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმება 2 პუნქტის - კიბის მოწყობის და აივნების შემომსაზღვრელი მოაჯირის დამონტაჟების ნაწილში. აღნიშნული მოთხოვნით მესამე პირებმა განცხადება წარადგინეს აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.06.2014წ. საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.08.2014წ. განჩინებით ნ.პ-ის (ბმა ,,...“ თავმჯდომარე), ა.გ-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა აპელანტთა მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.06.2014წ. საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მესამე პირებმა: ი.დ-ამ, მ.ჩ-ამ, ე.ბ-მა, ლ.თ-ემ, ც.ყ-მა, ნ.გ-ემ, ქ.დ-მა და ე. გ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2014წ. განჩინებით ი.დ-ას, მ.ჩ-ას, ე.ბ-ის, ლ.თ-ის, ც.ყ-ის, ნ.გ-ის, ქ.დ-ის, ე.გურიელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბმა ,,...“, ა.გ-ის, გ.ხ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბმა ,,...“, ა.გ-ის, გ.ხ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, გ. ნ-ს (პ.ნ....) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.12.2014წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბმა ,,...“, ა.გ-ის, გ.ხ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.08.2014წ. განჩინება;
3. გ. ნ-ს (პ.ნ....) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.12.2014წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე