Facebook Twitter

საქმე №ბს-816-802(გ-14) 23 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ შპს ,,...“

მოპასუხეები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური; მ. თ-ე

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 14 დეკემბერს ნ. მ-ა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის №05/19633 მიმართვის, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებულ №830104655 მიწის ნაკვეთში დარეგისტრირდა შპს ,,...“ საკუთრებაში არსებული 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც აღდგება შპს ,,...“ საკუთრების უფლება სადავო 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ნ. მ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით გიორგაძის 2011 წლის 6 სექტემბრის №05/19633 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავით მოწესრიგებულია სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით გიორგაძის 2011 წლის 6 სექტემბრის №05/19633 ადმინისტრაციული აქტს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენცია, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. აღნიშნულ დავაში კი, მოპასუხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ჭანტურიას ქ. №12-ში, ამდენად, განსახილველ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დაზუსტებული სარჩელი წარადგინა შპს ,,...“ მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. თ-ის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის №05/19633 მიმართვის, 2011 წლის 24 ოქტომბრის №1-1/2139 ბრძანების, 2011 წლის 6 დეკემბრის №626 უ.პ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2011 წლის 28 დეკემბრის №1-1/2770 ბრძანების ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №83.01.00.502 პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს ,,...“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 თებერვლის განჩინებით მ. თ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით ჩაბმაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინებით შპს ,,...“ სარჩელზე საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის №05/19633 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. თ-ემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინებით მ. თ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინებით შპს ,,...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინებით შპს ,,...“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინება და საქმე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის №05/19633 წერილის, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2013 წლის 28 აგვისტოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა შპს ,,...“ მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. თ-ის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის №05/19633 მიმართვის, 2011 წლის 24 ოქტომბრის №1-1/2139 ბრძანების, 2011 წლის 6 დეკემბრის №626 უ.პ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2011 წლის 28 დეკემბრის №1-1/2770 ბრძანების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 სექტემბრის №882011435925-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №83.01.00.502 პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა და შპს ,,...“ სარჩელზე მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 სექტემბრის №882011435925-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება ხანდაზმულობის მოტივით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის №05/19633 მიმართვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა საკითხის განხილვისას შესაბამისი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 28 დეკემბრის №1-1/2770 ბრძანება შპს ,,...“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე მ. თ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შპს ,,...“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს ,,...“ სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 28 დეკემბრის №1-1/2770 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ (გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი); შპს ,,...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის №05/19633 მიმართვა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა ახალი აქტის გამოცემა (გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი); გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,...“ სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 24 ოქტომბრის №1-1/2139 ბრძანების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. თ-ეს შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გაფორმებული 2011 წლის 6 დეკემბრის ნასყიდობის №626 უ.პ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ; შპს ,,...“ სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 მაისის განჩინებით შპს ,,...“ სარჩელი მოპასუხეების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. თ-ის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვა ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში სარჩელის წარდგენისას დაცულ უნდა იქნეს როგორც საგნობრივი, ისე ტერიტორიული და დარგობრივი განსჯადობის წესები და შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც აღნიშნული საპროცესო ნორმების შესაბამისად, უფლებამოსილია გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონების ადგილსამყოფელია მარნეულის რაიონი, სოფ. .... რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,...“ სასარჩელო განცხადება განსჯადობით უნდა გადაეგზავნოს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს დავის სწრაფად და ეფექტურად განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.

ბოლნისის რაიონულ სასამართლოშო მოსარჩელე შპს ,,...“ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის №05/19633 მიმართვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 24 ოქტომბრის №1-1/2139 ბრძანების - მარნეულის რაიონში, სოფ. ... მდებარე 322 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ, 2011 წლის 7 ნოემბრის ელექტრონული აუქციონის შედეგებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. თ-ეს შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გაფორმებული 2011 წლის 6 დეკემბრის ნასყიდობის №626 იპ ხელშეკრულების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 სექტემბრის №882011435925-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მიწის ნაკვეთის შპს ,,...“ სახელზე აღრიცხვის დავალება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად შპს ,,...“ სარჩელი გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულია ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესი. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. აღნიშნული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, ანუ აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ან იურიდიული მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-20 მხულის თანამხად, განსაზღვრულია განსჯადობა მოსარჩელის არჩევით. კერძოდ, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,...“ მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება. ასეთ შემთხვევაში კი, განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტები და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად, მით უფრო მაშინ, როდესაც განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედებების - მათ მიერ გამოცმეული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ.

რაიონული სასამართლოს მითითებით, შპს ,,...“ აღძრულ სარჩელში მოპასუხეებად მითითებული ჰყავს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური და მ. თ-ე, ხოლო სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის №05/19633 მიმართვის, მარენულის რაიონში, სოფ. ... მდებარე 322 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელქტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ 2011 წლის 24 ოქტომბრის №1-1/2139 ბრძანების ბათილად ცნობა, 2011 წლის 7 ნოემბრის ელქეტრონული აუქციონის შედეგების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. თ-ეს შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გაფორმებული 2011 წლის 13 სექტემბრის №882011435925-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნა სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე უძრავ ნივთზე, მდებარე მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ... არსებულ 322 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, რომლის ადგილსამყოფელია - ქ. თბილისი, ჭანტურიას ქ. №12 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარენულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, რომლის ადგილსამყოფელია ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. №1. შესაბამისად, რაიონული სასამართლოს განმარტებით, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს როგორც თბილისის საქალაქო, ასევე ბოლნისის რაიონული სასამართლოები. ამასთან, როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება აღნიშნული სარჩელით მოსარჩელემ თავდაპირველად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, მან აირჩია სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლო. იგივე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მხარეებმა, რომელთა განმარტებითაც დღესაც მიაჩნიათ და სურვილი აქვთ, რომ საქმე განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვინაიდან ძირითადი აქტები, რომლებიც არის გასაჩივრებული და რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე გამოცემულია მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ჭანტურიას ქ. №12-ში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,...“ სარჩელი განხილულ უნდა იქნეს არა ბოლნისის რაიონული სასამართლოს, არამედ თბილსისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ, სადაც როგორც საქმის მასალებით დასტურდება, რამდენჯერმე იქნა კიდეც განხილული იგი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბოლნისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ შპს ,,...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით რეგლამენტირებულია ნივთობრივი განსჯადობის შესახებ სპეციალური წესები. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების შესახებ, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რომ დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის №05/19633 მიმართვის ბათილად ცნობა;

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 24 ოქტომბრის №1-1/2139 ბრძანების - მარნეულის რაიონში, სოფ. ... მდებარე 322 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელქტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ, ბათილად ცნობა;

3. 2011 წლის 7 ნოემბრის ელექტრონული აუქციონის შედეგებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. თ-ეს შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გაფორმებული 2011 წლის 6 დეკემბრის ნასყიდობის №626 უპ ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 სექტემბრის №882011435925-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისათვის, მიწის ნაკვეთის შპს ,,...“ საკუთრებაში დარეგისტრირება.

საკასაციო სასამართლო, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სასამართლოთა შორის დავა ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე, კერძოდ, განსჯადობა მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, ვინაიდან, შპს ,,...“ მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება. რა დროსაც განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტები და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად, მით უფრო მაშინ, როდესაც განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ სარჩელის ობიექტია - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოპასუხეს წარმოადგენს: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის №05/19633 მიმართვის, რომლითაც საქრთველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მარნეულის რ/ნ, სოფ. ... არსებული 322 კვ.მ. არასაოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიზე საკუთრების უფლების აღრიცხვა; 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 24 ოქტომბრის №1-1/2139 ბრძანების, რომლითაც განხორციელდა - მარნეულის რაიონში სოფ. ... მდებარე 322 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელქტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზება; 3. 2011 წლის 7 ნოემბრის ელქტრონული აუქციონის შედეგებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. თ-ეს შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გაფორმებული 2011 წლის 6 დეკემბრის ნასყიდობის №626 უპ ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, მ. თ-ე - მოპასუხეს წარმოადგენს 2011 წლის 7 ნოემბრის ელქტრონული აუქციონის შედეგებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდრადი განვითარების სამინისტროსა და მ. თ-ეს შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიაბი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გაფორმებული 2011 წლის 6 დეკემბრის ნასყიდობის №626 უპ ხელშეკრულების ნაწილში, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური მოპასუხეს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 სექტემბრის №882011435925-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, რომლითაც სახელმწიფოს საკუთრებაში აღირიცხა მარნეულის რ/ნ-ში სოფ. ... მდებარე 322 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისათვის, აღნიშნული მიწის ნაკვეთის შპს ,,...“ საკუთრებაში დარეგისტრირების დავალდებულების ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის საგანი მოიცავს არა მარტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფორმალური და მატერიალური კანონიერების შეფასებას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მონაწილეობა მოპასუხის სტატუსით განპირობებულია სწორედ იმ გარემოებით, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ერთ-ერთი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნები მიმართულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, შესაბამისად, სასამართლოს მიერ თავდაპირველად უნდა შემოწმდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცემული აქტების კანონიერება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნები მიმართული მ. თ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ძირითადი აქტების შემოწმების თანმდევი შედეგია.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადგილსამყოფელის მიხედვით (ქ. თბილისი) - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ხოლო მოპასუხეების - მ. თ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის ადგილსამყოფელის მიხედვით (ქ. მარნეული).

ამასთან, ბოლნისის რაიონული სასამართლოს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე დაეთანხმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომობას საქმის განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე, აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმნენ ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც და მ. თ-ის წარმომადგენელიც, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შპს ,,...“ სარჩელი რამდენჯერმე იქნა განხიული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შპს ,,...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე