Facebook Twitter

№ბს-298-295(კ-14) 23 სექტემბერი , 2014 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე;

კასატორი (მოსარჩელე) – რ. ს-ა; წარმომადგენელი - გ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი - ა. თ-ე

მესამე პირი - ა. ი-ი; წარმომადგენელი: ნ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელე – რ. ს-ა;

წარმომადგენელი - გ. ჭ-ე;

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური;

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 24-ე მუხლების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალდებულება.

სარჩელის საგანი:

დაევალოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს ბათილად ცნობას 2008 წლის 26 ივნისის №882008191107-03 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, უძრავი ნივთი, მდებარე სოფ. ..., ფართობით: 501.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი:...) განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეფორმით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, რ. ს-ას საკუთრებად; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 6 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-11; ტ.1).

სარჩელის საფუძველი:

ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელის მითითებით, 1995 წელს რ. ს-ას მიწის ნაკვეთის №85 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა გარდაბნის რ/ნ სოფ. ... ... დასახლებაში მდებარე 500 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი.

2008 წლის 23 ივნისს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა განცხადება №82008191107, განმცხადებლად მითითებული იყო რ. ს-ა, მისამართი სოფ. .... განცხადებით მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეფორმით მიღებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფ. .... განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 26 ივნისის 882008191107-03 გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა რ. ს-ას სახელზე.

მოსარჩელის მითითებით, 2006 წლის 26 ივნისის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 882008191107-03 გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამავე კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის ხელმოწერას. მოსარჩელის მტკიცებით, კი სარეგისტრაციო სამსახურისათვის რ. ს-ას სახელით გაკეთებულ განცხადებას ხელს აწერს არა ს-ა, არამედ - სხვა მოქალაქე, როგორც განცხადებიდან ჩანს, ვინმე ნ-ი, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, ნიშნავს იმას, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა წარმოებაში მიიღო დაინტერესებული პირის მიერ ხელმოუწერელი განცხადება თანდართული მასალებით, რაც არის ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც დაინტერესებული პირის ხელით გაკეთებულია ხელმოწერა ,,...“. მოსარჩელის განმარტებით, რ. ს-ამ წერა არ იცის, რაც დასტურდება რწმუნებულებით, რომელზედაც მისივე თანხმობით და მისივე თანდასწრებით ხელი მოაწერა ორმა პიროვნებამ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. 2013 წლის 4 სექტემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს და მოითხოვა 2008 წლის 26 ივნისის 882008191107-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, როგორც კანონსაწინააღმდეგო, ვინაიდან დაინტერესებული პირის - რ. ს-ას განცხადებაზე არ იყო განმცხადებლის ხელმოწერა, განცხადებას არ ერთვოდა მინდობილობა, რომელიც უფლებას მისცემდა მინდობილ პირს გაეკეთებინა თავისი ხელმოწერა, ამასთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა რა რ. ს-ას მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობა, სადაც გარკვევით ჩანდა, რომ რ. ს-ამ არ იცის წერა კითხვა, რაზედაც 2013 წლის 6 სექტემბრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №158489 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი, იმ მოტივით, რომ მის მიერ წარდგენილი განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენდა საჩივარს და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბათილად არ იქნება ცნობილი, ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. იქვე სარეგისტრაციო სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს.

სამართლებრივი: მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე, მე-80, 178-ე და მე-601 მუხლებს და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლს (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ი-ი (იხ. ს.ფ. 62-63; ტ.1).

მესამე პირმა - ა. ი-მა წერილობითი შეპასუხებით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 70-76; ტ.1).

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის შესაგებელი:

ფაქტობრივი: ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებული არ აქვს.

სამართლებრივი: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი“. იმავე კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,,რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის საფუძველზე, ,,თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის მე-4 თავით გათვალისწინებული დებულებანი“, ამავე კოდექსის 80.4 მუხლის შესაბამისად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს“ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, კანონიერია და არა არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №882008191107-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ამ ნაწილში მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, 2008 წლის 23 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა რ. ს-ას განცხადება გარდაბანში, სოფ. ..., მდებარე 500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სარეგისტრაციო დოკუმენტად წარმოდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტი №189. სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად იმ გარემოების მითითებას, რომ განცხადება დაწერილია არა რ. ს-ას, არამედ სხვა პირის მიერ, აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს. სარჩელსვე ერთვის თან ის დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა და კანონით დადგენილი წესით დოკუმენტაციის სიყალბე არ დადგენილა, რაც გამორიცხავს რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების არსებობას, ხოლო განცხადების ხელმოწერა არაუფლებამოსილი პირის მიერ ცალსახად უკანონო ქმედებაა.

ასევე რ. ს-ას წერა-კითხვის უცოდინარობასთან დაკავშირებით მოპასუხე განმარტავს, რომ ამ ფაქტს აქარწყლებს ის, რომ სარჩელზე თანდართული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (გაფორმებული 2008 წლის 27 ივნისს დამოწმებული ნოტარიუს მ. მ-ის მიერ, სანოტარო რეესტრში რეგისტრაციის №1-3236), რომლითაც დასტურდება, რომ რ. ს-ამ გაყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. აღნიშნული ხელშეკრულება დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ და მასში ასევე არ არის მითითება იმის თაობაზე, რომ გამყიდველი - ს-ა წერა-კითხვის უცოდინარია, საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზიც ასევე ხელმოწერილია რ. ს-ას მიერ, რაც აქარწყლებს იმ გარემოებას, რომ რ. ს-ა ვერ მოაწერდა ხელს სარეგისტრაციო განცხადებას (იხ. ს.ფ. 80-87; ტ.1).

2013 წლის 24 დეკემბრის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 6 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, როგორც აქტის გამომცემმა ორგანომ ბათილად ცნოს 2008 წლის 26 ივნისის №882008191107-03 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც უძრავი ნივთზე, მდებარე სოფ. ..., ფართობით: 501.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი:...), განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეფორმით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, რ. ს-ას საკუთრებად (იხ. ს.ფ. 162-171; ტ.1).

მესამე პირმა - ა. ი-მა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. სხდომის ოქმი 24.12.13. 162-171; ტ.1).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების /სარეზოლუციო ნაწილის/ შინაარსი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები:

2013 წლის 4 სექტემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №882008191107-03 (26.06.2008) გადაწყვეტილების გაუქმება, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 06 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რ. ს-ას წარმომადგენელს 2013 წლის 4 სექტემბრის №143141/17 ადმინისტრაციული განცხადების (თავისი შინაარსით საჩივრის) განხილვაზე.

2008 წლის 27 ივნისს რ. ს-ასა და ა. ი-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რ. ს-ამ გაყიდა, ხოლო ა. ი-მა იყიდა უძრავი ქონება, 501,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფ. .... აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება გასაჩივრდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. ს-ას სარჩელი. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

უძრავი ქონება, 501,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონი სოფ. ..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა. ი-ის სახელზე.

2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე, მდებარე, სოფელი ... (საკადასტრო კოდი: ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში 2008 წლის 23 ივნისის განცხადებაზე რ. ს-ას ხელმოწერა არ არის შესრულებული მის მიერ.

ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 6 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილების კანონიერება, ვინაიდან მოსარჩელის განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ორგანო, აღნიშნულიდან გამომდინარე, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო, თვითონ მიეღო გადაწყვეტილება აღნიშნულზე, არ მიეჩნია იგი საჩივრად და არ დაებრუნებინა განცხადება უკან.

სასამართლოს დასკვნები - საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ს-ას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სადავო ფაქტების არ გაზიარების თაობაზე საქალაქო სასამართლოს შეფასება:

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს სასამართლოში არ წარუდგენია უფლების რეგისტრაციისას სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში 2008 წლის 23 ივნისს წარდგენილ განცხადებას და აზომვით ნახაზს ხელს აწერს არა რ. ს-ა, არამედ სხვა პირი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ შეიძლება, გაზიარებული იქნეს მოსარჩელის პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან 2008 წლის 23 ივნისის განცხადებას დართული აქვს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზსაც ხელს აწერს რ. ს-ა. ამასთან, მოსარჩელეს არ მიუთითებია და არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ როგორ მოხვდა მისი პირადობის მოწმობის ასლი არაუფლებამოსილ პირთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია მოსარჩელესა და მე-3 პირს შორის არსებული 2008 წლის 27 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელსაც ორივე მხარე ქართულად აწერს ხელს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. იმავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნებიან ცნობილნი.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში რ. ს-ას წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და უარი განაცხადა 601.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებაზე (ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო). განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კანონიერ ძალაში შესული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტი და ფიზიკური პირის განცხადება, რომლითაც განმცხადებელი ადმინისტრაციული ორგანოსაგან ითხოვს, ბათილად ცნოს ადმინისტრაციული აქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა და სადავოდ გამხდარი არ ყოფილა.

სასამართლოს განმარტებით, ყველა ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე სამართლებრივი კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება სასამართლოს არ გააჩნია. სასამართლო იხილავს კანონით გათვალისწინებული წესით წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობის საკითხს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 06 სექტემბრის 158489 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. გადაწყვეტილება განეკუთვნება 601.3 მუხლის ფარგლებში მიღებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის ბათილად ცნობის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი ვერ უთითებს, თუ რომელ კანონს ეწინააღმდეგება გასაჩივრებული აქტი ან მისი მომზადების და გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი რომელი მოთხოვნები დაირღვა.

სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ 2008 წლის 26 ივნისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 882008191107-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლის საფუძველზედაც უძრავ ნივთზე მედებარე სოფ. ..., ფართობი 501,00 კვ.მ (ს.კ ...) განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეფორმით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს. ამ უკანასკნელმა მოსარჩელის წარმომადგენელს უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. მითითებული ნორმა ადგენს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესს და იგი იმპერატიული ხასიათისაა.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, კერძოდ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დავალება, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან კანონშესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება რ. ს-ას წარმომადგენელ გ. ჭ-ის 2013 წლის 4 სექტემბრის 143141/17 ადმინისტრაციული განცხადების (თავისი შინაარსით საჩივრის) განხილვის შესახებ და შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის 2008 წლის 26 ივნისის 882008191107-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დავალების შესახებ.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-5, 29-ე მუხლებითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 და მე-601 მუხლებით (იხ. ს.ფ. 177-184; ტ.1).

აპელანტი: რ. ს-ა;

წარმომადგენელი: გ. ჭ-ე;

მოწინააღმდეგე მხარე: (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური;

წარმომადგენელი: ა. თ-ე;

მესამე პირი - ა. ი-ი;

წარმომადგენელი: ნ. ბ-ე;

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი: აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ დაამახინჯა ფაქტები და უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ის, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა 2013 წლის 4 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით და მოითხოვა ამავე სამსახურის მიერ 2008 წლის 26 ივნისს მიღებული №882008191107-03 გადაწყვეტილების გაუქმება, რაც არასწორია. მან სასამართლოში ხაზგასმით მიუთითა, რომ ეს არ იყო ადმინისტრაციული საჩივარი, იყო თხოვნა, განცხადება, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს ბათილად ეცნო მის მიერვე გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 6 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილებით, როგორც რ. ს-ას წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციულ საჩივრად მიიღო განცხადება მის მიერვე გამოცემული უკანონო აქტის ბათილად ცნობის თხოვნით და თვითონვე თქვა უარი მის განხილვაზე. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 23 ივნისის განცხადება უფლების რეგისტრაციის შესახებ წარდგენილია რ. ს-ას სახელით, მაგრამ სხვა პირის ხელმოწერით.

აპელანტის მითითებით, 2008 წლის 23 ივნისს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა რ. ს-ას სახელით გაკეთებული განცხადება და დოკუმენტები უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის შესახებ. განცხადებას ხელს აწერს არა რ. ს-ა, არამედ ვინმე ნ-ი და ეს კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც. იგივე ნ-ი იხდის სარეგისტრაციო თანხას და განცხადებაზე ხელმოწერის იდენტურად აწერს ხელს გადახდის ქვითარზე. სარეგისტრაციო სამსახურს ასევე წარედგინა რ. ს-ას პირადობის ასლი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც დაინტერესებული პირის სახელით არის ხელმოწერა „...“, პირადობის ასლზეც არის ხელმოწერა „....“ რ. ს-ას განმარტებით, მას არ მიუმართავს საჯარო რეესტრისათვის უძრავი ქონების რეგისტრაციის თხოვნით, არ მიუცია რწმუნებულება არავისთვის, ასევე განცხადებაზე და საკადასტრო ნახაზზე არსებული ხელმოწერები მას არ ეკუთვნის და საერთოდ არაფერი იცოდა მასზე რიცხული ქონების რეგისტრაციის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ არ იცის ქართული წერა-კითხვა და იმ დოკუმენტებზე, სადაც ის ნამდვილად აწერდა ხელს, ამას აკეთებდა მისთვის წინასწარ დიდი შრიფტით დაწერილი ასოების გადახატვით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის ხელმოწერას. საჯარო რეესტრის გარდაბნის სამსახურისათვის წარდგენილ განცხადებაზე კი არ იყო ს-ას ხელმოწერა, სარეგისტრაციო სამსახურმა არ გამოიკვლია წარდგენილი დოკუმენტები და ისე დაარეგისტრირა ქონება.

სამართლებრივი: აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე, 96-ე და 97-ე მუხლების მოთხოვნები და მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ამ გარემოებების მითითებით მიმართა განცხადებით გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს, რომ გამოეყენებინა მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლება და ბათილად ეცნო მის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი. მაგრამ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა თავისი 2013 წლის 6 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილებით უარი თქვა განცხადების განხილვაზე. უარის თქმის საფუძვლად კი მიუთითა, რომ განცხადება თავისი შინაარსით იყო ადმინისტრაციული საჩივარი და საჯარო რეესტრის კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოს წესით. რაც ასევე არასწორია, ვინაიდან როცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლით განცხადებით მოთხოვნილი საკითხი სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, ის ვალდებულია, არა უგვიანეს 5 დღისა, მასალები და განცხადება გადაუგზავნოს უფლებამოსილ ორგანოს. ამავე კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს სრული უფლება ჰქონდა განეხილა მოთხოვნილი საკითხი და მიეღო გადაწყვეტილება. მაგრამ, როგორც განცხადებიდან ჩანს, მან განცხადება მიიღო ადმინისტრაციულ საჩივრად. ამ შემთხვევაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და წყვეტს ადმინისტრაციული აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ზემდგომი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, თუ ასეთი არის ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო თუ აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ და ადმინისტრაციული ორგანოს სახელით ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №882008191107-03 გადაწყვეტილება გამოტანილია სარეგისტრაციო სამსახურის სახელით და ამდენად, თუ განცხადება საჩივრად მიიღო, მას როგორც არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ჰქონდა მისი განხილვის ან მის განხილვაზე უარის თქმის უფლება. მას ის უნდა გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის №158489 გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. სამოტივაციო ნაწილის მე-6 პუნქტში სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში რ. ს-ას წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და უარი განაცხადა მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებაზე. თავად აქტში გარკვევით არის მითითებული, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არც გახსენებია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილი. მან განცხადება საჩივრად მიიღო და არ იმსჯელა მის ბათილად ცნობაზე. ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის გარდაბნის სამსახურის 2013 წლის 6 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ის განეკუთვნება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის ფარგლებში გამოცემულს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა უარი თქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმას ითვალისწინებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლი და ამის უფლება აქვს საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური კი იყო და არის არაუფლებამოსილი. არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული აქტი არის უკანონო და ის მე-601 მუხლით ბათილად უნდა იყოს ცნობილი.

სასამართლო სამოტივაციო ნაწილის ერთ პუნქტში აცხადებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი 2013 წლის 6 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილებით იმსჯელა ბათილად ცნობის შესახებ და გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევით. ამასთან, იმავე გადაწყვეტილებით სასამართლომ უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო ცრუობს, როცა მიუთითებს, რომ მას არ უჩვენებია, თუ რა კანონი დაარღვია ადმინისტრაციულმა ორგანომ 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოცემისას, ვინაიდან მან სარჩელშიც და სასამართლო სხდომაზეც გარკვევით მიუთითა, რომ მისი განცხადება არ იყო ადმინისტრაციული საჩივარი, ის იყო უბრალოდ თხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ბათილად ეცნო მის მიერვე გამოცემული უკანონო ადმინისტრაციული აქტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და ამდენად მას უნდა განეხილა განცხადება და თუ მოთხოვნას საფუძვლიანად ჩათვლიდა, დაეკმაყოფილებინა, თუ არადა უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე. ამით ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავი, კერძოდ, 178-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის შესაბამისადაც გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური არ არის უფლებამოსილი მის მიერვე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტზე შეტანილი საჩივრის განხილვაზე, არც მისი დაკმაყოფილების და არც მის განხილვაზე უარის თქმის კუთხით. მას საჩივარი უნდა გადაეგზავნა ეროვნულ სააგენტოში და სწორედ ის იყო უფლებამოსილი მიეღო მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილება. მან ეს გარკვევით მიუთითა სარჩელშიც და სასამართლოშიც. თავის გადაწყვეტილებაში კი სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს ამ გარემოებაზე.

აპელანტის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე არ დაკმაყოფილდა მეორე სასარჩელო მოთხოვნა - საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს დავალებოდა გამოეცა ახალი აქტი მის მიერვე 2008 წლის 26 ივნისის №882008191107-03 მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. ამ აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად იგი მიუთითებდა იმ ფაქტს, რომ წარდგენილ განცხადებაზე არ არის დაინტერესებული პირის ხელმოწერა, მასზე მიღებული გადაწყვეტილება თავისთავად უკანონოა, მაგრამ სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნის უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუ პირმა როგორ უნდა მოაწეროს ხელი განცხადებას ან სხვა დოკუმენტს. მართალია, კანონი არ განსაზღვრავს როგორ უნდა მოაწეროს ხელი კერძო პირმა კონკრეტულ დოკუმენტს, მაგრამ ეს არის იშვიათი მოვლენა, პრაქტიკაში ეს არ გამოიყენება და ყველა თავის სახელსა და გვარს სცემს პატივს. ამდენად, როცა რ. ს-ას სახელით გაკეთებულ განცხადებაზე საჯარო რეესტრმა ნახა სხვა გვარით გაკეთებული ხელმოწერა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ის ვალდებული იყო, გამოეკვლია ყველა გარემოება, თუ რით იყო ეს განპირობებული. მასვე ამ განცხადებასთან ერთად ჰქონდა რ. ს-ას პირადობის ქსერო ასლი, სადაც არის ხელმოწერა „...“, მას ჰქონდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც არის დაინტერესებული პირის ხელმოწერა „...“, მასვე ჰქონდა ასევე სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, სადაც იყო თანხის გადამხდელის ხელმოწერა და მისი პირადი ნომერიც. ხელმოწერა იყო აბსოლუტურად იდენტური განცხადებაზე არსებული ხელმოწერისა. ამ ვითარებაში სარეგისტრაციო სამსახური 96-ე მუხლის შესაბამისად ვალდებული იყო, გამოეკვლია ეს გარემოება და 97-ე მუხლის მიხედვით გასაუბრებოდა მაინც რ. ს-ას ამ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც მას არ გაუკეთებია, სწორად ამაში მდგომარეობს მითითებული გადაწყვეტილების უკანონობა. სასამართლომ ასევე უკანონოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა წინასაგამოძიებო მასალების გამოთხოვის შესახებ, სადაც ნ-ი ადასტურებს, რომ განცხადებას მან მოაწერა ხელი.

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ ასევე უკანონოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობები გრაფიკული ექსპერტიზის დაკმაყოფილების შესახებ, რითაც უტყუარად დადგინდებოდა, რომ რ. ს-ას სახელით წარდგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერები არ ეკუთვნოდა რ. ს-ას. რაც შეეხება გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ გარემოებას, რომ რეგისტრაციის შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულებით ქონება გადაფორმდა მესამე პირზე - ა. ი-ზე, ამ ნასყიდობის ხელშეკრულებით ს-ა შეყვანილი იყო შეცდომაში, მან არ იცოდა მასზე ქონების რეგისტრაციის ფაქტი, მისივე განმარტებით, ა. ი-მა ის ნოტარიუსთან წაიყვანა მოტყუებით, იმ მიზნით, რომ გაესწორებინათ ნაკვეთის ნომრები და სინამდვილეში კი მას ხელი მოაწერინეს ხელშეკრულებაზე, რომლის ნამდვილი შინაარსი მან არ იცოდა, ვინაიდან არ იცის ქართული წერა-კითხვა და არც ნოტარიუსს მოუთხოვია დამსწრე, რომელიც ამ აქტის გაფორმებას დაესწრებოდა და ს-ას მის ნამდვილ შინაარსს გააცნობდა. ამ გარემოებებთან დაკავშირებით გარდაბნის შინაგან საქმეთა სამმართველოში უკვე დაწყებულია გამოძიება და რამდენადაც მისთვის ცნობილია დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზებიც (იხ. ს.ფ. 191-202; ტ.1).

მესამე პირმა - ა. ი-მა სააპელაციო შესაგებლით მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 70-76; ტ.1).

სააპელაციო სასამართლოს განჩინების /სარეზოლუციოს/ შინაარსი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით რ. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 71-84).

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტები:

2013 წლის 4 სექტემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №882008191107-03 (26.06.2008) გადაწყვეტილების გაუქმება, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 06 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რ. ს-ას წარმომადგენელს 2013 წლის 4 სექტემბრის №143141/17 ადმინისტრაციული განცხადების (თავისი შინაარსით საჩივრის) განხილვაზე.

2008 წლის 27 ივნისს რ. ს-ასა და ა. ი-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რ. ს-ამ გაყიდა, ხოლო ა. ი-მა იყიდა უძრავი ქონება, 501,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე, გარდაბნის რაიონი სოფ. .... აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება გასაჩივრდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. ს-ას სარჩელი. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

უძრავი ქონება, 501,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონი სოფ. ..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა. ი-ის სახელზე.

2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე, მდებარე სოფ. ... (საკადასტრო კოდი: ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა.

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 20 თებერვლის №94/გრ კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 1. ხელმოწერა დოკუმენტზე, მითითებული №1 ცხრილში რიგითი ნომრით 1, შესრულებულია არა რ. ს-ას, არამედ სხვა პირის მიერ. დადგენა საკითხისა - აღნიშნული ხელმოწერა შესრულებულია თუ არა ა. ნ-ის ან ა. ი-ის მიერ შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის წარმოდგენილი აღნიშნული პირების მიერ შესაბამისი გრაფიკული გამოსახულებით შესრულებული ხელმოწერის ნიმუშები; 2. ხელმოწერები დოკუმენტებზე, მითითებული №1 ცხრილში რიგითი ნომრებით 2, 3, 4 და 5, სავარაუდოდ, შესრულებულია ალი ნ-ის მიერ; 3. ხელმოწერები დოკუმენტებზე, მითითებული №1 ცხრილში რიგითი ნომრებით 6, 7 და 8, შესრულებულია რ. ს-ას მიერ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამდენად, მითითებული ნორმით ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად არის დადგენილი, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ იქნეს დასაშვები და დაკმაყოფილებული, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არა მხოლოდ კანონს ეწინააღმდეგება, არამედ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. იმავე კოდექსის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ამდენად, ცალსახად დადგენილია, რომ დაუშვებელია, თუნდაც უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს მის მიმართ. ასეთი აქტი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს ბათილად ცნობილი, თუ იგი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ, ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს, ან ინტერესებს.

განსახილველ საქმეში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს, დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. მითითებული გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე, მდებარე: სოფ. ... (საკადასტრო კოდი: ...), 501 კვ.მ.ფართზე, საკუთრების უფლება დარეგისტრირდა რ. ს-ას სახელზე. რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სააპელაციო პალატის განმარტებით, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილება, როგორც აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კიდევაც რომ იყოს უკანონო, მაინც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან ამ აქტით არანაირი პირდაპირი და უშუალო ზიანი არ ადგება რ. ს-ას უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. უფრო მეტიც, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილებით რ. ს-ას ზიანი კი არ მიადგა, პირიქით, მის სასარგებლოდ, მის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ის მიწის ნაკვეთი (მდებარე: სოფ. ..., საკადასტრო კოდი: ..., 501 კვ.მ.ფართი), რომელიც მანამდეც, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მის საკუთრებას წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილებით - აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რ. ს-ას უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს არანაირი პირდაპირი და უშუალო ზიანი არ მიყენებია, ამიტომ, თუნდაც ამ გარემოების გამო, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი სარჩელის დაკმაყოფილების მთავარ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ განცხადებაზე და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ხელს აწერს არა რ. ს-ა, არამედ სხვა პირი. სააპელაციო პალატა, ერთი მხრივ, იზიარებს აპელანტის წარმომადგენლის მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის ხელმოწერას. განსახილველ შემთხვევაში კი საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ განცხადებას, რომლის საფუძველზეც მოხდა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილების მიღება და რ. ს-ას სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთი) აღრიცხვა, ხელს აწერს არა რ. ს-ა, არამედ სხვა პირი. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს გარემოება, ანუ განცხადებაზე და საკადასტრო აზომვით ნახაზზე განმცხადებლის - რ. ს-ას ხელმოწერის არარსებობა არ შეიძლება გახდეს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან, პირველ რიგში, ამ გადაწყვეტილებით არანაირი პირდაპირი და უშუალო ზიანი არ მიდგომია რ. ს-ას. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით არა თუ ზიანი არ მიყენებია აპელანტს, პირიქით, ამ გადაწყვეტილებით ისარგებლა და მას დაეთანხმა რ. ს-ა, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთის მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღის მომდევნო დღეს, ანუ 2008 წლის 27 ივნისს მან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა უძრავ ნივთზე და სადავო მიწის ნაკვეთი მიჰყიდა ა. ი-ს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილება რ. ს-ას არ გაუსაჩივრებია და სადავოდ არ გაუხდია სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მსჯელობა მასზედ, რომ რ. ს-ამ ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა. ჯერ ერთი, მართალია, განცხადებას უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ხელს არ აწერს რ. ს-ა, მაგრამ მან ამ რეგისტრაციის შესახებ ყველაფერი იცოდა და ეთანხმებოდა მას, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ რ. ს-ას პირადობის მოწმობის ასლი, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ასლი თან ერთვოდა განცხადებას და წარედგინა საჯარო რეესტრს. ეს დოკუმენტები კი სხვა პირთან ვერ მოხვდებოდა რ. ს-ას ნებართვის გარეშე, რაც იმას ადასტურებს, რომ რ. ს-ამ სადავო რეგისტრაციის შესახებ ყველაფერი იცოდა და ეთანხმებოდა მას. გარდა ამისა, 2008 წლის 27 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რაც სანოტარო წესით არის გაფორმებული და რასაც ხელს აწერს რ. ს-აც, ცალსახად არის მითითებული, რომ უძრავ ნივთზე რ. ს-ას საკუთრების უფლება დადასტურებულია გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილების საფუძველზე გაკეთებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ნოტარიუსი ასევე მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შინაარსი წაუკითხა და გააცნო მხარეებს. ამდენად, რ. ს-ას რომც არ სცოდნოდა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილების თაობაზე, ამას მაინც გაიგებდა 2008 წლის 27 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების და მისთვის ამ ხელშეკრულების გადაცემის მომენტიდან, ვინაიდან ამ ხელშეკრულებაში ცალსახად არის მოხსენიებული ზემოაღნიშნული გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილება, რაც რ. ს-ას არ გაუსაჩივრებია და სადავოდ არ გაუხდია.

რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სააპელაციო პალატის შეფასებით, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა სწორად უთხრა უარი რ. ს-ას წარმომადგენელს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ვინაიდან ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება უკანონოც რომ იყოს, მაინც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან არ არსებობს ძირითადი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორი: რ. ს-ა; წარმომადგენელი - გ. ჭ-ე;

მოწინააღმდეგე მხარეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური;

წარმომადგენელი: ა. თ-ე

მესამე პირი - ა. ი-ი

წარმომადგენელი: ნ. ბ-ე

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

კასაციის მოტივები:

პროცესუალური: კასატორის მითითებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.

მატერიალური: კასატორის განმარტებით, 2013 წლის 4 სექტემბერს განცხადებით მიმართა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე- 601 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც უკანონო აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ბათილად ეცნო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის სახელზე ქონების რეგისტრაციის შესახებ. უკანონობის საფუძვლად მითითებული იყო ის ფაქტი, რომ ვინაიდან, რ. ს-ას სახელით გაკეთებულ განცხადებაზე არ იყო ს-ას ხელმოწერა, ეს იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე და 78-ე მუხლების უხეში დარღვევა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა განცხადება ადმინისტრაციულ საჩივრად მიიღო და უარი თქვა მის განხილვაზე, რითაც უხეშად დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 182-ე მუხლები. კასატორის განმარტებით, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილება გამოცემულია გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის სახელით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ განცხადება მიიჩნია საჩივრად, მას არ ჰქონდა უფლება მიეღო რაიმე სახის გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით, ვინაიდან ის იყო საჩივრის განხილვაზე არაუფლებამოსილი ორგანო, ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმა გათვალისწინებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლით, ამ მუხლით გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური კი არის არაუფლებამოსილი, რაც აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს იმ საკითხზე, თუ რამდენად იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი უარი ეთქვა იმ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რომელიც შეტანილ იქნა მის მიერვე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტზე. სააპელაციო სასამართლო განჩინებაში განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სხვადასხვა მუხლებს, მაგრამ არაფერს ამბობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 182-ე მუხლების მოთხოვნებზე.

კასატორი ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებაზე - ბათილად ცნოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილება, მიუთითებს, რომ აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველია რ. ს-ას სახელით გაკეთებული განცხადება, მიღება-ჩაბარების აქტი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 20 თებერვლის №94/გარ კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა, დასკვნის თანახმად, ხელმოწერა დოკუმენტებზე მითითებული №1 ცხრილში რიგითი ნომრით შესრულებულია არა რ. ს-ას, არამედ სხვა პირის მიერ და მეორე, ხელმოწერები დოკუმენტზე მითითებული №1 ცხრილში რიგითი ნომრით 2, 3, 4 და 5, სავარაუდოდ, შესრულებულია ალი ნ-ის მიერ. დოკუმენტი №1 ცხრილში რიგითი ნომრით 1, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხელმოწერა შესრულებულია არა რ. ს-ას, არამედ სხვა პირის მიერ. ეს საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც უძრავი ქონების დასარეგისტრირებლად წარედგინა სარეგისტრაციო სამსახურს და ამ დოკუმენტზე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაინტერესებული პირის, რ. ს-ას სახელით ხელს აწერს სხვა პირი ე.ი. დოკუმენტზე დაინტერესებული პირის ხელმოწერა არის გაყალბებული.

კასატორის მტკიცებით, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოს განჩინებაში მითითებული ფაქტები ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დაინტერესებულ პირს, რ. ს-ას მარეგისტრირებული ორგანოსთვის განცხადებით არ მიუმართავს. დაინტერესებული პირის განცხადების გარეშე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, უკანონოა და შესაბამისად, უკანონოა ასეთი წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაც. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც ექსპერტის დასკვნის თანახმად, გაყალბებულია დაინტერესებული პირის ხელმოწერა, რაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დამატებითი საფუძველია. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლო ბოლომდე ვერ უარყოფს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილების უკანონობა და მიუთითებს, რომ ის როგორც აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კიდეც რომ იყოს უკანონო, მაინც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელეს არ ადგება არანაირი პირდაპირი და უშუალო ზიანი. კასატორის განმარტებით, თუ სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელს არ მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი ეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის დასაშვებობის საკითხია და თუ სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტს მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებია სარჩელი დაუშვებლად უნდა ეცნო და არა უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნაზე. სარჩელის დასაშვებობის თაობაზე მსჯელობა იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოშიც, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელეს შესაძლებლობა ეძლევა, გაეუქმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც მისი თქმით მოტყუებით დაადებინეს, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს არ გაუსაჩივრებია. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უარყო რა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა, მან დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნა და გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს (იხ. ს.ფ. 189-198; ტ.2).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა მოითხოვა რ. ს-ას წარმომადგენლის - გ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 111-112; ტ.2).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით რ. ს-ას წარმომადგენელმა გ. ჭ-ემ მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 114-115; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მ.)

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ს-ას წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია (იხ. ს.ფ. 117-119; ტ.2). .

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. ს-ას წარმომადგენლის გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია საპროცესო ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნების უგულებელყოფით.

საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების სახეები, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის და მისი დასაშვებობის შემოწმების საკითხი, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-122-115(2კ-13) შპს „...“ სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, საკასაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პირის მიერ შეტანილი საპროცესო დოკუმენტების სამართლებრივი ხასიათის განსაზღვრისა და მათი სტატუსის დადგენის კანონშესაბამისობას და აღნიშნა: ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის ზოგად ნაწილს, განსაზღვრავს კანონიერი მმართველობის მიზანსა და პრინციპებს, სახელმწიფოში არსებული ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ფორმებს, ადამიანის უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფის ინსტრუმენტებს, პროცედურებსა და წესებს, ამდენად, აღნიშნული სამართლის ინსტიტუტების სწორი გაგება-გამოყენება უშუალოდ განაპირობებს ადამიანთა ყოფას, საზოგადოებრივი წესრიგის ხარისხსა და კულტურას.

ამავდროულად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირის უფლების რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების რეალიზაციასთან, რაც კანონით დადგენილი რამდენიმე ფორმით ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს შემოწმებისა და შეფასების სფეროს. ამდენად, საჯარო მოხელეების მხრიდან პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საპროცესო დოკუმენტების ზუსტი კვალიფიკაცია უშუალო კავშირშია ადამიანის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული უფლებების უზრუნველყოფასთან, მმართველობის კანონიერების, თანასწორობისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპების განხორციელებასთან“.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ნათელია, რომ ადმინისტრაციული სამართლის ინსტიტუტების სწორი გამოყენება - განმარტება კვლავ პრობლემატურია და საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა ჯერ კიდევ ვერ გახდა სახელმძღვანელო სახელმწიფოში არსებული ადმინისტრაციული ორგანოებისათვის და მათი პრაქტიკისათვის, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობებში შესაბამისმა სასამართლო განმარტებამ აღნიშნულ საკითხზე ვერ უზრუნველყო ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოების მიერ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება.

სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია ფიზიკურ პირ - რ. ს-ასა და ადმინისტრაციულ ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს შორის, ფორმალურ-სამართლებრივ სფეროში, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილი საპროცესო დოკუმენტების კვალიფიკაციის კანონიერებასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, შეფასება მისცა დავის საგანს, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება:

1995 წელს რ. ს-ას მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №85 აქტით საკუთრებაში გადაეცა გარდაბნის რ/ს სოფ. ..., ... დასახლებაში მდებარე 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი.

2008 წლის 23 ივნისს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, მდებარე: გარდაბანი, სოფ. ... (ზონა: გარდაბანი, სექტორი: ...), განცხადებას ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; მიწის მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს.ფ. 20; ტ.1).

2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განცხადება, რ. ს-ას საკუთრებად დარეგისტრირდა 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი (იხ. ს.ფ. 19; ტ.1).

2008 წლის 27 ივნისს რ. ს-ასა და ა. ი-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რ. ს-ამ გაყიდა, ხოლო ა. ი-მა იყიდა უძრავი ქონება, 501,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის რაიონი სოფ. ....

2013 წლის 4 სექტემბერს რ. ს-ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №882008191107-03 (26.06.2008) გადაწყვეტილების გაუქმება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილით, განმცხადებლის განმარტებით, 2006 წლის 23 ივნისს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ განცხადებაზე გარდაბანი, სოფ. ... 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციაში გატარების თაობაზე, არ იყო რ. ს-ას ხელმოწერა, განცხადება წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ (იხ. ს.ფ. 14-16; ტ.1).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 6 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რ. ს-ას წარმომადგენელს 2013 წლის 4 სექტემბრის №143141/17 (ორგანოს მიჩნევით - თავისი შინაარსით საჩივრის) განხილვაზე და განმცხადებელს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, დაუბრუნდა აღნიშნული საჩივარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. აქვე განემარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით (იხ. ს.ფ. 17-18; ტ.1).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.

ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია:

1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, და

2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება. რაც თავის მხრივ, მმართველობის კანონიერების პრინციპის უზრუნველყოფას ემსახურება.

კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 06 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილების კანონიერება, კერძოდ, კასატორის (მოსარჩელის) განმარტებით, მას გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის არ მიუმართავს საჩივრით, მან მიმართა განცხადებით და მოითხოვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აქტის ბათილად ცნობა და გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა არასწორად მიიჩნია, მისი განცხადება საჩივრად, აღნიშნულზე მიუთითებდა კასატორი ასევე სააპელაციო საჩივარში.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია აპელანტის ზემოაღნიშნულ მოთხოვნაზე, არ გაუქარწყლებია აპელანტის ის არგუმენტები, რომ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური თავად არ იყო უფლებამოსილი განეხილა საჩივრად მიჩნევის შემთხვევაში განცხადება და მიეღო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ობიექტური და კანონიერი შეფასება არ მისცა რ. ს-ას წარმომადგენლის მიერ შეტანილ განცხადებას და მასთან დაკავშირებით გამოცემულ სადავო აქტს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, იმ ვითარებაში, როცა რ. ს-ას წარმომადგენელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განცხადება არ იყო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულზე და სამართლებრივი შეფასება მიეცა აპელანტის მოტივებისათვის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულ დასკვნებს, რ. ს-ას წარმომადგენლის განცხადების, საჩივრად მიჩნევის თაობაზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზნებსა და პრინციპებთან შეუსაბამობის გამო და აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-122-115(2კ-13) შპს „...“ სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, სასამართლო დავასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს: ,, ადმინისტრაციული საჩივარი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დეფინიციის მიხედვით რთული შემადგენლობისაა, კერძოდ:

1. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი უნდა იყოს დაინტერესებული მხარე;

2. ადმინისტრაციული საჩივარი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი;

3. ადმინისტრაციული საჩივარი უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსით დადგენილ წესს;

4. ადმინისტრაციული საჩივრის მიზანი უნდა იყოს დარღვეული უფლების აღდგენა;

5. ადმინისტრაციული საჩივრის ობიექტი უნდა იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) ადმინისტრაციული რეალაქტი.

6. ადმინისტრაციული საჩივარი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების განსაკუთრებულ სახეს და მას კოდექსში სპეციალური - XIII თავი აქვს დათმობილი, რომლის დებულებები დეტალურად აწესრიგებს დარღვეული უფლების აღდგენის ფორმებს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლების რეალიზაციასა და საჩივრის განხილვა-გადაწყვეტის საკითხებსა და პროცედურას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური თავით განსაზღვრული წესი და პროცედურა წარმოადგენს მმართველობითი ორგანოების იერარქიული კონტროლის განხორციელების სამართლებრივ ფუნქციას, რა დროსაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით შეამოწმოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანების გადაწყვეტილებათა და მოქმედებათა (უმოქმედობათა) კანონიერება და მიზანშეწონილობა, რაც დამატებითი საშუალებაა მმართველობის კანონიერების უზრუნველსაყოფად.

ადმინისტრაციული საჩივარი ეს არის სადავო აქტის ადრესატის მიერ პროცედურული უფლების რეალიზაცია, რომელიც კანონით მკაცრად რეგლამენტირებულ წესებს ექვემდებარება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავის ,,ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება“ მიხედვით, მმართველობის ორგანოების უფლებამოსილება - განახორციელონ ქვემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებების კანონიერებაზე კონტროლი, გულისხმობს მათ მიუკერძოებლად, ობიექტურად და კანონიერებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით განხილვა-გადაწყვეტის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, როცა ქვემდგომ ორგანოს დამაჯერებლად არ გამოუკვლევია აქტის გამოცემისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და მათი შეფასება-დადგენის საფუძველზე კანონიერად გადაწყვიტოს დავა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 179 -ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და პასუხობდეს ამ კოდექსის მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები ჩამოყალიბებულია კოდექსის 181-ე მუხლში - ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსი, რომელიც თავის მხრივ, შედგება ფორმალური და მატერიალური ხასიათის რეკვიზიტებისაგან. ამავე კოდექსის 182-ე მუხლით განსაზღვრულია წინაპირობები, რომელთა არსებობის პირობებში ადმინისტრაციული საჩივარი არ ექვემდებარება განხილვას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“.

„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე, 186-ე და 198-ე მუხლების მიხედვით ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მოქმედებს ნეგატიური დათქმის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ამ სახის ჩატარებისას რიგ შემთხვევებში გამოიყენება, როგორც მარტივი, ისე ფორმალური და კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოების შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული წესები და პროცედურული მოქმედებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულებაში პირის მიერ ნებისმიერი დოკუმენტის, მით უფრო, განცხადების ან საჩივრის ფორმით წარდგენა იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს უპირობო ვალდებულებას, დაარეგისტრიროს იგი. რეგისტრაციის სტადია იწვევს შემდეგი პროცედურული მოქმედების ჩატარების ვალდებულებას -ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას.

ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ორსაფეხურიანი პროცესის მეშვეობით:

განცხადების/ საჩივრის დასაშვებობის შემოწმება;

განცხადების/ საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმება.

დოკუმენტის, მოცემულ შემთხვევაში, განცხადების ან საჩივრის ფორმა, დასაშვებობის შემოწმების სტადია გულისხმობს, უპირველესად, ადმინისტრაციული ორგანოს იურისდიქციის სფეროს გამორკვევას (უწყებრივი ქვემდებარეობა), რომლის წარმატებით გადალახვის პირობებში - ამ დოკუმენტისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.“

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მათ მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტი არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებულ საჩივარს, შესაბამისად, მოპასუხის სამართლებრივი შეფასება მხარის მიერ წარმოდგენილი საპროცესო დოკუმენტის - განცხადების საჩივრად მიჩნევის შესახებ არ შეესაბამება საპროცესო დოკუმენტების სახეების კანონით დადგენილ კვალიფიკაციას.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს: მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა რაკი მიიჩნია, რომ რ. ს-ას განცხადება იყო საჩივარი, იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80.1 მუხლის მიხედვით უნდა გადაეგზავნა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსათვის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის. მიუხედავად იმისა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით, მხოლოდ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო არის უფლებამოსილი იმსჯელოს ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობის თაობაზე და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის რ. ს-ას წარმომადგენლის მიერ წარდგენილ 2013 წლის 4 სექტემბრის №143141/17 განცხადებასთან დაკავშირებით გამოცემული 2013 წლის 6 სექტემბრის ს№158489 გადაწყვეტილება, საერთოდ არ შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებით გათვალისწინებულ განცხადების ან საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტანდარტს.

უდავოა, რომ რ. ს-ას წარმომადგენლის მიერ 2013 წლის 4 სექტემბერს შეტანილი №143141/17 განცხადების მიმართ საერთოდ გამოტოვებულია დასაშვებობის შემოწმების სტადია. მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოს იურისდიქციის სფეროს გამორკვევა (ინსტანციური უფლებამოსილება), რომლის კვალიფიციური შესწავლის პირობებში ცალსახად დადგინდებოდა, რომ წარმოდგენილი განცხადება, თუკი ის შინაარსობრივი თვალსაზრისით დაკვალიფიცირდა საჩივრად (რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება საკასაციო სასამართლო, რასაც საკასაციო პალატა ქვემოთ დაასაბუთებს), ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე ექვემდებარებოდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, როგორც მის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს დადგენის საკითხი განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლით, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილების განსაზღვრა ხდება სამი კრიტერიუმის გამოყენებით:

ა) განსახორციელებელი ამოცანების მიხედვით - საგნობრივი უფლებამოსილება;

ბ) უფლებამოსილებათა იერარქიის მიხედვით - ინსტანციური უფლებამოსილება;

გ) ტერიტორიული პრინციპით - ტერიტორიული უფლებამოსილება.

ამ ვითარებაში, ინსტანციური კომპეტენციის გამორკვევის შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს გააჩნდა მხოლოდ ერთადერთი გადაწყვეტილების გამოტანის უფლებამოსილება - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, როგორც მის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის თაობაზე.

მითითებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გამორიცხავს არაუფლებამოსილი ორგანოს მხრიდან საჩივრის ამ კოდექსით დადგენილ წესთან /181-ე მუხლით/ შესაბამისობის საკითხის გამოკვლევა-შემოწმებას. ამგვარი კომპეტენცია მხოლოდ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია zogadi administraciuli კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავის ,,ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება“ მიხედვით, მმართველობის ორგანოების უფლებამოსილება - განახორციელონ ქვემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებების კანონიერებაზე კონტროლი, გულისხმობს მათ მიუკერძოებლად, ობიექტურად და კანონიერებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით განხილვა-გადაწყვეტის ვალდებულებას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში“

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80.4 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ აღნიშნული დათქმით კანონმდებელი მკვეთრად უსვამს ხაზს დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს - ხელისუფლების დანაწილების თაობაზე. სასამართლო ხელისუფლება, როგორც კონსტიტუციური ფუნქციის განმხორციელებელი მართლმსაჯულების ორგანო, გარანტირებულია სრული ავტონომიით და ჩაურევლობის პრინციპით. ადმინისტრაციული სამართალი, რომელიც ადგენს მმართველობის კანონიერების უზრუნველმყოფ ნორმებს, წესებს, პროცედურებსა და მექანიზმებს, ხოლო მმართველობით სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე კონტროლი სასამართლო ხელისუფლების ფუნქციას წარმოადგენს, სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის შემცველი განცხადების ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენისას, ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს მანდატი, გადაუგზავნოს განცხადება უფლებამოსილ - სასამართლო ორგანოს, განსხვავებით ამავე კოდექსის 80.1 მუხლით დადგენილი ვალდებულებისა.

ამგვარ შემთხვევაში, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს უფლება შემოიფარგლება განმცხადებლისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევით, კერძოდ, აუხსნას მხარეს, რომ საკითხი სასამართლო ორგანოთა იურისდიქციას განეკუთვნება. აღნიშნულ თავის მხრივ, შეესაბამება კონსტიტუციის 42.1 მუხლით დადგენილ პრინციპს, რომლის თანახმად, მხოლოდ პირის უფლებას წარმოადგენს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს ანუ სარჩელის აღძვრა - სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაცია მხოლოდ პირის ნების ავტონომიას ეფუძნება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს: სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში დაცულია და უზრუნველყოფილია კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტების მეშვეობით, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთ საქმიანობაში შებოჭილნი არიან საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებით.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს, კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა სსსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნებს, როდესაც იმსჯელა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის კანონიერებაზე, ვინაიდან, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დავის საგანს წარმოადგენს არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების (რ. ს-ას საკუთრებად უძრავი ნივთის რეგისტრაციის თაობაზე), კანონიერება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოსათვის აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის დავალება, სააპელაციო სასამართლომ კი არსებითად იმსჯელა აღნიშნული აქტის კანონიერებაზე, კერძოდ, ,,აღნიშნული აქტი კიდევაც, რომ იყოს უკანონო, მაინც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან, ამ აქტით არანაირი პირდაპირი და უშუალო ზიანი არ ადგება რ. ს-ას უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს“ (იხ. ს.ფ. 82), სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 26 ივნისის განხორციელებული რეგისტრაციით არანაირი ზიანი მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს არ მისდგომია, არ წარმოადგენდა დავის საგანს მოცემულ საქმეში, შესაბამისად, მისი შეფასების პროცესუალური საჭიროება არ არსებობდა, რითაც სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით დადგენილი სარჩელის განხილვის ფარგლები. სასამართლომ არ გამიჯნა, სარჩელის მოთხოვნის ობიექტი - საგანი მისი ფაქტობრივი საფუძვლებისგან, რის გამოც იმსჯელა არა დავის საგნის, არამედ დავის საფუძვლის - გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 26 ივნისის განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერებაზე, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სარჩელის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ განხილვა-გადაწყვეტის წესებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი /დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების მატერიალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალება/ შედგება ორი ელემენტისაგან - სარჩელის საგნისა და საფუძვლისაგან. სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ანუ სარჩელის საგანია მოსარჩელის უფლება, რომლის შესახებაც ის მოითხოვს გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი და არა მოთხოვნის მატერიალური ობიექტი. სარჩელის საფუძველი, თავის მხრივ, შედგება სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლისაგან, ამასთან, სარჩელის საფუძველი არის ის ფაქტები, რომელთა არსებობა განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა უკავშირებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და დასაშვებობის კრიტერიუმები. სარჩელის დასაშვებობისათვის ერთ-ერთი და აუცილებელი კრიტერიუმია, რომ მოსარჩელის სარჩელით წამოყენებული მოთხოვნის მიმართ გააჩნდეს მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი. სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ ,,თავისი“ უფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი და ამასთან, ეს ინტერესი უნდა იყოს კანონიერი. შესაძლებელია, თავად პირს ჰგონია, რომ ასეთი ინტერესი აქვს და მიმართავს სასამართლოს, მაგრამ პირის ასეთი სუბიექტური განწყობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ობიექტურად იგი, მართლაც, დაინტერესებულია პროცესის წარმოების თვალსაზრისით. სწორედ აღნიშნული საკითხის გამორკვევას ემსახურება სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ პროცესში, რომლის მიზანია, კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ აუცილებელ საკითხებთან ერთად წინასწარ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე გაირკვეს, სარჩელის აღძვრას აქვს თუ არა კანონიერი ინტერესი ანუ სარჩელის ბათილად ცნობის მოთხოვნით ფაქტობრივი მიზეზების არარსებობის გამო მის ბათილად ცნობას აქვს თუ არა მნიშვნელობა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი სარჩელის პროცესუალური კონტექსტი სააპელაციო სასამართლოს არ აძლევდა შესაძლებლობას, ემსჯელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების (რ. ს-ას საკუთრებად უძრავი ნივთის რეგისტრაციის თაობაზე), არც კანონიერებაზე და არც მის კანონიერებაზე აღძრული სარჩელის დასაშვებობაზე, კერძოდ, მიადგა თუ არა ამ აქტით პირდაპირი და უშუალო ზიანი რ. ს-ას უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ასეთი მოთხოვნით სარჩელი აღძრული არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, მე-60I და 61-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ერთმანეთისგან გამიჯნა არარა, უკანონო და კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რათა დადგინდეს თითოეულის სამართლებრივი შედეგების გაუქმების საკითხი, კერძოდ, არარა აქტს მიღებისთანავე არა აქვს იურიდიული ძალა და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, ხოლო კანონიერ (60I) და უკანონო (61-ე) ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს შეუძლიათ შეიძინონ შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი მათი ადრესატისათვის.

აქტის არარად აღიარება, რომელიც უკანონობის იმგვარ საფუძვლებს შეიცავს, რომელთა გამოც კანონმდებელი მას იმთავითვე, მიღების მომენტიდანვე აცლის იურიდიულ ძალას, რის გარეშეც იგი ვერ იძენს ისეთი სამართლებრივი აქტის შინაარსს, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება ანუ არ გააჩნია აღსრულების ძალმოსილება, განსხვავებით უკანონო (ბათილი) აქტებისგან, რომლის არამართლზომიერების მიუხედავად დაშვებულია მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების დროის გარკვეული მონაკვეთით შენარჩუნება (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I მუხლის მე-7 ნაწილი), რამდენადაც კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს ანიჭებს ამგვარი აქტის მოქმედების შეწყვეტის თარიღის განსაზღვრის უფლებამოსილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-192-184(3კ-13) – ნ. კ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიის ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირების - მ. მ-ისა და ა. ე-ის მონაწილეობით, განიმარტა:

„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა გულისხმობს მისი უკანონო ხასიათის დადგენას გამოცემის მომენტში, ანუ აქტი გამოიცა მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ, რაც მისი გაუქმების უპირობო საფუძველია მმართველობის კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე. მიუხედავად აღნიშნულისა, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ კანონმდებელი უშვებს დიფერენცირებულ სამართლებრივ მიდგომას აქტის მოქმედების შეწყვეტის თარიღის განსაზღვრით. დიფერენცირებული მიდგომის მოტივი მდგომარეობს აღმჭურველი აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების დაცვის ინტერესის პრიორიტეტულობაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გადაამოწმოს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, რაც თავის მხრივ, მმართველობის კანონიერების პრინციპის უზრუნველყოფას ემსახურება. იმ შემთხვევაში, თუ აქტი აღმჭურველი ხასიათისაა, მისი კანონიერების გადამოწმებისას აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეაფასოს აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება, როგორც ეს გათვალისწინებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის მე-4-7 ნაწილებით.

„საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601. 7 მუხლის ტექსტში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს და სასამართლოს, როგორც სადავო აქტის მოქმედების შეწყვეტის თარიღების განმსაზღვრელ ორგანოებად მითითება მიჩნეულ უნდა იქნეს საკანონმდებლო ხარვეზად, ეწინააღმდეგება რა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის ინსტიტუტს, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების დაცვის მიზანს, რაც თავის მხრივ, კანონიერი მმართველობის სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს.

ზემომოყვანილი მსჯელობის ლოგიკიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე- 601.7 მუხლის საფუძველზე განეკუთვნება აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოთა დისკრეციულ უფლებამოსილებას. სასამართლო ხელისუფლება გასაჩივრებული აქტის ბათილობისას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით.“

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება - თავისი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე გადასინჯოს მის მიერ გამოცემული კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, განეკუთვნება მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, მმართველობის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის პრიორიტეტულობისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე.

აღნიშნული კომპეტენცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციული ორგანოს აძლევს შესაძლებლობას წარსულში გამოცემული აქტების გადასინჯვის მეშვეობით, მათი უკანონობის დადგენის შემთხვევაში სახელმწიფოში აღადგინოს სამართლიანი და კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტი, რომელიც ამ აქტის ძალაში ყოფნით, მისი შედეგების შესაძლო აღსრულებით იგნორირებული, უგულვებელყოფილი ან დარღვეულ იქნა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციული ორგანოს ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სწორედ იმ გარემოების გამო, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლა გამორიცხავს ამგვარი აქტით დარღვეული უფლების, შელახული კერძო თუ საჯარო ინტერესის ადმინისტრაციული საჩივრის ან ადმინისტრაციული სარჩელის საპროცესო ინსტიტუტების მეშვეობით აღდგენის შესაძლებლობას, აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კომპეტენცია გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით, კერძოდ: მოცემულ პროცედურაში აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოარკვიოს: მიუხედავად აქტის უკანონობისა, ექცევა თუ არა იგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით განსაზღვრულ კატეგორიაში, რადგან გატარებული მმართველობითი ღონისძიების სტაბილურობის და პირის კანონიერი ნდობის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად აცხადებს თვით კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადგენს მისი გაბათილების დაუშვებლობის სტანდარტს, პირის კანონიერი ნდობის არსებობის პირობებში. საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცალსახად მიიჩნევს, რომ თუ კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტით ილახება სხვა პირის კანონიერი უფლებები, შეუძლებელია მისი სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება მესამე პირის კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, რადგან ერთი აქტის მიმართ სხვადასხვა პირების კანონიერი უფლებებისადმი დიფერენცირებული მიდგომა, თანაც ამ უფლებების უპირატესობის დაუსაბუთებლობის პირობებში, სრულიად არასამართლიანია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მათ მიერ გამოცემული აქტების კანონიერების შემოწმებისას სამართლებრივი შეფასება უნდა მისცენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული უკანონო აქტის ბათილად ცნობის დაუშვებლობის გამომრიცხავი გარემოებების ჩამონათვალიდან არის თუ არა სახეზე რომელიმე გარემოება.

ამდენად, საჯარო მმართველობის კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ეს კომპეტენცია ეფექტური ინსტრუმენტია და მისი კვალიფიციური და მიუკერძოებელი გამოყენება ადმინისტრაციულ ორგანოთა ფუნქციას წარმოადგენს, რომლის ჯეროვან და კანონშესაბამის რეალიზაციაზე ეროვნულმა სასამართლოებმა სრულფასოვანი და ობიექტური სასამართლო კონტროლის განხორციელება უნდა უზრუნველყონ.

წინამდებარე სარჩელის საგნიდან გამომდინარე, სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს საკითხი, აქვს თუ არა დაინტერესებულ პირს საპროცესო უფლება, განცხადებით მიმართოს აქტის გამომცემი ადმინისტრაციულ ორგანოს თხოვნით - გადასინჯოს მის მიერ მიღებული, უკვე კანონიერ ძალაში შესული აქტის კანონიერება, მოიცავს თუ არა კონსტიტუციურ პრინციპის მარეალიზებელი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლით გათვალისწინებული - ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, იმ უფლებასაც, რომ პირმა მოსთხოვოს, მიანიშნოს, სთხოვოს ორგანოს ე.წ. საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის მიზანი სწორედ იმგვარი ნორმატიული სტანდარტების შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვას /ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.2. მუხლი/.

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას _ წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.

ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო მმართველობის მიზნიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით დაინტერესებული პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლების პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ მას გააჩნია კანონიერი მოლოდინი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერების სტანდარტთან შესაბამისობაზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების კონსტიტუციური რანგის პრინციპი განმარტებული უნდა იქნეს ფართო გაგებით, პირს გააჩნია უფლება - არა მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს, არამედ თვით კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადასინჯვის თხოვნით, შეთავაზებით მიმართოს, რომლის გაზიარება-არგაზიარება, ბუნებრივია, ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივ შეფასებას ექვემდებარება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების პრინციპის ამ ფორმითაც რეალიზების შესაძლებლობის განმარტება-გაგების ლეგიტიმაცია ხელს შეუწყობს სახელწიფოში ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის პრაქტიკის დამკვიდრებას, მით უფრო საკანონმდებლო ხარვეზის პირობებში, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს ადმინისტრაციული წარმოების სპეციფიკურ სახეს - აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თავისი ინიციატივით გადასინჯვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელე რ. ს-ას წარმომადგენლის მიერ სწორედ ამ ფორმით იქნა რეალიზებული ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების პრინციპი, რასაც ადეკვატური სამართლებრივი შეფასება უნდა მოჰყოლოდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, შედეგად მას უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება -კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თავისი ინიციატივით გადასინჯვასთან დაკავშირებით, უზრუნველეყო დაინტერესებული პირების მოწვევა პროცედურაში და მიეღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, აქტის ბათილად ცნობის ან აქტის ბათილად არცნობის თაობაზე, შესაბამისი დასაბუთებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სარჩელის ფარგლებში უნდა შეამოწმოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობა, როგორც მისი დასაბუთებულობის, ასევე წარდგენილი საპროცესო დოკუმენტის კვალიფიკაციის სისწორის კრიტერიუმებით, წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებისა და დასკვნების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმების შესაბამისად, კვალიფიციური შეფასება უნდა მისცეს სარჩელის საგანს და დავა გადაწყვიტოს სარჩელის ფარგლებში მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ს-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/