Facebook Twitter

ბს-522-509(კ-14) 14 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ე. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალდებულება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების (№370 ოქმის) ე. გ-ისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს გამოსცეს ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე. გ-ისათვის ქ. თბილისში, ... ქ. №3-ის მიმდებარედ არსებული 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ ა.წ. გარდაცვლილი ლ. გ-ი 1975 წლიდან 2012 წლის პირველ თებერვლამდე (გარდაცვალების თარიღი) ფლობდა და სარგებლობდა ქ. თბილისში, ... ქ. №3-ის მიმდებარედ არსებული 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული 41,81 კვ.მ. საცხოვრებელი სახლით. ლ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული ფართით სარგებლობა განაგრძო მისმა მემკვიდრემ ე. გ-მა, რომელმაც 2013 წლის 2 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო ძმის ლ. გ-ის სამკვიდრო მასაში შემავალი ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა, მათ შორის, მოთხოვნის უფლება მამკვიდრებლის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემაზე. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით 2013 წლის 26 სექტემბერს ე. გ-მა განცხადებით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

2013 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, იმ მოტივით, რომ თითქოს არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი უშუალოდ ე. გ-ის მიერ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, რაც მოსარჩელის განმარტებით, არასწორია, ვინაიდან, 2013 წლის 2 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ე. გ-ი, როგორც ა.წ. გარდაცვლილი ლ. გ-ის უფლებამონაცვლე აღიჭურვა ყველა იმ უფლებით, რომელიც გარდაცვალებამდე გააჩნდა მის მამკვიდრებელს, მათ შორის, მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან მიმართებაში, რადგან განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება, როგორც მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელი პირის, ასევე მისი მემკვიდრის ან უფლებამონაცვლის სასარგებლოდ.

მოსარჩელე სარჩელს აფუძნებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის მე-51 მუხლზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში და თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამასთან, როგორც კანონით, ისე პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინტერესებული პირებისათვის დადგენილ იქნა განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის განსხვავებული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით; კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისიზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა ამ მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ დადგენილ იქნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, რომლის განსაზღვრის შემთხვევაში კოლეგიური უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. თვითნებირად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუტრების უფლების აღიარების შესახაებ საკითხის განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო დისკრეციით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შემოჭილია კანონიერების პრინციპით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება ზღუდავს სასამართლოს მხრიდან მისი გადამოწმების შესაძლებლობას. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა ანუ მისი დისკრეციის განხორციელების მართლზომიერება. პირს შეუძლია გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანოშესაბამისობა. სასამართლო კი უფლებამოსილია გადაამოწმოს არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებიდან არ დასტურდება და მოსარჩელს არც სასამართლო სხდომაზე წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადგენად, რომ მოსარჩელე ე. გ-ი ფლობდა და სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2013 წლის 26 სექტემბერს განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ე. გ-ს არ უდასტურდებოდა ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას შეფასების გარეშე იქნა დატოვებული ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ე. გ-ის მიერ მოთხოვნილია, როგორც ა.წ. გარდაცვლილი ლ. გ-ის და არა ე. გ-ის მხრიდან მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, ხოლო ის გარემოება, რომ ა.წ. გარდაცვლილი ლ. გ-ი ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთით დასტურდება საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, აბონენტად აყვანის შესახებ სს ,,...“ ცნობით და ორთოფოტოს მეშვეობით, ამასთან გამოცემული აქტით ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება. სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე დატოვა 2013 წლის 2 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობაც, რომელიც ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ე. გ-მა სრულად მიიღო ძმის ლ. გ-ის სამკვიდრო მასაში შემავალი ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა, მათ შორის, მოთხოვნის უფლება მამკვიდრებლის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება; ე. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი №370); მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ე. გ-ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო სასამართლომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51, ზოგადო ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ აღიარების კომისიის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების განხილვა გულისხმობს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის თავად დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში წარდგენილი ყველა დოკუმენტის, ამ დოკუმენტებთან დაკავშირებული ყველა ფაქტის კომისიის წევრთა მიერ გულდასმით, ყოველმხრივ გამოკვლევას, შესწავლას და შეფასებას; თუკი კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება განმცხადებლის მიერ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ასეთი მოსაზრება უნდა იყოს დასაბუთებული იმ თვალისაზრისით, რომ მას წინ უნდა უძღოდეს საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტის და მტკიცებულების შესახებ კომისიის კრიტიკული, დასაბუთებული მსჯელობა, კონკრეტული შინაარსის მითითებები იმის შესახებ, თუ რატომ ვერ ადასტურებს განმცხადებლის მიერ წარდგენილი ესა თუ ის დოკუმენტი მთავარ საკვანძო ფაქტს - მიწის თვითნებურად მიტაცების ფაქტს. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმისნტარციულ-სამართლებრივი აქტების ანალიზიდან გამომდინარე, არც ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და არც სასამართლომ - ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში საერთოდ არ გაითვალისწინეს და მხედველობაში არ მიიღეს საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ განმცხადებელი ე. გ-ი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა და ითხოვს არა როგორც პირადად თვითონ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავაბელი პირი, არამედ როგორც მემკვიდრე იმ პირისა (გარდაცვლილი - ლ. გ-ი), რომელმაც, განმცხადებლის მტკიცებით, დაიკავა და ფლობდა თვითნებურად განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთს მრავალი წლის მანძილზე გარდაცვალების დღემდე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ თვითნებურად მიტაცებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება გააჩნია არა მარტო თავად მიმტაცებელს, არამედ მიმტაცებლის მემკვიდრეს მიმტაცებლის გარდაცვალების შემდეგ ეფუძნება ზემოაღნიშნილი კანონის კონკრეტულ ნორმენს, კერძოდ, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ დაინტერესებული პირი ეს არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ამ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) ....“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განცხადებაში უნდა აღინიშნოს: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს კომისია, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი; გ) განმცხადებლის მოთხოვნა; დ) განცხადებაზე დართული დოკუმენტების ნუსხა; ე) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა. იმავე მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლება საღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო, არასასოფლო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში - მიწის ნაკვეთის ხარისხობრივი (კარგი და მწირი) მონაცემები; დ) დაინტერესებული პირის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო თუ დაინტერესებული პირი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლეა, დამატებით სავარაუდო მემკვიდრეობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ დაინტერესებული პირი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია ასი ათასზე (100 000) (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სააპელაციო პალატის განმარტებით, მემკვიდრეს არ ეკისრება მიწის ნაკვეთის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიტაცებისა და ფლობის ფაქტის მტკიცების ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითნებურად მიტაცებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება იქნებოდა პირადად მის (განმცხადებლის) მიერ, მიწის ფაქტობრივი ფლობის გზით შეძენილი და არა მემკვიდრეობით მიღებული უფლება, ზემოთ მოხმობილი ნორმების სხვაგვრად განმარტების პირობებში თვითნებურად მიტაცებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლების მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობას აღარ ექნებოდა პრაქტიკული მნიშვნელობა და რაიმე ქონებრივი ღირებულება თავად მემკვიდრეთათვის, ასეთი მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა იქნებოდა მინიმალური/უმრავლეს შემთხვევაში განუხორციელებელი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, აღიარების კომისიამ განმცხადებლის - ე. გ-ის განცხადებაში ჩამოყალიბებული მოთხოვნის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესი წარმართა არასწორი მიმართულებით - კომისიამ ისეთ ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ე. გ-ს არ გამოუყენებია თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად და რომლებსაც არ გააჩნდა რაიმე არსებითი მნიშვნელობა საქმის სწორედ გადაწყვეტის მიზნებისათვის; კერძოდ, აღიარების კომისიამ მიღებული გადაწყვეტილება დაასაბუთა იმ ფაქტებზე მითითებით, რომ განმცახდებელი ე. გ-ი არ ფლობდა განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. მნიშვნელოვანია, რომ არც თავად ე. გ-ი ამტკიცებს იმას, რომ უშუალოდ იგი ფლობდა განცხადებაში მითითეულ მიწის ნაკვეთს. ნაცვლად ამ ფაქტისა, აღიარების კომისიას უნდა ეკვლია და დაედგინა არა ე. გ-ის, არამედ გარდაცვლილი მამკვიდრებლის - ლ. გ-ის მხრიდან მის სიცოცხლეში ქ. თბილისში, ... ქ. №3-ის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და წლების განმავლობაში, მათ შორის - აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე ფლობის ფაქტი, მით უფრო, რომ ე. გ-ის 26.09.2013 წლის განცხადებაზე დართული დოკუმენტების სიმრავლე და შინაარსი სწორედ ამ ფაქტის მტკიცებაა. აღიარების კომისიაში განცხადებასთან ერთად წარდგენილი 14.02.2013 წლის სამკვიდერო მოწმობა უტყუარად ადასტურებდა (ადასტურებს) ე. გ-ის არათუ სავარაუდო, არამედ ნამდვილი მემკვდრედ ყოფნის ფაქტს.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი საკასაცო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი პირის მიერ თვითნებურად დაკავებული უნდა იყოს 2007 წლის ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე. აღნიშნული ფაქტი კი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით უნდა ამტკიცოს განმცხადებელმა, რაც განმცხადელის მიერ ვერ დადასტურდა. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ან არსაცხოვრებელი ფართი, ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას, სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტში მოიაზრება ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტები. ცალსახაა, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე ბრძანებულების თანახმად, მოიაზრება შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც იქნება უდავო დასტური იმისა, რომ პირი ნამდვილად დაუფლებულია მიწის ნაკვეთს, ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით. შესაბამისად, დაუშვებელია დაკანონებას დაექვემდებაროს ის მიწის ნაკვეთები, რომლის საკუთრებაში გადაცემაზეც პრეტენზიას აცხადებს შესაბამისი პირი, მაგრამ ვერ ადასტურებს ამ ნივთზე საკუთარი ბატონობის ფაქტს.

კასატორის განმარტებით, საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ ე. გ-ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია. გარდა ამისა, მან ვერ შეძლო დაედასტურებინა რომ მისი ძმა ა.წ. გარდაცვლილი ლ. გ-ი ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთით კანონის ამოქმედებამდე. მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულიც კი არ არის ღობით, საქმეში არსებობს მხოლოდ მოწმის ჩვენებები, რომელიც კომისიამ სარწმუნოდ არ მიიჩნია. კომისიას საკითხის განხილვის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, რის გამოც უარი ეთქვა ე. გ-ს ქ. თბილისში, ... ქ. №3-ის მიმდებარედ 1000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2013 წლის 26 სექტემბერს, ე. გ-ის წარმომადგენლებმა ო. კ-მა და დ. მ-ემ განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვს ქ. თბილისში, ... ქ. №3-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის ე. გ-ისათვის დაკანონება. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 1000 კვ.მ.

დადგენილია, რომ განმცხადებელი ე. გ-ი მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა, როგორც გარდაცვლილი ძმის - ლ. გ-ის მემკვიდრე.

ლ. გ-ი გარდაიცვალა 2012 წლის 1 აპრილს. 2013 წლის 14 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, გარდაცვლილი ლ. გ-ის სამკვიდრო სრულად მიიღო მისმა მე-2 რიგის მემკვიდრემ (ძმამ) - ე. გ-მა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით/ოქმი №370/, ე. გ-ის წარმომადგენლებს ო. კ-სა და დ. მ-ეს უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, მართებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გამოიკვლიეს მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცეს მათ, ამასთან, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ემყარებოდა სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების არასწორ განმარტებას. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, რაც საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ ე. გ-ის წარმომადგენლებს ო. კ-სა და დ. მ-ეს.

აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მხოლოდ წარმოდგენილი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კანონის II თავით მოწესრიგებულია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, კერძოდ, მე-51 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის;

გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი; მითითებული ბრძანებულების მე-5 მუხლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით, ხოლო მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდეგში - სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. ამავე ბრძანებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. მე-4 პუნქტის შესაბამისად: 4. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო, არასასოფლო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში - მიწის ნაკვეთის ხარისხობრივი (კარგი და მწირი) მონაცემები; დ) დაინტერესებული პირის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო თუ დაინტერესებული პირი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლეა, დამატებით სავარაუდო მემკვიდრეობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ დაინტერესებული პირი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია ასი ათასზე (100 000) (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

როგორც ზემოთ აღინიშნა, კომისიაში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს საჭირო დოკუმენტაცია, დაინტერესებული კი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირი შესაძლებელია იყო მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, ხოლო თუ დაინტერესებული პირი მისი მემკვიდრე ან უფლებამონაცვლეა განცხადებას უნდა ერთვოდეს დამატებით სავარაუდო მემკვიდრეობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. კონკრეტულ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 2013 წლის 26 სექტემბერს, ე. გ-ის წარმომადგენლებმა ო. კ-მა და დ. მ-ემ განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვეს ქ. თბილისში, ... ქ. №3-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის ე. გ-ისათვის დაკანონება. განცხადებას ერთვოდა: 1. სამკვიდრო მოწმობა; 2. სს ,,...“ 2013 წლის 28 მარტის №130002827 წერილი; 3. ორთოგონალური ფოტო; 4. სანოტარო ფორმით შედგენილი მეზობლების განცხადება; 5. მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი ქაღალდის და ელ. ვერსია; 6. ე. გ-ის პასპორტის დამოწმებული ასლი; 7. რწმუნებულება; 8. ფოტო სურათები; ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; აღსანიშნავია ის გარემოება, რომ განმცხადებელი ე. გ-ი მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა, როგორც გარდაცვლილი ძმის - ლ. გ-ის მემკვიდრე. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებიდან კი ირკვევა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი უშუალოდ განმცხადებლის მიერ, მაშინ როდესაც განმცხადებელი ითხოვდა, მისი ძმის მიერ თვითნებურად დაკავებული ფართზე საკუთრების უფლების აღიარებას, როგორც მისი მემკვიდრე და განცხადებას დართული ჰქონდა ასევე სამკვიდრო მოწმობაც, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ე. გ-ის წარმომადგენლების განცხადების განხილვისას უნდა ემსჯელათ არა იმ გარემოებაზე, რომ ე. გ-ს დაკავებული ჰქონდა თუ არა მიწის ნაკვეთი თვითნებურად ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აკმაყოფილებდა თუ არა იგი ამ კანონის დადგენილ რეგულაციებს, არამედ მისი მამკვიდრებელი ძმა - ლ. გ-ი წარმოადგენდა თუ არა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის სუბიექტს, ლ. გ-ის მიერ მის სიცოცხლეში ქ. თბილისში, ... ქ. №3-ის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლების აღიარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საცხოვრებელი სახლის არსებობა, ან თვითნებურად დაკავებული მიწა უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე) და ამასთან,თვითნებურად დაკავებული მიწის ფართობი ნაკლები უნდა ყოფილიყო საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. საკუთრების უფლების აღიარებისათვის არსებით პირობას წარმოადგენდა კანონი გაკნარგვას უქვემდებარებდა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთებს, შესაბამისად, ყოველივე აღნიშნული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ე. გ-ის წარმომადგენლების განცხადების ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს არა ე. გ-თან, არამედ მის ძმასთან - ლ. გ-თან მიმართებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რაც სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობას წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე