საქმე ბს-92-72-კ-05 16 აპრილი, 2015 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ.კ-ის მიერ 05.01.2005წ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ.კ-მა 23.10.2003წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ჟ. ი-ის და ქუთაისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიმართ უკანონო ნაგებობის მოშლის მოთხოვნით.
20.11.2003წ. ჟ.ი-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქ.ქუთაისის ტექაღრიცხვის სამსახურის და რ. კ-ის მიმართ საინვენტარიზაციო ჩანაწერებში ცვლილების შეტანისა და კიბის ნაგებობის კანონიერად მიჩნევის მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 25.08.2004წ. გადაწყვეტილებით რ.კ-ის სარჩელს ჟ.ი-ის მიმართ უკანონო ნაგებობის მოშლის თაობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო; ჟ.ი-ის შეგებებული სარჩელი ქუთაისის მერიის ტექნიკური აღიცხვის ტერიტორიული სამსახურის და რ. კ-ის მიმართ ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურისათვის დავალების თაობაზე შეიტანოს ცვლილებები საინვენტარიზაციო ჩანაწერებში - ნაწილობრივ დაკმაყოფილდა იმ მიმართებით, რომ ორგანომ გააუქმოს მითითება კიბის უნებართვოდ გაკეთებაზე და მომავალში ცნობები გასცეს, როგორც კანონიერ ნაგებობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჟ.ი-ის მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 22.11.2004წ. განჩინებით რ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა რ.კ-ის მიერ.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს სასამართლოს განცხადებით მომართა ჟ.ი-ის შვილმა - ი. ი-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კასატორი გარდაცვლილია. საკასაციო პალატის 15.04.2005წ. სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა რ. კ-ის გარდაცვალების მოწმობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.04.2005წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება რ.კ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე, რის შესახებ ეცნობათ მხარეებს.
08.06.06წ. ადვოკატმა გ.კოხრეიძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ ქ.ქუთაისში, ... ქ., მე-3 ჩიხი, =14-ში იმ დროისთვის ცხოვრობდა რ. კ-ის შვილი - პ. კ-ი ოჯახით, ხოლო რ.კ-ის დანარჩენი შვილების ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი განხილვა ჩანიშნა 25.07.2006წ., თუმცა მხარეთა გამოუცხადებლობის გამო საქმის განხილვა გადაიდო სხვა დროისთვის. შემდგომი -12.09.2006წ. ჩანიშნული სასამართლო სხდომა ასევე გადაიდო მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, 03.10.2006წ. 14 სთ-ზე. 03.10.2006წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის - ქუთაისის ტექაღრიცხვის სამსახურის წარმომადგენელი, რის გამოც საქმის განხილვა გადაიდო სხვა დროისთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ რ.კ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს 15.09.06წ., 02.04.08წ., 28.07.08წ., 08.02.2010წ., 30.03.2010წ., 22.04.2010წ., 25.03.2011წ., 22.11.2013წ., 14.11.2014წ. გაეგზავნა მიმართვები რ.კ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის მოთხოვნით. ამასთანავე, მხარეები გაფრთხილებულ იქნენ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტში 28.12.2007 წ. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მხარის გარდაცვალების გამო უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოება ჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, რის შემდეგაც მხარის საპროცესო სტატუსის გათვალისწინებით საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი ან შეწყდება საქმის წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დადგენილი წესები.
საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ კასატორი (მოსარჩელე) რ. კ-ი გარდაცვლილია. აღნიშნული გარემოების საფუძველზე სსკ 279-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტზე დაყრდნობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.04.2005წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება რ.კ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები.
საკასაციო სასამართლოდან 2006-2014 წლებში მხარეებს არა ერთი მიმართვა გაეგზავნათ რ.კ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, რ.კ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს არა ერთხელ განემარტა კასატორის (მოსარჩელის) საპროცესო უფლებამონაცვლის დაუდგენლობის თანამდევი სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მიმართვებში აღინიშნა, რომ სამკვიდრო მოწმობის წარმოუდგენლობისა და საკასაციო სასამართლოსათვის საქმის წარმოების განახლების პროცესუალური წინაპირობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, სსკ-ის 281-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდებოდა საქმის წარმოება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ. კ-ის უფლებამონაცვლეებს არ მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის და არ წარმოუდგენიათ საქმის წარმოების განახლების პროცესუალური წინაპირობების დამადასტურებელი დოკუმენტები.
საქმეში დაცული ქ.ქუთაისის ნოტარიუსის - ხ. ჯ-ის 14.04.2010წ. მომართვით დგინდება, რომ გარდაიცვალა აგრეთვე ჟ.ი-ე, რომლის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრის - ი. კ-ის სახელზე 07.10.2009წ. გაიცა სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, დგინდება, რომ გარდაცვლილია ორივე მოსარჩელე, ხოლო კანონით დადგენილ ერთწლიან ვადაში, საკასაციო პალატის მიერ მხარეთათვის არაერთგზის გაგზავნილი მიმართვების მიუხედავად, წარმოდგენილი არ არის მოსარჩელეთა სამკვიდრო მოწმობები ან სხვა ინფორმაცია დავის განხილვის განახლებისა და საქმეში უფლებამონაცვლეთა ჩართვის მიზნით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვოს სარჩელი, თუ არსებობს ამავე კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ.კ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" და 281-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. კ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ლ.მურუსიძე