№ბს-707-693(კ-14) 30 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი – მ. ღ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი – ს. ბ-ი
მესამე პირი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
წარმომადგენელი – ნ. მ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 6 ივნისს მ. ღ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1982 წლის 20 ივნისიდან 2006 წლის 14 მარტამდე მუშაობდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 2012 წლის 12 ოქტომბერს შეუსრულდა 65 წელი და განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის მოთხოვნით. თუმცა, სააგენტოს გადაწყვეტილებით მ. ღ-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ აკმაყოფილებდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არ იყო გაცემული წარდგინება და ასევე იგი გათავისუფლებული იყო პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამის შემდგომ მ. ღ-ემ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა, რომელმაც მიმართვა თანდართული დოკუმენტებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებაში გადააგზავნა. თუმცა, მ. ღ-ეს კვლავ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მისთვის კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმას და მიუთითებს, რომ მას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა ეკუთვნის ორი საფუძვლით - იგი სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს ლიკვიდაციის გამო გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან, რა დროსაც მას უკვე ჰქონდა მოსამართლედ მუშაობის 16 წლის სტაჟი. ამასთან, იგი მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო იქნა გათავისუფლებული, ვინაიდან, 1991 წლის 16 აგვისტოს იგი დაინიშნა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით და 2001 წლის 16 აგვისტოს დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2012 წლის 2 ნოემბრის №03/2738, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 5 თებერვლის №04/7910 და 2013 წლის 27 მაისის №04/46359 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2012 წლის 2 ნოემბრის №03/2738 ადმინისტრაციული აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 5 თებერვლის №04/7910 ადმინისტრაციული აქტი და 2013 წლის 27 მაისის №04/46359 ადმინისტრაციული აქტი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ სადავო გარემოებებთან დაკავშირებით მ. ღ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ნაწილში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი თვის ვადაში გამოცემა დაევალა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ღ-ე 1982 წლის 20 ივნისს არჩეულ იქნა გურჯაანის რაიონის სახალხო მოსამართლედ. 1987 წლის 21 ივნისს კვლავ არჩეულ იქნა გურჯაანის რაიონის სახალხო მოსამართლედ. 1989 წლის 24 ოქტომბრიდან 1991 წლის 16 აგვისტომდე იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1991 წლის 16 აგვისტოს N47/9 ბრძანებით 1991 წლის 16 აგვისტოდან დაინიშნა გურჯაანის რაიონის მოსამართლედ 10 წლის ვადით. 1991 წლის 16 აგვისტოდან 1999 წლის 11 მაისამდე მოსარჩელე მუშაობდა გურჯაანის რაიონის მოსამართლედ.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 11 მაისის №367 განკარგულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მ. ღ-ეს 1999 წლის 11 მაისიდან დაეკისრა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 2001 წლის 16 აგვისტომდე. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 სექტემბრის №961 განკარგულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსარჩელეს დაეკისრა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება 18 თვის ვადით. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 9 აპრილის №143 ბრძანებულებით მ. ღ-ე დაინიშნა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 მარტის №195 ბრძანებულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ. ღ-ე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2012 წლის 12 ოქტომბერს მოსარჩელეს შეუსრულდა 65 წელი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ 2013 წლის 15 აპრილს გაცემული №1281 ცნობის თანახმად, მ. ღ-ის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა შეადგენდა 545,80 ლარს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 18 აპრილის №362/131/344/419-03-მ წარდგინებაზე, რომლის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე სააგენტოს უნდა ემსჯელა მ. ღ-ისათვის კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლი განსაზღვრავს მოსამართლის კომპენსაციის გაანგარიშების წესს: მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის: ა) 46-ე–49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე; ბ) საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში; გ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი; დ) 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.
სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ხოლო მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონმდებლობა კომპენსაციისა (გარდა ერთჯერადი კომპენსაციებისა) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო; გ) მიეკუთვნება „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლში მითითებულ მოსამართლეებს; ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობაა მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.
სასამართლოს მიერ დადგენილი და უდავოა, რომ მოსარჩელე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1991 წლის 16 აგვისტოს №47/9 ბრძანებით 1991 წლის 16 აგვისტოდან დაინიშნა გურჯაანის რაიონის მოსამართლედ 10 წლის ვადით. 1991 წლის 16 აგვისტოდან 1999 წლის 11 მაისამდე მოსარჩელე მუშაობდა გურჯაანის რაიონის მოსამართლედ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 11 მაისის №367 განკარგულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მ. ღ-ეს 1999 წლის 11 მაისიდან დაეკისრა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 2001 წლის 16 აგვისტომდე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, 1999 წლის 15 მაისის შემდეგ რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც გავლილი აქვს ამ კანონის 861 მუხლით დადგენილი სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია, მისი წინასწარი წერილობითი თანხმობისას საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლედ. ამ ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაზე ადრე თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის აღნიშნული თანამდებობა ხდება ვაკანტური და მის დასაკავებლად ცხადდება კონკურსი ამ კანონით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ღ-ე 1991 წლის 16 აგვისტოდან დაინიშნა რა გურჯაანის რაიონის მოსამართლედ 10 წლის ვადით, მას სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა უმთავრდებოდა 2001 წლის 16 აგვისტოს. მოსარჩელე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა 1991 წლის 16 აგვისტოდან 1999 წლის 11 მაისამდე. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებით მართლმსაჯულების განხორციელებისას ორგანიზაციული სრულყოფისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად გაუქმდა გურჯაანის რაიონის სასამართლო და შეიქმნა გურჯაანის რაიონული სასამართლო. აღნიშნული ბრძანებულება ამოქმედდა 1999 წლის 15 მაისიდან, რა დროსაც მოსარჩელეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე - 2001 წლის 16 აგვისტომდე დარჩენილი ჰქონდა 2 წელი და 3 თვე. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 11 მაისის №367 განკარგულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მ. ღ-ეს 1999 წლის 11 მაისიდან დაეკისრა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 2001 წლის 16 აგვისტომდე - იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო გურჯაანის რაიონის სასამართლოს მოსამართლედ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ცნობა რომლის თანახმად, უფლებამოსილების ვადის დამთავრების გამო იგი გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან და გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება და დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს 2001 წლის 16 აგვისტოს დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა.
სასამართლოს მითითებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 სექტემბრის №961 განკარგულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსარჩელეს დაეკისრა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება 18 თვის ვადით. (აღნიშნული მუხლი ამოღებულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 26 თებერვლის №209 გადაწყვეტილებით). აღნიშნულით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2001 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელეს დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა.
ამასთან, სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 18 აპრილის №362/131/344/419-03-მ წარდგინება არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან, წარდგინებაში მითითებული ნორმების მიხედვით, მხედველობაშია მისაღები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე ითხოვს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის განხილვას. კერძოდ, 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი გულისხმობს, რომ მოსარჩელემ 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო გურჯაანის რაიონის სასამართლოში. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი გულისხმობს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დამთავრებას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 მარტის №195 ბრძანებულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მ. ღ-ე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ხოლო 2012 წლის 12 ოქტომბერს მოსარჩელეს შეუსრულდა საპენსიო ასაკი 65 წელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად აკამყოფილებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებას.
ამდენად, სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის საკითხი განხილულ უნდა იქნეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო გასაცემლის ოდენობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმის შესაბამისად, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის, მაგისტრი მოსამართლის საშუალო თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშებას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, იგი ეწინააღმდეგება ამ მოთხოვნებს იურიდიული (ფაქტობრივი და სამართლებრივი) დასაბუთების თვალსაზრისით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულმა განყოფილებამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება მ. ღ-ეს არ გაუსაჩივრებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ „რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულების მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 15 მაისიდან გაუქმების მიუხედავად უფლებამოსილ პირს - საქართველოს პრეზიდენტს მ. ღ-ის შემთხვევაში არ გამოუცია სამართლებრივი აქტი (განკარგულება) სასამართლოს გაუქმების (ლიკვიდაციის) მოტივით გურჯაანის რაიონის სასამართლოს მოსამართლის - მ. ღ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ არც 2001 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით და არც მას მერე (არც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 სექტემბრის N961 განკარგულების გამოცემის წინ) უფლებამოსილ პირს - საქართველოს პრეზიდენტს არ გამოუცია სამართლებრივი აქტი (განკარგულება) სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მოტივით მ. ღ-ის მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ორივე შემთხვევაში, კერძოდ, ჯერ 1999 წლის 11 მაისს, ხოლო შემდეგ - 2001 წლის 16 აგვისტოს ისე დაეკისრა მ. ღ-ეს სამოსამართლო უფლებამოსილებათა განხორციელება ჯერ 2001 წლის 16 აგვისტომდე ვადით და შემდეგ - 2001 წლის 13 სექტემბრიდან 18 თვის ვადით, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ გამოუცია სამართლებრივი აქტი (განკარგულება) მოსამართლის - მ. ღ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ნორმებზე, რომლებითაც მოწესრიგებულია მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის შესახებ საკითხები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის (მოსამართლის კომპენსაციის გაანგარიშება) მე-2 პუნქტსა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის (საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშება) პირველ პუნქტზე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006 წლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ №2 დანართის - „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 71 მუხლის (კომპენსაცია ასაკის გამო) მე-9 პუნქტით დადგენილია, რომ საერთო სასამართლოს მოსამართლეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან, თუ უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში (პირველი საფუძველი). ასევე 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო უფლებამოსილება შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს ლიკვიდაციის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების ან საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი (მეორე საფუძველი), აგრეთვე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პენსიაში გასულ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 15 მაისიდან (მესამე საფუძველი). კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. ღ-ე არ გვევლინება ზემოთ მოხმობილი არც ერთი სამართლებრივი ნორმის (ნორმით დადგენილი უფლების), მათ შორის, არც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და არც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სუბიექტად, ვინაიდან, ორივე სამართლებრივი ნორმის - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლისთვის სახელწმიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობა წარმოიშობა ორი იურიდიული ფაქტის თანაარსებობისას; 1) პირველი იურიდიული ფაქტის, ხდომილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოსამართლემ თავისი სამოსამართლო კარიერა/სამოსამართლო საქმიანობა საბოლოოდ, სრულად უნდა დაასრულოს სამოსამართლო უფლებამოსილების იმ ვადის ამოწურვის გამო, რა ვადითაც იგი განმწესდა მოსამართლის თანამდებობაზე; 2) მეორე იურიდიული ფაქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს (ამ შემთხვევაში, მოსამართლის თანამდებობაზე აღარმყოფ პირს) უნდა შეუსრულდეს 65 წელი; სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დასრულების იურიდიული ფაქტი დროში წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი ასაკის დადგომის იურიდიულ ფაქტს. სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვა, თუკი პირს ჯერ კიდევ არ შესრულებია 65 წელი, როგორც ფაქტობრივი საფუძველი, არასაკმარისია იმისთვის, რომ პირმა მოითხოვოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა; ვადის ამოწურვის პირობებში დაინტერესებული პირი ელოდება 65 წლის ასაკის შესრულებას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ორივე სამართლებრივი ნორმა - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ემსახურება ერთსა და იმავე სამართლებრივი პრობლემის დარეგულირების, კერძოდ, ყოფილი მოსამართლეებისთვის სახელმწიფო კომპენსაციების დანიშვნის შესახებ საკითხის მოწესრიგების მიზანს იმ განსხვავებით, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა (სუბიექტთა) წრე უფრო ვიწროა; კერძოდ, აღნიშნული ნორმა შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა ამა თუ იმ სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო შესაბამის სასამართლოში; ხოლო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სუბიექტებს წარმოადგენენ არამხოლოდ ის მოსამართლეები, რომლებსაც სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცათ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის გარდამავალი ნორმების საფუძველზე, არამედ ის მოსამართლეებიც, რომლებმაც თავიანთი სამოსამართლო საქმიანობა დაიწყეს ან/და დაასრულეს ასევე სხვა, ახალი საკანონმდებლო აქტის - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 2009 წლის ორგანული კანონის პირობებში.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოთ მოხმობილი ნორმების თანახმად, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო მოსამართლის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა წარმოადგენდეს პირის (მოსამართლის) სამოსამართლო კარიერის დამაბოლოებელ აქტს, რომლის დადგომაც განაპირობებს სახელმწიფოსა და მოსამართლეს შორის მანამდე არსებული შრომით-სამართლებრივი ურთერთობის საბოლოოდ დასრულებას, შეწყვეტას. მოცემულ სადავო შემთხვევაში მ. ღ-ემ თუმცა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა (აგრძელებდა) გურჯაანის რაიონულ სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო აღნიშნულ სასამართლოში და თუმცა მან 2001 წლის 16 აგვისტოს სრულად ამოწურა სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა, ვადის გასვლის მიუხედავად მასა და სახელმწიფოს შორის კვლავ გაგრძელდა იმავე სახისა და შინაარსის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა სამოსამართლო უფლებამოსილების ახალი ვადით, კერძოდ, ჯერ 18 თვით, შემდეგ - 10 წლით და ახალი სამართლებრივი საფუძვლით, კერძოდ, ჯერ საქართველოს პრეზიდენტის 13.09.2001 წლის №961 განკარგულებისა და მასთან ერთად „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტის, ხოლო შემდეგ - ასევე საქართველოს პრეზიდენტის 09.09.2003 წლის №143 ბრძანებულების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ 2006 წლის 14 მარტის მდგომარეობით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტში მ. ღ-ეს გააჩნდა მოსამართლედ მუშაობის 10 წელზე მეტი ხნის სტაჟი, დასახელებული ფაქტობრივი გარემოება საფუძვლად ვერ დაედება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენებას გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ ამ ნორმებით გათვალისწინებული სოციალური გარანტიის - კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა ორგანულად არის დაკავშირებული საკითხთან იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი საფუძვლით მოხდა მოსამართლის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება, საბოლოოდ როდის და რომელი საფუძვლით შეწყდა, დასრულდა სახელმწიფოსა და მოსამართლეს შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა.
კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა; გ) მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ აღიარება; ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ვ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ზ) 65 წლის ასაკის მიღწევა; თ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ი) გარდაცვალება; კ) სასამართლოს ლიკვიდაცია, მოსამართლის თანამდებობის შემცირება; ლ) სხვა სასამართლოში დანიშვნა (არჩევა); მ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა; ნ) უფლებამოსილების ვადის გასვლა. ამდენად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია მოსამართლის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების 13 სხვადასხვა საფუძველი, რომლეთაგან მხოლოდ რამოდენიმე, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი. კერძოდ, ესენია: 1) სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დასრულება, 2) სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტა სასამართლოს ლიკვიდაციის გამო, 3) მოსამართლის განთავისუფლება საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლი, აგრეთვე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი არ უშვებს 65 წლის ასაკს მიღწეული ყოფილი მოსამართლისთვის კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობას, თუკი ამ უკანასკნელმა მოსამართლის თანამდებობა დატოვა არა ვადის ამოწურვის, სასამართლოს ლიკვიდაციის, ან საპენსიო ასაკისთვის მიღწევის გამო, არამედ პირადი განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, ფაქტი მასზედ, რომ მ. ღ-ემ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა (აგრძელებდა) გურჯაანის რაიონულ სასამართლოში იმ 10-წლიანი ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო აღნიშნულ სასამართლოში 1991 წლის 16 აგვისტოდან (უფლებამოსილების ვადა ამოიწურა 2001 წლის 16 აგვისტოს), სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის ვერ წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს, რადგან მასსა და სახელმწიფოს შორის შორმით-სამართლებრივი ურთიერთობა საბოლოოდ შეწყდა, დასრულდა არა 16.08.2001 წელს, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, არამედ 2006 წლის 14 მარტს, თავად მ. ღ-ის პირადი განცხადების საფუძველზე. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის (ტერმინთა განმარტება) „დ“ პუნქტით დადგენილია, რომ კომპენსაცია – ეს არის პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. ამდენად, რადგან მხარეებს (დამსაქმებელი და დასაქმებული) შორის მანამდე არსებული შრომითი ურთიერთობების დასრულება კომპენსირდება კომპენსაციით (ანუ ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფით), კომპენსაციის დანიშვნის შესახებ საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია არა ამა თუ იმ შინაარსის შუალედური სამართლებრივი აქტი, არამედ ურთიერთობის დამაბოლოებელი სამართლებრივი აქტი, ამ აქტის გამოცემის და, მაშასადამე, ურთიერთობის დასრულების საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებელი მოსამართლის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების 13 სხვადასხვა საფუძვლიდან არ განასხვავებდა და ცალკე არ გამოყოფდა მხოლოდ რამოდენიმეს, რომლებიც, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2012 წლის 2 ნოემბრის №03/2738 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 5 თებერვლის №04/7910 და 2013 წლის 27 მაისის №04/46359 გადაწყვეტილებები კანონიერია, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი, ისინი სრულად შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლს, აგრეთვე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლს, ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006 წლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ მოთხოვნებს. მოსარჩელე მ. ღ-ეს უსაფუძვლობის გამო ასევე უარი ეთქვა მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების დავალდებულებაზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ღ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ღ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის განკარგულება მოსამართლე ნუგზარ არნანიას მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების შესახებ და მიუთითა, რომ ასეთი აქტი მოსარჩელე მ. ღ-ის მიმართ საქართველოს პრეზიდენტს არ გამოუცია. კასატორი აღნიშნავს, რომ არც სასამართლომ და არც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ გაითვალისწინა და არ შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტი განკარგულებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე გამოსცემს. მისი შრომის წიგნაკი კი იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მასში ყოველი ცვლილების შეტანა სწორედ საბჭოს ევალებოდა. აღნიშნული კი იწვევს მოსამართლეთა განსხვავებულ სტატუსს, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დარღვევას.
ამასთან, კასატორის მითითებით, ვერც სააპელაციო სასამართლომ და ვერც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ დაასაბუთა, თუ როგორ მუშაობდა იგი ლიკვიდირებულ სასამართლოში, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ რატომ ცხადდებოდა მისი ადგილი ვაკანტური, რატომ იღებდა იგი კონკურსში მონაწილეობას და რატომ დაინიშნა იგი მოსამართლის თანამდებობაზე თავიდან. კასატორი მიუთითებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ითვალისწინებს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების 10-წლიან ვადას. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი გაუგებარია, როგორ უნდა გაეგრძელებინა მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2015 წლის 26 მარტს, 12:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ სამართალურთიერთობას. სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არამხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მ. ღ-ე 1982 წლის 20 ივნისს არჩეულ იქნა გურჯაანის რაიონის სახალხო მოსამართლედ. 1987 წლის 21 ივნისს მოსარჩელე კვლავ არჩეულ იქნა გურჯაანის რაიონის სახალხო მოსამართლედ. ამასთან, 1989 წლის 24 ოქტომბრიდან 1991 წლის 16 აგვისტომდე იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1991 წლის 16 აგვისტოს №47/9 ბრძანებით მ. ღ-ე 1991 წლის 16 აგვისტოდან დაინიშნა გურჯაანის რაიონის მოსამართლედ 10 წლის ვადით. 1991 წლის 16 აგვისტოდან 1999 წლის 11 მაისამდე მოსარჩელე მუშაობდა გურჯაანის რაიონის მოსამართლედ.
„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულების მე-14 პუნქტის თანახმად, გაუქმდა გურჯაანის რაიონის სასამართლო და შეიქმნა გურჯაანის რაიონული სასამართლო; აღნიშნული პუნქტი საბოლოოდ 1999 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 11 მაისის №367 განკარგულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გურჯაანის რაიონის სასამართლოს მოსამართლე მ. ღ-ეს დაეკისრა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 2001 წლის 16 აგვისტომდე; ხოლო განკარგულება ამოქმედდა 1999 წლის 15 მაისიდან. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 სექტემბრის №961 განკარგულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მ. ღ-ეს დაეკისრა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება 18 თვის ვადით. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 9 აპრილის №143 ბრძანებულებით მ. ღ-ე დაინიშნა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 მარტის №195 ბრძანებულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. ღ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
2012 წლის 12 ოქტომბერს მ. ღ-ეს შეუსრულდა 65 წელი, რის საფუძველზეც მოსარჩელემ კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას მიმართა. ადმინისტრაციულმა ორგანომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მ. ღ-ის მოთხოვნა იმ მოტივით, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მტკიცებით მას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა ეკუთვნის ორი საფუძვლით - იგი სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს ლიკვიდაციის გამო გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან, რა დროსაც მას უკვე ჰქონდა მოსამართლედ მუშაობის 16 წლის სტაჟი, ხოლო 2001 წლის 16 აგვისტოს მას დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, კანონმდებლობით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრე, რა დროსაც კომპენსაციის მისაღებად მოსამართლე კანონით დადგენილ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, მოსამართლისთვის კომპენსაციის დანიშვნის წესს ითვალისწინებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის: ა) 46-ე–49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე; ბ) საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში; გ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი; დ) 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ №2 დანართის - „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 71 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილია, რომ საერთო სასამართლოს მოსამართლეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან, თუ უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ასევე 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო უფლებამოსილება შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს ლიკვიდაციის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების, ან საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, აგრეთვე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პენსიაში გასულ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 15 მაისიდან. კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.
ამდენად, განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას უნდა დადგინდეს წარმოადგენს თუ არა მ. ღ-ე სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსხვავებული სამართლებრივი შეფასებების მიუხედავად, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ასევე, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ. ღ-ეს 2001 წლის 16 აგვისტოს დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა. აღნიშნულ გარემოებას არც ადმინისტრაციული ორგანოები ხდიან სადავოდ. ამასთან, სააპელაციო სასამართლო ერთი მხრივ დადგენილად მიიჩნევს მ. ღ-ის მიერ 2001 წლის 16 აგვისტოს სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვას, ხოლო მეორე მხრივ მიუთითებს, რომ უფლებამოსილ პირს - საქართველოს პრეზიდენტს არ გამოუცია სამართლებრივი აქტი (განკარგულება) სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მოტივით მ. ღ-ის მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1999 წლის 15 მაისიდან მ. ღ-ეს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება იმჟამად მოქმედი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის სასამართლოს მოსამართლედ, რა დროსაც მ. ღ-ეს 2001 წლის 16 აგვისტომდე - სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ჰქონდა 2 წელი და 3 თვე. ამასთან, აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაზე ადრე თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის აღნიშნული თანამდებობა ხდება ვაკანტური და მის დასაკავებლად ცხადდება კონკურსი ამ კანონით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ მ. ღ-ის შრომის წიგნაკზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 11 მაისის №367 განკარგულებით მ. ღ-ისთვის 2001 წლის 16 აგვისტომდე სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების შესახებ ჩანაწერს მოსდევს ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 სექტემბრის №961 განკარგულებით მ. ღ-ისთვის 18 თვის ვადით მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების შესახებ. ხოლო სამოსამართლო უფლებამოსილების ვადაზე ადრე (2001 წლის 16 აგვისტომდე) შეწყვეტის ფაქტი არც შრომის წიგნაკიდან და არც საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება.
ამდენად, 2001 წლის 16 აგვისტოს მ. ღ-ემ ამოწურა სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა, რასაც დამატებით 2001 წლის 13 სექტემბრის №961 განკარგულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მისთვის 18 თვის ვადით სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დაკისრება ადასტურებს. საგულისხმოა, თუ 2001 წლის 16 აგვისტოს მ. ღ-ემ არ ამოწურა 10-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა, მაშინ რატომ გახდა საჭირო მისთვის სამოსამართლო უფლებამოსილების კვლავ დაკისრება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსამართლის დანიშვნისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხები რეგულირდებოდა იმჟამად მოქმედი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და იმ პირობებში, როდესაც დადგენილია მ. ღ-ის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვის ფაქტი, დამატებით სამართლებრივი აქტის არარსებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მოტივით მ. ღ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ვერ შეცვლის ორგანულ კანონს, ასევე, ფაქტს იმის შესახებ, რომ მ. ღ-ემ 2001 წლის 16 აგვისტოს ამოწურა სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა. შესაბამისად, აღნიშნული ვერ გახდება კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
ამდენად, 2001 წლის 16 აგვისტოს სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვით მ. ღ-ეს წარმოეშვა კომპენსაციის მიღების კანონიერი საფუძველი, მას შემდეგ რაც მოსარჩელეს შეუსრულდებოდა საპენსიო ასაკი - 65 წელი. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ მ. ღ-ე კომპენსაციის დანიშვნას სწორედ1999 და 2001 წლებში მოპოვებული უფლების საფუძველზე ითხოვდა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულების მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გაუქმდა გურჯაანის რაიონის სასამართლო, მაგრამ მიუთითებს, რომ მოსარჩელის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს - საქართველოს პრეზიდენტს არ გამოუცია სამართლებრივი აქტი (განკარგულება) სასამართლოს გაუქმების (ლიკვიდაციის) მოტივით გურჯაანის რაიონის სასამართლოს მოსამართლის - მ. ღ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოს ლიკვიდაციის საფუძვლით კომპენსაციის მიღების უფლებას წარმოშობს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულების მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც გაუქმდა გურჯაანის რაიონის სასამართლო. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში დამატებით სასამართლოს ლიკვიდაციის მოტივით მ. ღ-ის გათავისუფლების მიუთითებლობა ასევე ვერ იქონიებს გავლენას სასამართლოს ლიკვიდაციის საფუძვლით კომპენსაციის მოპოვების უფლებაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის გარდამავალი ნორმების საფუძველზე მოსამართლეებს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში ლიკვიდაციის შემდგომ ახლად შექმნილ სასამართლოებში უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 11 მაისის №367 განკარგულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე მ. ღ-ისთვის სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დაკისრება სწორედ გურჯაანის რაიონის სასამართლოს ლიკვიდაციის საფუძველზე მ. ღ-ის გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება ახალი სასამართლო სისტემის ამოქმედების შემდეგ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მ. ღ-ის მოსაზრებას მასზედ, რომ სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით, მოხდა რა სასამართლოების ლიკვიდაცია და შეიქმნა ახალი სასამართლოები, ცხადია, მ. ღ-ე ვერ იქნებოდა ლიკვიდირებული სასამართლოს მოსამართლე. საყურადღებოა, თუ მ. ღ-ეს სასამართლოს ლიკვიდაციის გამო სამოსამართლო უფლებამოსილება არ შეუწყდა, მაშინ რატომ გახდა საჭირო მისთვის საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 11 მაისის №367 განკარგულებით სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დაკისრება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მოსამართლე ნუგზარ არნანიას მიმართ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 1999 წლის 14 მაისს გამოცემული №403 განკარგულება არ არის გამოცემული მოსარჩელე მ. ღ-ის იდენტურ შემთხვევაზე, კერძოდ, აღნიშნული განკარგულებით მოსამართლე ნუგზარ არნანია 1999 წლის 15 მაისიდან დაკავებული თანამდებობიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე - დადგენილ ვადაში მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო იქნა გათავისუფლებული. ამასთან, 861 მუხლის მე-4 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის საბჭო საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით მოსამართლის თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში კი მ. ღ-ის მიმართ პრეზიდენტის განკარგულებების არარსებობა გავლენას ვერ იქონიებს მის მიერ კანონის საფუძველზე მოპოვებული უფლების განხორციელებაზე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. ღ-ის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს - საქართველოს პრეზიდენტს არ გამოუცია განკარგულებები სასამართლოს გაუქმების (ლიკვიდაციის) მოტივით გურჯაანის რაიონის სასამართლოს მოსამართლის მ. ღ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მოტივით მ. ღ-ის მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მაგრამ სააპელაციო სასამართლო არ ასაბუთებს რა არსებითი მნიშვნელობა აქვს ასეთი განკარგულებების არსებობას იმ პირობებში, როდესაც დადგენილია გურჯაანის რაიონის სასამართლოს ლიკვიდაციისა და მ. ღ-ის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვის ფაქტები. სასამართლოს ლიკვიდაცია და სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა კი განსაზღვრულია კანონით.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ღ-ემ „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა (აგრძელებდა) გურჯაანის რაიონულ სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო აღნიშნულ სასამართლოში და მან 2001 წლის 16 აგვისტოს სრულად ამოწურა სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა, მაგრამ იმის გამო, რომ ვადის გასვლის მიუხედავად მოსარჩელესა და სახელმწიფოს შორის კვლავ გაგრძელდა იმავე სახისა და შინაარსის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მ. ღ-ის მოთხოვნა კომპენსაციის მიღების თაობაზე. ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ იმ მოტივით, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, მ. ღ-ეს უარი უთხრა კომპენსაციის დანიშვნაზე.
საკასაციო სასამართლო მ. ღ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას ყურადღებას მიაქცევს თავად კომპენსაციის ბუნებასა და მისი დანიშვნის მიზნებს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოხატა ნება შეექმნა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო. აღნიშნული სოციალური დაცვის გარანტია მოსამართლისთვის უზრუნველყოფილია ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით (77-ე მუხ.). სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნა მათი დამსახურების ერთგვარ კომპენსირებას ახდენს. შესაბამისად, კომპენსაციის არსისა და მისი მიზნების გათვალისწინებით, გაუგებარია მ. ღ-ეს სამოსამართლო საქმიანობის გაგრძელებამ და 24 წლის განმავლობაში სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებამ რატომ შეუზღუდა კომპენსაციის მიღების - დამატებითი სოციალური გარანტიით სარგებლობის უფლება. თუ 16 წლის სტაჟის მქონე მოსამართლე მიიღებდა კომპენსაციას, მაშინ რატომ ვერ უნდა მიიღოს კომპენსაცია 24 წლის სტაჟის მქონემ. ეს იმ პირობებში, როდესაც კომპენსაციის დანიშვნის მიზანს სწორედ მოსამართლის მიერ გაწეული შრომის ერთგვარი კომპენსირება წარმოადგენს.
ამდენად, კომპენსაციის მიზნებიდან და მისი დანიშვნის საფუძვლებიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კომპენსაცია თავისი არსით მოსამართლისთვის დამატებითი სოციალური დაცვის გარანტს უნდა წარმოადგენდეს, დაუშვებელია მ. ღ-ეს კომპენსაციის დანიშვნაზე უარი მხოლოდ იმ საფუძვლით ეთქვას, რომ მან სამოსამართლო უფლებამოსილების ამოწურვისა და სასამართლოს ლიკვიდაციის შემდგომ კვლავ განაგრძო სამოსამართლო საქმიანობა, ხოლო პირადი განცხადებით მას შემდეგ გათავისუფლდა, როდესაც მას კომპენსაციის მიღების უფლება უკვე მოპოვებული ქონდა. უფრო მეტიც, მ. ღ-ის მიერ 24 წლის განმავლობაში სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება არათუ განამტკიცებს კომპენსაციის მიღების უფლებას, არამედ იგი გავლენას ახდენს კომპენსაციის ოდენობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტებები, ისევე როგორც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები, წინააღმდეგობაში მოდის თავად კომპენსაციის - როგორც დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიის არსთან, სამართალურთიერთობის ამგვარი განმარტებით იგნორირებულია კომპენსაციის დანიშვნის მიზნები და იწვევს მოსამართლეთა მიმართ თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ფაქტი ერთნაირ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს მოსამართლეებს. შესაბამისად, დაუშვებელია იდენტურ სამართლებრივ მდგომარეობას სხვადასხვა მოსამართლისთვის განსხვავებული რეგულირება დაედგინა და განსხვავებული სამართლებრივი მდგომარეობა შეექმნა მათთვის.
ამასთან, საკასაციო სასამართლო გურჯაანის რაიონულ განყოფილებას მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. ღ-ისთვის კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტასთან ერთად საყურადღებოა კომპენსაციის გაანგარიშება და მისი ოდენობა, რაზეც საკასაციო სასამართლო ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს, რადგან აღნიშნული დავის საგანს არ წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ მ. ღ-ე კომპენსაციის დანიშვნას მის მიერ განცხადების წარდგენის დღიდან ითხოვს.
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 5 თებერვლის №04/7910 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 27 მაისის №04/46359 გადაწყვეტილება; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2012 წლის 2 ნოემბრის №03/2738 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას უნდა დაევალოს, საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კომპენსაციის არსისა და მისი დანიშვნის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ღ-ისთვის კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 5 თებერვლის №04/7910 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 27 მაისის №04/46359 გადაწყვეტილება;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2012 წლის 2 ნოემბრის №03/2738 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. ქათამაძე