#ბს-89-87(კ-15) 11 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 27 ნოემბერს ნ. ი. ო-მა, ს. ი. ო-მა და ა. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ვ. შ-ის მიმართ.
მოსარჩელეებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ოქტომბრის №194411 და №195079 გადაწყვეტილებების, უძრავ ნივთზე (ს/კ №... და №...) ვ. შ-ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციისა და უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს კასპის რაიონის, სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ №... და №...) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ნ. ი. ო-ის, ს. ი. ო-ისა და ა. ნ-ის სარჩელი მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ვ. შ-ის მიმართ, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობა, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
2013 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გ. გ-ის სახელზე №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება და საქმეში ვ. შ-ესთან ერთად მესამე პირად გ. გ-ის ჩართვა მოითხოვეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ი. ო-ის, ს. ი. ო-ისა და ა. ნ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გ. გ-ის სახელზე რიცხულ №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ნ. ი. ო-ის, ს. ი. ო-ისა და ა. ნ-ის საქმიდან გამოიყო სასარჩელო მოთხოვნა ვ. შ-ეს, მისი ოჯახის წევრებსა და გ. გ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ და მისი განხილვა დადგინდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ცალკე წარმოებად, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ოქტომბრის №194411 და №195079 გადაწყვეტილებების და ვ. შ-ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების განხილვა დადგინდა ცალკე წარმოებად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ვ. შ-ესა და გ. გ-თან ერთად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ვენერა გ-ი, ა. და შ. შ-ეები.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მოპასუხედ ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახური.
ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელეებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 3008 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის ა., ვ., შ. შ-ეებისა და ვე. გ-ის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 29 მაისის №882013242874 გადაწყვეტილების და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 6502 მ2 სასოფლო-სამურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის ა., ვ., შ. შ-ეებისა და ვე. გ-ის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 ივნისის №882013266624 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. და რ. ნ. ო-ები, გ. ნ. კ-ი, ზ. ნ. კ-ი, ლ. ი. ო-ი, ს. მ. კ-ი, ა. ს. კ-ი, ზ. ი. კ-ი, ა. მ. გ-ი, ა. ა. გ-ი, შ. ჯ. კ-ი და გ. ა. კ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ი. ო-ისა და ს. ი. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 3008 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის ა., ვ., შ. შ-ეებისა და ვე. გ-ის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 29 მაისის №882013242874 გადაწყვეტილება და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 6502 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის ა., ვ. შ. შ-ეებისა და ვე. გ-ის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით (ნაკვეთის წინა ნომერი ...) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 ივნისის №882013266624 გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურს ვ. შ-ის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას მითითებულ უძრავ ქონებაზე ვ., ა., შ. შ-ეებისა და ვე. გ-ის (საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობისა და ფარგლების, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის კოდების, მესაკუთრეების (მოსარგებლეების), გეოგრაფიული მდებარეობის, მიწის ნაკვეთის სხვა მახასიათებლების, უძრავი ქონების კონფიგურაციის, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრების შესწავლა და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, საკუთრების უფლების რეგისტრაციისა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაევალა; სარჩელი ა. ნ-ის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება ნ. ი. ო-ის, ს. ი. ო-ის სასარჩელო მოთხოვნის - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 3008 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის ა., ვ., შ. შ-ეებისა და ვე. გ-ის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 29 მაისის №882013242874 გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლით; დანარჩენ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2015 წლის 25 მარტს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2015 წლის 25 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე