საქმე ბს-13-13(k-15) 23 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ. გ-ემ 2013 წლის 26 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა დაევალოს ქალაქ ქუთაისის მერიას გამოსცეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც იგი აღიარებს ქ. ქუთაისის მერიის სახელფასო და საგადასახადო დავალიანებებს იმ მოცულობით, რა ოდენობის მიხედვით არის ეს დადასტურებული და გაწერილი საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის 18 მარტის აქტში, ქუთაისის მერიაზე სს ,,ქუთაისის ტროლეიბუსების საწარმოდან’’ ქონების გადმოცემის, შემოსავალში აღების, პრივატიზების და პრივატიზების შედეგად მიღებული თანხების განკარგვის შესაბამისობის ,,აუდიტის შესახებ’’ აქტში და სს ,,ქუთაისის ტროლეიბუსების საწარმოს’’ 2011 წლის 28 ივნისს შპს ,,...’’ მიერ 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის ივნისამდე ჩატარებული აუდიტის დასკვნაში, ჩამოყალიბებული ვალდებულებები. აღიარებულ იქნას ქუთაისის მერიაზე სს ,,ქუთაისის ტროლეიბუსების საწარმოს’’ მთლიანი უძრავ მოძრავი ქონების გადაცემა. აუდიტის დასკვნის შესაბამისად ბუღალტრულ მონაცემთა საფუძველზე ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გადასაცემი ღირებულება და თანახმად მერიის 2008 წლის 02 ოქტომბრის №2195 ბრძანებისა გადაეცეს ქუთაისის მერიას ძირითადი საშუალებები თანხით 340880 ლარი, მიწა 92801 ლარი, სულ ქონება თანხით 433681 ლარი, მასვე გადაეცეს 2799 ლარის მასალები, სულ აქტივი 436480 ლარი. ქუთაისის მერიის 2008 წლის 06 ოქტომბრის №2203 ბრძანების შესაბამისად და აუდიტის დასკვნითი ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად აღიარებულ იქნას ქუთაისის მერიის ვალდებულება გადასახდელი ხელფასის დავალიანების დასაფარავად თანხით 66997,60 ლარის ოდენობით. დაფაროს სახელფასო დავალიანებები. აღიარებულ იქნას ქუთაისის მერიის როგორც აქტივის მიმღებს და როგორც აქციათა პაკეტის 100% წილის მფლობელს კრედიტორული დავალიანების თანხის დაფარვის ვალდებულება თანხა 188388 ლარი. აღიარებულ იქნას ქუთაისის მერიის ვალდებულება დაფაროს საგადასახადო ვალდებულებები თანხით 779513 ლარი. მანვე უზრუნველყოს გადასახდელი ხელფასების გაცემისთანავე კანონით დადგენილი წესის თანახმად გადარიცხოს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი 15498 ლარი, სოციალური გადასახადი 4616 ლარი, დავალიანების ნაშთი 2011 წლის 1 ივნისის მდგომარეობით 283819 ლარი. აღიარებულ იქნას ქუთაისის მერიის ვალდებულება აქტივებისა და პასივების გადაცემაზე შეადგინოს მიღება-ჩაბარების აქტი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე