#ბს-6-6(2კ-15) 7 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ბ-ასა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 26 ნოემბერს ი. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და თ. ბ-ას მიმართ.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 19 სექტემბრის №882013443578-03 და №882013443612-03 გადაწყვეტილებების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 ოქტომბრის №882013443578-05 და №882013443612-04 გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 29 ოქტომბრის №197500 და 2013 წლის 21 ნოემბრის №216094 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ტ. ბ-ას თანასაკუთრების 1/2 სამკვიდრო წილზე ი. ბ-ას თანასაკუთრების უფლების დარეგისტრირების დავალება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 19 სექტემბრის №882013443612-03 და №882013443578-03 გადაწყვეტილებები ი. ბ-ას განცხადებებთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (საკარმიდამო ფართობი 2500 კვ.მ.; ... უკან ფართობი 2000 კვ.მ.) საკუთრების უფლების სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 ოქტომბრის №882013443612-04 და №882013443578-05 გადაწყვეტილებები ი. ბ-ას განცხადებებთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (საკარმიდამო ფართობი 2500 კვ.მ.; ... უკან ფართობი 2000 კვ.მ.) საკუთრების უფლების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 29 ოქტომბრის №197500 და 2013 წლის 21 ნოემბრის №216094 გადაწყვეტილებები ი. ბ-ას ადმინისტრაციული საჩივრების უარყოფის შესახებ ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (საკარმიდამო ფართობი 2500 კვ.მ.; ... უკან ფართობი 2000 კვ.მ.) თანასაკუთრების უფლებით აღრიცხვის მოთხოვნის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს კანონით დადგენილ ვადაში ი. ბ-ას განცხადებებით (რეგისტრაციის №882013443612, 13.09.2013წ. და №882013443578, 13.09.2013წ.) მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების (საკარმიდამო ფართობი 2500 კვ.მ.; ... უკან ფართობი 2000 კვ.მ.) ¼ ნაწილზე (იდეალური) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ბ-ამ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრისა და 2015 წლის 16 მარტის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ბ-ასა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ასა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ს. ა-ეს თ. ბ-ას საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 15 დეკემბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე 2015 წლის 5 მარტს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ბ-ას უნდა დაუბრუნდეს ს. ა-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ბ-ასა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. თ. ბ-ას დაუბრუნდეს ს. ა-ის მიერ საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 15 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2015 წლის 5 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე