Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე =ბს-351-347(კს-15) 04 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ.დ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 11.03.2009წ. დადგენილებით გ.დ-ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით. აღნიშნული დადგენილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2010წ. დადგენილებით.

06.11.2014წ. გ.დ-მა განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მაგისტრატ მოსამართლეს და მოითხოვა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 11.03.2009წ. დადგენილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 12.12.2014წ. განჩინებით გ.დ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა გ.დ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2015წ. განჩინებით გ.დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 12.12.2014წ. განჩინება საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ. გ.დ-ს განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.03.2015წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.დ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.დ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 414.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. განსახილველ შემთხვევაში სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 12.12.2014წ. განჩინებით გ.დ-ის განცხადება დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 11.03.2009წ. დადგენილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა გ.დ-ის მიერ. აღნიშნული კერძო საჩივრის საფუძვლიანობაზე იმსჯელა ზემდგომმა სასამართლომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ.

სსკ-ის 419.1 მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. განსახილველ შემთხვევაში ზემდგომი ინსტანციის - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2015წ. განჩინებით გ.დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მასვე განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება საბოლოო იყო და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლების საფუძველზე. მიუხედავად აღნიშნულისა, გ.დ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით, რაც სსკ-ის 419-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.დ-ის კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილვევად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ.ვაჩაძე