Facebook Twitter

საქმე #ბ-1413-6(ა-14) 16 აპრილი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარს სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ზ. ნ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.14წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.08.13წ. გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სარჩელი მოპასუხეების სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და სს „...“ მიმართ აუქციონის შედეგებისა და უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ნ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.14წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ნ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.14წ. განჩინებით ზ. ნ-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საკასაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. საკასაციო სასამართლოს 23.05.14წ. განჩინება კასატორ – ზ. ნ-ეს გაეგზავნა და ჩაბარდა 27.05.14წ. კასატორის ოჯახის ქმედუნარიან პირს – მეუღლეს მ. ზ-ეს (ტ.1. ს.ფ.335), სსკ-ით დადგენილი წესით. შესაბამისად ზ. ნ-ისთვის ხარვეზის გამოსწორების ვადა 03.06.14წ. 24 საათზე ამოიწურა. კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს 11.06.14წ. განჩინებით ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. ნ-ემ, რომელმაც საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინების შესაბამისად მისმა ადვოკატმა ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, თუმცა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დროულად ვერ მოხერხდა სასამართლოსათვის. მითითებული საფუძვლით ზ. ნ-ემ მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 11.06.14წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ნ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.14წ. განჩინების ასლი ზ. ნ-ის მეუღლეს 27.05.14წ. ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 28.05.14წ. და ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადა 03.06.14წ. 24 საათზე ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა მოიცავდა არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის, არამედ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის სასამართლოში წარმოდგენის ვადას, რაც კასატორს არ შეუსრულებია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, სსკ-ის 396.3 მუხლის მიხედვით სახეზე იყო ზ. ნ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველი.

სსკ-ის 430.2 მუხლის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.14წ განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. ნ-ის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ნ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.14წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. თ. ც-ეს (პ.ნ....) დაუბრუნდეს ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე 02.06.2014წ. =1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე