საქმე #ბს-204-200(კს-15) 30 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ.შ-ის წარმომადგენლის ნ.ბ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.15წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.შ-ემ 16.06.14წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 07.04.14წ. #882014170430-03 გადაწყვეტილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.0514.წ #100570 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება.
04.07.14წ. გ.შ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.14წ. გადაწყვეტილებით გ.შ-ის სარჩელი არ დაკმყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.15წ. განჩინებით გ.შ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი - არაუფლებამოსილი პირის მიერ საჩივრის ხელმოწერის, საჩივრის არასაკმარისი ასლებისა და სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. ხარვეზის გამოსასწორებლად განისაზღვრა 5 დღის ვადა და მხარეს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2015წ. განჩინებით გ.შ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 26.01.15წ. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი აპელანტს - გ. შ-ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩაბარდა 02.02.15წ. , რაც დასტურდება გ. შ-ის ხელწერილით (ს.ფ. 154). ამდენად, აპელანტისათვის განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 3 თებერვლიდან. აპელანტს დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.15წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.შ-ის წარმომადგენელმა ნ.ბ-ემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს უნდა გაეგზავნა გ. შ-ის წარმომადგენლებისთვის, ვინაიდან თავად აპელანტი სამი წლის განმავლობაში იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და არცერთ სასამართლო პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, რაც სასამართლოსთვის ცნობილი იყო. გ. შ-ის წარმომადგენლებმა ხარვეზის არსებობის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ერთ-ერთ წარმომადგენელს, მ. ხ-ეს ჩაბარდა სააპელაციო პალატის 27.02.15წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ხარვეზის არსებობის შესახებ ცნობილი რომ ყოფილიყო, გ. შ-ის წარმომადგენლები დადგენილ ვადაში აღმოფხვრიდნენ ხარვეზს.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ სასამართლო მოქმედებდა კანონიდან გამომდინარე - გზავნილის მხარეზე ჩაბარების პრინციპით, გაუგებარია რატომ გაუგზვანა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 27.02.15წ. განჩინების ასლი წარმომადგენელს, ხოლო ხარვეზის დადგენის შესახებ 26.01.15წ. განჩინება მხოლოდ გ.შ-ეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.02.15.წ. განჩინების გაუქმებას და ახალი განჩინებით ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობის მიცემას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ.შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 26.01.15წ განჩინება უშუალოდ ჩაბარდა აპელანტ გ. შ-ეს (ს.ფ. 153, 154).
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გ.შ-ე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების მომენტში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამის გამო ხარვეზის დადგენის შესახებ 26.01.15წ. განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეგზავნა წარმომადგენლების მიერ მითითებულ მისამართზე. სსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შესახებ. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ასკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ წარმომადგენლისთვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისთვის გაგზავნილად და მხარისთვის გაგზავნილი - წარმომადგენლისთვის გაგზავნილად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონი სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას, მხარესა და მის წარმომადგენელს შორის თავად აირჩიოს განჩინების გაგზავნის ადრესატი. ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება უპირობოდ უნდა გაგზავნოდა არა გ.შ-ეს, არამედ მის წარმომადგენლებს, მით უფრო, რომ ერთ-ერთ წარმომადგენელს - მ.ხ-ეს, 30.10.2014წ. №5 ორდერით, გ.შ-ის ინტერესების დაცვის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოებისას.
დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის გამო გ.შ-ე მოკლებული იყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებასთან დაკავშირებით შეტყობინების წარმომადგენლებისათვის გაგზავნის შესაძლებლობას. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 30.05.11წ. №97 ბრძანებით დამტკიცებული „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულება“ ითვალისწინებს მსჯავრდებულის საპროცესო უფლებების განხორციელების გარანტიებს. აღნიშნული დებულების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულების სოციალური განყოფილების ერთ-ერთ ფუნქციას შეადგენს მსჯავრდებულთათვის უფასო იურიდიული დახმარების და სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა (მე-9, 22-ე მუხ.), დებულების თანახმად, მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა აწარმოოს მიმოწერა და ისარგებლოს სატელეფონო კავშირით (დებულების 36-ე მუხლი). ამდენად, გ. შ-ეს ჰქონდა კანონით მინიჭებული საპროცესო მოქმედებების განხორციელების სამართლებრივი შესაძლებლობა, კერძოდ მას შეეძლო შეეტყობინებია წარმომადგენლებისთვის ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 27.01.15წ. განჩინების ჩაბარების თაობაზე, ეშუამდგომლა სააპელაციო პალატის წინაშე ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ. მხარის მიერ აღნიშნული უფლებების რეალიზაციაზე უარის თქმა არ წარმოადგენს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო გ.შ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების არამართლზომიერად მიჩნევის საფუძველს.
ამდენად, ვინაიდან დადგენილ საპროცესო ვადაში გ.შ-ის მიერ ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა გ. შ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.15.წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.შ-ის წარმომადგენლის ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.15.წ. განჩინება;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე