საქმე №ბს-119-117(კს-15) 4 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „...“
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2014 წლის 20 ივნისს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „...“ მიმართ.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ მიუთითა, რომ განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და არა მათი სტრუქტურული ერთეული - აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველო.
მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების სახით მოპასუხისთვის 105468.70 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „...“ მოსარჩელის სასარგებლოდ 105468.70 ლარის გადახდა დაეკისრა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამასთან, აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იშუამდგომლა იმ მოტივით, რომ შპს „...“ ქონება დაყადაღებული იყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „...“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი არ იყო რაიმე მტკიცებულება, რომელიც მხარის გადახდისუუნარობას დაადასტურებდა და შექმნიდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...“ სააპელაციო საჩივარს ხელს აწერდა არაუფლებამოსილი პირი, რადგან სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა მისი შემტანი პირის - ი. კ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტი. შესაბამისად, შპს „...“ ხარვეზის აღმოსაფხვრელად 5 დღის ვადაში სასამართლოში სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის ან შპს „...“ დირექტორის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა დაევალა; ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი 2014 წლის 17 ნოემბერს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტის - შპს „...“ დირექტორს ზ. მ-ს და კანონით დადგენილი წესით 2014 წლის 18 ნოემბერს ჩაჰბარდა მას პირადად, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათზე აღნიშნული პირის ხელმოწერით.
2014 წლის 19 ნოემბერს შპს „...“ წარმომადგენელმა - მ. ყ-მა ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან ხარვეზის შევსებისთვის დამატებითი 14 დღიანი ვადის განსაზღვრა მოითხოვა იმ მოტივით, რომ შპს „...“ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
2014 წლის 8 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ასევე შპს „ბიოპოლუსის“ წარმომადგენელმა - ი. კ-ემ, რომელმაც ხარვეზის გამოსასწორებლად საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით შპს „...“ 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 5 დღით ამ განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან; აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, კერძოდ, არ წარადგენდა სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას ან შპს „...“ დირექტორის მიერ ხელმოწერილ სააპელაციო საჩივარს და ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი 2014 წლის 9 დეკემბერს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტის - შპს „...“ დირექტორს ზ. მ-ს და კანონით დადგენილი წესით 2014 წლის 10 დეკემბერს ჩაჰბარდა აპარატის უფროსს - ი. გ-ეს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათზე აღნიშნული პირის ხელმოწერით.
2014 წლის 17 დეკემბერს შპს „...“ დირექტორმა ზ. მ-მა ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოს მ. ყ-ისა და ი. კ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა წარუდგინა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოიწურა 2014 წლის 15 დეკემბერს, 24:00 საათზე. 2014 წლის 17 დეკემბერს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ვადის დარღვევით შევიდა შპს „...“ დირექტორის - ზ. მ-ის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილი განცხადება თანდართული მინდობილობით; რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, ამ ნაწილში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...“ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ორგანიზაცია მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია ვინაიდან დაყადაღებულია შპს „...“ საბანკო ანგარიშები, რის გამოც დირექტორი მოკლებულია შესაძლებლობას განკარგოს კომპანიის სახსრები. ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პარტნიორი არ აგებს პასუხს კომპანიის ვალდებულებებზე. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით უკანონოდ მიიჩნევს მინდობილობის გამო სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის განჩინებით შპს „...“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და კერძო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე, 2015 წლის 4 ივნისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „...“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი არ იყო რაიმე მტკიცებულება, რომელიც მხარის გადახდისუუნარობას დაადასტურებდა და შექმნიდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...“ სააპელაციო საჩივარს ხელს აწერდა არაუფლებამოსილი პირი, რადგან სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა მისი შემტანი პირის - ი. კ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტი. შესაბამისად, შპს „...“ ხარვეზის აღმოსაფხვრელად 5 დღის ვადაში სასამართლოში სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის ან შპს „...“ დირექტორის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა დაევალა; ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი 2014 წლის 17 ნოემბერს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტის - შპს „...“ დირექტორს ზ. მ-ს და კანონით დადგენილი წესით 2014 წლის 18 ნოემბერს ჩაჰბარდა მას პირადად, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათზე აღნიშნული პირის ხელმოწერით (ტ. I; ს.ფ. 118).
2014 წლის 19 ნოემბერს შპს „...“ წარმომადგენელმა - მ. ყ-მა ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან ხარვეზის შევსებისთვის დამატებითი 14 დღიანი ვადის განსაზღვრა მოითხოვა იმ მოტივით, რომ შპს „...“ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
2014 წლის 8 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ასევე შპს „...“ წარმომადგენელმა - ი. კ-ემ, რომელმაც ხარვეზის გამოსასწორებლად საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით შპს „...“ 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 5 დღით ამ განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან; აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, კერძოდ, არ წარადგენდა სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას ან შპს „...“ დირექტორის მიერ ხელმოწერილ სააპელაციო საჩივარს და ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინების შემცველი გზავნილი 2014 წლის 9 დეკემბერს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტის - შპს „...“ დირექტორს ზ. მ-ს და კანონით დადგენილი წესით 2014 წლის 10 დეკემბერს ჩაჰბარდა აპარატის უფროსს - ი. გ-ეს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათზე აღნიშნული პირის ხელმოწერით (ტ. I; ს.ფ. 133).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „...“ დირექტორმა ზ. მ-მა ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოს მ. ყ-ისა და ი. კ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა 2014 წლის 17 დეკემბერს წარუდგინა (ტ. I; ს.ფ. 134-135).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინების ასლი შპს „...“ 2014 წლის 10 დეკემბერს ჩაჰბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2014 წლის 11 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადა 2014 წლის 15 დეკემბერს 24:00 საათზე იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს „...“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით დადგენილი 5 დღიანი ვადის დარღვევით – 2014 წლის 17 დეკემბერს მიმართა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აპელანტს, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა განჩინება, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია ხარვეზი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საპროცესო ხარჯების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9_მე-11 მუხლებით არის მოწესრიგებული. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, შპს „...“ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობდა, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „...“ მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ორგანიზაციის გადახდისუუნარობის ფაქტს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მინდობილობის გამო სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის უკანონობასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს „ბიოპოლუსის“ მოსაზრების გაზიარების პირობებშიც კი შპს „...“ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით დადგენილი 5 დღიანი ვადის დარღვევით – 2014 წლის 17 დეკემბერს მიმართა და მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე