№ბს-15-15(2კ-კს-15) 2 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორები (მოპასუხეები) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „...“
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 4 მარტს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2013 წლის 21 თებერვალს მიიღო შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ 2013 წლის 20 თებერვლის №11112/001 და №11112/002 საგადასახადო მოთხოვნები, რომლის მიხედვით ნავთობპროპდუქტებთან KO-20 და ნაფტასტან დაკავშირებით დღგ-ს და აქციზის გადასახადის ნაწილში, საურავების ჩათვლით დაერიცხა 207458.63 ლარი, ხოლო საგადასახადო სამართლლდარღვევის ოქმებით №EL010530, №EL010531, №EL010532, №EL010533, №EL010534, №EL010536, №EL010526, №EL010527 დაერიცხა ჯარიმა - 197436 ლარი.
მოსარჩელის მითითებით, საგადასახადო მოთხოვნებს საფუძვლად დაედო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილი და 290-ე მუხლი. მოსარჩელის მოსაზრებით, სამართალდარღვევის ოქმებში აღწერილი სამართალდარღვევა ჩადენილი იყო ერთჯერადად და შესაბამისად არამართლზომიერი იყო ცალ-ცალკე სანქციის შეფარდება.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნები და საგადასახადო სამართლდარღვევის ოქმები მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, მაგრამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, რის შემდგომ საჩივარი წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „...“ საჩივარი, კერძოდ, საბჭომ მიიჩნია რომ №EL010533, №EL010534, №EL010536, №EL010527 ოქმებში მითითებული სამართალდარღვევები ჩადენილი იყო ერთჯერადად; ხოლო დანარჩენ ნაწილში შპს „...“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შპს „...“ 368 894,36 ლარის დაკისრების თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის 2013 წლის 20 თებერვლის №EL010526, №EL010530, №EL010531, №EL010532 საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების, სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ 2013 წლის 20 თებერვლის №11112/001 და №11112/002 საგადასახადო მოთხოვნების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 10 აპრილის №14442 ბრძანებისა და შპს „...“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოებისას მოსარჩელემ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იმ მოტივით, რომ შპს „...“ ადმინისტრაციული სარჩელი ჰქონდა აღძრული თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, პირდაპირი გამოხდის ბენზინის (ნაფტას) ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ ნორმატიული აქტის გამოცემის თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინებით შპს „...“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული ადმინისტრაციული სარჩელის წარმოებაში მიღება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დავის მიმდინარეობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...“ საჩივარი №EL010526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და №1112/002 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის №14442 ბრძანება (№11112/002 საგადასახადო მოთხოვნისა და №EL010526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 თებერვლის №11112/002 საგადასახადო მოთხოვნა და №EL010526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციულ ორგანოს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა; შპს „...“ სარჩელი №EL010530, №EL010531, №EL010532 ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების, №11112/001 საგადასახადო მოთხოვნისა და ამ ნაწილში დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის №14442 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 20 თებერვალს შპს „...“ მიმართ შედგა საგადასახადო მოთხოვნა №11112/001, რომლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დღგ-ისა და აქციზის გადასახადის ნაწილში დაერიცხა 137136 ლარი და საურავი 52427,36 ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა „ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №223 დადგენილების პირველი მუხლით, მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 მუხლით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, ამავე კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილითა და 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაედგინა დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, რაც გათვალისწინებით იმისა, რომ დავის საგანი შეეხებოდა ნავთობპროდუქტს, რომელსაც მისი თვისებებიდან გამომდინარე გააჩნდა ბუნებრივი დანაკარგი, არ შეიძლებოდა მხოლოდ ერთ თვემდე შენახვის მაჩვენებლით დადგენილიყო. აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული კანონით განსაზღვრული, რეზერვუარში განთავსების 0,07 პროცენტი.
გარდა აღნიშნულისა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, როდესაც ხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით ფიზიკური ან იურიდიული პირის ქმედების დაკვალიფიცირება, სახეზე უნდა იყოს არამართლზომიერი ქმედების, როგორც დასჯადის შემადგენლობა, კერძოდ, დადგენილ უნდა იქნას, რომ შპს „...“ არამართლზომიერი განზრახი ქმედებით ადგილი ჰქონდა ნავთობპროდუქტების დაკარგვას.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც უდავოა ნავთობპროდუქტზე ბუნებრივი დანაკარგის არსებობა, როგორც რეზერვუარში მიღებისას, ასევე ერთ თვემდე ვადის შენახვის პირობებში, საგადასახადო ორგანოს სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას უნდა გამოეკვლია რატომ არ იყო წარმოდგენილი საგადასახადო ორგანოში ნავთობპროდუქტების რეზერვუარებში მიღება-შენახვისას, ყოველი კონკრეტული ოპერაციის შესრულების დროს გამოთვლის მონაცემები. ასევე საქმეში წარმოდგენილი ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის შესახებ გაანგარიშებული მონაცემები განსხვავდება ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოყენებული მონაცემებისგან და გამოსაკვლევია ხომ არ ჰქონდა ადგილი გადასახადებისგან თავის არიდებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ამასთან, შპს „...“ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოცემული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ №3/2576-14წ. ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „...“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და წინამდებარე ადმინისტრაციულ საქმეზე საქმის წარმოება შეჩერდა №EL010530, №EL010531, №EL010532 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, №11112/001 საგადასახადო მოთხოვნის, ამ ნაწილში დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებისა და შემოსავლების სამსახურის №14442 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ შპს „...“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვის ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს „...“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით, „ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №223 დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და დაადგინა, რომ უფლებამოსილი ორგანო ვალდებული იყო დაედგინა დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენა და დამრღვევის მიმართ სახდელის გამოყენება ემსახურება მმართველობის კანონიერებისა და საჯარო წესრიგის, ხოლო პროცედურული მოქმედებების ჩატარების ვალდებულება - კერძო ინტერესის, ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას. ასეთის იგნორირების პირობებში ირღვევა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ უნდა განსაზღვროს საქართველოს მთავრობის 05.01.2011წ. №9 დადგენილებით განსაზღვრული რომელი მოთხოვნა იქნა დარღვეული შპს „...“ მიერ. შესაბამისად, სახეზეა თუ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც საგადასახადო კოდექსი აწესებს პასუხისმგებლობას.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არ დაუსაბუთებია რაში გამოიხატა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო დაკარგვა იმ პირობებში, როცა საქონელს (ნავთობპროდუქტს) აქვს ბუნებრივი დანაკარგი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის, რომ ნავთობპროდუქტების რეზერვუარებში მიღება-შენახვისას წარმოქმნილი დანაკარგები არ გამოთვლილა ყოველი კონკრეტული ოპერაციის შესრულების დროს, არ ნიშნავს ასეთი დანაკარგის არარსებობას, შესაბამისად, მათმა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა დაბეგვრის თვალსაზრისით იმ საქონელზე, რომელიც რეალურად არ ყოფილა დასაწყობებული. ამდენად, საგადასახადო ორგანოს უნდა გამოეკვლია, რატომ არ იყო წარდგენილი საგადასახადო ორგანოში ნავთობპროდუქტების რეზერვუარებში მიღება-შენახვისას, ყოველი კონკრეტული ოპერაციის შესრულების დროს დანაკარგის გამოთვლის მონაცემები.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის ქმედება საგადასახადო სამართალდარღვევად მიიჩნევა მხოლოდ შესაბამისი წანამძღვრების არსებობის შემთხვევაში - დამრღვევის სუბიექტი, მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება და საგადასახადო კოდექსით ამ ქმედებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობა. ამ პირობათა ერთობლიობა ქმნის საგადასახადო სამართალდარღვევის შემადგენლობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №263 და 2011 წლის 24 მაისის №223 დადგენილების გათვალისწინებით, ბუნებრივი დანაკარგი საქონლის მიღებისა და დროებითი შენახვის ვადებიდან რეზერვუარში ერთ თვემდე შენახვა ნავთი KO-20-ზე შესაბამისად შეადგენს 0,07 %-სა და 0,03%, ხოლო შემდეგი პერიოდისთვის მოქმედი შემოსავლების სამსახურის 2011 წლი 30 დეკემბრის №12497 და 2012 წლის 3 აპრილის №5596 ბრძანების გათვალისწინებით ზემოთ აღნიშნული დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ნორმები გაერთიანებულია და რეზერვუარში შენახვა შეადგენს ერთჯერადად 0,1%-ს, რაც ნაკლებია იმ ოდენობაზე რასაც შპს „...“ უჩვენებდა დანაკარგად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩნებით საქართველოს ფინანასთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანასთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შპს „...“ სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა ბათუმის 2013 წლის 20 თებერვლის №11112/001 და №11112/002 საგადასახადო მოთხოვნებით ნავთობპროპდუქტებთან KO-20 და ნაფტასთან დაკავშირებით დღგ-ისა და აქციზის გადასახადის ნაწილში, საურავების ჩათვლით დაერიცხა სულ - 207458.63 ლარი, ხოლო საგადსახადო სამართლლდარღვევის ოქმებით №EL010530 №EL010531 №EL010532 №EL010533 №EL010534 №EL010536 №EL010526 №EL010527 დაერიცხა ჯარიმა - 197436 ლარი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნაფტას ნაწილში საქმის წარმოება შეჩერებულია. დავის საგანს ამჯერად მხოლოდ ნავთობპროდუქტი KO-2O წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტის კანონიერების შემოწმება ხდება ფორმალური და მატერიალური კუთხით, შესაბამისად, აქტი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს. დასაბუთებიდან უნდა ჩანდეს თუ რა გარემოებებმა მოახდინა გავლენა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა მიზანშეწონილობის საკითხი. ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. მიზანშეწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათ დარღვევით,რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას „ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №223 დადგენილების ნორმებთან მიმართებით და განმარტავს, რომ ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმა არის ნავთობპროდუქტების წონის კლების დასაშვები ოდენობა, რომელიც გამოწვეულია სასაქონლო-სატრანსპორტო ოპერაციებისათვის თანმხლები ფიზიკური და ქიმიური პროცესებით, ნავთობპროდუქტების აორთქლებითა და მეტეოროლოგიური ფაქტორებით და რომელიც განისაზღვრება პროცენტული მაჩვენებლით ნავთობპროდუქტების წონასთან. დასახელებული ნორმა მიუთითებს, რომ ბუნებრივი დანაკარგების დადგენისას გაითვალისწინება არა მარტო ნავთობპროდუქტების რეზერვუარში შენახვის დროს სასაქონლო-სატრანსპორტო ოპერაციებისათვის თანმხლები ფიზიკური და ქიმიური პროცესებით გამოწვეული დანაკარგები, არამედ,რეზერვუარში მიღების დროს არსებული დანაკარგი.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო საამართლოს მოსაზრებას და განმარტავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია რაში გამოიხატა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო დაკარგვა იმ პირობებში, როცა საქონელს (ნავთობპროდუქტს) აქვს ბუნებრივი დანაკარგი. პალატის აზრით, ის, რომ დანაკარგები, რომლებიც წარმოიქმნა ნავთობპროდუქტების რეზერვუარებში მიღება-შენახვისას, არ გამოთვლილა ყოველი კონკრეტული ოპერაციის შესრულების დროს, არ ნიშნავს ასეთი დანაკარგის არარსებობას, შესაბამისად, მათმა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს გადასახადიოს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა დაბეგვრის თვალსაზრისით იმ საქონელზე, რომელიც რეალურად არ ყოფილა დასაწყობებული. ამდენად, საგადასახადო ორგანოს უნდა გამოეკვლია რატომ არ იყო წარდგენილი საგადასახადო ორგანოში ნავთობპროდუქტების რეზერვუარებში მიღება-შენახვისას,ყოველი კონკრეტული ოპერაციის შესრულების დროს დანაკარგის გამოთვლის მონაცემები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით ,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. იმავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სსიპ შემოსავლების სამსახური კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას და ამ უფლებამოსილების ფარგლებში იგი ვალდებულია უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის უფლებების რეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არის ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, საგადასახადო ორგანომ შემოწმებისას გაითვალისწინა ერთი თვის 2010 წლის დეკემბრის რეზერვუარში მიღების ბუნებრივი დანაკარგი 0,07% ოდენობით და არა მთლიანი ერთი წლის, შესაბამისად, აუცილებებლია ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს: ის, რომ დანაკარგები, რომლებიც წარმოიქმნა ნავთობპროდუქტების რეზერვუარებში მიღება-შენახვისას, არ გამოთვლილა ყოველი კონკრეტული ოპერაციის შესრულების დროს, არ ნიშნავს ასეთი დანაკარგის არარსებობას, შესაბამისად, მათმა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა დაბეგვრის თვალსაზრისით იმ საქონელზე, რომელიც რეალურად არ ყოფილა დასაწყობებული. ამდენად, საგადასახადო ორგანოს უნდა გამოეკვლია რატომ არ იყო წარდგენილი საგადასახადო ორგანოში ნავთობპროდუქტების რეზერვუარებში მიღება-შენახვისას, ყოველი კონკრეტული ოპერაციის შესრულების დროს დანაკარგის გამოთვლის მონაცემები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გადაწყვიტოს სადავო საკითხი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს საქმის გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებას აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. ქათამაძე