საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე #ბს-25-25(კ-15) 25 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2015 წლის 30 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, შპს „...“ საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინებით შპს „...“ დაევალა ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი საფოსტო გზავნილი კასატორის წარმომადგენელს 2015 წლის 12 თებერვალს ჩაბარდა.
შპს „...“ დირექტორმა ა. კ-მა 2015 წლის 17 თებერვალს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობდა სხვა სასამართლო დავა, აგრეთვე სახელმწიფო სტრუქტურებში იყო მხარეთა საპრეტენზიო განცხადებები. მხარეებს შორის მიმდინარეობდა მორიგების პროცესი, რის გამოც ხარვეზის შევსების ვადის ორი კვირით გაგრძელება მოითოხვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. შპს „...“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
შპს „...“ დირექტორმა ა. კ-მა 2015 წლის 13 მარტს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სარჩელს იხმობდა უკან და შესაბამისი საპროცესო ღონისძიებების გატარება მოითხოვა. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის მიმართვით მოპასუხეებს ეთხოვათ წარმოედგინათ მოსაზრებები შპს „...“ დირექტორის ა. კ-ის 2015 წლის 13 მარტის განცხადების თაობაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 2 აპრილს მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური არ ეთანხმება შპს „...“ დირექტორის ა. კ-ის განცხადებას სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით შპს „...“ დირექტორის ა. კ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. შპს „...“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ შპს „...“ წარმომადგენელს რ. ც-ეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. ბათუმი, ... ქ. №13) გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინების ასლი და იმავე მუხლით დადგენილი წესით 2015 წლის 27 აპრილს ჩაბარდა ადრესატს პირადად (პ/ნ ...) (ტ. II, ს. ფ. 348). შესაბამისად, კასატორის - შპს „...“ აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად 2015 წლის 28 აპრილს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2015 წლის 4 მაისს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც არ ემთხვეოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეს და იყო სამუშაო დღე ორშაბათი, მაგრამ მოცემული განჩინების მიღების დროისათვის არც კასატორის - შპს “...“ და არც მისი წარმომადგენლის რ. ც-ის მიერ არ იქნა ხარვეზი შევსებული და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს შპს „...“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეათა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე