Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-331-327(კ-15) 15 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურისა და ნ. ჩ-ის მიმართ.

2013 წლის 21 ოქტომბერს ნ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 მაისის №882013180090-06 და 2013 წლის 27 მაისის №882013230224-03 გადაწყვეტილებებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 4 ივლისის №115196 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ნ. ჩ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება გ. გ-ი.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 მაისის №882013180090-06, 2013 წლის 27 მაისის №882013230224-03, 2013 წლის 10 ივლისის №882013230224-03 გადაწყვეტილებების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 4 ივლისის №115196 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურისთვის ნ. ჩ-ის 2013 წლის 22 მაისის №882013230224 განცხადების საფუძველზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ამასთან, ნ. ჩ-მა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურისთვის თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ... მდებარე გ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ს.კ. №...) არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში რეგისტრაციის და შემდგომი ცვლილებების განხორციელების აკრძალვა მოითხოვა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 იანვრის განჩინებით ნ. ჩ-ს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

ნ. ჩ-მა საჩივრით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 2014 წლის 8 იანვრის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის განჩინებით ნ. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამავე სასამართლოს 2014 წლის 8 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ; მოცემულ საქმეზე გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფა - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა გ. გ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე (ს.კ. №...) ნებისმიერი ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით წარმოდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს.კ. ...) გ. გ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ ბათილად იქნა ცნობილი ნაწილობრივ, კერძოდ, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიჯნაზე 425,6 კვ.მ. ფართობით იმდაგვარად, რომ მოსარჩელის ნ. ჩ-ის მიწის ნაკვეთმა შეადგინოს 7500 კვ.მ.; მხარეებს საჯარო რეესტრში კორექტირებული ნახაზების წარდგენა დაევალათ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად; ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 მაისის №882013180090-06 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 27 მაისის №882013230224-03 გადაწყვეტილებისა და ნ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 4 ივლისის №115196 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ნ. ჩ-ის სახელზე 7500 კვ.მ. ფართით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია დაევალა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 მაისის №882013180090-06 გადაწყვეტილება გ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (უძრავი ქონება ს.კ. ...); არ დაკმაყოფილდა სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურისთვის ნ. ჩ-ის 2013 წლის 22 მაისის №882013230224 განცხადების საფუძველზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე; არ დაკმაყოფილდა სარჩელი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 27 მაისის №882013230224-03 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 ივლისის №882013230224-03 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 4 ივლისის №115196 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების (განჩინების) გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება აღნიშნული კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი 2015 წლის 2 აპრილს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორის - გ. გ-ის წარმომადგენელს – ჟ. ჩ-ს და კანონით დადგენილი წესით ჟ. ჩ-ის ბიძას - გ. ბ-ეს 2015 წლის 3 აპრილს ჩაჰბარდა, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათზე მითითებული პირის ხელმოწერით (ტ. IV; ს.ფ. 113).

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივარი ფოსტას 2015 წლის 27 აპრილს ჩაჰბარდა (ტ. IV, ს.ფ. 125).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი კასატორს 2015 წლის 3 აპრილს ჩაჰბარდა, გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა 2015 წლის 4 აპრილიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 21 დღიანი ვადა 2015 წლის 24 აპრილს (პარასკევს) 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო საჩივარი კი ფოსტას 2015 წლის 27 აპრილს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21 დღიანი ვადის დარღვევით ჩაჰბარდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს გ. გ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე