Facebook Twitter

საქმე ბს-363-359(კ-15) 04 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2015წ. განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლო რ. თ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს რ. თ-ისათვის ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება რ. თ-ისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნულ დავაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავის დებულებები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125 მუხლი აწესრიგებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის საკითხის გადაწყვეტის წესს. აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში.

საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურიდან ირკვევა, რომ რ. თ-ის წარმომადგენელს - შ. კ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2015წ. განჩინება ჩაბარდა 18.02.2015წ. (ს.ფ. 282), საჩივრის ავტორმა კი აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 11.05.2015წ. (ს.ფ. 286), ე.ი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125 მუხლში მითითებული ათდღიანი ვადის გადაცილებით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ. თ-ის საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 02.03.2015წ. ოცდაოთხ საათამდე, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი, ხოლო საკასაციო საჩივრის ავტორმა საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 11.05.2015წ., ე.ი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125 მუხლში მითითებული ათდღიანი ვადის გადაცილებით, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

რაც შეეხება, საკასაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2015წ. განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის შესახებ იმისა გამო, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა მის წარმომადგენელს და არა მას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სხვა სასამართლო აქტების ასლები მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს გადაეცემათ მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი, აღმკვეთი და მისი აღდგენა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, რ. თ-ი არ მიუთითებს ისეთ ობიექტურ გარემოებებზე, რომელიც შეიძლებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2015წ. განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის საფუძველი გამხდარიყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. თ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-13, 2125 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 65-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. თ-ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2015წ. განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. რ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2015წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე