კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე Nბს-213-209(კს-15) 16 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე(თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ჯ. რ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.15წ. განჩინებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.15წ. განჩინებით ჯ. რ-ის სააპელაციო საჩივარი ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 31.10.14 გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად, მხარეებს განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო კერძო საჩივრის შეტანის გზით მხარეებისათვის განჩინების ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა N32) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32) მეშვეობით.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. რ-ემ და მოთხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.15წ. განჩინების გაუქმება და ჯ. რ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.15წ. განჩინების ასლი ჯ. რ-ეს გაეგზავნა 09.03.15წ. და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის შესაბამისად 13.03.15წ. ჩაბარდა ადრესატს - ჯ. რ-ეს პირადად (ს.ფ. 191). კერძო საჩივარზე დართული ფოსტაში (...) ჩაბარების ქვითრით დასტურდება, რომ ჯ. რ-ის წარმომადგენელმა მ. ქ-ემ კერძო საჩივარი თბილისის შპს ,,...“ (...) საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 27.03.15წ. ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული 12 დღიანი ვადის დარღვევით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.15წ. განჩინების გასაჩივრების ვადა ჯ. რ-ისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 14.03.15წ. დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, 25.03.15წ. ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. რ-ემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადა, რის გამოც მისი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 416-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. რ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2015წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე