საქმე #ბს-772-758(კს-14) 19 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ჯ. ხ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი - ლ. გ-ა
დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 26 ივნისს ჯ. ხ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №8820106180083-09 გადაწყვეტილების, რომლითაც ქ. თბილისში, ... ქ. №119-121-123-ში მდებარე უძრავ ნივთზე 572 კვ.მ. მიწის ფართზე დარეგისტრირდა ლ. გ-ას საკუთრების უფლება არარად აღიარება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 6 აპრილის №54466 და ამავე სააგენტოს 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება ლ. გ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელე ჯ. ხ-ას სარჩელისა გამო მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის ლ. გ-ას მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №882010618083-08 გადაწყვეტილების არარა აქტად აღიარების მოთხოვნის ნაწილში.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ხ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ხ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ივლისის განჩინება.
2013 წლის 25 თებერვალს ჯ. ხ-ამ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდება არარა ადმინისტრაციულ აქტი, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №882010618083-08 გადაწყვეტილება და ასევე მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 6 აპრილის №54466 და ამავე სააგენტოს 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ხ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ჯ. ხ-ას წარმომადგენელმა და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №882010618083 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ჯ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჯ. ხ-ას მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც ბათილად იქნებოდა ცნობილი არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; ჯ. ხ-ას სარჩელზე ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №882010618083 გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისში, ... №119-121-123-ში მდებარე უძრავ ნივთზე, 572 კვ.მ ფართზე განხორციელდა ლ. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია, შეწყდა საქმის წარმოება; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ზემოაღნიშნული განჩინების ის ნაწილი, რომლითაც საქმის წარმოება შეწყდა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №8820106108083 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ემყარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ჯ. ხ-ას უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №8820106108083 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტის კანონიერება უკვე შემოწმებულია სასამართლო სამართალწარმოების გზით, გამოტანილია გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. აქედან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი სასამართლომ კვლავ იმსჯელოს იმავე საგანზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლით და არსებობს საქმის შეწყვეტის საფუძველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით.
მითითებული განჩინება საჯარო რეესტრის 2010 წლის 8 ივლისის №882010618083 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ხ-ამ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, მართალია, გამოტანილია იმავე მხარეებს შორის, მაგრამ რაც შეეხება დავის საფუძველს, მოსარჩელეს არ მიუთითებია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც მითითებულია ამჟამინდელ სარჩელში. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში დავის საგანი იყო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად ცნობა და არა ბათილად ცნობა, განსახილველ შემთხვევაში კი დავის საფუძველია აქტების ბათილად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ. ხ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ჯ. ხ-ას სარჩელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №882010618083 გადწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიუთითა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ჯ. ხ-ას სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №882010618083 გადწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმებას კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით განხილულ სარჩელსა და ამჟამინდელი სარჩელში მითითებული აქვს სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებები.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო სამართალწარმოებაში მონაწილე ფიზიკური პირის მატერიალურ-პროცესუალური უფლებაა, დარღვეული უფლების აღსადგენად სარჩელით მიმართოს სასამართლოს, სარჩელის საგნისა და საფუძვლების მიხედვით სარჩელები განსხვადებიან ერთმანეთისაგან ე.ი. საგნასა და საფუძველს არსებითი მნიშვნელობა აქვს სარჩელის იგივეობის განსაზღვრისათვის. სარჩელის საგანი ეს არის მატერიალური ობიექტი, რომლის შესახებაც აღძრულია სარჩელი და რომლის მიღებასაც ითხოვს მოსარჩელე, ხოლო სარჩელის საფუძველია ის გარემოება (იურიდიული ფაქტები) რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნებს, ყველა იურიდიული ფაქტი სარჩელის ფაქტობრივი საფუძველია. გარდა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლებისა არსებობს აგრეთვე სარჩელის სამართლებრივი საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის წარდგენის დროს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა, რომ მოთხოვნა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ფაქტებს, არამედ სამართლის შესაბამის ნორმებსაც. სარჩელის საფუძველი განისაზღვრება სადავო სამართალურთიერთბისა და მისგან გამომდინარე მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის (სარჩელის საგნის) იურიდიული ბუნებით. სწორედ სარჩელის ელემენტების მეშვეობით ხდება სარჩელის ინდივიდუალიზმის დადგენა, აღნიშნული მნიშვნელოვანია სწორედ იმ დროს, როცა სასამართლო წყვეტს, ხომ არ არის იგივე სარჩელი უკვე მიღებული წარმოებაში სასამართლოს მიერ ან ხომ არ იყო სარჩელი ადრე განხილული და სასამართლოს გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიქმნას ისეთი ფაქტობრივი ვითარება, რომელთა არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი მოცემული დავის განხილვა და გადაწყვეტა. საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები რეგლამენტირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლში, კერძოდ, ერთ-ერთი მათგანია „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე მხარეების მიმართ, იმავე საფუძვლით და იმავე საგანზე. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად კი, აუცილებელია დადგინდეს აღძრული სარჩელის იდენტურობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განხილულ სარჩელთან. სარჩელები იდენტურები იქნებიან იმ შემთხვევაში, თუ მათში ერთმანეთს ემთხვევა სარჩელის სამი კრიტერიუმი, კერძოდ: 1) სუბიექტური შემადგენლობა; 2) სარჩელის სგანი და 3) სარჩელის საფუძველი. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გასათვალისწინებელია სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების თავისებურება, კერძოდ, სარჩელის საფუძველი შეიძლება იყოს ალტერნატიული და უალტერნატივო. სარჩელის ალტერნატიული საფუძვლების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ სარჩელის ერთ-ერთი ალტერნატიული საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სარჩელის აღძვრა სხვა ალტერნატიული საფუძვლით, რომელიც არ ყოფილა სასამართლოს განხილვის საგანი ადასტურებს იმას, რომ არ არის სარჩელები იდენტური და დასაშვებია სარჩელის აღძვრა ახალი ალტერნატიული სარჩელით, ხოლო რაც შეეხება უალტერნატივო საფუძვლის მქონე სარჩელთა გარეგნული იგივეობის საკითხს, კერძოდ, როდესაც ემთხვევა საგანი, საფუძველი და მხარეები, სარჩელთა გარეგნულ იგივეობას ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის ფაქტები, თავის დროზე რაიმე მიზეზით არ იყო სასამართლოს განხილვის საგანი, მაშინ აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სხვა საფუძვლით, აღძრულ სარჩელად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მართალია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია იმავე მხარეებს შორის, მაგრამ დავის საფუძველი, არის სხვადასხვა, კერძოდ, პირველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ მიუთითებია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც მითითებულია ამჟამინდელ სარჩელში, რაც თვით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც განხილულია და აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი და არა არარა აქტად აღიარებისა და მიუთითებს საქმეში არსებულ საქმის გარემოებებზე, კერძოდ, ჯ. ხ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების: ქ. თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის - ლ. გ-ის მონაწილეობით და მოითხოვა 2010 წლის 13 ივლისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №209 გადაწყვეტილების, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჯ. ხ-ას მოთხოვნა ქ. თბილისში, ... ქ. №123-ში მდებარე 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე გაშენებული შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ლ. გ-ას სახელზე, ბათილად ცნობას. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯ. ხ-ასათვის ქ. თბილისში, ... ქ. №123-ში მდებარე 300 კვ.მ. მიწის ნაკვთის და მასზე გაშენებული შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და 2010 წლის 8 ივლისის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №882010618083-09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ხ-ამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით ჯ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
2012 წლის 26 ივნისს ჯ. ხ-ამ კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით და მოპასუხეებად მიუთითა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური; ლ. გ-ა საქმეში მონაწილეობდა მესამე პირის სტატუსით, დავის საგანს წარმოადგენდა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 6 აპრილის №54466 და იმავე სააგენტოს 2012 წლის 25 მაისის №80501 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დავალებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ძალადაკარგულად იქნებოდა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 8 ივლისს გამოცემულ №882010618083 არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტი - ... ქ.№119-121-123-ში მდებარე უძრავ ნივთზე, 572 კვ/მ ფართზე ლ. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ჯ. ხ-ამ დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 6 აპრილის №54466 და იმავე სააგენტოს 2012 წლის 5 მაისის №80501 აქტების ბათილობასთან ერთად მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №882010618083 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ჯ. ხ-ას სარჩელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №882010618083 გადწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიუთითა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ჯ. ხ-ას სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №882010618083 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეწყვიტა საქმის წარმოება ჯ. ხ-ას სარჩელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №882010618083 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში (დააზუსტა სააპელაციო სასამართლოში და არარად ცნობის ნაცვლად მოითხოვა ბათილად ცნობა), ჯ. ხ-ას მიერ 2010 წელს აღძრული სარჩელისა და ამჟამინდელი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №882010618083 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ამ მოთხოვნის მიმართ ორივე სარჩელში მოპასუხეები იყვნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო მესამე პირი - ლ. გ-ა. რაც შეეხება სარჩელის საფუძვლებს, აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა უალტერნატივო საფუძვლის მქონე სარჩელი, ვინაიდან, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №882010618083 გადწყვეტილების ბათილად ცნობას მოსარჩელე ითხოვდა იმავე საფუძვლებზე დაყრდნობით, იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რაც მითითებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით განხილულ სარჩელში და ამჟამინდელი სარჩელში აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ არ არის წამოყენებული სხვა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მითითებაც მოსარჩელეს არ შეეძლო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული სარჩელის განხილვისას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ხ-ას მიზანი იყო გასაჩივრებული აქტის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №882010618083 გადაწყვეტილების, კანონიერების შემოწმება, როგორც წინანდელი, ასევე ახლანდელი დავის შემთხვევაში. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ საფუძველს ორივე შემთხვევაში წარმოადგენდა ერთი და იმავე აქტის უკანონობა, რაც დაფუძნებული იყო ფაქტობრივად იმავე საფუძვლებზე, რაც შეფასებულ და გადაწყვეტილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც ჯ. ხ-ამ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 ივლისის №882010618083 გადაწყვეტილების არარად ცნობის ნაცვლად მოითხოვა აქტის ბათილად ცნობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. ხ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე