Facebook Twitter

№ბს-15-15(2k-კს-15) 18 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „...“

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 4 მარტს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ შპს „...“ 368 894,36 ლარის დაკისრების თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის 2013 წლის 20 თებერვლის №EL010526, №EL010530, №EL010531, №EL010532 საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების, სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ 2013 წლის 20 თებერვლის №11112/001 და №11112/002 საგადასახადო მოთხოვნების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 10 აპრილის №14442 ბრძანებისა და შპს „...“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოებისას მოსარჩელემ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იმ მოტივით, რომ შპს „...“ ადმინისტრაციული სარჩელი ჰქონდა აღძრული თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, პირდაპირი გამოხდის ბენზინის (ნაფტას) ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ ნორმატიული აქტის გამოცემის თაობაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინებით შპს „...“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული ადმინისტრაციული სარჩელის წარმოებაში მიღება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დავის მიმდინარეობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...“ საჩივარი №EL010526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და №1112/002 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის №14442 ბრძანება (№11112/002 საგადასახადო მოთხოვნისა და №EL010526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 თებერვლის №11112/002 საგადასახადო მოთხოვნა და №EL010526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციულ ორგანოს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა; შპს „...“ სარჩელი №EL010530, №EL010531, №EL010532 ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების, №11112/001 საგადასახადო მოთხოვნისა და ამ ნაწილში დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის №14442 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ამასთან, შპს „...“ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოცემული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ - №3/2576-14წ. ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „...“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და წინამდებარე ადმინისტრაციულ საქმეზე საქმის წარმოება შეჩერდა №EL010530, №EL010531, №EL010532 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, №11112/001 საგადასახადო მოთხოვნის, ამ ნაწილში დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებისა და შემოსავლების სამსახურის №14442 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ შპს „...“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს „...“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, არსებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირდაპირი გამოხდის ბენზინის (ნაფტას) ბუნებრივ დანაკარგებს, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის მიერ სავსებით კანონიერად მოხდა საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილისა და 290-ე მუხლის გამოყენება შესახებ შპს „...“ მიმართ. ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო წინაპირობა არ არსებობს, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული დავა კი ეხება პირდაპირი გამოხდის ბენზინის (ნაფტას) ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის განსაზღვრისა და ნედლი ნავთობის დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას, რაც გავლენას ვერ მოახდენს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „...“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია განსახილველ საქმესთან და გავლენას იქონიებს საქმეზე მისაღებ გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან წინამდებარე სარჩელით განსახილველი ვალდებულება მოცემული დროისათვის არ წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო ვალებულებას საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 52-ე ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის დადგენამდე არსებული საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას: ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკარგის ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთვვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდის/პერიოდებში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილზე მეტი ოდენობით; ბ) თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან დადგენილზე ნაკლები ოდენობით, გამოყენებული დანაკარგის ნორმი ფარგლებში არსებული ნაკლებობა დანაკლისად არ ჩაითვლება; გ) არ გაითვალისწინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის ნორმის დადგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის გამოყენებასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულების დაზუსტება, თუ გადასახადის გადამხდელი დანაკარგის ნორმად იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის დადგენილზე ნაკლებ ოდენობას ან საერთოდ არ იყენებდა მას. იმავე მუხლის 53-ე პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის 52-ე ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოტივებს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე.

ამასთანავე უნდა განიმარტოს, რომ თუ საქმის წარმოება არ შეჩერედება და შპს „...“ ჩამოეწერება დავალიანება და ამ დროს ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც დადგინდება ტექნიკური სტანდარტი ნაფტასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ეს აქტი ვეღარ გავრცელდება ამ ურთიერთობაზე, მას არ ექნება უკუძალა. ამიტომ მხარე უფლების უზრუნველსაყოფად ითხოვს საქმის წარმოების შეჩერებას.

საკასაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ამასთანავე თუ აქტი აუმჯობესებს პირის მდგომარეობას მასზე აუცილებლად გავრცელდება ახალი აქტის მოქმედება. პირდაპირი გამოხდის ბენზინის (ნაფტას) ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის განსაზღვრას პირდაპირი კავშირი აქვს წინამდებარე საქმესთან, რამდენადაც

სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია პირდაპირი გამოხდის ბენზინის (ნაფტას) დანაკლისზე, რომელიც ითვლება ბუნებრივ დანაკარგად. შესაბამისად, შეუძლებელია საქმის გადაწყვეტა სანამ საქალაქო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. ქათამაძე