№ბს-246-243(კ-14) 23 სექტემბერი , 2014 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე;
კასატორი (მოპასუხე) – ო. ბ-ე; წარმომადგენელი - დ. დ-ე;
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო - საკრებულო; ქ. ბათუმის მერია; წარმომადგენელი - მ. კ-ე; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი - ნ. ვ-ე;
მესამე პირი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“; თავმჯდომარე - მ. გ-ი
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალდებულება;
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელე: ო. ბ-ე
წამომადგენელი: დ. დ-ე
მოპასუხეები: 1. ქ. ბათუმის მერია; წარმომადგენელი: მ. კ-ე;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი: ნ. ვ-ე
მესამე პირი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“;
თავმჯდომარე: მ. გ-ი
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და 23-ე მუხლის საფუძველზე ქმედების განხორციელების დავალდებულება.
სარჩელის საგანი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №882013047131 გადაწყვეტილების ქ. ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლებით ქ. ბათუმში, ... ქ. №107-ში მდებარე 18,70 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი #...) რეგისტრაციის შესახებ, ბათილად ცნობა; თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 15 მარტის №02/158 ბრძანების ნაწილობრივ, კერძოდ, 18,70 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა (დაზუსტდა 2013 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე); ქ. ბათუმის მერიის 2013 წლის 6 თებერვლის №25-04/228 მიმართვის ბათილად ცნობა (ამ ნაწილში მოთხოვნა დაზუსტდა და სარჩელის ტრანსფორმაცია მოხდა სასამართლო სხდომაზე; 2013 წლის 17 სექტემბერი, 2013 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმები); თვითმმართველ ქ. ბათუმის მერიას დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ო. ბ-ის სახელზე სადავო ფართის პრივატიზაცია (უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ).სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელის მითითებით, ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 4 აგვისტოს №583 ბრძანების საფუძველზე გ. ა-ას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. №107 სახლში 18,70 კვ.მ. ფართის №10 ოთახი.
მოსარჩელის მტკიცებით, 1994 წლიდან ზემოაღნიშნული ოთახით თავად სარგებლობდა, რის გამოც ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 4 აგვისტოს №583 ბრძანება გაასაჩივრა სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 4 აგვისტოს №583 ბრძანება, აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2011 წლის 2 მაისის №02/148 ბრძანებით ნაწილობრივ გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 4 აგვისტოს №583 ბრძანება და გ. ა-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ გადაცემაზე, რაც გ. ა-ამ გაასაჩივრა, თუმცა არც ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა ქ. ბათუმის მერიას დაკავებული ფართის პრივატიზაციის თაობაზე, მაგრამ საკითხის გადაწყვეტა ქ. ბათუმის მერიის მხრიდან გაჭიანურდა. ... ქ. №107 სახლში შეიქმნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“, რომელმაც 2010 წლის 30 ივნისს ქ. ბათუმის მერიისგან მიიღო ნებართვა და საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა სახლის ქვეშ არსებული და კანონით განსაზღვრულ მიმდებარე ტერიტორიაზე 2546 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი. სახლისა და მიწის სრულუფლებიანი მესაკუთრე გახდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“, ამიტომ 2012 წლის ივლისში მოსარჩელემ და მისმა ოჯახმა ნებართვის თაობაზე მიმართეს ამხანაგობას, მათ სარგებლობაში არსებული 28,62 კვ.მ. ფართის, მათ შორის, №10 ოთახის, ინდივიდუალურ საკუთრებაში დარეგისტრირების შესახებ. ამხანაგობის 2012 წლის 22 ივლისს №6 საოქმო გადაწყვეტილებით დაუდასტურეს მოთხოვნილი ფართით სარგებლობის ფაქტი და უფლება მიეცათ იგი ბ-ეების საკუთრებაში დარეგისტრირებულიყო.
2012 წლის 26 სექტემბერს ო. ბ-ემ, ფ. ბ-ემ და მ. ბ-ემ განცხადებით მიმართეს ქ. ბათუმის მერიას და მოითხოვეს ქ. ბათუმში, ... ქუჩის №107 სახლში მათ სარგებლობაში არსებული ფართის საკუთრებაში გადაცემა.
2012 წლის 12 თებერვალს ქ. ბათუმის მერიამ საკუთრებაში დაირეგისტრირა ქ. ბათუმში, ... ქუჩის №107 სახლში მდებარე №10 ოთახი, 18.70 კვ.მ.
თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 15 მარტის №02/158 ბრძანებით უარი ეთქვათ ო, ფ. და მ. ბ-ეებს ქ. ბათუმში, ... ქუჩის 107 სახლში, №10 ოთახის 18,70 კვ.მ. ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე.
სამართლებრივი: მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, საქართვლოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლი, ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი (იხ. ს.ფ. 1-12; ტ.1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განჩინებით ო. ბ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. ბათუმის მერიას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ... ქ. №107, ფართი: 18,70 კვ.მ. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ... გასხვისება (იხ. ს.ფ. 52-55; ტ.1).
მოპასუხის შესაგებელი: ქ. ბათუმის მერიამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მოპასუხის მითითებით, სარჩელი დაუსაბუთებელია და იგი არ არის დამყარებული სამართლებრივ საფუძველზე (იხ. ს.ფ. 88-94; ტ.1).
მესამე პირის შესაგებელი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ სარჩელი ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილება, შესაგებელში სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებული არ არის (იხ. ს.ფ. 100-106; ტ.1).
მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის შესაგებელი: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:
ფაქტობრივი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში 2013 წლის 6 თებერვალს ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლის ხ. კ-ის მიერ წარდგენილ იქნა №882013047131 სარეგისტრაციო განაცხადი რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ბათუმი, ... ქ. №107. განაცხადს ერთვოდა ქ. ბათუმის მერიის 2013 წლის 6 თებერვლის №25-04/228 მიმართვა, აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 25 მარტის №15/655/10-9 წერილი. ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 20 თებერვლის №2-26-402 მიმართვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსადმი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 9 მარტის №15/121/7-9 წერილი, სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2008 წლის 31 დეკემბრის წერილი, სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2008 წლის 22 დეკემბრის №1-3/561 ბრძანება, ხ. კ-ის პირადობის მოწმობის ასლი. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2013 წლის 12 თებერვლის №882013047131-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის მერიის განცხადება და თვითმმართველი ქ. ბათუმის მერია აღირიცხა უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. ბათუმი, ... ქ. №107 ფართის 18,70 კვ/მ/ მესაკუთრედ. მოპასუხის განმარტებით, უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია 2013 წლის 12 თებერვალს, გადაწყვეტილება კი რეგისტრაციის შესახებ, სასამართლო წესით, შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ამდენად, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო გასულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა.
სამართლებრივი:,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-9, 21-ე და 23-ე, 29-ე მუხლები (იხ. ს.ფ. 130-137; ტ.1).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების/სარეზოლუციო ნაწილის/ შინაარსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ასევე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე (იხ. ს.ფ. 263-281; ტ.1).
სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტები:
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.ბათუმში, ... ქუჩა №107-ში მდებარე უძრავი ქონება, სართული მე-2, ფართი: 50.26 კვ.მ, საკადასტრო კოდით: №..., თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ო. ბ-ის, ფ. ბ-ის და მ. ბ-ის სახელზე.
ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 04 აგვისტოს №583 ბრძანებით გ. ა-ას საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107-ში მდებარე 18,70 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, შესაბამისად, გაცემულ იქნა საკუთრების უფლების მოწმობა №1354 და უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულ იქნა გ. ა-ას სახელზე.
ო. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ქ. ბათუმის მერიის, გ. ა-ას მიმართ და მოითხოვა გ. ა-ასათვის ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107-ში მდებარე 18,70 კვ.მ საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში უფლებით გადაცემის ნაწილში ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 4 აგვისტოს №583 ბრძანების ბათილად ცნობა და მის საფუძველზე გაცემელი საკუთრების უფლების №1354 მოწმობის ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა ო. ბ-ე აღიარებულ იქნეს ფართის კანონიერ მოსარგებლედ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ო. ბ-ის სარჩელი ქ. ბათუმის მერიის და გ. ა-ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დავის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 04 აგვისტოს №583 ბრძანება არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე გ. ა-ას ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საკითხის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლების, შეფასებისა და განხილვის შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ხოლო საქმის წარმოება ქ.ბათუმში, ... ქუჩა №107, ოთახი №10-ში მდებარე ქონების კანონიერ მოსარგებლედ აღიარების ნაწილში შეწყდა.
საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 2010 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107-ში მდებარე 18.70 კვ.მ ფართზე, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №... რეგისტრაცია გაუქმებულია; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: სააღსრულებო ფურცელი №3-344/09, დამოწმების თარიღი:13/10/2010, ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო.
თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 02 მაისის №02/148 ბრძანებით გ. ა-ას უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107-ში მდებარე №10 ოთახში არსებულ 18.17 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემაზე.
გ. ა-ამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 02 მაისის №02/148 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107-ში მდებარე №10 ოთახში არსებული 18.7 კვ.მ ფართის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გ. ა-ამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინებით გ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით გ. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება.
2010 წლის 1 აპრილს ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107–ში შეიქმნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’, რომელმაც 2010 წლის 21 ივლისს საკუთრებაში დაირეგისტრირა სახლის ქვეშ მდებარე და ეზოს მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 2546 კვ. მეტრი. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №....
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ 2012 წლის 22 ივლისის საერთო კრების №6 ოქმის თანახმად, დადასტურდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ წევრების ფ. ბ-ის, მ. ბ-ის, ო. ბ-ის მიერ 38.62 (3.84 საცხოვრებელი ბინაზე მიშენებული ფართი 34.78 კვ.მ საერთო სარგებლობის) კვ.მ სარგებლობის ფართების ფლობის ფაქტი. ამავე კრების ოქმის თანახმად ფ. ბ-ეს, მ. ბ-ეს და ო. ბ-ეს უფლება მიეცათ, რომ კრებაზე წარმოდგენილი ნახაზების შესაბამისად ინდივიდუალურ საკუთრებად დაირეგისტრირონ მათ სარგებლობაში არსებული 38.62 კვ.მ ფართი.
ქ. ბათუმის მერიამ 2013 წლის 6 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად, სახელმწიფო საბინაო ფონდში შემავალი ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე არსებული 18.70 კვ.მ არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის საჯარო რეესტრში თვითმმართველ ქ.ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.
აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით №882013047131-03 რეგისტრაციის შესახებ და ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107, ფართით: 18.70 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №... საკუთრების უფლებით აღირიცხა თვითმმართველი ქ.ბათუმის მერიის სახელზე.
2013 წლის 5 მარტს ო. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107-ში მდებარე 38,62 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემა.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს-საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 15 მარტის №02/158 ბრძანებით ო. ბ-ეს, ფ. ბ-ეს და მ. ბ-ეს ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107-ში მდებარე 38.62 კვ.მ საცხოვრებელი და საერთო სარგებლობის ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემაზე ეთქვათ უარი.
მხარეთა მიერ სადავოდ გახდილი ფაქტების შეფასება:
კანონიერი სარგებლობის დასადასტურებლად ო. ბ-ემ წარადგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ 2012 წლის 22 ივლისის საერთო კრების ოქმი №6, რომელიც ვერ იქნება მიჩნეული უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის საფუძვლად, მით უფრო მაშინ, როდესაც უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა საბინაო ფონდში არსებული ქონება, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ კი არ არის უფლებამოსილი ორგანო მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული ფართების განკარგვის თაობაზე. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მისაღებად გადამწყვეტია არა ფაქტობრივი სარგებლობა, არამედ ფართით სარგებლობის კანონიერი საფუძველი საცხოვრებელი ბინის ორდერი, ან უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, მათ შორის ბინის პირადი ბარათიც. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107-ში მდებარე №10 ბინის კანონიერ მოსარგებლეს, შესაბამისად თვითმმარველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანო-საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 15 მარტის №02/158 ბრძანება კანონიერია და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება ქ. ბათუმის მერიის 2013 წლის 6 თებერვლის №25/04/228 მიმართვისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №882013047131-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, აღნიშნულთან მიმართებით, საქალაქო სასამართლომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-8 და 27-ე მუხლების საფუძველზე განმარტა, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც უშუალოდ წარმოშობდა რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კი სწორედ დასახელებული დოკუმენტების საფუძველზე განხორციელდა ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107-ში მდებარე უძრავი ქონების, ფართით: 18.70 კვ.მ, საკადასტრო კოდით: №..., ქ.ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 263-281; ტ.2).
სასამართლოს დასკვნები: საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ო. ბ-ის სარჩელი უსაფუძვლოა.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის, ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციით (კონკრეტულ ნორმებზე მითითებული არ არის).
აპელანტი: ო. ბ-ე;
წარმომადგენელი - დ. დ-ე;
მოწინააღმდეგე მხარეები: 1. ქ. ბათუმის მერია; წარმომადგენელი: მ. კ-ე;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი: ნ. ვ-ე;
მესამე პირი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“; თავმჯდომარე: მ. გ-ი;
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტმა მიუთითა, რომ ო. ბ-ე წარმოადგენს №10 ოთახის კანონიერ მოსარგებლეს, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესში’’ ჩამოთვლილი დოკუმენტები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ო. ბ-ესა (მოსარგებლე) და შპს ,,...’’ (მესაკუთრეს) შორის არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც დგინდებოდა სასამართლოში წარდგენილი გადახდის ქვითრებითა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით. ამასთან, მერიამ გ. ა-ას თავის დროზე სადავო ფართი გადასცა მხოლოდ ჩანაწერის საფუძველზე, ხოლო ო. ბ-ეს, რომელიც შრომით ურთიერთობაში იყო სანაოსნოსთან და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, უარს ეუბნებიან საკუთრებაში №10 ოთახის გადაცემაზე.
სამართლებრივი: სამართლებრივ საფუძველზე აპელანტს არ მიუთითებია (იხ. ს.ფ. 193-202; ტ.1).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება /სარეზოლუციო/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინებით ო. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 43-56; ტ.2).
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა: სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. აღნიშნული დებულება განსაზღვრავს ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მონაწილე მხარეებსა და მათ უფლება-მოვალეობებს.
„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არსაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.
ზემოაღნიშნული დებულების მეორე მუხლი შეიცავს ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებას. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლე ეს არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინსიტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
სააპელაციო პალატის მსჯელობით ამავე წესის თანახმად, სახელმწიფო საბინაო ფონდში რიცხულ ფართს წარმოადგენს ის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობი, რომლებიც ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივის მონაცემებით წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის (აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი) ორგანოების საკუთრებაში რიცხულ ფართს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ, პრეზიდენტის განკარგულება მოითხოვს კუმულაციურად რამოდენიმე პირობის - ერთდროულად არსებობას, კერძოდ, პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და სახეზე უნდა იყოს ამ დოკუმენტის საფუძველზე ფართით კანონიერი სარგებლობის ფაქტი, ამასთან სადავო ფართი უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივი თვითმმართველობის (აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი) ორგანოების საკუთრებაში რიცხულ ფართს.
ამავე ბრძანებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამისი ადგილობრივ თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ.
ამავე წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებენ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, ხსენებული წესის თანახმად, იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვით: თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, კერძოდ, ო. ბ-ის კანონიერი სარგებლობა უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის წერილობითი მტკიცებულებით - საცხოვრებელი ბინის ორდერით, ბინის პირადი სააღრიცხვო ბარათით, ან მოწმეთა ჩვენებით, ან მხარეთა განმარტებებით. აპელანტის მიერ წარმოდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ 2012 წლის 22 ივლისის საერთო კრების №6 ოქმი ვერ იქნება მიჩნეული უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის საფუძვლად მაშინ, როდესაც უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა საბინაო ფონდში არსებული ქონება, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ კი არ არის უფლებამოსილი ორგანო მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული ფართების განკარგვის თაობაზე.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მისაღებად გადამწყვეტია არა ფაქტობრივი სარგებლობა, არამედ ფართით სარგებლობის კანონიერი საფუძველი საცხოვრებელი ბინის ორდერი ან უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, მათ შორის, ბინის პირადი ბარათიც. კანონიერი მოსარგებლის იმ მომენტისათვის საცხოვრებელ ბინაში უშუალოდ ცხოვრების ან/და ბინაში არ ცხოვრების ფაქტი ვერ იქნება გადამწყვეტი იმის დადგენისა და შეფასებისათვის, ესა თუ ის პირი წარმოადგენს თუ არა კანონიერ მოსარგებლეს.
კასატორი: ო. ბ-ე; წარმომადგენელი: დ. დ-ე;
მოწინააღმდეგე მხარეები: 1. ქ. ბათუმის მერია; წარმომადგენელი - მ. კ-ე;
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი - ნ. ვ-ე;
მესამე პირი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“; თავმჯდომარე - მ. გ-ი;
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები:
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
მატერიალური: კასატორის განმარტებით, 1994 წლიდან სადავო ფართი დაიკავა მან და მას შემდეგ ის იხდის კომუნალურ გადასახადებსა და გარდა კომუნალური გადასახადისა, ფართის მეპატრონეს ანუ შპს ,,...“ უხდის ქირას. მესაკუთრეს ამ ხნის განმავლობაში ო. ბ-ის მიმართ ფართის განთავისუფლებასთან დაკავშირებით დავა არ ჰქონია, რაც ნიშნავს იმას, რომ 1994 წლიდან იგი წარმოადგენს ფართის დამქირავებელს, რაც სადავო ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტია, რადგან სასამართლოში წარდგენილი ქვითრები წარმოადგენენ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ქ. ბათუმის მერია 2009 წლის 31 ივლისის ოქმში აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ასეთად ჩაითვლება ქირავნობის ხელშეკრულება და სააღრიცხვო ბარათი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია სადავო ფართზე ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა, მაგრამ ამ ფაქტებს სააპელაციო სასამართლომ მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი: გასაჩივრებული ბრძანების მიღებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად არ მიუწვევია მაშინ, როდესაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 და 98-ე მუხლების შესაბამისად, სავალდებული იყო მისი მოწვევა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
კასატორის განმარტებით, ასევე არასწორია სასამართლოს მითითება, საბინაო კოდექსზე მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი ფართობით. კასატორის მტკიცებით, კონკრეტულ შემთხვევაში მისი გადახდის ქვითრები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს საზღვაო სანაოსნოსა და ო. ბ-ეს შორის არსებობდა ბინის ქირავნობის ხელშეკრულება, ეს საბუთები გაცემული იყო უფლებამოსილი ორგანოს მიერ და წარმოადგენდნენ სადავო ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რაზედაც სასამართლოს არ უმსჯელია.
კასატორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ბმა ,,...“ და მან წარადგინეს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №107 სახლში, იმავე ფართზე და მთლიანად სახლშიც, მერიამ საკუთრებაში მეზობლებს გადასცა ოთახები, რომლებითაც ისინი არ სარგებლობდნენ, ხოლო მას უარი ეთქვა №10 ოთახის პრივატიზებაზე, მაშინ როცა იყო ამ ფართის დამქირავებელი, ე.ი. ადგილი აქვს დისკრიმინაციას. კასატორის მითითებით, ქ. ბათუმის მერიის მიერ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-7 და მე-14 მუხლები და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლით გარანტირებული უფლებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე“, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.“ ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად. კონკრეტულ შემთხვევაში კი მას, რომელიც მუშაობდა საქართველოს სანაოსნოში, იყო სადავო ოთახის დამქირავებელი, მერია არ აძლევს საკუთრების უფლებას, როცა გ. ა-ას, რომელიც სანაოსნოში არ მუშაობდა, არც მეზღვაურთა სასტუმროში ცხოვრობდა ანუ საწარმოსთან არ ჰქონდა არავითარი კავშირი, 2009 წელს გადაეცა №10 ოთახი საკუთრებაში. 2013 წელს ო. ბ-ეს კვლავ უარი ეთქვა სადავო ფართის №10 ოთახის საკუთრებაში გადაცემაზე. 2013 წელს კი, სადავო ფართის პრივატიზაციაზე, როცა მის მეზობლებს საკუთრებაში გადაეცათ ოთახები, რომლითაც ისინი არ სარგებლობდნენ. მართალია, საცხოვრებელი ფართის მოსარგებლეზე საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებას, მაგრამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,თუ ადმინისტრაციული ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში“.
კასატორის განმარტებით, ასევე უკანონოა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება სადავო ფართის მერიის სახელზე რეგისტრაციის ნაწილში, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ნაწილით ,,სახელმწიფო საბინაო ფონდის, მათ შორის, საბინაო ფონდში არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და მათზე
დამაგრებული მიწის ნაკვეთების პრივატიზება ხორციელდება ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაზიოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის მიხედვით და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც აბსოლუტური კასაცია.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა მოითხოვა ო. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 96-98; 103-105; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით ო. ბ-ემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 100-101; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.სასამართლომ დავა
გადაწყვიტა ისე, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, სადავო სამართალურთიერთობას არასწორად შეუფარდა სამართლის ნორმა, სასამართლო დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში შეკრებილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზისა და შეფასებიდან. აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებში არ არის გაქარწყლებული აპელაციის მოტივები.
კასაციის დაშვების წანამძღვრის განმარტება კონკრეტულ საქმეზე:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის მოტივი განსახილველ საქმეში, რამაც შექმნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული აბსოლუტური კასაციის წანამძღვრები, არის საგულისხმო და განსაკუთრებული სამართლებრივი თვალსაზრისით, რამაც მოცემულ საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი.
კერძოდ, სამართლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცეს:
1.ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის ხარისხს, კონკრეტულად მმართველობითი საქმიანობის განხორციელებისას კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის პრინციპის გამოყენებას, რაც თავის მხრივ, პირდაპირ განაპირობებს ადმინისტრაციული წარმოების მხარის კანონიერ მოლოდინს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სწორედ სამართლით აღიარებული და კანონით განმტკიცებული პრინციპებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მმართველობითი სამართლის ამ უმნიშვნელოვანესი პრინციპის გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები სასარგებლო და სახელმძღვანელო იქნება, ერთი მხრივ, ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, მეორე მხრივ, სასამართლო ორგანოებისათვის ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრების მიზნის მისაღწევად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მმართველობის კანონიერება კომპლექსურად მოიცავს, როგორც საჯარო ინტერესების, ასევე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების (კერძო ინტერესის) და კანონის უზრუნველყოფის დაცვას. სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად არის დადგენილი სამართლის პრინციპებისა და მათი უზრუნველმყოფი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების ზედმიწევნით დაცვის ვალდებულება, რაც მინიმუმამდე ამცირებს კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით ეყრდნობა მითითებული პრინციპის არსთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 ნოემბრის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №319-315(2კ-12) ი. გ-ის სარჩელისა გამო თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ჩამოყალიბებულ მსჯელობებსა და დასკვნებს, კერძოდ:
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან. კანონის წინაშე თანასწორობა, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული კონკრეტული უფლებაა, ხოლო მეორე მხრივ, ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს ძირითადი უფლებებით სარგებლობის ზოგად წესს, უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე და იცავს ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან. კანონის წინაშე თანასწორობის ეს ზოგადი დებულება გულისხმობს სახელმწიფო აპარატის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას, დაუშვებელია ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე პირთა, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანო, კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლიც.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად, ამ მოთხოვნის დარღვევა სახეზეა მაშინ, როდესაც არ იკვეთება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარის შეზღუდვის ან მისთვის უპირატესობის მინიჭების გონივრული, საქმის არსიდან გამომდინარე საფუძველი, არამედ აშკარაა შეუსაბამობა განხორციელებულ ღონისძიებასა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შორის“.
,,მართალია, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი არ გულისხმობს, ფაქტებისადმი დიფერენციული მიდგომის აკრძალვას და არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ერთგვარად უნდა შეფასდეს, მაგრამ თანასწორობის პრინციპის არსი იმაში მდგომარეობს, რომ არსებითად ერთნაირი საქმის გარემოებების შემთხვევაში მიღებულ იქნეს ერთნაირი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, არამართებულია ი. გ-ის მიერ ნაწარმოები მიშენების კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებად იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არმიჩნევა, რომელიც მისი მეზობლის შემთხვევაში მიჩნეული იყო მშენებლობის ნებართვად, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხაზგასმით და მკაფიოდ არ არის დადასტურებული ის იურიდიული და ფაქტობრივი საფუძვლები, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა შესაძლებლობას მიეღო განსხვავებული გადაწყვეტილებები.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება.”
საკასაციო სასამართლო განმარტავს: კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას.
ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-368-357(კ-13) ა. თ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, პალატამ მიუთითა:
„საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ა. თ-ი არ აკმაყოფილებდა ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
კასატორის მიერ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში მტკიცებულების სახით დართული მასალებიდან დასტურდება, რომ თ. პ-ი, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 3 ოქტობრის №7/2-323 ბრძანების შესაბამისად, საკუთრებაში გადაეცა ქ. თელავში, ... ქუჩა (,,...“) №20, ბინა №10-ში საცხოვრებელი ფართი - 46,8 კვ.მ. აღნიშნული ბინით სარგებლობდა სულ და საცხოვრებლად სხვა ადგილას არ გადასულა, ასევეა გ. წ-ის შემთხვევაშიც (იხ. ს.ფ. 183-208; ტ.2), რაც შეეხება ვ. პ-ს, დადგენილია, რომ მისი საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სასამართლო წარმოებაშია დავა, როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა განმარტა აღნიშნულზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის (იხ. ს.ფ. სასამართლო სხდომის ოქმი, 2014 წლის 4 თებერვალი ს.ფ. 254-265; ტ.2).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ა. თ-ის მიმართ თანასწორობის პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დასტურდება სხვადასხვა პირების მიმართ განხილულ საქმეებზე ფაქტების იდენტურობა, შესაბამისად, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის არსი, რომ არსებითად იდენტური საქმის გარემოებების შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნეს ერთნაირი გადაწყვეტილება, დარღვეული არ არის. ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში ერთი პირის მიმართ უკანონო გადაწყვეტილების მიღება არ წარმოშობს მეორე პირის უფლებას იმავე სახის გადაწყვეტილებაზე, რამდენადაც ,,არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში“. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირების მიმართ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების შემთხვევაც კი, ვერ გახდება წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.“
საკასაციო სასამართლოს ო. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის გადამოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვა-გადაწყვეტისას დაშვებულია იმგვარი საპროცესო-სამართლებრივი დარღვევა, რომელმაც გამოიწვია საქმეზე იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების დადგენა.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასაციის წარმოდგენილი მოტივები ქმნის გასაჩივრებული განჩინების საპროცესო დარღვევებით გამოტანილად მიჩნევის საპროცესო კანონით (სსსკ-ის 393.2. მუხლი) განსაზღვრულ შემთხვევას. საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ სამართლებრივ არგუმენტაციას გადაწყვეტილების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ:
„სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს:
1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად;
2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას _ მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ - სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას.
მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის.“
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დოქტრინის მიხედვით ყოველი პროცესუალური კანონმდებლობა აირეკლავს და ითვალისწინებს შესაბამისი დარგის მატერიალური კანონმდებლობის ინსტიტუტებს, პრინციპებს, მიზანს. ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავის სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას.
ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას საერთოდ არ იმსჯელა აპელანტ ო. ბ-ის ძირითად მოტივზე - მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, ამ კუთხით საქმის მასალები საერთოდ არ არის გამოკვლეული და შეფასებული, რის გამოც, აპელაციის უმნიშვნელოვანესი მოტივი გაქარწყლებული არ არის, შედეგად, საქმეზე დადგენილი გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში ასევე არაერთგზის განმარტა
ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტი -
ლებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი
იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
საქმის მასალებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დასტურდება: ქ. ბათუმი, ... ქუჩა №107-ში მდებარე უძრავი ქონება, სართული მე-2, ფართი: 50.26 კვ.მ, საკადასტრო კოდით: №..., თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ო. ბ-ის, ფ. ბ-ის და მ. ბ-ის სახელზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინებით გ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ა-ამ სარჩელი მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ, ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 02 მაისის №02/148 ბრძანების ბათილად ცნობისა და ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107-ში მდებარე №10 ოთახში არსებული 18.7 კვ.მ ფართის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე გ. ა-ას საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით მიჩნეული იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
2010 წლის 1 აპრილს ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107–ში შეიქმნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’, რომელმაც 2010 წლის 21 ივლისს საკუთრებაში დაირეგისტრირა სახლის ქვეშ მდებარე და ეზოს მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 2546 კვ. მეტრი. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №....
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ 2012 წლის 22 ივლისის საერთო კრების №6 ოქმის თანახმად დადასტურდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ წევრების - ფ. ბ-ის, მ. ბ-ის, ო. ბ-ის მიერ 38.62 (3.84 საცხოვრებელი ბინაზე მიშენებული ფართი 34.78 კვ.მ საერთო სარგებლობის) კვ.მ სარგებლობის ფართების ფლობის ფაქტი. ამავე კრების ოქმის თანახმად ფ. ბ-ეს, მ. ბ-ეს და ო. ბ-ეს უფლება მიეცათ, რომ კრებაზე წარმოდგენილი ნახაზების შესაბამისად ინდივიდუალურ საკუთრებად დაირეგისტრირონ მათ სარგებლობაში არსებული 38.62 კვ.მ ფართი.
ქ. ბათუმის მერიამ 2013 წლის 6 თებერვლის განცხადების - შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად, სახელმწიფო საბინაო ფონდში შემავალი ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე არსებული 18.70 კვ.მ არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის საჯარო რეესტრში თვითმმართველ ქ.ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით №882013047131-03 რეგისტრაციის შესახებ და ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107, ფართით: 18.70 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №... საკუთრების უფლებით აღირიცხა თვითმმართველი ქ.ბათუმის მერიის სახელზე.
2013 წლის 5 მარტს ო. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107-ში მდებარე 38,62 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემა.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანო-საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 15 მარტის №02/158 ბრძანებით ო. ბ-ეს, ფ. ბ-ეს და მ. ბ-ეს ქ. ბათუმში, ... ქუჩა №107-ში მდებარე 38.62 კვ.მ საცხოვრებელი და საერთო სარგებლობის ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემაზე ეთქვათ უარი.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის ორი არგუმენტი, ქ. ბათუმის მერიამ ... ქ. სახლი №107 სხვა მეზობლებს გადასცა საკუთრებაში ოთახები, რომლებითაც ისინი არ სარგებლობდნენ და მას მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა გადახდის ქვითრები და სარგებლობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე, №10 ოთახით, უარი უთხრეს პრივატიზაციაზე, რითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია თანასწორობის პრინციპი, ასევე, ის პრეიუდიციული ფაქტი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით (საქმეზე, ო. ბ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების, ბათუმის მერიისა და გ. ა-ას მიმართ), იქნა დადგენილი - „ქ. ბათუმი, ... ქ. #107, ოთახი #10, 1994 წლიდან დაიკავა ო. ბ-ემ, მას შემდეგ იხდის კომუნალურ გადასახადებსა და გარდა ამისა, ფართის მეპატრონეს ანუ „...“ უხდის ქირის შესაბამის გადასახადს. მესაკუთრეს ამ ხნის განმავლობაში ო. ბ-ის მიმართ ფართის გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით დავა არ ჰქონია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1994 წლიდან ფართის დამქირავებელი ო. ბ-ე გახდა“ (იხ, გადაწყვეტილება, ს.ფ.16; ტ.1.), არ არის გამოკვლეული და შეფასებული არც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს და არც ქვემდგომი სასამართლოების მიერ, რის გარეშეც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველი სამართალურთიერთობის სამართლიანი გადაწყვეტა შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უდავოდ, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების ნორმები, კერძოდ, აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული, მათ შორის, ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხდება მხოლოდ ფართობის კანონიერი მოსარ-
გებლეებისათვის, ამავე ბრძანებულების მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად. არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება.
ამავე ბრძანებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნტის შესაბამისად, კი კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ანუ იმისათვის რომ პირი მიჩნეულ იქნეს კანონიერ მოსარგებლედ, მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული რაიმე სახის იურიდიული დოკუმენტი იმისა, რომ იგი მართლზომიერად ფლობს ფართს და წარმოადგენს კანონიერ მოსარგებლეს.
ამავე ბრძანებულების მე-4 მუხლში ჩამოთვლილია კანონიერი მოსარგებლის განცხადებისთვის - არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, თანდასართავი დოკუმენტები (მე-3 პუნქტი), მათ შორის, დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ამ დებულების ამოქმედებამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი (,,ვ“ ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო იზიარებს დასკვნას, რომ პირს, მოთხოვნილი ფართის ფლობასთან ერთად ასევე აუცილებელია გააჩნდეს ფართის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ამ ბრძანებულების შესრულება სპეციფიკურ ხასიათს ატარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია ქ. ბათუმის მერიის ქ. ბათუმში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხის განმხილველი კომისიის 2009 წლის 31 ივლისის #9 ოქმის ასლი, რომლის მიხედვით ფ. ბ-ის, მ. ბ-ის და ო. ბ-ის ქ. ბათუმში, ... ქ. #107 -ში მდებარე 29,39 კვ.მ. ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე მსჯელობისას მითითებულია, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ 2007 წლის 10 აგვისტოს #396 ბრძანებით დამტკიცდა ქ. ბათუმში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხის განმხილველი კომისიისა და ამავე კომისიის საქმიანობის ხელშემწყობი ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქცია, რომელშიც განისაზღვრა იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, წარმოადგენდა მოთხოვნილი ფართის კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, კერძოდ, მე-5 მუხლით დადგენილია განცხადების შეტანის წესი - არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია პირის წერილობითი განცხადება, რასაც თან უნდა დაერთოს: „ა“, „ე“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი დოკუმენტები, ხოლო, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით: ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა, ესენია:
ა) უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემაზე მოთხოვნილ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ორდერი;
ბ) უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემაზე მოთხოვნილ არაპრივა-ტიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
გ) უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემაზე მოთხოვნილი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასცხოვრებელი ფართის საბინაო წიგნი;
დ) უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემაზე მოთხოვნილი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის სააღრიცხვო (პირადი) ბარათი, რომლის დედან (ორიგინალ) პირზე დასმული უნდა იყოს მისი შევსების დროისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ხელმოწერა და ბეჭედი ან მისი შევსების დროისათვის გამცემი ორგანიზაციის მიერ დასმული შტამპი, რომელიც იძლევა გამცემი ორგანიზაციის იდენტიფიკაციის საშუალებას.
ე) უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემაზე მოთხოვნილი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ (18.70 მ2 ფართის გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (იხ, ს.ფ. 34-37; ტ.1) მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლებად მითითებულია: 1. მოთხოვნილი ფართი, 2013 წლის 12 თებერვლის საკადასტრო კოდი #..., ამონაწერის თანახმად რეგისტრირებულია თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკუთრებაში, მაშინ როცა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულების შესაბამისად. მოთხოვნილი ფართი საჯარო რეესტრში არ უნდა ირიცხებოდეს არც სხვა პირების, ასევე არც სახელმწიფო, აჭარის ა/რ და არც თვითმმართველი ქალაქის სახელზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი სასამართლოების გამოკვლევისა და შეფასების მიღმა დარჩა ო. ბ-ის მიერ სარჩელშივე მითითებული გარემოება, რომ მისი ოჯახის განცხადება ამ ფართის მოთხოვნით ჯერ კიდევ 2012 წლის 26 სექტემბერს არის წარდგენილი ბათუმის მერიაში, რა დროსაც სადავო ფართი არავის სახელზე არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რომ მერიამ გააჭიანურა განცხადების განხილვა და 2012 წლის 12 თებერვალს, დაირეგისტრირა რა ეს ფართი საჯარო რეესტრში, 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით (უკვე 05 მარტის განცხადებაზე) უარი უთხრა მის გადაცემაზე ( იხ, ს.ფ.3-4; ტ.1), აღნიშნული გარემოება საჭიროებს გამოკვლევას და 2012 წლის 26 სექტემბერს განცხადების შეტანის ფაქტის დადასტურების პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოსაგან სათანადო განმარტებასა და ადეკვატურ დასაბუთებას მოითხოვს, რათა სარწმუნოდ დადგინდეს, ბათუმის მერიის მიერ თვითმმართველობის მიუკერძოებლობის პრინციპით განხორციელება, სზაკ-ის მე-8 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. გასაჩივრებულ აქტში საერთოდ არ არის გამოყენებული ქ. ბათუმის მერიის მიერ 2007 წლის 10 აგვისტოს #396 ბრძანებით დამტკიცებული ქ. ბათუმში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხის განმხილველი კომისიისა და ამავე კომისიის საქმიანობის ხელშემწყობი ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის ნორმები, კერძოდ, გადაწყვეტილებაში არ არის გადმოცემული მსჯელობა, აკმაყოფილებდა თუ არა ო. ბ-ის განცხადება, ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნას - უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემაზე მოთხოვნილი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს აკმაყოფილებდა თუ არა ო. ბ-ე ზემომითითებულ დანაწესს, იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ „1994 წლიდან ფართის დამქირავებელი ო. ბ-ე გახდა“ , სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, სახეზე იყო თუ არა სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევა, კერძოდ, იმგვარი ფაქტი, რომელიც დამტკიცებას არ საჭიროებს. ბათუმის მერიას სადავო აქტში ო. ბ-ის არგუმენტები არც ამ ნაწილში გაუქარწყლებია, ასევე, გაურკვეველია, სხვა პირების მიმართ გამოცემულ აქტებში გამოიყენებოდა თუ არა მითითებული ინსტრუქციის ნორმები, რასაც არც ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან არ მისცემია სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების - ოფიციალობის პრინციპის საფუძველზე მოიპოვოს საქმის კანონიერად გადასაწყვეტად აუცილებელი მტკიცებულებები, გამოიკვლიოს და სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საერთოდ გამოუკვლეველია ფაქტობრივი გარემოებები სამართალწარმოების ყველა სტადიაზე მოსარჩელის ძირითად მოტივზე - თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით ბათუმის მერიას მიღებული აქვს პოზიტიური გადაწყვეტილებები სხვადასხვა პირების მიმართ, მაგ.: პ. ჭ-ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება; ვ. ბ-ესა და ა. მ-ზე 2011 წელს 14 სექტემბერს განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან უძრავ ნივთზე, მდებარე ... ქ. №107 ბინა №9 42,74 კვ.მ. ფართი, უფლების დამდგენ დოკუმენტად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ საერთო კრების ოქმის №10 საფუძველზე, აღნიშნული რეგისტრაცია განხორციელდა 2011 წელს, ამ დროს კი რეგისტრირებული ფართის მესაკუთრეს წარმოადგენდა ბმა ,,...“, ფართი ირიცხებოდა მის საკუთრებად, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოების - ბათუმის მერიაში ო. ბ-ის განცხადების ჯერ კიდევ, იმ პერიოდში წარდგენის, ვიდრე ის ბათუმის მერიის სახელზე აღირიცხებოდა, დადგენა-შეფასების გარეშე, გაურკვეველია ამ პირებისა და ო. ბ-ის საქმის გარემოებები იყო თუ არა იდენტური. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაამოწმოს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იდენტურ საქმეებზე, რომელმაც უნდა დაასაბუთოს, ერთგვაროვანი კანონიერი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა, რასაც სააპელაციო სასამართლომ უნდა მისცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 4.3. მუხლით დადგენილი აკრძალვის - იდენტურ გარემოებებში სხვადასხვა პირების მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, უგულებელმყოფი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ეწინააღმდეგება არა მხოლოდ აქტის გამოცემის კანონით დადგენილ წესს, არამედ საჯარო მმართველობის კანონიერებისა და მიუკერძოებლად განხორციელების, კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტს, ამდენად, სრულფასოვანი, ობიექტური და ეფექტიანი სასამართლო კონტროლი დარღვეული საჯარო წესრიგის აღდგენისთვის სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანას წარმოადგენს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაშიც კი, ერთი პირის მიმართ უკანონო გადაწყვეტილების მიღება არ წარმოშობს მეორე პირის უფლებას იმავე სახის გადაწყვეტილებაზე, რამდენადაც ,,არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში“, რაც საქმის მასალების ობიექტური გამოკვლევით უნდა დადგინდეს.
აგრეთვე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოსარჩელის სხვა მოთხოვნებზე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №882013047131 გადაწყვეტილების ქ. ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლებით ქ. ბათუმში, ... ქ. №107-ში მდებარე 18,70 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი ¹...) რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ, ასევე, ქ. ბათუმის მერიის 2013 წლის 6 თებერვლის №25-04/228 მიმართვის ბათილად ცნობის (ამ ნაწილში მოთხოვნა დააზუსტა და სარჩელის ტრანსფორმაცია მოხდა სასამართლო სხდომაზე; 2013 წლის 17 სექტემბრისა და 2013
წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმები) შესახებ, ამ მოთხოვნებზე სასამართლო დასკვნა საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული, რაც უხეშად ეწინააღმდეგება საქმის განხილვა-გადაწყვეტის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ იმპერატიულ წესებს.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის ამ მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმება
უნდა დააფუძნოს ო. ბ-ის მიერ 2012 წლის 26 სექტემბერს განცხადების ბათუმის მერიაში შეტანის ფაქტის დადასტურების/არდადასტურების შედეგს და შესაბამისად, იმსჯელოს, თუ მოთხოვნის მომენტში საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73-ე ბრძანებულების შესაბამისად მოთხოვნილი ფართი საჯარო რეესტრში არ ირიცხებოდა არც სხვა პირების, ასევე არც სახელმწიფო, აჭარის ა/რ და არც თვითმმართველი ქალაქის სახელზე, განცხადება უნდა განხილულიყო იმ დროისთვის არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ამავე კონტექსტში უნდა შემოწმდეს საჯარო რეესტრისადმი ქ. ბათუმის მერიის 2013 წლის 6 თებერვლის №25-04/228 მიმართვის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტის საფუძველზე განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რის მიმართ პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს ქ. ბათუმის მერიის 2013 წლის 6 თებერვლის №25-04/228 მიმართვა საჯარო რეესტრში ფართის დარეგისტრირების მოთხოვნით იყო თუ არა განპირობებული ო. ბ-ის განცხადების დაკმაყოფილების გამომრიცხავი საფუძვლის - ფაქტობრივი გარემოების შექმნის განზრახვით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სზაკ-ის 1.2. მუხლით დეკლარირებულ საჯარო მმართველობის მიზანს - ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უზრუნველყონ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-368-357(კ-13) ა. თ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ,
პალატამ მიუთითა:
„საკასაციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს სამართლებრივი შეფასება მისცეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის უმოქმედობას, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ რეაგირების გარეშე დატოვა ასმათ თარაშვილის განცხადება და მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის საჯაროსამართლებრივი ვალდებულების განსაზღვრა შეუძლებელია, დამოკიდებული იყოს საჯარო მოხელეების განწყობასა და შეხედულებებთან, ასეთ პირობებში არ იარსებებს სამართლებრივი სახელმწიფოს განცდა და აზრი ეკარგება პირის კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ.“
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე № ბს-122-115 (2კ-13) შპს „...“ სარჩელისა გამო თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ჩამოყალიბებულ მსჯელობებსა და დასკვნებს, კერძოდ:
„საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში,
საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მუხლი 12. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია:
1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს;
2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას გამოიკვლიოს ო. ბ-ის პროცედურული უფლების რეალიზაციის თარიღი და უტყუარად დაადგინოს იგი, შესაბამისად, შედეგის მიხედვით შეაფასოს მოპასუხე ადმინისტრა-
ციული ორგანოს საპროცესო მოქმედებათა და მათ შედეგად მიღებული გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტები სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტების არასწორ დადგენასთან და კანონის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით იურიდიულად დასაბუთებულია, შესაბამისად, ქვემდგომი სასამართლოების სამართლებრივი შეფასებები არასწორია და არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის პრინციპებისა და კონკრეტული ნორმების სწორი გამოყენება – განმარტებიდან, სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის დადგენილი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებიდან, რის გამოც მოცემული დავა ექვემდებარება ხელახლა განხილვას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით სახეზეა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/