Facebook Twitter

საქმე #ბს-720-706(კს-14) 23 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ თ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ. გ-ემ, მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარზე არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი. აგრეთვე არ ყოფილა მითითება იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს. ხარვეზის შევსების ვადად განისაზღვრა 5 დღე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ხარვეზის შევსებულად მიჩნევა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინება ხარვეზის შესახებ ჩაბარდა 24 აგვისტოს, რომლითაც ხარვეზის შევსების ვადად განესაზღვრა 5 დღე. ვადის ბოლო დღედ უნდა ჩათვლილიყო 30 აგვისტო, ხოლო ვინაიდან 30 აგვისტო იყო არასამუშაო დღე (შაბათი) მან განცხადება ხარვეზის ჩაბარების შესახებ ჩააბარა ორშაბათს - 1 სექტემბერს.

თ. გ-ის მოსაზრებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს უსაფუძვლობის გამო, ხარვეზი მიჩნეულ უნდა იქნეს შევსებულად, ხოლო სააპელაციო საჩივარი უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პროცესუალურ სამართლებრივ შეფასებას, რომლის საფუძვლიან კრიტიკას არ შეიცავს კერძო საჩივარი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.09.2014წ. განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარზე არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით. ამასთანავე სააპელაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი. აგრეთვე არ ყოფილა მითითება იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს. ხარვეზის შევსების ვადად განესაზღვრა 5 დღე (იხ. ტ. 2; ს.ფ. 13-17). აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს, ს. შ-ეს, ჩაბარდა 2014 წლის 23 აგვისტოს ( იხ. ტ-2; ს.ფ 9) ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2014 წლის 28 აგვისტო. რადგან 28 აგვისტო არის მარიამობის დღესასწაული და გამოცხადებულია უქმე დღედ, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო დღემ გადაიწია 1 დღით ანუ მხარეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა 29 აგვისტოს ჩათვლით, მან კი სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2014 წლის 1 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 1-12; ტ.2).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. 59.2 მუხლის თანახმად თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თვეობით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, წარმომადგენლისთვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი - წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. გ-ემ გაუშვა სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული საპროცესო ვადა, რამდენადაც სსსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 24 აგვისტოს, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დადგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინება ხარვეზის შესახებ, აპელანტის - თ. გ-ის წარმომადგენელს - ს. შ-ეს ჩაბარდა 2014 წლის 23 აგვისტოს (იხ. ს.ფ. 9; ტ.2) და დამთავრდა 2014 წლის 28 აგვისტოს, ვინაიდან 28 აგვისტო იყო უქმე დღე, ხარვეზის შევსების ვადის ბოლო დღე იყო 29 აგვისტო, მაშინ როცა მხარემ საპროცესო უფლების რეალიზაცია მოახდინა 2014 წლის 1 სექტემბერს, ხოლო საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება – სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას – უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში თ. გ-ის მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული არ იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დატოვებული განუხილველად თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი საპროცესო ვადაში წარუდგენლობის გამო.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. გ-ეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია. ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობა წარმოადგენს აპელაციის განუხილველად დატოვების პროცესუალურ საფუძველს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მხარის საპროცესო უმოქმედობას სწორად შეუფარდა საპროცესო სამართლის ნორმა, კერძოდ, სსსკ-ის 368-ე მუხლი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თენგის გოგიტიძეს კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე