Facebook Twitter

ბს-357-353(2კ-14) 19 მაისი , 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ. გ-ე

სარჩელზე მოპასუხე - საქართველოს მთავრობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების : საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ, რითაც მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მოსარჩელე ასევე ითხოვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავრობასთან შეთანხმების შემდგომ დაევალოს, უზრუნველყოს მის მიერ შერჩეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების განსახორციელებლად, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის ინიცირება ან/და წარდგინება.

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე არსებული ქონების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურენო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის ინიცირების ან/და წარდგინების, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში - საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუნდაც იგი სარეკრეაციო ტერიტორიის ფარგლებში იყოს მოქცეული, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია ინიცირებულ იქნეს საპრივატიზებოდ ქონების მმართველის მიერ და წარედგინოს პრეზიდენტს პირდაპირი მიყიდვის წესით განსაკარგავად, რომლის ექსკლუზიური უფლებამოსილებაცაა პირდაპირი მიყიდვის საკითხის გადაწყვეტა.

ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილების მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას/ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის/საქართველოს პრეზიდენტის თანხმობას, შეთანხმებას ან/და გადაწყვეტილებას.

მოსარჩელის მითითებით, 2013 წლის 23 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბორჯომის რაიონის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების ინიცირების თხოვნით, საიდანაც აღნიშნული განცხადება იმავე დღეს გადაიგზავნა სსიპ ქონების მართვის სააგენტოში. მოსარჩელის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ერთთვიან ვადაში არ მოახდინა რეაგირება, რაც მიიჩნევა განმცხადებლისათვის უარის თქმად, რაზედაც მან წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უმოქმედობაზე. მთავრობის კანცელარიის 2013 წლის 30 ივლისის №25326 წერილით ეცნობა, საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ, უარის თქმის საფუძვლად მითითებული იყო, ის გარემოება, რომ თითქოსდა იგი ასაჩივრებდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა გაესაჩივრებინა ზემდგომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რაც მოსარჩელის განმარტებით, არამართებულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბორჯომის რაიონის სოფ. ... მდებარე 409 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ლ. გ-ემ 2013 წლის 23 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბორჯომის რაიონის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების ინიცირების თხოვნით. აღნიშნული განცხადება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გადაუგზავნა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს’’, რომლის 2013 წლის 22 ივლისის წერილით ლ. გ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრიაციო ზონაში, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,კ1’’ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სარეკრიაციო ტერიტორიები პრივატიზაციას არ ექვემდებარება. აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობაში ლ. გ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ივლისის წერილის ბათილად ცნობა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი აქტის გამოცემის ან შესაბამისი ქმედების დავალება ლ. გ-ის 2013 წლის 23 მაისის განცხადებაზე. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ლ. გ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოადგენდა საქართველოს მთავრობა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე კოდექსის მე-80 მუხლზე და განმარტა, რომ ლ. გ-ემ 2013 წლის 23 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბორჯომის რაიონის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების ინიცირების თხოვნით, განცხადება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გადაუგზავნა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს’’, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ივლისის წერილით ლ. გ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრიაციო ზონაში, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,კ1 ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სარეკრიაციო ტერიტორიები პრივატიზაციას არ ექვემდებარება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ლ. გ-ის განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად გადაუგზავნა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს’’, ამდენად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს უარი და მოსარჩელის მოთხოვნა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უარი ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული, ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგანს არ წარმოადგენს განცხადების გადაგზავნის კანონიერება და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს მისი კანონშესაბამისობა.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, აღნიშნულთან მიმართებაში, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო). ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფოს კონტროლით, დამოუკიდებლად ახორციელებს საჯარო საქმიანობას.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ლ. გ-ის მიერ საქართველოს მთავრობაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ივლისის წერილის ბათილად ცნობა, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობა და შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ივლისის წერილის ბათილად ცნობის ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვება შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნას.

ასევე ლ. გ-ე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში ასევე ითხოვდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი აქტის გამოცემას ან შესაბამისი ქმედების დავალებას ლ. გ-ის 2013 წლის 23 მაისის განცხადებაზე, აღნიშნულთან მიმართებაში, საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად გადაუგზავნა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს’’, რომელმაც მოთხოვნილ საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება, ასევე დავის საგანს არ წარმოადგენს განცხადების გადაგზავნის კანონიერება, სასამართლო აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული, ამდენად, სახეზე არ არის კანონის ისეთი დარღვევა რომლის არარსებობის პირობებში სხვაგვარი, მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასჩივრა ლ. გ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა და საქმეში სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტო“ ნაცვლად მესამე პირისა ჩაება თანამოპასუხედ, ასევე მოხდა მოთხოვნის ტრასფორმირება და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასთან ერთად მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირება და წარდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი (ვირტუალური უარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირებაზე); სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალათ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ ლ. გ-ის განხცადების არსებითი განხილვა და მასზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, რომელი განცხადებაც ეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ..., სარეკრეაციო ზონაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 409 კვ.მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირებასა და წარდგენას. მოპასუხეებს ასევე დაევალათ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილ ვადაში, ლ. გ-ის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ, გამოსცენ დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადებაში დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ლ. გ-ეს უარი ეთქვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. გ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბორჯომის რაიონის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების ინიცირების თხოვნით. ასევე, სადავო მიწის ნაკვეთის საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით განმცხადებლისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების განსახორციელებლად, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე ამ საკითხის ინიცირება ან/და წარდგენა. ლ. გ-ის განცხადება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გადაუგზავნა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 2013 წლის 22 ივლისის წერილით ლ. გ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრეაციო ზონაში, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიები პრივატიზაციას არ ექვემდებარება. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა რომ ლ. გ-ე თავისი განცხადებით ითხოვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სადავო მიწის ნაკვეთის არა პირდაპირ პრივატიზებას, არამედ ითხოვდა ამ საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირებასა და წარდგენას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად. ლ. გ-ის განცხადება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გადაუგზავნა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, სასამართლოს პოზიციით არც სამინისტროს და არც სააგენტოს არ უმსჯელიათ განცხადებაში მითითებულ მოთხოვნაზე - პრივატიზებისათვის სადავო მიწის ნაკვეთის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირებასა და წარდგენაზე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განმცხადებლის წარმომადგენელს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრეაციო ზონაში და საქართველოს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიები პრივატიზაციას არ ექვემდებარება, თუმცა ასეთი მოთხოვნა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სადავო მიწის ნაკვეთი პირდაპირ, მთავრობის ნებართვის გარეშე პრივატიზების თაობაზე, განმცხადებელს დაყენებული არ ჰქონდა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ისევე როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ლ. გ-ეს კანონით დადგენილ ვადაში პასუხი არ გასცეს მის განცხადებაში დაყენებულ მოთხოვნაზე - სარეკრეაციო ზონაში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით მოეხდინათ ამ საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირება და წარდგენა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად. შესაბამისად, ვინაიდან ამ მოთხოვნაზე პასუხი საერთოდ არ ყოფილა გაცემული სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ეს გარემოება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმას და ე.წ ვირტუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი განცხადებაში დაყენებულ მოთხოვნაზე აქტის გამოცემაზე ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72.2-ე, 73-ე, 76-ე, 77-ე და 95-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ავალდებულებდნენ მოპასუხეებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მოეხდინათ ლ. გ-ის განცხადების არსებითი განხილვა, მასზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, რომელი განცხადებაც ეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ..., სარეკრიაციო ზონაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 409 კვ.მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირებასა და წარდგენას და საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ გამოეცათ დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამაერთლებრივი აქტი პრივატიზაციის შესახებ საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირების (წარდგენის) ან მასზე უარის თქმის შესახებ, რაც მათ არ გაუკეთებიათ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი (ვირტუალური უარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირებაზე); სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა დაევალოთ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, თავიაანთი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ ლ. გ-ის განცხადების არსებითი განხილვა და მასზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, რომელი განცხადებაც ეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ..., სარეკრიაციო ზონაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 409 კვ.მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირებასა და წარდგენას. მოპასუხეებს ასევე უნდა დაევალოთ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილ ვადაში, ლ. გ-ის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ, გამოსცენ დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადებაში დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ერთ-ერთი ფორმაა პირდაპირი მიყიდვა. იმავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვა და კონკრეტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის ინიცირების ან/და წარდგინების საფუძველზე.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება შემდეგი სახელმწიფო ქონება: კ1)საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიები ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონები. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებზე ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული ქონების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოზე ან თვითმმართველ ერთეულზე. ამდენად, ცალსახად არის დადგენილი, რომ როგორც წესი, პრივატიზებას არ ექვემდებარება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიები. თუმცა, გამონაკლისის სახით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე არსებული ქონების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. მნიშვნელოვანია საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მოეხდინა საქართველოს მთავრობის წინაშე სარეკრეაციო ტერიტორიებზე არსებული ქონების პრივატიზებაზე ნებართვის მისაღებად საკითხის ინიცირება და წარდგენა. სააპელაციო პალატის განმარტებით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო მე-7 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმართავს სამინისტრო. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის #390 დადგენილებით დამტკიცებული „ქონების მართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ მე-2 მუხლის პირველი პუნტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: დ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიცირებასა და შესაბამის ღონისძიებებს. ხოლო, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს : ა) კანონით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას წარუდგენს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას, შეთანხმებას ან/და გადაწყვეტილებას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიცირებასა და შესაბამის ღონისძიებებს, ახდენს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იგი განსაზღვრავს და წარმართავს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას, ასევე კანონით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას წარუდგენს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას, შეთანხმებას ან/და გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოპასუხეებმა უნდა შეისწავლონ ლ. გ-ის განცხადება და კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით გამოსცენ დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი განცხადებაში დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო აპელანტის მოთხოვნა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტით სწორად ეთქვა უარი ლ. გ-ის წარმომადგენელს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ვინაიდან საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

კასატორი - სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან მიმართებაში, რომ ლ. გ-ის 2013 წლის 23 მაისის განცხადების განხილვაზე უფლებამოსილი პირის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა უმოქმედობას, ანუ ადმინისტრაციული აქტის გამოუცემლობის ფაქტს, რაც სასამართლოს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწლის საფუძველზე შეფასებული იქნა ,,ვირტუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად“. კასატორი მიუთითებს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლზე და განმარტავს, რომ აღნიშნულ ნორმთა სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, განახორციელოს დაინტერესებული პირის რეალიზებული საპროცესო უფლების ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება - შესაძლებელია ადგილი ქონდეს მხოლოდ და მხოლოდ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, იმ დროს როცა სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა აქტიურ მოქმედებას, სზაკ-ის მე-80 მუხლის შესაბამისად, კანონით განსაღვრულ 5 - დღიან ვადაში სამინისტრომ მოსარჩელის განცხადება გადაუგზავნა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის კომპეტენციის სფეროსაც წარმოადგენდა განცხადებაში მითითებული საკითხის - ბორჯომის რაიონის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების ინიცირება - არ შეიძლება საუბარი ე.წ. ,,ვირტუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტეზე, რომლის არსებობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან იმ საჯარო ვალდებულების შეუსრულებლობას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადემი მოლოდინი გააჩნდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ სადავო აქტის კანონიერება შეამოაწომა მხოლოდ მოსარჩელის უფლებრივი თვალსაზრისით, ხოლო რამდენად შეესაბამებოდა იგი მოქმედ ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, სასამართლოს არ შეუფასებია. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ1“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება საქართველოს მთავრობის (პრეზიდენტის) მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორია, თუმცა ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი: სარეკრეაციო ტერიტორიების პრივატიზება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. 2012 წლის 17 სექტემბრის #390 დადგენილებით დამტკიცებული „ქონების მართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიცირებასა და შესაბამის ღონისძიებებს, ხოლო ამავე აქტის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარეების სამინისტრო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას წარუდგენს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას, შეთანხმებას ან/და გადაწყვეტილებას. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქონების მმართველის ინიცირების ან/და წარდგინების საფუძველზე. ამდენად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტების ნორმათა შინაარსიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვა ხორცილედება ქონების მმართველის - ანუ სააგენტოს ინიცირების საფუძველზე. შესაბამისად, სააგენტო მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს დადებით ან უარყობით გადაწყვეტილებას და მხოლოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ახორციელებს საკითხის ინიცირებას მთავრობის წინაშე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უძრავი ქონების პრივატიზების მიზანშეუწონლობის თაობაზე, იმ მოტივით, რომ ბორჯომის რაიონის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობდა საქართველოს პრეზიდენტის 29.11.05 წლის №968 ბრძანებულების თანახმად, განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში, ცხადია ავტომატურ რეჟიმში გამოირიცხა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად, მთავრობის წინაშე საკითხის ინიცირების აუცილებლობაც. ამდენად, კასატორის განმარტებით, პრივატიზების მიზანშეუწონლობის თაობაზე სააგენტოს დასკვნა, ლოგიკურად გამორიცხავდა მთავრობის წინაშე საკითხის ინიცირების მოტივაციას სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების თაობაზე.

ამასთან, კასატორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნას პირველი ინსტაციის სასამართლოში წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარის ბათილად ცნობა. სააპელაციო სასამართლოში ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2013 წლის 22 ივლისის ადმინისტრაციული აქტის ბათილობა და სააგენტოსათვის რაიმე სახის ქმედების განხორციელების დავალდებულება მოსარჩელე მხარეს არც პირველ ინსტანციაში და არც სააპელაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია, საპელაციო სასამართლოს მიერ ე.წ. ,,სასარჩელო მოთხოვნის ტრასფორმირების“ ფარგლებში, შეჯიბრობითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების უხეში დარღვევით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პირველი ინსტავციის სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირად ჩაბმული სააგენტოსათვის პროცესუალური სტატუსის შეცვლის და საქმეში სააგენტოს მოპასუხედ ჩართვის შესახებ, ისე რომ აღნიშულ საკითხზე სააგენტოს პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მისცემია, უფრო მეტიც, სასამართლოს არ შეუფასებია წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული მოთხოვნის გაზრდას. დავის საგნის შეცვლას თუ სახეზე იყო ახალი სასარჩელო მოთხოვნის წარდგენა, რომლის დასაშვებობა არ დასაშვებობის საკითხის გარკვევა ასევე სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენდა.

ამასთან, კასატორის გამარტებით, სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ ისე დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს დაავალა ახალი აქტის გამოცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, რომ არსად არ არის დასკვნა სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 30 ივლისს გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

მეორე კასატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებდა, რომ სამინისტრომ ლ. გ-ის განცხადება 2013 წლის 23 მაისს გადააგზავნა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ და შემდეგ კი აკამყოფილებს სარჩელს იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გაუშვა განცხადების განხილვის ერთთვიანი ვადა, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით ითვლება აქტის გამოცემაზე უარად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ,,ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტარციულ ორგანოს ამ უკანაკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.“

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს შემდეგ საქმიანობას 1) თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც ტარდება ადმინისტრაციული წარმოება; 2) თუ განცხადებაში დასმული საკითხი წარმოადგენს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას 5 დღის ვადაში განცხადებას უგზავნის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორაგნოს (ზაკი-ის მე-80 მუხლი). 3) თუ განცხადებაში დასმული საკითხი არის სასამართლოს განსჯადი ან ვერ დგინდება უფლებამოსილი ორგანო ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას უბრუნებას დაინტერესებულ პირს (ზაკის -ის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილი).

კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტრომ ლ. გ-ის განცხადებაზე გაავრცელა ზაკის-ის მე-80 მუხლის საკანონმდებლო დანაწესი და გადააგზავნა უფლებამოსილ ორგანოში - სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“, ასეთ შემთხვევაში, კასატორის განმარტებით, მაშინ როდესაც ლ. გ-ის განცხადება სამინისტროში არ იყო რეგისტრირებული, როგორ უნდა გავრცელდეს მასზე ზაკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. რა სამართლებრივი საფუძვლით გააჩნია სამინისტროს ვალდებულება განიხილოს ერთი თვის განცხადება, რომელიც სამინისტროში რეალურად არ არსებობს და წინააღმდეგ შემთხვევაში ვადის დარღვევა ჩაეთვალოს აქტის გამოცემაზე უარის თქმად.

კასატორის განმარტებით, ასევე უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სამინისტროს დაევალა კომპეტენციის ფარგლებში გ-ის განცხადების არსებითი განხილვა, მასზე წარმოების ჩატარების შემდეგ ინიდვიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა განცხადებაში დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 30 ივლისს გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია და მისი ბათილად ცნობა არ მომხდარა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ც ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი (ვირტუალური უარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირებაზე); სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალათ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ ლ. გ-ის განცხადების არსებითი განხილვა და მასზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, რომელი განცხადებაც ეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ..., სარეკრიაციო ზონაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 409 კვ.მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირებასა და წარდგენას. მოპასუხეებს ასევე დაევალათ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილ ვადაში, ლ. გ-ის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ, გამოსცენ დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადებაში დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ლ. გ-ეს უარი ეთქვას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე.

აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მხოლოდ წარმოდგენილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების ფარგლებში. ლ. გ-ის მიერ ზემოღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე არ გასაჩივრებულა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ბორჯომის რაიონის სოფ. ... მდებარე 409 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში. აღნიშნული გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

ლ. გ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბორჯომის რაიონის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების ინიცირების თხოვნით. კერძოდ, ვინაიდან ლ. გ-ის მიერ შერჩეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მოქცეულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიის ფარგლებში, მის პრივატიზებაზე საქართველოს მთავრობისაგან ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს მთავრობისათვის საკითხის წარდგენის უზრუნველყოფა. ასევე, სადავო მიწის ნაკვეთის საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით განმცხადებლისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების განსახორციელებლად, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე ამ საკითხის ინიცირება ან/და წარდგენა.

ლ. გ-ის განცხადება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გადაუგზავნა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს’’. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ივლისის წერილით ლ. გ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრიაციო ზონაში, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,კ1’’ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სარეკრიაციო ტერიტორიები პრივატიზაციას არ ექვემდებარება.

ლ. გ-ის წარმომადგენელმა 2013 წლის 22 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ივლისის წერილის ბათილად ცნობა და საქართველოს ეკონომიკის სამინიტროსთვის ახალი აქტის გამოცემის ან შესაბამისი ქმედების დავალება ლ. გ-ის 2013 წლის 23 მაისის განცხადებაზე.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ლ. გ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და შესაბამისად, არასწორი მსჯელობა განავითარა გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკაშირებული ურთიერთობები წესრიგდება ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონება ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; ამავე კანონით რეგლამენტირებულია სახელმწიფო ქონების განკარგვა მისი პრივატზიებისა და სხვა სამართლებრივი მოწესრიგების გზით, ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრივატიზება ეს არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილია ის სახელმწიფო ქონება, რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას, ერთ-ერთი მათგანია საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიები ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონები ( 4.1 მუხლი ,,კ1“ ქვეპუნქტი; 25.06.2013წ მოქმედი რედაქცია). თუმცა ამავე მუხლის მე-4 პუნქტი უშვებს შემთხვევას, რომლის დროსაც შესაძლებელია სარეკრეაციო ტერიტორიებზე ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული ქონების პრივატიზება, მაგრამ აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში რეგლამენტირებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმები, რომელთა შორისაა პირდაპირი მიყიდვა, ხოლო ამავე კანონის მე-10 მუხლში მოცემულია ის საფუძვლები თუ როგორც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება პირდაპირი მიყიდვისა და კონკრეტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, კერძოდ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის ინიცირების ან/და წარდგინების, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში - საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე (25.06.2013წ მოქმედი რედაქცია) ზემოაღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის განსახორციელებლად, რომლის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს პირდაპირი მიყიდვა, ქონების მმართველი ინიციირებით უნდა წარდგეს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე (25.06.2013წ მოქმედი რედაქციის შესაბამისად), ხოლო დღეს მოქმედი რედაქციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წინაშე (ცვლილება 06.09.2013წ. №1037) აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს მოქმედი და 2013 წლის 25 ივნისს, როდესაც განმცხადებელმა მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს ბორჯომის რაიონის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების ინიცირების თხოვნით, კანონმდებელი ითვალისწინებდა ქონების მმართველის ინიციირებას ან/და წარდგინებას, შესაბამისად, ქონების მმართველი განცხადების განხილვის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებდა გადაწყვეტილებას მიემართა თუ არა ინიციირებით ან/და წარდგინებით საქართველოს მთავრობისათვის (იმ დროს მოქმედი რედაქციით საქართველოს პრეზიდენტისათვის), აღნიშნული წარმოადგენდა მის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, ქონების მმართველს თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააჩნია უფლებამოსილება წარდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიმართოს ინიციირებითა თუ წარდგინებით საქართველოს მთავრობას შემდგომ საკითხის განსახილველად ან თავად მიიღოს გადაწყვეტილება პრივატიზაციაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დადგენილია ლ. გ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბორჯომის რაიონის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების ინიცირების თხოვნით. კერძოდ, ვინაიდან ლ. გ-ის მიერ შერჩეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მოქცეულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიის ფარგლებში, მის პრივატიზებაზე საქართველოს მთავრობისაგან ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს მთავრობისათვის საკითხის წარდგენის უზრუნველყოფა. ასევე, სადავო მიწის ნაკვეთის საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით განმცხადებლისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების განსახორციელებლად, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე ამ საკითხის ინიცირება ან/და წარდგენა. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში.

ლ. გ-ის განცხადება საკასაციო სასამართლო იზიარებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გადაუგზავნა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს’’, რომლის 2013 წლის 22 ივლისის წერილით ლ. გ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრიაციო ზონაში, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,კ1’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სარეკრიაციო ტერიტორიები პრივატიზაციას არ ექვემდებარება.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ლ. გ-ე თავისი განცხადებით ითხოვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სადავო მიწის ნაკვეთის არა პირდაპირ პრივატიზებას, არამედ ითხოვდა ამ საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირებას და წარდგენას, ამ საკითხზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საერთოდ არ იქნა გაცემული პასუხი და აღნიშნული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩაითვალა ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის გაცემაზე უარის თქმად, ე.წ. ვირტუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, ასევე არ იმსჯელა განცხადებაში დასმულ საკითხე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომაც“ და თავისი 2013 წლის 22 ივლისის წერილით ლ. გ-ეს ეცნობა, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრიაციო ზონაში, პრივატიზაციას არ ექვემდებარებოდა, ნაცვლად იმისა მიეღო გადაწყვეტილება განცხადებაში დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის საკასაციო საჩივარს განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.

ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, და 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევევაში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმართავს სამინისტრო. აღნიშნულიდან, გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტრომ ლ. გ-ის განცხადება კანონით დადგენილ ვადაში გადაუგზავნა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების როლსა და ამოცანებს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სადავო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი (ვირტუალური უარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნავკეთის) პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირებაზე) ცნო უკანონოდ, როგორც საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოცემული და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაავალათ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ ლ. გ-ის განცხადების არსებითი განხილვა და მასზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, რომელი განცხადებაც ეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ..., სარეკრიაციო ზონაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 409 კვ.მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირებასა და წარდგენას. მოპასუხეებს ასევე დაავალათ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილ ვადაში, ლ. გ-ის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ, გამოსცენ დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადებაში დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მაშინ როდესაც, როგორც საქმის მასალებით დასტურდება და ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ ლ. გ-ის განცხადება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გადაუგზავნა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს’’. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ივლისის წერილით ლ. გ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრიაციო ზონაში, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,კ1’’ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სარეკრიაციო ტერიტორიები პრივატიზაციას არ ექვემდებარება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვრცელდება იმ მასშტაბით, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე მისაღები საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ განმცხადებელი ითხოვდა არა პრივატიზციას არამედ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების განსახორციელებლად, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის ინიცირებასა ან/და წარდგინებას და შესაბმისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელათ ამ საკითხზე და არა იმზე მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ექვემდებარებოდა თუ არა პრივატიზებას და განმარტავს, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მიმართავს თუ არა ქონების მმართველი ინიცირებით ან წარდგინებით საქართველოს მთავრობას (დღეს მოქმედი კანონმდებლობით) წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს განსახილველ საკითხს, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ივლისის წერილი მხარის მიერ სადავო არ გამხდარა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კასაციის მოტივს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება ქონების მმართველის - ანუ სააგენტოს ინიცირების საფუძველზე. შესაბამისად, სააგენტო მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგებში იღებს დადებით ან უარყობით გადაწყვეტილებას და მხოლოდ საკითხის მის მიერ დადებითად გადაწყვეტის შემთხვევში ახორცილებს ინიცირებას. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს, საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ არგუმენტებს მიაჩნია, მის მიერ ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რითაც ლ. გ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილებდა. აქვე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვიანიდან, ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. გ-ის სარჩელი, აღარ არსებობს სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის საკასაციო საჩივრის იმ მოტივებზე მსჯელობის საჭიროება, რომელიც ეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ პროცესუალურ დარღვევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე