2კ-1106აპ.-08 ქ. თბილისი
2 აპრილი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 თებერვლის განაჩენით ვ. ბ-ძე, _ დაბადებული ........... წლის ......., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
ამავე განაჩენით გ. ჟ-ნი, _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
ვ. ბ-სა და გ. ჟ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ჭიათურის რაიონის სოფელ თვალუეთში მცხოვრებმა ვ. ბ-მ და ქუთაისში მცხოვრებმა, წარსულში ორჯერ ნასამართლევმა გ. ჟ-მა მოილაპარაკეს, წასულიყვნენ სამტრედიაში და ჩაედინათ ჯიბის ქურდობები. ამ მიზნით ვ. ბ-ძემ თავისთვის დაიტოვა და გ. ჟ-საც გადასცა მაკრატლის ცალი პირის ბასრად ალესვით დამზადებული საგნები, რომლებიც უნდა გამოეყენებინათ ქურდობისას ჯიბის გასაჭრელად.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2007 წლის 11 ოქტომბერს, 7 საათზე, ვ. ბ-ძე და გ. ჟ-ნი მატარებლით ჩავიდნენ სამტრედიაში, სადაც კარგა ხანს, ჯერ ბაზრის ტერიტორიაზე, შემდეგ კი _ რკინიგზის სადგურზე უთვალთვალეს გამვლელ-გამომვლელებს. დაახლოებით 21 საათზე მათ დაინახეს ერთ-ერთ ძელსკამზე ჩაძინებული ფუნთუშების გამყიდველი ქალი ლ. მ-ძე, რომელსაც გასაქურდად გვერდით მიუსხდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯიბეში ხელის ჩაყოფისას ლ. მ-ძეს გაეღვიძა, ვ. ბ-ძემ ხელი არ აიღო დანაშაულებრივ განზრახვაზე, აშკარად ჩაუყო ხელი წინსაფრის მარცხენა ჯიბეში და ამ ფორმით _ ძარცვით დაეუფლა ლ. მ-ის მიერ ფუნთუშების ვაჭრობით მოპოვებულ 4 ლარს, რაც გადააწოდა იქვე, გვერდით მჯდომ გ. ჟ-ს, რომელმაც ნაძარცვი შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო. ამასთან, რადგან ძარცვის პროცესში ლ. მ-ემ ინსტინქტურად ხელი ჯიბისკენ წაიღო, ვ. ბ-ძემ და გ. ჟ-მა, მისი აქტიურობის დასათრგუნავად, მიმართეს ძალადობის მუქარას, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის და ალესილი ბასრი საგნების დემონსტრირებით აგრძნობინეს, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მიაყენებდნენ დაზიანებას. ლ. მ-ძემ ვერ გაბედა ხმის ამოღება, თუმცა, როგორც კი დაინახა ბაქანზე მისკენ მიმავალი სამტრედიის შს რაიგანყოფილების ფორმიანი თანამშრომლები, მიახლოვებისთანავე დახმარება სთხოვა მათ და განუცხადა, რაც მოხდა.
პირადი ჩხრეკისას გ. ჟ-ის შარვლის უკანა ჯიბიდან ამოიღეს მათ მიერ მისაკუთრებული 4 ლარი.
აღნიშნული ქმედებისათვის გ. ჟ-ს მიესაჯა 8 წლით, ხოლო ვ. ბ-ძეს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოთ 2007 წლის 11 ოქტომბრიდან. ვ. ბ-ძეს დაეკისრა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა. ვ. ბ-ძემ ითხოვა გამართლება, ხოლო გ. ჟ-მა _ სასჯელის შემსუბუქება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 თებერვლის განაჩენი შეიცვალა: გ. ჟ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „დ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული ვ. ბიწაძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს ცნობს დამნაშავედ და ითხოვს პატიებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განაჩენი, სხვა მასალებთან ერთად, ეყრდნობა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს: საქმის წინასწარი გამოძიების დროს დაზარალებულ ლ. მ-ის დაკითხვის ოქმს, ასევე _ ეჭვმიტანილთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოში არ წაკითხულა საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება და არ დაკითხულა დაზარალებული. სააპელაციო პალატამ გამოაქვეყნა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენებას მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის, სწორედ მისი დამატებით დაკითხვის შემდეგ დამძიმდა ბრალდებულთა მდგომარეობა საქმის წინასწარი გამოძიების დროს.
სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა აღნიშნული დარღვევის გამო, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, საქმეზე მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს განჩინებაში აღნიშნული მითითებები და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. ამასთან, საქმის ხელახალი განხილვის შედეგად არ უნდა დამძიმდეს გ. ჟ-სა და ვ. ბ-ის მდგომარეობა.
ზემოაღნიშნულის გამო, პალატა არ მსჯელობს საკასაციო საჩივრის მოტივებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განაჩენი გ. ჟ-სა და ვ. ბ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.