Facebook Twitter

ბ-432-2(გან-15) 27 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე - თავმჯდომარე (მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბ. ბ-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 17 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბ. ბ-მა.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარად იქნა აღიარებული ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 30 აპრილის №79 ბრძანება. მოპასუხე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა აღადგინოს ზ. უ-ი ახმეტის მუნიციპალიტეტის ქალაქ ახმეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (რწმუნებულის) თანამდებობაზე და მიეცეს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები.

განმცხადებლის მითითებით, ზ. უ-ი მუშაობდა ქალაქ ახმეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (რწმუნებულის) თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 30 აპრილის #79 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლით განსაზღვრული იყო გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის სტატუსი და ფუნქციები.

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ამოქმედებისთანავე 2014 წლის 3 ივლისს გაუქმდა მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანო და შესაბამისად ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობა.

განმცხადებლის მითითებით, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის მეორე ნაწილით გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი, მაგრამ მხოლოდ კონკურსის გავლის შემდეგ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სასმახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განმარტების გაკეთება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იქნეს აღდგენილი ზ. უ-ი საქართველოს ორგანული კანონით (,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“) გაუქმებულ თანამდებობაზე და აღუდგენლობის შემთხვევაში, როგორ უნდა აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თელავის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

ამდენად, მითითებული ნორმის დანაწესის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კი, თავის მხრივ, არ დაკმაყოფილდა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში აღსრულებას ექვემდებარებოდა თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განჩინების მიღების შედეგად.

ამდენად, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოადგენს, რომლის საპროცესო კომპეტენციასაც განეკუთვნება მოცემული განცხადების განხილვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე წარმოდგენილი განცხადება განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად უნდა გადაეცეს თელავის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბ. ბ-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თელავის რაიონულ სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე