Facebook Twitter
ბს-755-741(კ-კს-14) 16 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე


კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ზ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მესამე პირი - ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დავის საგანი – გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 20 მაისს ზ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილის N2/პ-073 ბრძანების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება, ზ. ხ-ის ცაგერის მუნიციპალიტეტის გემგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა, 3 თვის თანამდებობრივი სარგოს, ერთ თვის საშვებულებო თანხისა და მორალური ზიანის - 4000 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილის N2/პ-073 ბრძანება ცნობილი იქნა არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად; ზ. ხ-ი აღდგენილ იქნა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 3 (სამი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ხოლო მორალური ზიანისა და საშვებულებო თანხის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2014 წლის 14 აგვისტოს ზ. ხ-მა განცხადებით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ზ. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში - ზ. ხ-ის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის 3 (სამი) თვის თანამდებობრივი სარგოს დაკისრების თაობაზე მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილის N2პ/-073 ბრძანება; ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს - არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება; ზ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა - ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2014 წლის 29 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზ. ხ-ის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინება ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ ზ. ხ-ის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ თუ სააპელაციო საჩივარი შეტანილია ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიმართ გამოტანილია განჩინება კანონიერ ძალაში შესვლამდე მისი დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, სააპელაციო სასამართლოს აპელანტის შუამდგომლობით შეუძლია გამოიტანოს განჩინება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დროებითი შეჩერებისა და აღსრულების ღონისძიებების გაუქმების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასეთი განჩინების მიღება აუცილებელია, რადგან სააპელაციო საჩივრის შეტანა ავტომატურად ვერ შეაჩერებს დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ ადრე გამოტანილი გადაწყვეტილების მოქმედებას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიქცეულიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, საფუძვლიანია მოთხოვნა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინების გაუქმების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას სააპელაციო საჩივრით არ მოუთხოვია ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინების გაუქმება, აპელანტმა მხოლოდ შემდგომი განხილვის საგანი გახადა აღნიშნული საკითხი. შესაბამისად, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ხ-ის კერძო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ზ. ხ-ის კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ზ. ხ-ის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის 3(სამი) თვის თანამდებობრივი სარგოს დაკისრების ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილის N2პ/-073 ბრძანება, ცაგერის მინიციპალიტეტის გამგეობას ზ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს - არაუმეტეს 3 (სამი) თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება, ზ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა - ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინება ზ. ხ-ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ, ასევე გადაწყვეტილებები უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო გაეუქმებინა აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც არ დაკმაყოფილდა, მით უფრო, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უშვებს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას თანამდებობირივ სარგოს ანაზღაურებისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნებზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ აღსრულების ღონისძიებების გაუქმების საკითხი არ შეიძლებოდა დასმულიყო სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე იყო სასამართლო უფლებამოსილი ემსჯელა მითითებულ საკითხზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
ამდენად, მითითებული ნორმით იმპერატიულად არ არის დადგენილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის განხილვა იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება და სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც მოაწესრიგოს აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი არ შეიცავს რაიმე ისეთ გარემოებაზე მითითებას, რომლის არსებობაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას. ამდენად ზ. ხ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ლ. მურუსიძე