Facebook Twitter

საქმე №ბს-776-762(კს-14) 19 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ მ. ჯ-ი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ჯ-მა 2014 წლის 24 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 18 ივნისის №882012278661-07 გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 4 აპრილის №8820014167594-03 გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 მაისის №102282 გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ივლისის №882012278661 გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის №101664 გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის განჩინებით მ. ჯ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

მ. ჯ-მა 2014 წლის 13 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 მაისის №102282 გადაწყვეტილება და 2012 წლის 18 ივნისის №882012278661-07 გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით მ. ჯ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. ნ-ე.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით მ. ჯ-ის წარმომადგენლის ნიკოლოზ კვინიკაძის შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების შესახებ დაკმაყოფილდა; ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე №3/8-14 მ. ჯ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირი ნ. ნ-ე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 18 ივნისის №882012278661 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და ადმინისტრაციული საქმე 3/17-14 მ. ჯ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ 2012 წლის 18 ივნისის №882012278661-07 გადაწყვეტილების და 2014 წლის 16 მაისის №102282 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 16.07.12წ №882012278661-07 გადაწყვეტილება, ნ. ნ-ის სახელზე 700კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.06.12წ №882012278661-07 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.14წ №10164 გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მ. ჯ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 04.04.14წ. №8823014167594-03 გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.14წ №102282 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2014 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო ნ. ნ-ემ სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფოსტაში ჩააბარა 2014 წლის 4 ნოემბერს, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდით. ვინაიდან ნ. ნ-ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2014 წლის 19 ოქტომბერს, მას სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში შეეძლო 2014 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რადგან გასაჩივრების ვადის 14 დღიანი საპროცესო ვადის ბოლო, მე-14 დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს (კვირა), სააპელაციო საჩივრის წარდგენა აპელანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეეძლო, 2014 წლის 3 ნოემბრის (ორშაბათი) 24 საათამდე. ამდენად სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 4 ნოემბერს საქართველოს ფოსტაში ჩაბარებული სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ვადის დარღვევით შეტანილ სააპელაციო საჩივრად, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ნ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ. ნ-ეს 2014 წლის 19 ოქტომბერს ჩაბარდა, რომლის გასაჩივრება მხარეს შეეძლო 2014 წლის 3 ნოემბრის 24 საათამდე.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით ნ. ნ-ემ სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფოსტას 2014 წლის 3 ნოემბერს ჩააბარა, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მას არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ნ. ნ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14Dდღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ. ნ-ის შვილს ზურაბ ნარიმანიძეს 2014 წლის 19 ოქტომბერს ჩაბარდა (ტომი 3, ს.ფ. 270). ამდენად, ნ. ნ-ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონით დადგენილი 14 დღიანი გასაჩივრების ვადის დენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად 2014 წლის 20 ოქტომბერს დაიწყო და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 2014 წლის 2 ნოემბრის ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს (კვირა), რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადამ გადაიწია მომდევნო პირველივე სამუშაო დღეზე ანუ მას შეეძო სააპელაციო საჩივარი წარედგინა 2014 წლის 3 ნოემბერს (ორშაბათი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარზე დართულ კონვერტზე მითითებულია გზავნილის საფოსტო იდენთიფიკატორი - ..., რომელიც შპს „...“ ვებგვერდის მეშვეობით საფოსტო გზანილის გამგზავნის მიერ რეგისტრაციის თარიღის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის შემცველი კონვერტი - ... საფოსტო იდენთიფიკატორით საქართველოს ფოსტაში გამგზავნის მიერ დარეგისტრირდა 2014 წლის 3 ნოემბერს. აღნიშნული ასევე დასტურდება ნ. ნ-ის კერძო საჩივარზე დართული საქართველოს ფოსტის 2014 წლის 3 ნოემბრის №2542044 რეესტრით, რომელის გრაფაში მითითებულია სააპელაციო საჩივრის შემცველი გზავნილის საფოსტო იდენთიფიკატორი - ... (ტ. 4, ს.ფ. 19). ნ. ნ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის 2014 წლის 3 ნოემბერს წარდგენას ასევე ადასტურებს კერძო საჩივარზე დართული „უკუგზავნილი“, რომელითაც დგინდება, რომ საფოსტო იდენთიფიკატორით - ... გზავნილის გაგზავნის თარიღია 2014 წლის 3 ნოემბერი, რომელიც 2014 წლის 5 ნოემბერს ჩაბარდა ადრესატს - თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს (ტ 4, ს.ფ. 17-18). ასევე კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია სალარო აპარატის ქვითარი, რომლითაც დასტურდება, რომ მან გზავნილის საფასური საქართველოს ფოსტაში გადაიხადა 2014 წლის 3 ნოემბერს, 16:35 საათზე (ტ.4, ს.ფ. 20).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ეს არ გაუშვია სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა მე-14 დღეს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნის დაცვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ნ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე