Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-118-116(კ-15) 15 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. ხ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2014წ. განჩინებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2014წ. განჩინებით ა. ხ-ას სააპელაციო საჩივარი კერძო აღმასრულებლის მიერ ჩატარებული აუქციონის და 22.09.2011წ. №11038296-011/004 განკარგულების, ასევე, ზ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული, ქ. ქუთაისში, ... ქ. №10-ში მდებარე 18,10 კვ.მ. №39 ბინის ა. ხ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.06.2012წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-ამ.

საკასაციო სასამართლოს 04.03.15წ. განჩინებით ა. ხ-ას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გაჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა საკასაციო საჩივრის შემოტანის დროისათვის მოქმედი სარეიტინგო ქულის ამსახველი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ან სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

01.04.2015წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ხ-ას წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლოს 08.04.2015წ. განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; კასატორს - ა. ხ-ას გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.03.15წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით. კასატორს, ასევე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს 08.04.2015წ. განჩინება კასატორის წარმომადგენელს - ფ. ბ-ას გაეგზავნა 20.04.15წ., რაც 24.04.15წ. ჩაიბარა პირადად ფ. ბ-ამ. 27.04.2015წ. მან კვლავ მომართა სასამართლოს განცხადებით, საიდანაც ირკვევა, რომ იგი კასატორს - ა. ხ-ას ვერ უკავშირდება, რის გამოც 08.04.2015წ. განჩინების თავად ა. ხ-ასათვის საქმეში არსებულ მისამართზე გაგზავნა მოითხოვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს 08.04.2015წ. განჩინება კასატორს - ა. ხ-ას გაეგზავნა 27.04.15წ. აღნიშნული განჩინების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.05.2015წ. განჩინებით ა. ხ-ას საჯაროდ ეცნობა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2015წ. განჩინებით მას გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.03.2015წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით. ამავე განჩინებით ა. ხ-ას განემარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2015წ. განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა სასამართლო შეტყობინების საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. ასევე, განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორს - ა. ხ-ას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის - ა. ხ-ასათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად 2015 წლის 21 მაისს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2015 წლის 25 მაისის ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო ა. ხ-ას განუმარტავს, რომ მან მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2015წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2014წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე