საქმე ბს-31-31(k-15) 23 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ზ-ემ და ა. ზ-ემ 2013 წლის 18 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხეების წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მ. გ-ის მიმართ და მოითხოვეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის გუმრის თემის რწმუნებულს მ. გ-ეს და მუნიციპალიტეტის გამგეობას სოლიდარულად მათ სასარგებლოდ დაეკისროთ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 100-100 ლარის ოდენობით, სულ 200 ლარი; ასევე მათ დაეკისროთ მოსარჩელეებისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით.
წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით თამაზ და ა. ზ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების თამაზ და ა. ზ-ეების სასარგებლოდ დაეკისრა სასოფლო სამეურნეო ბარათების (ნომინალური) თანხის თითოეულზე 100-100 ლარის ოდენობით ანაზღაურება; მოპასუხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების თამაზ და ა. ზ-ეების სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 100-100 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ზ-ისა და ა. ზ-ის სარჩელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა და წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო ბარათების თანხის ანაზღაურების ნნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე