Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-92-90(კ-15) 24 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _Qმცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

2014 წლის 7 აპრილს მ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელემ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 7 მარტის №კ-65 ბრძანების, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 26 თებერვლის №137 ბრძანების ბათილად ცნობა, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუხრანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ 2014 წლის 2 მაისს სასამართლოს ხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 7 მარტის №159 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 7 მარტის №კ-65 ბრძანება, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 26 თებერვლის №137 და 2014 წლის 7 მარტის №159 ბრძანებები; მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ა-ის მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის (მოვალეობის შემსრულებლად) თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე და მოსარჩელისთვის სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი დროის განმავლობაში გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის გამოცემა მ. ა-ის მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე (მოვალეობის შემსრულებლად) აღდგენის შესახებ; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება; მ. ა-ის სარჩელი მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მ. ა-მა, რომელმაც სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადწყვეტილების დამდგენ სასამართლოზე. ამასთანავე საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა გასაჩივრების საფუძვლებს და მითითებას იმ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე, რომლებითაც დასტურდებოდა საპროცესო სამართლოს ნორმების დარღვევა.

Aამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის შესავსებად, კერძოდ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში კასატორ მ. ა-ს უნდა შეევსო და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი მითითებით. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნათ მ. ა-სა და მის წარმომადგენელს - გიროგი ნასყიდაშვილს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინება 2015 წლის 14 მარტს პირადად ჩაბარდა მ. ა-ს, ხოლო 2015 წლის 16 მარტს - გ. ნ-ს, რაც დასტურდება გზავნილზე პირების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი განსაზღვრავს, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგაზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისთვის გაგზავნილად, ხოლო მხარისთვის გაგზავნილი - წარმოამდგენლისათვის გაგზავნილად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდება გადაწყვეტილების (განჩინების) ასლი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინების ასლი მ. ა-ს ჩაბარდა 2015 წლის 14 მარტს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2015 წლის 15 მარტს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2015 წლის 24 მარტს, სამშაბათს 24 საათზე იწურებოდა. კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს მ. ა-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე