ბს-749-735 (კ-14) 02 აპრილი, 2015 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ბ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.08.2014წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. გ-ემ 12.03.2014წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართ, ბრძანების ბ. გ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ... კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის 12.02.2014 წლის =04 ბრძანების ბათილად ცნობის, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.05.2014 წ. განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაება ე. მ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.06.2014წ. გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.08.2014წ. განჩინებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ბ. გ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო აქტის დაუსაბუთებლობის შესახებ, საფუძველს არის მოკლებული კასატორის მოსაზრება საქმის პროცესუალური ნორმების დარღვევის, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული 12.08.14წ. განჩინების დადგენილ პრაქტიკასთან წინააღმდეგობის შესახებ. კანონიერ ძალაში მყოფ სააპელაციო სასამართლოს 13.05.13 წ. განჩინებაში აღინიშნა, რომ გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგებზე (არაკომუნიკაბელურობა, ზეპირი დავალებების არაჯეროვნად შესრულება, დაბალი საშემსრულებლო დისციპლინა) მითითება საკმარისი არ არის, სააპელაციო სასამართლოს მითითებით საჭიროა მათი სრულყოფილი გამოკვლევა და შესწავლა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება არ მისცა საქმეში დაცულ მოსარჩელის კვალიფიკაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და არ შეამოწმა მოხსენებით ბარათში გამოთქმული მოხელის მიერ გამოსაცდელ ვადაში განხორციელებული საქმიანობის შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნა, რომ სადავო აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, სზაკ-ის 53.1 და 96.2 მუხლების მოთხოვნათა უგულებელყოფით. სწორედ ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის სადავო აქტი, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის შემდეგ, ბ. გ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემული აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის 12.02.14წ. სადავო ბრძანება გამოცემულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.13წ. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.11.13წ. განჩინების აღსრულების მიზნით. სააპელაციო პალატის 13.05.13წ. გადაწყვეტილებაზე ბ. გ-ის და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრები საკასაციო პალატის 14.11.13წ. განჩინებით მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13.05.13წ. გადაწყვეტილება. ამდენად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონიერ ძალაში მყოფი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13.05.13წ. გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლოს 13.05.13წ. გადაწყვეტილების კანონიერება დადასტურდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.11.13წ. განჩინებით. ამდენად, სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დივერგენცია, დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან წინააღმდეგობა.
გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასება განეკუთვნება ადმინისტრაციის დისკრეციის სფეროს. აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის 12.02.04წ. №04 ბრძანებაში გათავისუფლების საფუძლად მითითებულია ბ. გ-ის 31.12.12წ. სამსახურიდან გათავისუფლების რეალური საფუძველი - ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგის საფუძველზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პროცესში შესწავლილ იქნა ბ. გ-ის მიერ 2012 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში გაწეული სამუშაოს ამსახველი მასალები, ჩატარდა ზეპირი მოსმენა, მოსმენილ იქნა მოწმეების ახსნა-განმარტებები. ... კომისიის თავმჯდომარის შეფასებები ასახულია მის წერილში, მოსარჩელეს გააჩნდა წერილში გამოთქმული მოსაზრებების საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. 12.02.14წ. №04 ბრძანება შეიცავს სათანადო დასაბუთებას, აქტის გამოცემა მოხდა სათანადო წესით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად. ადმინისტარციული წარმოების ფარგლებში მოძიებული დოკუმენტაციის საწინააღმდეგოდ, საპირისპიროს დამადასტურებელი წერილობითი სახით მტკიცებულებები მოსარჩელეს არც ადმინისტრაციული წარმოების და არც საქმის სასამართლოში განხილვის პერიოდში არ წარმოუდგენია. სასკ-ის მე-17 მუხლი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს თავისი მოთხოვნის დასაბუთებისაგან, არ დასტურდება კასატორის მოსაზრება მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილების შესახებ. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად გამოცემული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაბუთებულია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სზაკ-ის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. სადავო აქტში დეტალურად არის გამოკვლეული გამოსაცდელ ვადაში მოსარჩელის მიერ გაწეული სამუშაო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.08.2014წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე