Facebook Twitter

№ბს-308-304(2კ-14) 30 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – 1. საქართველოს პრეზიდენტი

2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ე, მ. ა-ე, მ-ი ა-ე

მოპასუხე – მ-ა ა-ე

მესამე პირები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 30 აპრილს ნ. ა-ემ, მ. ა-ემ და მ-ი ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ-ა ა-ის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან, რომლებიც უკანონოდ მიიჩნიეს საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ დევნილებად. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ-ა ა-ეს შორის 2012 წლის 25 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისი, ... №25-ში მდებარე უძრავი ქონება (ფართი 69.19 კვ.მ.) საკუთრებაში გადაეცა მ-ა ა-ეს და ამასთან, მას დაევალა მოსარჩელეების საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მოსარჩელეთა მითითებით, ისინი ინფორმირებულები არ ყოფილან აღნიშნული ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც მათი თანხმობის გარეშე დაიდო, რაც ზღუდავს მათ უფლებებს. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მართალია მოპასუხე მ-ა ა-ე მათი დაა, მაგრამ ისინი სხვადასხვა დევნილ ოჯახებს მიეკუთვნებიან. მათ ერთად არ უცხოვრიათ. მ-ა ა-ეს აქვს თავისი ოჯახი, რომელიც 7 წევრისგან შედგება. მოსარჩელეთა მითითებით, ისინი ქირით ცხოვრობდნენ ვაზისუბანში, შემდეგ იყვნენ რუსეთში და საქართველოში 10 წლის წინ დაბრუნდნენ. ამჟამად კი მათი საცხოვრებელი ადგილია ვარკეთილი ... მ/რ, კორპ №..., ბინა №..., რაც ადასტურებს იმას, რომ ისინი და მ-ა ა-ე სხვადასხვა ოჯახებს მიეკუთვნებიან. ყოველივე აღნიშნული კი მოსარჩელეთა მითითებით მათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლებას ართმევთ.

ამდენად, მოსარჩელეებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ-ა ა-ეს შორის 2012 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

2013 წლის 25 ივნისს ნ. ა-ემ, მ. ა-ემ და მ-ი ა-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ-ა ა-ის მიმართ და მ-ი, მ. და ნ. ა-ეების ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №... განკარგულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ-ა ა-ეს შორის 2012 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქმეში მოპასუხედ მიეთითა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის, მ. ა-ისა და მ-ი ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №... განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე და განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს (ოჯახის უფროსებს). საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №... განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე და განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად -1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს (ოჯახის უფროსებს), მათ შორის მ-ა, მ., მ-ი და ნ. ა-ეებს. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №... განკარგულების საფუძველზე 2012 წლის 25 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ-ა ა-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ... №25 საკუთრებაში გადაეცა მ-ა ა-ეს. მითითებული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, მყიდველმა მ-ა ა-ემ იკისრა ვალდებულება მ., მ-ი და ნ. ა-ეები უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მ-ა ა-ე წარმოადგენს ქ. თბილისში, ... №25-ში მდებარე 69.19 კვ.მ ფართის მესაკუთრეს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 25 სექტემბრს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ-ა ა-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველს წარმოადგენდა არა 2012 წლის 17 სექტემბრის №... განკარგულება, არამედ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №... განკარგულება, რომლითაც განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს (ოჯახის უფროსებს), მათ შორის მ-ა, მ., მ-ი და ნ. ა-ეებს. სასამართლომ აღნიშნული მიიჩნია ტექნიკური ხასიათის შეცდომად რაც ვერ გახდება პრეზიდენტის განკარგულებისა და მის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად პირის თანხმობა იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ეს ხელშეკრულება პირს აკისრებს რაიმე ვალდებულების შესრულებას ან მის უფლებას ზღუდავს. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის წერილობითი თანხმობის გაცემა არ იყო საჭირო, ვინაიდან მ., მ-ი და ნ. ა-ეებს ნასყიდობის ხელშეკრულება რაიმე ვალდებულებას არ აკისრებს, არ ზღუდავს მის ფართში ცხოვრების უფლებას, ამ ხელშეკრულებით მოსარჩელეებს მიეცა ხელშეკრულებით გადაცემულ ფართში ცხოვრებისა და თავშესაფრის უფლება, კერძოდ უზრუნველყოფილი იქნენ საცხოვრებელი ფართით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დადასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ა-ემ, მ. ა-ემ და მ-ი ა-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის, მ. ა-ისა და მ-ი ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ა-ის, მ. ა-ისა და მ-ი ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №... განკარგულება დანართი №1 გათვალისწინებული ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ... №25) მ-ა ა-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად 1 ლარად მ-ა ა-ეზე გადაცემის ნაწილში და საქართველოს პრეზიდენტს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ნ. ა-ის, მ. ა-ისა და მ-ი ა-ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ 1 თვიან ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ამასთან, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ-ა ა-ეს შორის 2012 წლის 25 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნ., მ. და მ-ი ა-ეები 2012 წლის 25 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს რეგისტრირებული იყვნენ ერთ ოჯახად ქ. თბილისში, ... №25-ში და ოჯახის უფროსად განსაზღვრული იყო მ-ა ა-ე. ამასთან, ნ., მ. და მ-ი ა-ეები, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, ქ. თბილისში, ... №25 მისამართზე რეგისტრაციის მიუხედავად, სადავოდ ხდიან ზემოთ მითითებულ მისამართზე ცხოვრებისა და მ-ა ა-ესთან ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: სს „...-თან“ დადებული 2012 წლის 9 ივლისის სამაუწყებლო არხების ტრანზიტული მომსახურების ხელშეკრულებით, რომლის თანახმად სს „...-მა“ იკისრა ნ. ა-ისათვის მომსახურების გაწევა მისამართზე - ქ. თბილისი, ვარკეთილი ..., მე-... მ/რ, კ. ..., ბ. ... და 2012 წლის 27 თებერვლის ინტერნეტით მომსახურების ხელშეკრულებით (მისამართზე - ქ. თბილისი, ვაზისუბანი, კ. ..., ბ. ...), არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებებს, რომლითაც დადასტურდება მოსარჩელეების ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერზე, რომლითაც ირკვევა, რომ მ. ა-ის, მ-ი ა-ისა და ნ. ა-ის ოჯახმა დეკლარაცია შეავსო 2012 წლის 18 დეკემბერს, ხოლო სარეიტინგო ქულა 114 980 მიენიჭათ 2013 წლის 17 იანვარს. საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ვარკეთილი ..., მე-... მ/რ, კ. ..., ბ. .... მითითებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ აპელანტები (მოსარჩელეები) ამ მისამართზე დარეგისტრირდნენ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ აქვე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით „იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულებით ძალაში შევიდა იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია. სამოქმედო გეგმა არის განახლებადი დოკუმენტი, რომელიც ყოველწლიურად განიცდის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას არსებული ფაქტორებიდან გამომდინარე ცვლილებებსა და განახლებებს. ამდენად, 2008-2009 წლიდან მასიურად მიმდინარეობს კომპაქტურად ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაციისა და მათ მიერ დაკავებული ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი. ზემოთ მითითებული გარემოების, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კონკრეტულად ქ. თბილისში, ... №25-ში მდებარე კომპაქტურად ჩასახლებული შენობის იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი მოითხოვდა მოსამზადებელი სამუშაოების წარმართვისათვის გარკვეულ დროს (შიდა აზომვითი სამუშაოების წარმართვა; დევნილთათვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადასაცემად) და ამ სამუშაოების შესახებ (მათ შორის დაკავებული ფართების შიდა აზომვების შესახებ) უდავოდ ცნობილი იყო იმ დევნილებისათვის (მათ შორის მოსარჩელეთა დისათვის მ-ა ა-ისათვის), რომლებიც ცხოვრობენ ქ. თბილისში, ... №25-ში. შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი სს „...-თან“ დადებული 2012 წლის 9 ივლისის სამაუწყებლო არხების ტრანზიტული მომსახურებისა და ინტერნეტით მომსახურების ხელშეკრულებები, რომლებიც დათარიღებულია 2012 წლით (სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა 2012 წლის სექტემბრის თვეში) და ქ. თბილისში, ... №25-ში მცხოვრებ პირთა ჯ. ლ-ას, თ. გ-ისა და ლ. ჩ-ის წერილობითი განცხადებები, რომლის თანახმად ირკვევა, რომ მოსარჩელეებს არასოდეს არ უცხოვრიათ სადავო მისამართზე, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებებს, რომლითაც უტყუარად დადასტურდება აპელანტების ნ., მ., მ-ი ა-ეებისა და მ-ა ა-ის, როგორც დამოუკიდებელ ორ დევნილ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. მით უმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2008 წელს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელახალი რეგისტრაციისას, მოსარჩელეები კვლავ ამ სადავო მისამართზე დარეგისტრირდნენ.

რაც შეეხება მოსარჩელეების მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მ-ა ა-ის ოჯახი შედგება 7 წევრისაგან: გ. კ-ა, გ. კ-ა, ნ. ს-ე, ი. ჯ-ე, მ. კ-ა და გ. კ-ა და ქ. თბილისში, ... №25, ბინა 2-ში მდებარე ფართი საერთოდ არ არის ადეკვატური ოდენობის 7+3 სულისთვის, რათა ისინი დაკმაყოფილებულად ჩაითვალონ სახელმწიფოს მხრიდან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის გ. კ-ას, გ. კ-ას, ნ. ს-ის, ი. ჯ-ის, მ. კ-ასა და გ. კ-ას, როგორც იძულებით გადაადგილებული პირების რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აპელანტი მხარისა და მ-ა ა-ის განმარტებით, ზემოთ მითითებული პირები არ ყოფილან იძულებით გადაადგილებულ პირებად დარეგისტრირებულნი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი წარმოადგენს განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრეს, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი); ამდენად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადგენილი უნდა იქნეს სადავო მისამართზე რეალურად მცხოვრები პირების ვინაობა და რაოდენობა და შემდგომ კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ზემოთ აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, უნდა გაკეთდეს სათანადო შეფასება წარმოადგენენ თუ არა სადავო მისამართზე რეალურად მცხოვრები პირები დევნილ ოჯახს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2012 წლის 25 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ-ა ა-ეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, ამ ხელშეკრულებაზე არ წარმოდგენილა ნ., მ. და მ-ი ა-ებიის წერილობითი თანხმობები და საქმის მასალებით არ დასტურდება უშუალოდ, აპელანტებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2012 წლის 25 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ, მის დადებამდე, მათი ინფორმირების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო 2012 წლის 25 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ახორციელებს მათთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის გზით დამტკიცებული ეტაპების მიხედვით. აღნიშნული განკარგულების 2.1.1. პუნქტის მიხედვით საცხოვრებელი ფართობი – ბინა დევნილ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად. არსებობს დევნილთათვის საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ორი კატეგორია: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცენტრები და ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო შეისყიდის კერძო მესაკუთრეთაგან და შესთავაზებს დევნილებს. დევნილებს, რომელთაც ესაჭიროებათ გრძელვადიანი განსახლება და აკმაყოფილებენ შესაბამის პირობებს, მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და თანხმობა ან უარი განაცხადონ შეთავაზებაზე. კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილთა უფლება, იცხოვრონ კანონით დადგენილი წესით დაკავებულ ფართობებში, რჩება ხელშეუხებელი კოლექტიური ცენტრების პრივატიზებისა და რეაბილიტაციის მიუხედავად, ვიდრე დევნილი არ განაცხადებს თანხმობას ერთ-ერთ ალტერნატიულ შეთავაზებაზე. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა. მითითებული განკარგულების მიხედვით, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე პროგრამების განხორციელებაში ჩართულნი არიან სოციალური და ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც შეისწავლიან ვითარებას არაორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილებში, მათი ამოცანებია: დევნილი ოჯახის შემადგენლობა კონფლიქტის დროს - დევნილი ოჯახის შემადგენლობა დღევანდელი მდგომარეობით, მათი უახლოესი ნათესაური კავშირები - არსებულ მონაცემთა ბაზასთან შედარება - ინფორმაცია მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობის მფლობელის შესახებ - კითხვარის მეშვეობით დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესწავლა. ასევე ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც შეისწავლიან კომპაქტური ჩასახლების ობიექტს, ვალდებულნი არიან: ოთახების რაოდენობა, აღწერა და დანომვრა, შენობის გეგმის მომზადება, ობიექტთან მიბმული მიწის ნაკვეთის აღწერა, ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, საჭიროების შემთხვევაში აზომვითი სამუშაოების წარმოება ან/და აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განსაზღვრა. კონკრეტულად, დევნილი ოჯახის შემადგენლობის, დღევანდელი მდგომარეობით და მათი უახლოესი ნათესაური კავშირების დადგენა წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კომპეტენციას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის გასაჩივრებული განკარგულების თანახმად, მყიდველი (ოჯახის უფროსი) და ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ფიზიკური პირები (ოჯახის წევრები) იღებენ ვალდებულებას არ მოითხოვონ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება 2012 წლამდე მოსარჩელეებისა და მ-ა ა-ის ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე ადმინისტრაციული ორგანოების ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნ., მ. და მ-ი ა-ეები არ არიან თანახმა სადავო ფართის მ-ა ა-ისათვის საკუთრებაში გადაცემით ჩაითვალონ ფართით დაკმაყოფილებულად, იმ საფუძვლით, რომ რეალურად, მ-ა ა-ესთან ერთად, წარმოადგენენ ორ დამოუკიდებელ ოჯახს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი პროცესი და დევნილებს, რომელთაც ესაჭიროებათ გრძელვადიანი განსახლება და აკმაყოფილებენ შესაბამის პირობებს, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება; ხოლო სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო პროგრამის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირს აქვს არჩევანის შესაძლებლობა და იგი უფლებამოსილია თანხმობა ან უარი განაცხადონ შეთავაზებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტები არ არიან თანახმა მ-ა ა-ისათვის სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემით ჩაითვალონ დაკმაყოფილებულად (საქმის მასალებით არ ირკვევა და არ არის წარმოდგენილი მათი თანხმობები, სადავო აქტის გამოცემის პერიოდისათვის), სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის განკარგულება სადავო ფართის მ-ა ა-ისათვის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში, უშუალო და პირდაპირ ზიანს აყენებს აპელანტებს (მოსარჩელეებს).

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, წერილის დანართში მითითებული ქონების ასევე დანართში მითითებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს არ წარუდგენია სხვა დამატებითი ინფორმაცია (თანხმობები ოჯახის წევრების), გარდა, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით, წერილის დანართში მითითებული ქონების და დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახების ჩამონათვალისა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას წარედგინა შესაბამისი განკარგულების პროექტი. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №... განკარგულების საფუძველზე, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, განხორციელდა მ-ა ა-ესთან, როგორც დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულების შესაბამისად, მას არ ევალებოდა ინფორმაციის მოპოვება საპრივატიზებო ობიექტში რეალურად მცხოვრები დევნილების და მათი ოჯახის შემადგენლობის შესახებ, მაგრამ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სადავო ფართის პრივატიზაციასთან დაკავშირების, საკითხის მომზადებისას და მოგვიანებით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ხელთ უნდა ჰქონოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მიწოდებული ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტში რეალურად მცხოვრები დევნილების და მათი ოჯახის შემადგენლობის შესახებ და სადავო ფართის პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტის მომზადებისას უნდა ეხელმძღვანელა ამ ინფორმაციით და დაყრდნობოდა მას.

სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების პირველი მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხოლო საკითხს ამზადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტები (მოსარჩელეები) და მ-ა ა-ე, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დარეგისტრირებულები არიან ერთ ოჯახად. სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა ზემოთ მითითებული პირების, როგორც ორ დამოუკიდებელ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოითხოვოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან გადასაწყვეტი საკითხის სრულყოფილი მომზადება და ამ მიზნით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო ორგანოების მიერ მომზადებული სრულყოფილი ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტში - ქ. თბილისი, ... №25-ში რეალურად მცხოვრები დევნილების და კონკრეტული ოჯახის შემადგენლობის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სადავო მისამართზე არადევნილი პირების ცხოვრების ფაქტი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ ფაქტობრივი გარემოების, განხილვა-შესწავლის დამადასტურებელი მტკიცებულება. ასევე დადგენილი უნდა იქნეს დევნილი ოჯახის თითოეული წევრის ნების არსებობა, სადავო ფართის ერთ-ერთ ოჯახის წევრზე (ოჯახის უფროსი) პრივატიზების შესახებ, რათა საქართველოს პრეზიდენტს წარედგინოს სრულყოფილი დოკუმენტაცია გადაწყვეტილების მისაღებად.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 25 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ მის დადებამდე ნ., მ. და მ-ი ა-ეებისათვის არ უცნობებია და არ წარმოდგენილა ამ ხელშეკრულებაზე მათი წერილობითი თანხმობები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება, რომელსაც თავის მხრივ უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2012 წლის 25 სექტემბრის მ-ა ა-ისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ასევე არღვევს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67–ე მუხლის იმპერატიულ დანაწესებს; კერძოდ, სადავო ხელშეკრულების 2.4. პუნქტის მიხედვით ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოსარჩელეები არ არიან უფლებამოსილნი მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, შესაბამისად, იზღუდება მათი უფლება, როგორც დევნილებმა, მიიღონ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის“ ფარგლებში საცხოვრებელი ფართი, რის გამოც 2012 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულება ძალში ვერ შევა მ., ნ. და მ-ი ა-ეების წერილობითი თანხმობის გარეშე; ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მ., ნ. და მ-ი ა-ეებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ეცნობათ ხელშეკრულების დადებამდე მის შესახებ და მიეცათ საშუალება საკუთარი მოსაზრება წარედგინათ ხელშეკრულებაზე, რაც წინააღმდეგობაშია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილების მოთხოვნებთან.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის განკარგულების გასაჩივრებულ ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ-ა ა-ეს შორის 2012 წლის 25 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. თბილისი, ... №25-ში მდებარე სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებით, მართალია სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის მომენტში განსახილველ საკითხზე პრეზიდენტს გააჩნდა გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია, თუმცა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 6 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე კომპეტენტურ ორგანოს საქართველოს მთავრობა წარმოადგენს. ამასთან, სააგენტოს განმარტებით, მ., ნ-ა, ნ. და მ-ი ა-ეებს დროებითი განთავსების ადგილად მითითებული აქვთ ქ. თბილისი, ... №25, ისინი ერთ ოჯახად იყვნენ რეგისტრირებულნი და ოჯახის უფროსად განსაზღვრული იყო ნ-ა ა-ძე. სწორედ აღნიშნული მონაცემები დაედო საფუძვლად პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის განკარგულებით მათთვის ფართის გადაცემას და განკარგულების გამოცემის მომენტში არ არსებობდა ინფორმაცია მოსარჩელეთა სხვა მისამართზე რეგისტრაციის შესახებ, რომლის არსებობის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. სადავო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კი კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოსაზრებით, საჭირო არ იყო მოსარჩელეთა წერილობითი თანხმობები, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულება მათ რაიმე ვალდებულებას არ აკისრებდა, პირიქით, ისინი უზრუნველყოფილ იქნენ საცხოვრებელი ფართით.

კასატორის – საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მოსარჩელეთა და მ-ა ა-ის ცალ-ცალკე ოჯახებად ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ შეუსწავლია საპრივატიზებო ობიექტში რეალურად მცხოვრები დევნილებისა და კონკრეტული ოჯახების შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია; აღნიშნული ინფორმაცია, მიუხედავად სასამართლოს არაერთი მოთხოვნისა, მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს. ამასთან, კასატორის - საქართველოს პრეზიდენტის მითითებით, ამჟამად მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება შეუძლებელია საქართველოს პრეზიდენტის მიერ. იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არ წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მის დაქვემდებარებაში არ შედიან, რის გამოც მათთვის რაიმე დავალებების გაცემა სცილდება საქართველოს პრეზიდეტის უფლებამოსილების ფარგლებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივნისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელეების – მ-ი, მ. და ნ. ა-ეების ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №... განკარგულების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მ-ა ა-ეს შორის 2012 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლითაც ნ. ა-ის, მ. ა-ისა და მ-ი ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ა-ის, მ. ა-ისა და მ-ი ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №... განკარგულება დანართი №1 გათვალისწინებული ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ... №25) მ-ა ა-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად 1 ლარად მ-ა ა-ეზე გადაცემის ნაწილში და საქართველოს პრეზიდენტს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ნ. ა-ის, მ. ა-ისა და მ-ი ა-ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ 1 თვიან ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ამასთან, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ-ა ა-ეს შორის 2012 წლის 25 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნიდან და არ პასუხობს წარმოდგენილი სარჩელის მიზნებს. საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველი სარჩელი ემსახურება მოსარჩელეების – ნ., მ. და მ-ი ა-ეებისათვის დევნილის უფლებების სათანადოდ განხორციელების შესაძლებლობის აღდგენას და არა მოსარჩელეთა დის – მ-ა ა-ის უფლებების შეზღუდვას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მ-ა ა-ის ნაწილში გასაჩივრებული განკარგულებისა და ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის პირობებშიც კი არ იქნებოდა სასამართლო უფლებამოსილი ემსჯელა აღნიშნულ ნაწილში განკარგულებისა და ხელშეკრულების კანონიერებაზე, ვინაიდან, მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესი მხოლოდ მათ ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №... განკარგულების და 2012 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებაში მდგომარეობს, რასაც სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებაც ადასტურებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეები ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ, კერძოდ, ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ნაწილში ბათილად ცნობას ითხოვენ, რაც მყიდველის (მ-ა ა-ის) მიერ მისთვის გადაცემულ ქონებაში მ-ი, მ. და ნ. ა-ეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულებას ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულების გასაჩივრებული ნაწილი ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს, სასამართლო ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან, ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის პირობებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეგებებული სარჩელით არ მიუმართავს სასამართლოსთვის. თუმცა აღნიშნული გარემოება ხელშეკრულების მონაწილე ადმინისტრაციულ ორგანოს არ ართმევს უფლებამოსილებას სასამართლოს მიერ ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის პირობებში, გააუქმოს ხელშეკრულების დარჩენილი ნაწილი, თუ სამინისტრო ხელშეკრულებას არ დადებდა ბათილად ცნობილი ნაწილის გარეშე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო მოსარჩელეებს – ნ., მ. და მ-ი ა-ეებს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გასცდება საკასაციო საჩივრის ფარგლებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას გასაჩივრებულ განკარგულებასა და ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოსარჩელეთა თანხმობების არსებობის აუცილებლობაზე და მიუთითებს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს უფლებამოსილი იყო თუ არა საქართველოს პრეზიდენტი გამოეცა სადავო განკარგულება, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მ-ა ა-ესთან დაედო სადავო ხელშეკრულება, მოსარჩელეთა შეტყობინებისა და მათი თანხმობების გარეშე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ხელშეკრულების 1.1. მუხლზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მიზანია „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 თებერვლის №47 განკარგულების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ დევნილების გადაწყვეტილების ნებაყოფლობითობა და თავისუფალი არჩევანი, დიალოგი დევნილ მოსახლეობასთან და მისი თანამონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღებაში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპებია. ამასთან, სახელმწიფო სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებები დეტალურად ყალიბდება სამოქმედო გეგმაში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ ცქეული პრეზიდენტის განკარგულება გამოცემულია და 2012 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულება დადებულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში. სახელმწიფო სტრატეგიის მთავარ მიზნად რჩება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რის მისაღწევადაც სამოქმედო გეგმა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ითვალისწინებს. აღნიშნული სამოქმედო გეგმა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. აღნიშნულია, რომ სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის პროცესში, მათი მხრიდან კარგად ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა - ნ., მ. და მ-ი ა-ეებმა არა თუ გამოხატეს საკუთარი ნება პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით, არამედ, მათთვის საერთოდ არ ყოფილა ცნობილი პრივატიზაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე. ეს იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარე პრივატიზაცია ნებაყოფლობით პროცესს წარმოადგენს; ხოლო სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში დევნილთა მაქსიმალური ჩართულობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში არც ადმინისტრაციული ორგანოები უარყოფენ იმ გარემოებას, რომ მათი მხრიდან არ იყო გარკვეული მოსარჩელეთა ნება. ამასთან, აღნიშნული ასევე უდავოდ ზღუდავს საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ; ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება. ამდენად, გასაჩივრებული განკარგულება და მ-ა ა-ესა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ზღუდავს მოსარჩელეთა უფლებას, როგორც დევნილებმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში მიიღონ საცხოვრებელი ფართი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დევნილთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართების პრივატიზაციასთან დაკავშირებით სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე უთითებს, რომ პრივატიზაციის პროცესის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს დევნილთა მიერ დაკავებული ფართების იდენტიფიცირება, დარეგისტრირებულ ფართებში მცხოვრები დევნილთა ოჯახების აღწერა და მათი სურვილის დადგენა, სურთ თუ არა პრივატიზირება და თუ სურთ რა შემადგენლობით. განსახილველ შემთხვევაში არ გარკვეულა რეგისტრირებულ ფართში რეალურად მცხოვრებ პირთა ვინაობა, მით უფრო არ გარკვეულა მოსარჩელეთა დამოკიდებულება პრივატიზაციის პროცესის მიმართ.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი ქვეყნის საზღვრებში ცხოვრობენ და საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად მათ ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა, დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულებების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას მოსარჩელეთა და მათი დის მ-ა ა-ის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი იწვევს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დევნილობის პერიოდში მ-ა, ნ., მ-ი და მ. ა-ეები რეგისტრირებულები არიან ერთ მისამართზე - ქ. თბილისი, ... №25, ბინა №2, ხოლო ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი დევნილებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს დევნილობის პერიოდში რეგისტრაციის მნიშვნელობასა და მის დანიშნულებაზე, რა პრინციპით ხდება ერთ ფართზე დევნილ პირთა რეგისტრაცია, ხდება თუ არა ერთ მისამართზე დევნილ პირთა რეგისტარცია საცხოვრებელი ფართის გათვალისწინებით და სხვ.. საგულისხმოა, რომ პრივატიზაციის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს საპრივატიზებო ობიექტში რეალურად მცხოვრებ პირთა რაოდენობას. საცხოვრებელი სათანადო უნდა იყოს, სადაც უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები. აქვე აღსანიშნავია, რომ სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი არ მიჯნავდა დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილისა და დევნილის რეგისტრაციის ადგილის ცნებებს, ხოლო ამჟამად მოქმედი კანონი განასხვავებს აღნიშნულ ცნებებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №... განკარგულება დანართი №1 გათვალისწინებული ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ... №25) მ-ა ა-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად 1 ლარად მ-ა ა-ეზე გადაცემის ნაწილში და საქართველოს პრეზიდენტს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ნ. ა-ის, მ. ა-ისა და მ-ი ა-ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ 1 თვიან ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 6 სექტემბერს განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმებით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს განსახილველ შემთხვევაში პრეზიდენტი შეძლებს თუ არა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებას და აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელეთა მიმართ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ თავის მხრივ საქმის ხელახლა განხილვისას სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, საქმეზე უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე