საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე =ბს-216-212(ს-15) 30 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ.ქ-ის საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ.ქ-მა 15.12.2014წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შსს საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს კ.უ-ის მიმართ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. დაზუსტებული მოთხოვნით ვ.ქ-მა მოითხოვა კ.უ-ის სამართალდამრღვევად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 18.12.2014წ. განჩინებით დადგინდა ვ.ქ-ის სარჩელის განხილვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.12.2014წ. დადგენილებით შეწყდა ვ.ქ-ის საჩივარზე დაწყებული საქმის წარმოება საჩივრის დაუშვებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა ვ.ქ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2015წ. დადგენილებით ვ.ქ-ის საჩივარი დარჩა განუხილველი. მხარეს განემარტა, რომ დადგენილება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2015წ. დადგენილება საჩივრით გასაჩივრდა ვ.ქ-ის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საჩივრისა და გასაჩივრებული დადგენილების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ქ-ის საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეების მიერ შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდეს საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 404.2 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებები (განჩინებები) და ის აქტები, რომლებიც საპროცესო კანონმდებლობის თანახმად ექვემდებარება გასაჩივრებას.
განსახილველ შემთხვევაში ვ.ქ-ს გასაჩივრებული აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დადგენილება, რომელიც გამოტანილია არა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე. მიმდინარე საქმეში ვ.ქ-ი ითხოვს 18.02.2011წ. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში კ.უ-ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას, კერძოდ უთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო კ.უ-ის ბრალით, რის გამო მის მიმართ უნდა შედგეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამდენად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომლითაც გათვალისწინებული სატრანსპორტო სამართალდარღვევის ჩამდენ პირად კ.უ-ის მიჩნევას ითხოვს ვ.ქ-ი. ამდენად, სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული წესით უნდა მოხდეს მიმდინარე დავის განხილვა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება. ასკ-ის 271.2 მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. ამავე კოდექსის 276.5 მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ.ქ-მა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსაგან მოითხოვა კ.უ-ის სამართალდარღვევად ცნობას, რაზეც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.12.2014წ. დადგენილებით ეთქვა უარი, შეწყდა ვ.ქ-ის საჩივარზე დაწყებული საქმის წარმოება საჩივრის დაუშვებლობის გამო. აღნიშნული დადგენილება ვ.ქ-მა გაასაჩივრა ზემდგომ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 19.02.2015წ. დადგენილებით ვ.ქ-ის საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად და მხარეს განემარტა, რომ აღნიშნული დადგენილება აღარ საჩივრდებოდა. მიუხედავად ამისა ვ. ქ-მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2015წ. დადგენილების გაუქმების მოთხოვნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ.ქ-ის საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოედექსის 271-ე, 276-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.ქ-ის საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილვევად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ.ვაჩაძე