Facebook Twitter

№ბს-125-123(კ-15) 25 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 24 მარტს ნ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილის - ნ. გ-ას განთავისუფლების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის 2013 წლის 17 სექტემბრის №703 განკარგულების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მისი სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელის მტკიცებით, მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება კანონსაწინააღმდეგო იყო, რადგან მიუხედავად აპარატის უფროსის მოადგილეების შტატების ერთი ერთეულით შემცირებისა (სამი საშტატო ერთეულის ნაცვლად დარჩა მოადგილის ორი შტატი), მისი განათლების ცენზის, პროფესიული მომზადების დონისა და სამსახურებრივი საქმიანობის ხასითის გათვალისწინებით მას კოლეგებთან (ორ სხვა მოადგილესთან) შედარებით აშკარა უპირატესობა გააჩნდა.

მოსარჩელის მითითებით, იმისათვის, რომ შეექმნათ მისი განთავისუფლების ფორმალური საფუძველი, „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციათა გადანაწილების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის 2009 წლის 25 მაისის №73 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს აპარატის უფროსის 2013 წლის 16 სექტემბრის №667 განკარგულებით მისი საკურატორო სფეროები გადანაწილდა აპარატის უფროსის დანარჩენ ორ მოადგილეს შორის, რამაც მისი უფუნქციოდ დარჩენა გამოიწვია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ნ. გ-ას განთავისუფლების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 17 სექტემბრის №703 განკარგულება და მოპასუხე ქ. თბილისის საკრებულოს მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და წესით, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოსარჩელეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის 2008 წლის 13 აგვიტოს №796 განკარგულებით ნ. გ-ა დაინიშნა ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 16 აგვისტოს №68 განკარგულებით ქ. თბილისის საკრებულოს აპარატში დაიწყო სტრუქტურული რეორგანიზაცია.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ნ. გ-ა „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატში სტრუქტურული რეორგანიზაციის დაწყების, სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების შესაძლო გაუქმების, შერწყმის, შექმნის და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა შესაძლო შემცირების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებას გაეცნო 2013 წლის 16 აგვისტოს.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 26 აგვისტოს №117 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 28 დეკემბრის №72 დადგენილებაში და დამტკიცდა საშტატო ნუსხა, რომლითაც ქ. თბილისის საკრებულოს საშტატო ერთეული განისაზღვრა 223 ერთეულით.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 სექტემბრის №127 დადგენილებით, ცვლილება შევიდა „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 28 დეკემბრის №72 დადგენილებაში და დამტკიცდა საშტატო ნუსხა, რომლითაც ქ. თბილისის საკრებულოს საშტატო ერთეული განისაზღვრა 210 ერთეულით, მათ შორის, აპარატის უფროსის მოადგილეები შემცირდა ერთით და ნაცვლად 3 მოადგილისა განისაზღვრა 2 საშტატო ერთეული.

ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის 2013 წლის 17 სექტემბრის №703 განკარგულებით ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე ნ. გ-ა 2013 წლის 17 სექტემბრიდან განთავისუფლდა სამსახურიდან და კომპენსაციის სახით მიეცა 2 თვის თანამდებობრივი სარგო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 108-ე მუხლის პირველი პუნქტის, 109-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი და ამავე კანონის 97-ე მუხლი იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება. 97-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეს 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების ან ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, რომელსაც მოჰყვა შტატების შემცირება, მოსარჩელე ნ. გ-ას 2013 წლის 16 აგვისტოს ეცნობა ქ. თბილისის საკრებულოს აპარატში სტრუქტურული რეორგანიზაციის დაწყების, სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების შესაძლო გაუქმების, შერწყმის, შექმნის და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა შესაძლო შემცირების შესახებ, 2013 წლის 17 სექტემბრიდან განთავისუფლდა სამსახურიდან. საქალაქო სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო იმ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ განკარგულების გამოცემისას გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები მოხელეების კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და რეორგანიზაციამდე შრომის დისციპლინისადმი თითოეული მათგანის დამოკიდებულების შესახებ და მხოლოდ ყველა ამ მონაცემის ურთიერთშედარების და ანალიზის პირობებში უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით, მიიღო გადაწყვეტილება ცალკეულ მოხელეთა განთავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით.

სასამართლომ არ გაიზიარა ქ. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლის მოსაზრება „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მართალია დასახელებული ნორმები ადასტურებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციისათვის მინიჭებულ შესაძლებლობას, შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების პროცესში მოახდინოს ცალკეულ თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნა, მაგრამ სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფას. ადმინისტრაციული ორგანოს თავისუფალი მოქმედების სფერო შებოჭილია კანონით და მთავრდება იქ, სადაც იწყება კანონით დადგენილი შეზღუდვები. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს შესაბამისი სახის, შინაარსისა და მოცულობის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით უნდა გამოერკვია რეორგანიზაციის მომენტში ქალაქ თბილისის საკრებულოში დასაქმებული საჯარო მოხელეების კვალიფიკაცია, პროფესიული უნარ-ჩვევები, წარსულში (რეორგანიზაციამდე) თითოეული მათგანის დამოკიდებულება შრომის დისციპლინისადმი და მხოლოდ ყველა ამ მონაცემის ურთიერთშედარების და ანალიზის პირობებში უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა მიეღო გადაწყვეტილება ცალკეულ მოხელეთა განთავისუფლების ან/და კონკრეტული უპირატესობების მქონე მოხელეების სამსახურში დატოვების თაობაზე.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის განკარგულება მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ მიღებული იყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

გადაწყვეტილებში აღნიშნულია, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის 2013 წლის 17 სექტემბრის №703 განკარგულება ნ. გ-ას სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენისა და ამ აღდგენის თანმდევი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცილ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, რომელსაც მოჰყვა შტატების შემცირება. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ამ აქტის წინმსწრები და თანმდევი ფაქტებისა და გარემოებების, აქტთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტების ერთობლივმა ანალიზმა ცხადყო, რომ მოპასუხე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ევალებოდა ემოქმედა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე და ეს უკანასკნელი განეხორციელებინა კანონით დადგენილ ფარგლებში, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მას არ განუხორციელებია.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ადმინისტრაციული ორგანო მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში სადავო აქტის გამოცემა, კერძოდ ის, რომ შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ განკარგულების გამოცემისას გამოკვლეულ იქნა ფაქტობრივი გარემოებები მოხელეების კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და რეორგანიზაციამდე შრომის დისციპლინისადმი თითოეული მათგანის დამოკიდებულების შესახებ და მხოლოდ ყველა ამ მონაცემის ურთიერთშედარების და ანალიზის პირობებში, უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ცალკეულ მოხელეთა განთავისუფლების, თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა მხარემ დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დატოვებული თანამშრომლების უპირატესობა დაასაბუთა მათი თვითმმართველობაში უფრო მეტი წელთა ნამსახურებით, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენდა სადავო აქტის კანონიერად მიჩნევის საფუძველს, ვინაიდან ზემოთდასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებით, მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ ქმნიდა სადავო აქტის გამოცემის საფუძველს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ასევე არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტი გამოსცა თუნდაც დასახელებული გარემოების მხედველობაში მიღებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია; სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

კასატორი აღნიშნავს რომ, არ არსებობს სადავო აქტის ბათილობის საფუძვლები იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რომელ კანონს ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული აქტი. სასამართლოს არ მიუთითებია კონკრეტულად რა გარემოებები არ იყო გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორის განმარტებით, სასამართლო ადასტურებს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება და ადმინისტრაციული წარმოების მასალები წარმოდგენილია საქმეში, თუმცა არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებს არ შეუსწავლიათ და სამართლებრივი შეფასება არ მიუციათ საქმეში წარმოდგენილ ადმინისტრაციული წარმოების მასალებისათვის. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს ადმინისტრაციული წარმოების ნამდვილად ჩატარებას სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას.

კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეფუძნება სწორედ საქმის მასალებში დაცულ მტკიცებულებებს და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე, 2015 წლის 25 ივნისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტის მოთხოვნები.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების დასაბუთებას და ემყარება მხოლოდ იმ მოსაზრებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სადავო აქტის გამოცემისას არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის 2008 წლის 13 აგვიტოს №796 განკარგულებით ნ. გ-ა დაინიშნა ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 16 აგვისტოს №68 განკარგულებით ქ. თბილისის საკრებულოს აპარატში დაიწყო სტრუქტურული რეორგანიზაცია. მოსარჩელე ნ. გ-ა „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატში სტრუქტურული რეორგანიზაციის დაწყების, სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების შესაძლო გაუქმების, შერწყმის, შექმნის და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა შესაძლო შემცირების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებას გაეცნო 2013 წლის 16 აგვისტოს.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 26 აგვისტოს №117 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 28 დეკემბრის №72 დადგენილებაში და დამტკიცდა საშტატო ნუსხა, რომლითაც ქ. თბილისის საკრებულოს საშტატო ერთეული განისაზღვრა 223 ერთეულით.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 17 სექტემბრის N127 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 28 დეკემბრის №72 დადგენილებაში და დამტკიცდა საშტატო ნუსხა, რომლითაც ქ. თბილისის საკრებულოს საშტატო ერთეული განისაზღვრა 210 ერთეულით, მათ შორის, აპარატის უფროსის მოადგილეები შემცირდა ერთით და ნაცვლად 3 მოადგილისა განისაზღვრა 2 საშტატო ერთეული.

ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის 2013 წლის 17 სექტემბრის №703 განკარგულებით ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე ნ. გ-ა 2013 წლის 17 სექტემბრიდან განთავისუფლდა სამსახურიდან და კომპენსაციის სახით მიეცა 2 თვის თანამდებობრივი სარგო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 108-ე მუხლის პირველი პუნქტის, 109-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

უდავოდ დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ შემცირდა ნ. გ-ას შტატი, კერძოდ, მისი საკურატორო სფეროები გადანაწილდა ორ დარჩენილ მოადგილეზე და ნ. გ-ა დარჩა უფუნქციოდ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოს – ქალაქ თბილისის საკრებულოს და აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის მეშვეობით. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების: საკრებულოსა და მთავრობის დადგენილებების, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის, საკრებულოს აპარატისა და მერიის ადმინისტრაციის უფროსებისა და გამგებლების განკარგულებების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა ბრძანებების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს დედაქალაქის - თბილისის საკრებულოს რეგლამენტით, ქ. თბილისის მერიის დებულებით და სხვა აქტებით.

„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აპარატის უფროსი თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას, ხოლო მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპარატის უფროსი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის საჯარო მოსამსახურეებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი და ამავე კანონის 97-ე მუხლი იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება. 97-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.

ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეს 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების ან ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინისა და ა.შ. ობიექტური შეფასება და მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. აღნიშნული უზრუნველყოფს როგორც კონკრეტული მოხელის, ასევე, საჯარო ინტერესის დაცვას.

ზემოაღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, სადავო აქტის გამოცემა, ისე რომ შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ განკარგულების გამოცემისას გამოკვლეული არ იქნა ფაქტობრივი გარემოებები მოხელეების კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და რეორგანიზაციამდე შრომის დისციპლინისადმი თითოეული მათგანის დამოკიდებულების შესახებ, რადგან საქმეს მტკიცებულების სახით თან ერთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები და სხვა მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს რა გარემოებები არ იყო გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, რომელსაც მოჰყვა შტატების შემცირება და აღნიშნული ქმედება ადმინისრაციულმა ორგანომ განახორციელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. აღნიშნული საკითხის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, რასაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო მიუთითებდა, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოზიციაზე, რომ აქტის გამოცემის მომენტისათვის აპარატის უფროსმა გადაწყვეტილება მიიღო იმ მოადგილის განთავისუფლების თაობაზე, რომელსაც იმ დროისათვის ყველაზე ნაკლები დატვირთვა ჰქონდა, ამასთან რეორგანიზაციის შემდეგ ნ. გ-ას აღარ ჰქონდა საკურატორო სფერო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: პ.სილაგაძე

ლ. მურუსიძე