Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-113-111(კ-15) 18 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა, ე. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეები _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახური; ს. ა-ე.

2013 წლის 29 აგვისტოს ე. და ა. ს-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს სენაკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურისა და ს. ა-ის მიმართ.

მოსარჩელეებმა პ. ს-ასა და ს. ა-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ პ. ს-ას სახელზე უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 აგვისტოს საოქმო განჩინებით მითითებული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ე. და ა. ს-ების სასარჩელო მოთხოვნა პ. ს-ას სახელზე უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა სარჩელზე ა. ს-ას ნაწილში.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. და ა. ს-ებმა, რომლებმაც სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ე. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. და ა. ს-ებმა, რომლებმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით ა. ს-ას ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით ე. ს-ას ნაწილში საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ს-ას ნაწილში საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან, იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული არც საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებისა და არც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით კასატორ ე. ს-ას დაუდგინა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის შესავსებად, კერძოდ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში კასატორს უნდა შეევსო ხარვეზი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინება კანონით დადგენილი წესით, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორს - ე. ს-ას და 2015 წლის 24 აპრილს პირადად ჩაბარდა ადრესატს, რაც დასტურდება გზავნილზე პირის ხელმოწერით.

2015 წლის 8 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ე. ს-ას წარმომადგენელმა მიხეილ ნემსაძემ, რომელმაც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება ან გადავადება.

განმცხადებლის მითითებით, ე. ს-ა არის ხანდაზმული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ფაქტობრივად ქმედუუნარო მდგომარეობაშია, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და იმყოფება მედ პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. აღნიშნულის გამო, კასატორმა ამ ეტაპზე ვერ შესძლო ხარვეზის შევსება, ხოლო კასატორის წარმომადგენლისათვის მითითებული გარემოების თაობაზე ცნობილი გახდა 2015 წლის 6 მაისს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ს-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდება გადაწყვეტილების (განჩინების) ასლი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი განსაზღვრავს, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინების ასლი კასატორს - ე. ს-ას პირადად 2015 წლის 24 აპრილს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2015 წლის 25 აპრილს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2015 წლის 4 მაისს, ორშაბათს 24 საათზე იწურებოდა. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების მოთხოვნით მომართვა ხარვეზის შევსების ვადის დარღვევით, 2015 წლის 7 მაისს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის წარმომადგენლის არგუმენტს ხარვეზის შეუვსებლობის შეუძლებლობის შესახებ, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში სასამართლოსათვის მომართვის შეუძლებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

კასატორის წარმომადგენელმა მხოლოდ ზოგადად მიუთითა ე. ს-ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, რომ იგი წარმომადგენლის მიერ განცხადებით საკასაციო სასამართლოსათვის მომართვის (07.05.15წ.) დროისათვის იმყოფება ფაქტობრივად ქმედუუნარო მდგომარეობაში, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინება პირადად ჩაბარდა კასატორს - ე. ს-ას, ხოლო როდის გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გამორციხავდა საკასაციო სასამართლოსათვის მომართვის შეუძლებლობას, განმცხადებელს არ მიუთითებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის წარმომადგენელმა ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით მომართა საკასაციო სასამართლოს, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის შევსების ან სასამართლოსათვის შესაბამისი შუამდგომლობით მომართვის შეუძლებლობა ვერ დაადასტურა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ე. ს-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ს-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე