ბს-645-630 (კ-კს-14) 25 დეკემბერი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.დ-ა, მ.ჩ-ა, ე.ბ-ი, ლ.თ-ე, ც.ყ-ი, ნ.გ-ე, ქ.დ-ი, ე.გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.თბილისის მერია, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური, ბმა ,,...“ თავმჯდომარე ნ.პ-ე, ა.გ-ი, გ.ხ-ე, ლ.მ-ი, ე.მ-ი, მ.ხ-ა, დ.გ-ე, დ.კ-ე, დ.ჭ-ი, გ.მ-ი, გ.გ-ი, გ.ქ-ი, გ.უ-ი, მ.ს-ე, ნ.მ-ა, ა.ლ-ე, ა.გ-ი, თ.შ-ე, გ.ქ-ე.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2014წ. განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბმა ,,...“, ა.გ-მა, ლ.მ-მა, გ.ხ-ემ და სხვ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ.თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ ქ.თბილისის მერის მოადგილის 16.05.2013წ. =958 განკარგულებისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.12.2012წ. =477609 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ იშუამდგომლა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.12.2012წ. =477609 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2013წ. განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.12.2012წ. =477609 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ბმა ,,...“ თავმჯდომარის ნ.პ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2013წ. განჩინებით ბმა ,,...“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.07.2013წ. განჩინება, ბმა ,,...“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.12.2012წ. =477609 ბრძანების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.11.2013წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, მესამე პირებად ჩაებნენ ი.დ-ა, მ.ჩ-ა, ე.ბ-ი, ლ.თ-ე, ც.ყ-ი, ნ.გ-ე, ქ.დ-ი და ე. გ-ე.
მოსარჩელეებმა 12.11.2013წ. თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს დაზუსტებული სარჩელი და სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოითხოვეს, რომ მესამე პირებს ლ.თ-ეს, მ.ჩ-ას, ი.დ-ას და ე.გ-ეს აეკრძალოთ ქ.თბილისში, ... ქ.=24ა-ში მდებარე შენობაში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.11.2013წ. განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.03.2014წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ.
მესამე პირებმა ი.დ-ამ, მ.ჩ-ამ, ე.ბ-მა, ლ.თ-ემ, ც.ყ-მა, ნ.გ-ემ, ქ.დ-მა და ე. გ-ემ 17.03.2014წ. განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმება 2 პუნქტის - კიბის მოწყობის და აივნების შემომსაზღვრელი მოაჯირის დამონტაჟების ნაწილში. აღნიშნული მოთხოვნით მესამე პირებმა განცხადება წარადგინეს აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.06.2014წ. საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.09.2013წ. განჩინების ნაწილობრივ გაუქმების სასკ-ის 29.8 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რადგან შუამდგომლობის ავტორების მითითება უსაფრთხოების ზომების დარღვევის შესახებ, არ წარმოადგენს ახლადაღმოჩენილ გარემოებას, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოებები არსებობდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინების მიღების პერიოდშიც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.08.2014წ. განჩინებით ნ.პ-ის (ბმა ,,...“ თავმჯდომარე), ა.გ-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა აპელანტთა მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.06.2014წ. საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მესამე პირებმა: ი.დ-ამ, მ.ჩ-ამ, ე.ბ-მა, ლ.თ-ემ, ც.ყ-მა, ნ.გ-ემ, ქ.დ-მა და ე. გ-ემ. მესამე პირებმა აღნიშნეს, რომ სასამართლოს არგუმენტაცია არასწორია, რადგან განსახილველ შუამდგომლობაში წარდგენილი იყო ახალი ფაქტები და გარემოებები, კერძოდ ის, რომ კორპუსის ბოლო სართულზე ხალხი უკვე ცხოვრობს იმ პირობებში, როდესაც არ არის დასრულებული კიბის მარში და აივანს მოაჯირები არ აქვს, რაც საშიშია მაცხოვრებლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. აღნიშნული გარემოება დასტურდება აგრეთვე ცნობაში ასახული სპეციალისტების მოსაზრებებით, რომელთაც კორპუსი 19.03.2014წ. შეამოწმეს. შესაბამისად, აღნიშნული მოსაზრებები სასამართლოსათვის ცნობილი ვერ იქნებოდა 30.09.2013წ.. სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა ასევე ის გარემოება, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა არც ერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.დ-ას, მ.ჩ-ას და სხვათა კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორები საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებენ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე, კერძო საჩივრის ატორები არ უთითებენ სააპელაციო პალატის 30.09.2013წ. განჩინების ბათილობის საფუძვლებზე. სსსკ-ის 423-ე მუხლის თანახმად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ სსსკ-ის 423-ე მუხლის 1-ელ ნაწილში მითითებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი მხარეს არ ათავისუფლებს მტკიცების ტვირთის ვალდებულებისაგან, ამდენად, მან უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს (სასკ-ის მე-3, მე-4, მე-17, სსსკ-ის მე-3, 102-ე მუხ.).
ის გარემოება, რომ კორპუსის ბოლო სართულზე ცხოვრება საშიში იყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, არსებობდა სააპელაციო პალატის მიერ 30.09.2013წ. განჩინების მიღებისას, რადგან საქმის მასალების მიხედვით კორპუსის ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ აივნებს არ ჰქონდათ მოაჯირები, ხოლო კიბის მარში იყო დასასრულებელი. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო მესამე პირებისთვისაც, მიუხედავად ამისა, მათ გადაწვიტეს საცხოვრებლად გამოეყენებინათ ის ფართი, რომელიც არ იყო მიღებული ექსპლუატაციაში და ამდენად, არ იყო საცხოვრებლად ვარგისი. შენობის ექსპლუატაციაში მიღება გულისხმობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას (საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. =57 ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილების 3.82 მუხლი). ამავე დადგენილების 90.5 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშენებარე ობიექტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საწყობად, სათავსად, დროებით საცხოვრებლად და სხვა დანიშნულებით. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 28.03.2007წ. =62 ,,მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის უსაფრთხოების წესების 2.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო მოედანი დასახლებულ ადგილებში და საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ უნდა იქნეს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებისათვის ცნობილი იყო, რომ ისინი ახდენდნენ დაუსრულებელ, მშენებარე შენობაში შესახლებას, რაც ვერ უზრუნველყოფდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნას. მიუხედავად ამისა, კერძო საჩივრის ავტორები შესახლდნენ მშენებარე ფართში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ახლადაღმოჩენილ გარემოებას და კანონიერ ძალაში მყოფი განჩინების გაუქმების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 420-ე, 423-ე, სსკ-ის მე-3, 102-ე, სასკ-ის მე-3, მე-4 და მე-17 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.დ-ას, მ.ჩ-ას, ე.ბ-ის, ლ.თ-ის, ც.ყ-ის, ნ.გ-ის, ქ.დ-ის, ე.გურიელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2014წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
პ. სილაგაძე