ბს-693-679(4კ-14) 30 აპრილი, 2015 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ე. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2014წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-მა, ფ. მ-მა და მ. თ-ემ 05.06.2013წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ე. ა-ის, მესამე პირის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 1 ოქტომბრის №1-1/2234 ბრძანების ნაწილობრივ (იმ ნაწილში, რომელიც ეხება ე. ა-ისათვის გადაცემულ უძრავ ქონებას), ქ. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 26 სექტემბერს გაცემული №3186 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.10.2013 წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ქ. თბილისის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.11.2103წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის, ფ. მ-ის, მ. თ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.11.2103წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-მა, ფ. მ-მა, მ. თ-ემ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2014წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის, ფ. მ-ის, მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.11.2103წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ის, ფ. მ-ის, მ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 1 ოქტომბრის №1-1/2234 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც დამტკიცდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადასაცემი ქონების ნუსხა სადარბაზო II სართული V, ბინა ..., ფართობი 17,32 კვ.მ. სრული ფართობი 17,32 კვ.მ. საკადასტრო კოდი ... – 5,40 კვ.მ. ნაწილში; ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 26 სექტემბერს გაცემული საკუთრების მოწმობა №კ3186, 5,40 კვ.მ. ნაწილში და ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალათ საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2014წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ე. ა-ემ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ე. ა-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ე. ა-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.12.2014წ. №645 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ე. ა-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2014წ. განჩინება;
3. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.12.2014წ. №645 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე