Facebook Twitter

#ბს-217-213(გ-15) 4 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ვ. ლ-ა

მოპასუხე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 25 თებერვალს ვ. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2014 წლის 21 ოქტომბერს მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისრაციო სამსახურს და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წალკაში, ... ქ. №85-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...). წალკის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 ნოემბრის №882014562077-06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ ს. ლ-ას სახელზე სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო სამსახურში დაცული სააღრიცხვო ბარათი ხელმოუწერელი იყო და არ დგინდებოდა რეგისტრაციის ფაქტი. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურში დამატებით წარსადგენი იყო 2001 წელსგაცემული ამონაწერის დედანი ან დამოწმებული ასლი ან დამატებითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ს. ლ-ას უფლებას უძრავ ქონებაზე.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2014 წლის 20 ოქტომბერს მიიღო სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილი მეუღლის - ს. ლ-ის დანაშთ ქონებაზე, რომელზეც საკუთრების უფლება დასტურდება სააჯარო რეესტრის ჩანაწერით, რომლის ნამდვილობა სადავოდ არ გამხდარა ს. ლ-ის სიცოცხლეში.

მოსარჩელემ წალკის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 ნოემბრის №882014562077-06 გადაწყვეტილება გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსმიერ საჩივრის განხილვამდე, წალკის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 9 დეკემბრის №882014562077-07 გადაწყვეტილებით ვ. ლ-ას განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 28 იანვარის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. ლ-ას ადმინისტრაციული საჩივარი; ბათლად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ წალკის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 ნოემბრის №882014562077-06, სარეგისტრაციო წარმოები შეწყვეტის შესახებ 2014 წლის 9 დეკემბრის №882014562077-07 გადაწყვეტილებები და წალკაში, ... ქ. №85-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) ს. ლ-ას რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 2 ნოემბრის №882011526003-03 გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა ს. ლ-ას სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ წალკის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის №882011526003-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით ვ. ლ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ კი სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი რამოდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სადავოდ ხდის წალკაში, ... ქუჩა №85-ში მდებარე უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხს. შესაბამისად, მოცემული საქმის განხილვისას შესწავლილ უნდა იქნეს რამდენად მართებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების დროს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 აპრილის განჩინებით ვ. ლ-ას სარჩელი მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმაოდგენს არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი, რა დროსაც განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება მოცემული აქტები და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება ადმინისტრაციული საქმე განსახილველად, მით უფრო, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ სარჩელის ობიექტია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს სასამართლოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად

მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად დავად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“ კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი იმპერატიული შინაარსის ნორმაა, რომელიც ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსაჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 „ა“ მუხლის თანახმად, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი თავისი ხასიათით, შინაარსითა და იურიდიული ბუნებით არის ზოგადი და ამავე დროს იმპერატიული ნორმა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ადგენს განსჯად საერთო სასამართლოს ტერიტორიული ნიშნის, ანუ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს (რასაც თავად სასარჩელო მოთხოვნაც ადასტურებს), რომ დავის საგანი ეხება არა უძრავ ნივთზე უფლებას, არამედ, მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას, რა დროსაც სასამართლოებმა წარმოდგენილი სარჩელის სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დაადგინონ არა ის ფაქტი, თუ სად მდებარეობს უძრავი ქონება და რას ეხება სადავო აქტები, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების მიხედვით უნდა გამოარკვიონ თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, მოცემულ საქმეზე ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ლ-ას სარჩელი მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე