საქმე ბს-43-43(k-15) 23 ივნისი, 2015 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. მ-მა 2012 წლის 6 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიოუნულ სასამართლოს, მოპასუხე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 აპრილის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაბმულ იქნა გე. მ-ი.
გ. მ-მა 2012 წლის 27 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გე. მ-ის მიმართ და მოითხოვა უნებრათვო მშენებლობის ლეგალიზებისა და ექსპლოატაციაში მიღების შესახებ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 ოქტომბრის #1-652 ბრძანების ბათილად ცნობა.
2012 წლის 20 აპრილს მოსარჩელის წარმომადგენელმა გ. ჯ-ემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ იმავე მხარეებს შორის იმავე სახლთან დაკავშირებით ახალციხის რაიონულ სასამართლოს წარმოებაში იყო ადმინსიტრაციული საქმე #3/022-12, რის გამოც ითხოვა აღნიშნულ საქმეთა გაერთიანება და ერთად განხილვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა; გამოთხოვილ იქნა მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილისაგან ადმინისტრაციული საქმე #3/022-12წ. და გაუერთიანდა ადმინისტრაციულ საქმეს #3/015-12წ.; საქმის ნომრად მიეთითა 3/015-12.
2012 წლის 11 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა გ. ჯ-ემ იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უკან გახმობა, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, რასაც დაეთანხმა მოსარჩელე გ. მ-ი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის განჩინებით სარჩელი საქმეზე #3/015-12 დატოვებულ იქნა განუხილველად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება გ. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გე. მ-ის მიმართ დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება მოსარჩელე გ. მ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით გ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 ოქტომბრის #1-652 ბრძანება უნებართვო მშენებლობის ლეგალიზების და ექსპლუატაციაში მიღების შესახებ და დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე