საქმე N ბს-245-242 (კს-14) 30აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე,მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მუსურიძე,მაია ვაჩაძე
განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „...“;
მოწინაარმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „...“;
თავდაპირველი მოპასუხეები სარჩელეზე - ქ. ბათუმის მერია, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური;
დავის საგანი – საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება;
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.14 წ.განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
12.08.13.წ. სს „...“ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ქ. ბათუმის მერიის და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 27.05.13წ. N99 დადგენილების და ქ. ბათუმის მერიის 16.07.13წ. N562 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 11.09.2006წ. აუქციონზე შეიძინა 1500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე, ქ. ბათუმში, ... (ამჟამად: ... ქ. №135). მოსარჩელის მიწის ნაკვეთის გვერდით 18.07.2005წ. შპს „...“ აუქციონის წესით შეიძინა 8713,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობები, რომელიც 08.08.2005წ. დარეგისტრირდა მის საკუთრებად. მოგვიანებით შენობა-ნაგებობასთან ერთად შპს „...“ საკუთრებად უკანონოდ დაირეგისტრირა ასევე 30000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობები. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს „...“ შეადგინა ახალი საკადასტრო რუკა, რომელშიც მიუთითა არასწორი მონაცემები და შეიჭრა მის საუთრებაში. შპს „...“ განცხადებით მიმართა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და მოითხოვა სს „...“ მიერ მის ნაკვეთზე უკანონოდ, სამშენებლო პირობების დარღვევით აშენებული ობიექტის დემონტაჟი. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 27.05.2013წ. დადგენილებით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „...“ დაჯარიმდა 1000 ლარით, შეჩერდა ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე ... მიმდებარედ სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე. აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა მოსარჩელემ ქ. ბათუმის მერიაში, რომლის 26.07.2013წ. №562 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემით მოპასუხეება დაარღვიეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80.4 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11.5 მუხლის მოთხოვნები ვინაიდან, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის ცნობილი იყო, რომ სასამართლოში იხილებოდა სს „...“ სარჩელი მიწის საზღვრების სისწორისა და შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებული მიწის საკადასტრო მონაცემების სისწორისა და დაზუსტების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.09.13წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად (სასკ-ის 16.2 მუხ.) ჩაება შპს „...“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.12.13წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...“.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სს „...“ წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომლითაც სსკ -ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული N3-149/13 საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იმ მოტივით, რომ ხსენებულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს იმ საკადასტრო მონაცემების ბათილად ცნობა, რომლებზედაც დაყრდნობით გამოიცა ამ საქმეში სადავო ადმინისტრაციული აქტები, მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება. მოწინააღმდეგე მხარეების: ქ. ბათუმის მერიის, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის და მესამე პირის შპს „...“ წარმომადგენლებმა შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13.03.14წ. განჩინებით დაკმაყოფილდა სს „...“ შუამდგომლობა, საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება სხვა საქმეზე, კერძოდ სს „...“ სარჩელზე (რომლითაც სადავოდ არის გამხდარი შპს „...“ საკადასტრო მონაცემები), გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობა, რადგან შუამდგომლობაში მითითებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას მნიშვნელობა აქვს განსახილველ საქმესთან მიმართებაში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დებულებაში მოიაზრება იმ კატეგორიის საქმეებიც, რომლებზეც გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიენიჭოს პრეიუდიციული (წინასწარ გადამწყვეტი) მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა შპს „...“ მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სააქციო საზოგადოების მიერ სამშენებლო სამუშაოების შპს „...“ საკადასტრო ტერიტორიაზე მშენებლობის შესახებ. შესაბამისად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკადასტრო მონაცემების ძალადაკარგულად აღიარების და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის დავალდებულების თაობაზე სს „...“ სარჩელზე მიღებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას აქვს წინასწარი გადამწყვეტი მნიშვნელობა მოცემულ საქმესთან მიმართებაში, რაც ადმინისტრაციული საქმის შეჩერების საფუძველია. პალატამ მიუთითა,რომ სსკ-ის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“.კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ არ არსებობდა საქმის განხილვის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი. სს „...“ მშენებლობის წარმოებისას გასცდა მშენებლობის ნებართვით მითითებულ საკადასტრო საზღვრებს. აღნიშნული გარემოება ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება, კერძოდ, დადასტურებულია ის გარემოება, რომ სს „...“ ნაცვლად მის საკუთრებაში არსებული 1500კვ.მ.-ისა მშენებლობა აწარმოვა 2085კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. სს „...“ მიერ ჩადენილ სამართალდაღვევის საქმეზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს სს „...“ მიერ შპს „...“ გასაჩივრებული საკადასტრო მონაცემების ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაკმაყოფილდება სს „...“ სარჩელი და დადგინდება, რომ შპს „...“ რეგისტრირებული მონაცემები არასწორია და შეიცვლება მისი საკადასტრო მონაცემები, აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას ვერ იქონიებს განსახილველ საქმეზე, რადგან გადაწყვეტილებით არ შეიცვლება სს „...“ კუთვნილი 1500კვ.მ-ზე მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული 1500კვ.მ. ვერ გაიზრდება 2085კვ.მ.-დე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის და გასაჩივრებული განჩინების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. განსახილველ შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო წინაპირობად სააპელაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა სხვა საქმის განხილვა.
საქმეში დაცული ზედამხედველობის სამსახურის 28.03.13წ. N53 მითითების თანახმად გამოვლენილ დარღვევად აღნიშნულია ის, რომ მშენებლობა არ არის ნაწარმოები საკადასტრო საზღვრებში (...). ზედამხედველობის სამსახურის 27.05.13წ. N99 დადგენილებით მითითების შეუსრულებლობის გამო სს „...“ დაჯარიმდა, შეჩერდა მშენებლობა მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე. ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ სამშენებლო დარღვევა უკავშირდება ნაკვეთებს შორის საზღვრის დაზუსტებას, რომლის შესახებ სხვა დავა მიმდინარეობს. შესაბამისად ამ დავის გადაწყვეტამდე არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის შეჩერება რეგლამენტირებულია არა სსკ-ის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილით, არამედ სსკ-ის 279-ე მუხლით, საქმის განხილვის შეუძლებლობა არის ისეთი ლოგიკურ-სამართლებრივი შემთხვევა, როდესაც სადავო საკითხის გდაწყვეტა შეუძლებლია სხვა საკითხის გადაწყვეტამდე. საზედამხედველო სამსახურის მიერ 27.05.13წ. №99 დადგენილებით სს „...“ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის, კერძოდ, სანებართვო პირობების (პროექტი) დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამო დაეკისრა ჯარიმა ,,პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამშენებლო დოკუმენტაციით და სამშენებლო რეგლამენტით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევისათვის. სადავო აქტების (საზედამხედველო სამსახურის 27.05.13წ. №99 დადგენილება, ქ. ბათუმის მერიის 16.07.13წ. №562 დადგენილება) კანონიერების შემოწმება უკავშირდება განხორციელებული მშენებლობის ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 03.07.12წ. N933 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვით, მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 03.07.13წ. სმ N001340 სანებართვო მოწმობით, ამავე სამსახურის 07.06.12წ. N754 ბრძანებით დამტკიცებული არქიტეტურული პროექტით, 29.07.10წ. N868 ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების დადგენილი პირობების დაცვის შემოწმებას. არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 03.07.12წ. N933 ბრძანების და მის საფუძველზე გაცემული 03.07.12წ. N001340 მშენებლობის სანებართვო მოწმობის თანახმად სს „...“ სახელზე გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე ... მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის მიზნით. ამდენად, მშენებლობის ნებართვა გაცემულია ნაკვეთზე, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია კოდით: 05.26.01.13წ. ზედამხედველობის სამსახურის სახელზე მიმართვაში (18.03.13წ.) შპს „...“ ეხებოდა იმას, რომ ავტომანქანების გაზით გასამართი სადგური აშენებულია მის ნაკვეთზე, ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის გარეშე, რაც განმცხადებლის აზრით ადასტურებდა სააქციო საზოგადოების მიერ ობიექტის მშენებლობის ნებართვის დარღვევით აშენებას. ზედამხედველობის სამსახურის 04.04.13წ. პასუხით განმცხადებელს ეცნობა, რომ სამშენებლო დოკუმენტის (პროექტის) დარღვევით მშენებლობის გამო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება, რის შედეგადაც გამოიცა სადავო აქტი. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დავის გადაწყვეტა უკავშირდება სააქციო საზოგადოების მიერ მშენებლობის კუთვნილი საკადასტრო კოდის ნაკვეთის ფარგლებში წარმოებას.
სს „...“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის და შპს „...“ მიმართ აღძრულ სარჩელში მოითხოვს საკადასტრო მონაცემების ძალადაკარგულად აღიარებას, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის დავალდებულებას. სარჩელს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სს „...“ და შპს „...“ კუთვნილ ნაკვეთებს შორის საზღვარი დაფიქსირებუილ იყო კაპიტალური ღობით, ასეთივე სახით დარეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში და აუქციონით გაყიდვამდე (07.08.06წ.) და გაყიდვის შემდეგ (19.10.06წ.) გაცემულ საკადასტრო რუკებში, 09.08.05წ. აზომვითი ნახაზში. მოსარჩელე თვლის, რომ რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილების რეგისტრაციისას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიცვალა ნაკვეთის კონფიგურაცია, გადმოიწია საზღვარი (ე.წ. ,,წითელი ხაზი“) სს „...“ ტერიტორიაზე. მოსარჩელე თვლის, რომ შპს „...“ სარეგისტრაციოდ წარადგინა ისეთი აზომვითი ნახაზი, რომელიც არასწორად ასახავდა შენობა-ნაგებობების ფაქტობრივ განლაგებას, რის გამოც განხორციელდა არასწორი რეგისტრაცია. შპს „...“ კუთვნილი ნაგებობის არასწორმა ასახვამ, კოორდინატთა საერთაშორისო სისტემაში, ასევე დოკუმენტურად და ფაქტობრივად დაფიქსირებული ისტორიული საზღვრის (წითელი ხაზების) ჩრდილოეთის მიმართლებით ხელოვნურმა და თვითნებურმა გადაწევამ, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია ისეთი ვითარება, რომ სააქციო საზოგადებამ აწარმოა მშენებლობა მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე. ამდენად, აღნიშნულ საქმეზე დავის საგანი ეხება კოდით განსზაღვრულ კოორდინატებს, ნაკვეთის კონფიგურაციას, რასაც შემხებლობა აქვს სამშენებლო პირობებში მითითებულ კოორდინატებთან. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააქციო საზოგადოების მიერ მოპასუხეების - ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს „...“ მიმართ საკადასტრო მონაცემების ძალადაკარგულად აღიარების, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის დავალდებულების მოთხოვნით აღძრული სარჩელი (საქმე №3-149/13) ქმნის სააქციო საზოგადოების მოცემულ სარჩელზე (მოპასუხები - ქ. ბათუმის მერია, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური) საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით, 281-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტრაციული საქმეთა პალატის 13.03.14წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე