საქმე №ბს-137-135(კს-15) 7 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ე, შ. გ-ე, ფ. გ-ი, ლ. ზ-ე, ც. მ-ი, მ. მ-ე, მ. მ-ე, თ. ს-ი, ნ. შ-ე, ხ. ხ-ი
მესამე პირი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 19 დეკემბერს მ. ბ-ემ, შ. გ-ემ, ფ. გ-მა, ლ. ზ-ემ, ც. მ-მა, მ. მ-ემ, მ. მ-ემ, თ. ს-მა, ნ. შ-ემ და ხ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.
მოსარჩელეებმა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, როგორც დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯის) სამართალმემკვიდრისთვის, მათთვის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციის მინიჭების ნაწილში დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის დირექტორის თ. მ-ის 2006 წლის 4 ივლისის №10/11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ამ ცვლილების შედეგად მოსარჩელეებისთვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭება და შესაბამისი დიპლომების გაცემა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით წარმოდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯის) სამართალმემკვიდრეს, დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის დირექტორის თ. მდივანის მიერ გამოცემული 2006 წლის 4 ივლისის №10/11 ბრძანების იმ ნაწილში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელეებს მიენიჭათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია; გადაწყვეტილებით ამ ცვლილების შედეგად მოსარჩელეებისთვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭება და შესაბამისი დიპლომების გაცემა დადგინდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 იანვრის განჩინებით სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე და 368-ე მუხლების მოთხოვნას - სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარსადგენად განესაზღვრა ვადა 7 დღე; აპელანტს განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარდგენილი უნდა ყოფილიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში განჩინებით დადგენილ ვადაში; ხოლო ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ მიიღებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინებით სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2015 წლის 8 იანვრის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში 2015 წლის 22 იანვარს უზრუნველყო შესაბამისი თანხის - 150 ლარის გადახდა სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე, რითაც მან შეასრულა სასამართლო განჩინებით დადგენილი ვალდებულება, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო სასამართლოში შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის წარდგენა ვერ განხორციელდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინებით სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 იანვრის განჩინებით სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე და 368-ე მუხლების მოთხოვნას - სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარსადგენად განესაზღვრა ვადა 7 დღე. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარდგენილი უნდა ყოფილიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში განჩინებით დადგენილ ვადაში; ხოლო ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ მიიღებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 იანვრის განჩინების შემცველი გზავნილი სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 2015 წლის 15 იანვარს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და კანონით დადგენილი წესით 2015 წლის 16 იანვარს ჩაჰბარდა უნივერსიტეტის კანცელარიის თანამშრომელს - ნ. დ-ეს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათზე მითითებული პირის ხელმოწერით და უნივერსიტეტის ბეჭდით (ტ. II; ს.ფ. 7).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 იანვრის განჩინების ასლი სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 2015 წლის 16 იანვარს ჩაჰბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2015 წლის 17 იანვრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადა 2015 წლის 23 იანვარს 24:00 საათზე იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი თბილისის სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უნდა წარედგინა, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ მიიღებოდა. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა მოიცავდა არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის, არამედ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენის ვადას. აღნიშნულის მიუხედავად, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 2015 წლის 8 იანვრის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სახელმწიფო ბაჟი – 150 ლარი გადაიხადა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად, თუმცა მან ვერ მოახერხა გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი განჩინებით დადგენილ ვადაში წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოში შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის წარდგენა გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ განხორციელდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არ მიუთითებს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარუდგენლობის მიზეზებზე, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია ისეთი ობიექტური გარემოებები, რომელიც გამორიცხავდა და შეუძლებელს გახდიდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შევსებას და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე