Facebook Twitter

#ბს-186-183(კ-15) 11 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 12 აგვისტოს ნ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.

მოსარჩელემ ნ. კ-ისა და ფ. შ-ის შეფასების ნაწილში კონკურსანტის შეფასების ფორმის მე-2, მე-3 და მე-4 კატეგორიაში ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2013 წლის 10 ივლისის №1 სხდომის ოქმის, ნ. კ-ის 2013 წლის 8 ივლისის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, ნ. კ-ისა და ფ. შ-ის გასაუბრების ნაწილში 2013 წლის 12 ივლისის №2 სხდომის ოქმის, კენჭისყრის ჩატარების შესახებ ნ. კ-ის და ფ. შ-ის ნაწილში 2013 წლის 12 ივლისის №3 სხდომის ოქმის, კენჭისყრის შედეგების შეჯამებისა და მისი აკადემიური საბჭოსათვის გადაცემის შესახებ ნ. კ-ის და ფ. შ-ის ნაწილში 2013 წლის 12 ივლისის შემაჯამებელი №4 სხდომის ოქმის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ფ. შ-ის გამარჯვებულად გამოვლენის ნაწილში საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების დამტკიცებისა და ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №85/2013 დადგენილების პირველი ნაწილის, „ბ“ პუნქტის „გ.გ1“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ფ. შ-ისა და ნ. კ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ხელახალი განხილვის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ფ. შ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 სექტემბრის საოქმო განჩინებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებებით არ დაკმაყოფილდა ნ. კ-ის შუამდგომლობები მოწმეთა დაკითხვისა და სადავო კონკურსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების სრულყოფილად წარმოდგენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, აპელანტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნინო კუღურაძის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2013 წლის 10 ივლისის №1 სხდომის ოქმი ნ. კ-ისა და ფ. შ-ის შეფასების ნაწილში კონკურსანტის შეფასების ფორმის მე-2, მე-3 და მე-4 კატეგორიაში, 2013 წლის 12 ივლისის №2 სხდომის ოქმი ნ. კ-ის 2013 წლის 8 ივლისის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, ნ. კ-ის და ფ. შ-ის გასაუბრების ნაწილში, 2013 წლის 12 ივლისის №3 სხდომის ოქმი კენჭისყრის ჩატარების შესახებ ნ. კ-ის და ფ. შ-ის ნაწილში, 2013 წლის 12 ივლისის №4 სხდომის ოქმი კენჭისყრის შედეგების შეჯამებისა და მისი აკადემიური საბჭოსთვის გადაცემის შესახებ ნ. კ-ის და ფ. შ-ის ნაწილში, საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების დამტკიცებისა და „ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ „ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №85/2013 დადგენილების პირველი ნაწილის, „ბ“ პუნქტის „გ.გ1“ ქვეპუნქტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ფ. შ-ის გამარჯვებულად გამოვლენის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოსარჩელის - ნ. კ-ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; გაბათილებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეწყვეტა დადგინდა მომავალში, მოპასუხის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოსარჩელის - ნ. კ-ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან; ნ. კ-ეს უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვის თაობაზე; ნ. კ-ეს უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა სადავო კონკურსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალის, მათ შორის - თითოეული კონკურსანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე