Facebook Twitter

№ბს-312-308(კ-14) 30 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ნ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 15 აპრილს მ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2006 წელს აირჩიეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ. 2007 წლის 14 სექტემბერს საკრებულომ უკანონოდ და დაუსაბუთებლად რიგგარეშე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება უნდობლობის მოტივით მისი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ისე, რომ ამის თაობაზე მისთვის არაფერი უცნობებია; ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლებამოსილება მხოლოდ თავმჯდომარეს გააჩნდა. ამასთან, როგორც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ისე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი დაუშვებლად მიიჩნევს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ჩატარებას. მოსარჩელის მითითებით, საკრებულოს წევრები აიძულეს ხელი მოეწერათ თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადაყენების გადაწყვეტილებაზე. საკრებულოს სადავოდ ქცეული №51 განკარგულება და №14 ოქმი კი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას, თუ რაში გამოიხატებოდა უნდობლობა. საკრებულოს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. ამასთან, საკრებულოს განკარგულება მისთვის არც პირადად და არც ფოსტის მეშვეობით არ ჩაუბარებიათ. მოსარჩელეს სადავო აქტები მხოლოდ მისი მოთხოვნის საფუძველზე 2013 წლის 18 მარტს ჩაბარდა. ამდენად, მოსარჩელემ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის №51 განკარგულებისა და რიგგარეშე სხდომის №14 ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ნ-ე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ საკრებულოს უფლებამოსილების ვადით არჩეულ იქნა 2006 წლის 2 ნოემბერს. ამასთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით მ. ნ-ე გადაყენებულ იქნა ვადამდე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან უნდობლობის მოტივით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იმ დროისათვის საკრებულოს წევრთა რაოდენობა შედგებოდა 29 დეპუტატისაგან; ხოლო მ. ნ-ის თანამდებობიდან უნდობლობის მოტივით გადაყენების რიგგარეშე სხდომის ოქმში დაფიქსირებულია 16 წევრის ხელმოწერა.

სასამართლოს მითითებით, გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 ივლისის განაჩენით მ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით. სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2007 წლის 6 ნოემბრიდან. განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის განაჩენით; ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 27 ივლისის განჩინებით მ. ნ-ის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. ამასთან, საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მ. ნ-ე მიჩნეულ იქნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად. მ. ნ-ე პატიმრობაში იმყოფებოდა 2007 წლის 6 ნოემბრიდან, საიდანაც გათავისუფლდა 2013 წლის 13 იანვარს.

ამასთან, საკრებულოს, რომლის თავმჯდომარესაც წარმოადგენდა მ. ნ-ე, უფლებამოსილება შეუწყდა 2010 წლის 18 ივნისს.

სასამართლოს მითითებით, საკრებულოს ყოფილი წევრების, მოწმის სახით დაკითხულ თ. ა-ის, შ. ც-ას, რ. ჩ-ის, მ. ბ-ის, მ. ა-ის, ს. ქ-ის ჩვენებების მიხედვით, მათზე 2007 წლის 13-14 სექტემბერს ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური სახის ზეწოლა, მუქარა; მათ სახლში იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები, ხოლო საკრებულოში - სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები და აიძულეს ხელი მოეწერათ მ. ნ-ის გადაყენებისა და ზ. ხ-ის არჩევის ოქმზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან იმის დასკვნის საფუძველს, რომ მოსარჩელისათვის ჯერ კიდევ 2007 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იყო ცნობილი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადაყენების შესახებ, სარჩელი კი სასამართლოში აღძრულია 6 წლის შემდეგ, რის გამოც მოთხოვნა ხანდაზმულია.

სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ: ა) საკრებულო; ბ) გამგეობა, მერია; გ) მუნიციპალიტეტი. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში; მოსამსახურე, რომელსაც აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა სახელმწიფოსთან, არის სახელმწიფო მოსამსახურე, ხოლო პირი, რომელიც სამსახურებრივ ურთიერთობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან, არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ნ-ე იყო რა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და მისი თავმჯდომარე, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი და 21 პუნქტების თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება; ამ აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 14 სექტემბერს ტელეკომპანია „...“ ეთერით გადაიცა სიუჟეტი, რომლის კადრებშიც ასახულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან მყოფი მ. ნ-ე, სადაც წევრები აღნიშნავენ, რომ მათზე განხორციელდა მუქარა და ზეწოლა და ისე მოაწერეს ხელი მ. ნ-ის თანამდებობიდან გადაყენებისა და მის მაგივრად ზ. ხ-ის არჩევის ოქმს; ხოლო ჟურნალისტის გადმოცემით, მ. ნ-ე აპირებს დარღვეული უფლების აღდგენას სასამართლოში. ამასთან, მ. ნ-ემ 2007 წლის 4 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტსა და საქართველოს სახალხო დამცველს სადაც, სხვა გარემოებებთან ერთად მიუთითა, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიმართ განხორციელდა ძალადობა, რის შედეგადაც იგი უკანონოდ გადაირჩიეს თანამდებობიდან. ამდენად, მ. ნ-ისათვის იმთავითვე ცნობილი იყო (უნდა ყოფილიყო) საკრებულოს სადავოდ გამხდარი განკარგულების შესახებ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებიდან მ. ნ-ეს სამსახურებრივი მოვალეობები არ შეუსრულებია, ხელფასი არ მიუღია, მ. ნ-ე თავად აღნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მისთვის მაშინვე იყო ცნობილი. მიუხედავად ამისა, მ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით სასამართლოს 6 წლის დაგვიანებით მომართა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოსადმი სარჩელით მომართვის დროისათვის მ. ნ-ეს გაცდენილი ჰქონდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის განჩინებაზე, საქმე №ბს-701-288(კ-05), სადაც სასარჩელო ხანდაზმულობის (უფლების დაცვის) ვადის გაცდენა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად არის მიჩნეული. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენის რაიმე საფუძველი; ხოლო ის ფაქტი, რომ მ. ნ-ე 2007 წლის 6 ნოემბრიდან 2013 წლის 13 იანვრამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, მდგომარეობას ვერ ცვლის, რადგან მას, თუნდაც საპატიმრო ადგილებში ყოფნისას, სრული შესაძლებლობა ჰქონდა სარჩელით მიემართა სასამართლოსათვის დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ.

გარდა ამისა, სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მართალია, საკრებულოს მოწმის სახით დაკითხული ყოფილი წევრები მიუთითებენ, რომ მათზე ხორციელდებოდა მუქარა და ზეწოლა, რის შედეგადაც მოაწერინეს ხელი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაზე, მაგრამ ეს ფაქტი კანონით დადგენილი წესით დადასტურებული არ არის.

სასამართლოს განმარტებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად (იმ დროისათვის მოქმედი რედ.), საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საკრებულოს თექვსმეტმა წევრმა (სრული შემადგენლობის 1/3-ზე და სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი) კენჭი უყარა უნდობლობის მოტივით თავმჯდომარის გადაყენების საკითხს და მიიღო მისი გადაყენების გადაწყვეტილება და ამ თვალსაზრისით რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ მ. ნ-ე არ იყო მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში კანონით დადგენილი წესით და ამასთან, შესაბამისი დასაბუთების გარეშეა გამოცემული გასაჩივრებული აქტი, მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის არ წარმოადგენს მნიშვნელობის მქონეს, რადგან არსებითი და განმსაზღვრელია საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილება თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, და ამავე დროს სარჩელი ხანდაზმულია.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის №51 განკარგულება; მ. ნ-ის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის №14 ოქმი; მ. ნ-ეს უარი ეთქვა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის №14 ოქმის იმ ნაწილის ბათილად ცნობაზე, რომელიც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზ. ხ-ის არჩევის საკითხს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საკითხს (პროცესუალური საკითხი) იმის შესახებ, დაცული აქვს თუ არა მ. ნ-ეს სადავო ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოსა და მოპასუხე მხარის მტკიცება მასზედ, რომ მოსარჩელე მ. ნ-ეს დარღვეული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. იმავე 127-ე მუხლის 21 პუნქტით დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის №51 განკარგულების, აგრეთვე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის №14 ოქმის ასლები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მ. ნ-ეს გადასცა 2013 წლის 18 მარტს, თავად მ. ნ-ის მოთხოვნის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მ. ნ-ე სადავო აქტებს ოფიციალურად გაეცნო სწორედ ამ დღეს. შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა მოსარჩელეს უნდა აეთვალოს 2013 წლის 19 მარტიდან. მ. ნ-ის სარჩელი გორის რაიონულ სასამართლოს წარედგინა 2013 წლის 15 აპრილს, ანუ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვით. აპელირება მასზედ, რომ მ. ნ-ემ, რადგან იგი 14.09.2007 წლის შემდეგ აღარ ახორციელებდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს და არ იღებდა ხელფასს, ჯერ კიდევ 2007 წლის სექტემბერში შეიტყო (უნდა შეეტყო) საკრებულოს სადავო განკარგულების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და მიუთითა, რომ აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება საკანონმდებლო აქტების - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის დებულებებს. აღნიშნული ნორმების თანახმად, სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტის (განკარგულების) გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა იწყება პირისთვის აქტის გაცნობის დღიდან, ხოლო დაინტერესებული პირისთვის აქტის გაცნობა გამოიხატება ამ აქტის პირისთვის გაგზავნასა და გადაცემაში. შესაბამისად, დაუშვებელია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის თანმდევი შედეგები - თანამდებობაზე არყოფნა, თანამდებობრივ უფლებამოსილებათა არ(აღარ)განხორციელება, ხელფასის მიუღებლობა, თუნდაც ინფორმაციის ზეპირი წყაროებიდან იმის კონკრეტულად ცოდნა, რომ საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით პირი აღარ არის საკრებულოს თავმჯდომარე, გაიგივდეს სადავო აქტის პირისთვის გადაცემის, დაინტერესებული პირის მიერ აქტის წაკითხვის, მისი შინაარსის აღქმის, გაგებისა და გაცნობის იურიდიულ ფაქტთან.

იმის გათვალისწინებით, რომ სადავო სამართლებრივი აქტები - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის №51 განკარგულება, აგრეთვე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის №14 ოქმი, მათთვის დამახასიათებელი ოთხივე ელემენტის გამო, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტისა, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს - საკრებულოს მიერ, გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, მიმართულია კონკრეტული შედეგისკენ - გადაწყდა მ. ნ-ის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, ინდივიდუალური ხასიათისაა - შეეხება ერთ კონკრეტულ პირს - მ. ნ-ს), დავას არ უნდა იწვევდეს მხარეებს შორის ის მოსაზრება, რომ ამ აქტებზე, აქტების გამოცემის წინმსწრებ თუ გამოცემის თანმხლებ პროცესებზე უნდა გავრცელდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში კონკრეტული რეგულაციები, წესები და პირობები დადგენილია უფრო სპეციალური კანონით - „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ან/და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და როცა ამ კანონის/კანონების ნორმები უპირატესად უწევენ კონკურენციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებს. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო სამსახურში შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (განკარგულების) გამოცემის პირობებში ასეთი აქტის გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლი არათუ არ უწევს კონკურენციას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამის ნორმებს, არამედ პირიქით - 127-ე მუხლის არსიდან გამომდინარე ეს უკანასკნელი უცილობლად გამოყენებადია და მოქმედი მხოლოდ და მხოლოდ სხვა ნორმასთან - სზაკ-ის 58-ე მუხლთან ერთობლიობაში, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ადგენს და განმარტავს, თუ რას ნიშნავს, კონკრეტულად რომელ ქმედებებში გამოიხატება აქტის დაინტერესებული პირისთვის ოფიციალური გაცნობა. არც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი/აღმასრულებელი ორგანოების მიერ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში გამოცემული ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების განსხვავებულ ვადებს, აგრეთვე ამ ვადების ათვლის, ვადების დინებისა და დასრულების რაიმე განსხვავებულ წესებს, რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლოს შეეძლო იმის თქმა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მ. ნ-ეს აქტების გამოცემიდან არ ჩაბარებია სადავო აქტები და მისთვის უცნობი იყო ამ აქტების შინაარსი (ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება), მას უნდა ეზრუნა საქმის სასამართლოში დროულად აღძვრაზე. დაინტერესებული პირის მიერ იმის ცოდნა, რომ ბუნებაში შესაძლოა, არსებობდეს ადმინისტრაციული აქტი, რომელიც შეეხება მის (დაინტერესებული პირის) ინტერესებს, უფლებებსა და მოვალეობებს, არ წარმოადგენს სათანადო, შესაბამისი სახისა და შინაარსის იურიდიულ ფაქტს იმისთვის, რომ დროის კონკრეტული სეგმენტიდან დაინტერესებულ პირს აეთვალოს ასეთი ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების პროცესუალური ვადა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ტელეკომპანია „...“ 14.09.2007 წლის სიუჟეტი თუმცა მიუთითებს დაინტერესებული პირის - მ. ნ-ის ინფორმირებულობაზე, ეს უკანასკნელი არ უნდა იქნეს მიჩნეული მ. ნ-ისთვის სადავო აქტის ოფიციალური გაცნობის იურიდიულ ფაქტად.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მ. ნ-ის სარჩელის მოთხოვნის საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ მ. ნ-ის სარჩელი ხანდაზმული იყო (რასაც სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება), მას (სასამართლოს) იმავე კოდექსის 262 მუხლის გამოყენებით, საპროცესო დოკუმენტის - განჩინების გამოტანის გზით სარჩელის დაუშვებლობის მოტივით უნდა შეეწყვიტა მ. ნ-ის საქმის წარმოება. ადმინისტრაციული სამართალწარმოებისთვის დამახასიათებელი საპროცესო ინსტიტუტის - სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობების და საფუძვლების არსებობისას დაუშვებელია, რომ სასამართლომ დავა განიხილოს არსებითად და შეამოწმოს სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა მატერიალური სამართლის ნორმათა ჭრილში, რადგან ადმინისტრაციული სარჩელის დაუშვებლობა გამორიცხავს დავის არსებითად განხილვის შესაძლებლობას და პირიქით.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის (პირვანდელი რედაქცია) თანახმად, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება: საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს აპარატის, გამგეობის (მერიის) და მათი სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცება. იმავე კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკრებულოს მუშაობის წესი განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების კანონიერება უნდა შემოწმდეს როგორც საკანონმდებლო აქტის - „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ისე - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.11.2006 წლის №1 დადგენილებით დამტკიცებული „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ ნორმებზე დაყრდნობით.

საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის - მ. ნ-ის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულის რიგგარეშე სხდომაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარმოადგენს იმ დროს მოქმედი სამართლებრივი ნორმების უხეშ დარღვევას და მიუთითებს გასაჩივრებული აქტების უკანონობაზე. კერძოდ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის (პირვანდელი რედაქციის) თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. ამდენად, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საკითხის ინიცირებისა და შემდეგ - გადაწყვეტის ზოგადი წესები თუმცა ასახულია საკანონმდებლო აქტში - „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, იმავე საკითხს, დამატებითი და დეტალური წესების დადგენის გზით აწესრიგებს ასევე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.11.2006 წლის №1 დადგენილებით დამტკიცებული „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“. რეგლამენტის (2007 წლის სექტემბრის თვეში მოქმედი რედაქციის) 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აკრძალულია საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურების ჩატარება; ამდენად, მიუხედავად ამგვარი აკრძალვისა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკრებულოს თავმჯდომარის - მ. ნ-ის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურები ჩაატარა და მაშასადამე - მ. ნ-ე თანამდებობიდან გადააყენა სწორედ რიგგარეშე სხდომაზე, რითაც დაირღვა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.11.2006 წლის №1 დადგენილებით დამტკიცებული „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 45.5. მუხლის მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მტკიცება მასზედ, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.11.2006 წლის №1 დადგენილებით დამტკიცებული „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის (2007 წლის სექტემბერში მოქმედი რედაქციის) თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილი იყო თავმჯდომარის გადაყენების საკითხი განეხილა და გადაეწყვიტა რიგგარეშე სხდომაზე; კერძოდ, რეგლამენტის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენდა, რომ საკრებულო სხდომაზე რიგგარეშედ განიხილავს: ა) საკითხს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შესახებ; ბ) უნდობლობის გამოცხადების საკითხს. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ 57.4. მუხლის ჩანაწერში საუბარია სხდომაზე განსახილველი საკითხების რიგითობაზე და არა ზოგადად სხდომის ტიპზე, მორიგი და რიგგარეშე სხდომების რიგითობაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასათვალისწინებელია, რომ რეგლამენტის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარე მორიგი სხდომების გახსნისას, საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და მათი განხილვის თანმიმდევრულობას. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების, საკითხის დამატების ან განხილვიდან მოხსნის შესახებ. რეგლამენტის 45.5., 57.3 და 57.4. მუხლების ერთად წაკითხვისა და ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილოს და გადაწყვიტოს მხოლოდ და მხოლოდ მორიგ სხდომაზე, მაგრამ რიგგარეშედ, ანუ, მორიგი სხდომის მიმდინარეობისას იმ საკითხებზე უფრო ადრე და უპირატესად, რომლებიც გათვალისწინებულია და დაგეგმილი მორიგი სხდომის დღის წესრიგით წინასწარ. რეგლამენტის 57.3. მუხლის ჩანაწერი ლოგიკურია, პრქატიკული და მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ არ მოხდეს მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში საკრებულოს იმ წევრის დაშვება, რომლის უფლებამოსილების საკითხიც საეჭვოა და რომელსაც შესაძლოა შეუწყდეს კიდეც ეს უფლებამოსილება, ან არ მოხდეს იმავე საკითხების განხილვა-გადაწყვეტა იმ თავმჯდომარის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით, რომლის მიმართაც არსებობს უნდობლობის გამოცხადების და მისი თანამდებობიდან გადაყენების რეალური საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ასევე, გასათვალისწინებელია 2007 წლის სექტემბრის თვეში მოქმედი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 63-ე მუხლის ის მოთხოვნები, რომლებიც უნდა დაეცვა საკრებულოს სხდომის ორგანიზებისა და ჩატარების პროცესში. კერძოდ, 63-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია დაიწყოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ საკრებულოს სხდომა იწყება საკრებულოს წევრთა რეგისტრაციით. წევრთა რეგისტრაცია იწყება სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, საკრებულოს წევრთა ხელახალი რეგისტრაცია ტარდება კენჭისყრის დაწყების წინ. იმავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენდა, რომ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრთა დასწრების რეგისტრაციას ახორციელებს აპარატი, შესაბამის რეესტრში მათ მიერ ხელმოწერების ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის ორგანიზების, კერძოდ, 14.09.2007 წლის №14 სხდომის ოქმში მითითებული საკრებულოს წევრების (16 პირის) სხდომაზე გამოცხადებისა და სხდომაზე ყოფნის, დასწრების დამადასტურებელი მტკიცებულება - წევრთა ხელმოწერების რეესტრი. საკრებულომ დაადასტურა, რომ მას ასეთი დოკუმენტი (რეესტრი) არ გააჩნია. რეესტრის არქონა (არარსებობა) და საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2007 წლის 14 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე არათუ არ ყოფილა მოწვეული ყველა დეპუტატი, მათ შორის - მ. ნ-ე, არამედ თავად სხდომას (თუკი ჩავთვლით, რომ სხდომა საერთოდ შედგა) არ დასწრებია და კენჭისყრაში არ მიუღია მონაწილეობა და განსახილველი საკითხისთვის (მ. ნ-ის თანამდებობიდან გადაყენების საკითხისთვის) მხარი არ დაუჭერია საკრებულოს ტეპუტატთა (წევრთა) სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. უთარიღო დოკუმენტი - წერილობითი წინადადება (ინიციატივა) მ. ნ-ის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული წინადადების საკრებულოში ინიცირების შემდგომ ნამდვილად გაიმართა სხდომა, ნამდვილად დაესწრო ამ სხდომას საკრებულოს 16 წევრი და ნამდვილად დაუჭირა მხარი თექვსმეტივე (სხდომის ოქმში მითითებული შემადგენლობით) დეპუტატმა მ. ნ-ის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ სადავო შემთხვევაში გარდა იმისა, რომ დაცული არ არის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა-გადაწყვეტისთვის კანონით (რეგლამენტით) დადგენილი ფორმალური წესი - საკითხის მორიგ (და არა რიგგარეშე) სხდომაზე განხილვის წესი, დარღვეულია იმავე საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის ნორმის - „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის (პირვანდელი რედაქციის) მოთხოვნა მასზედ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისთვის აუცილებელია საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა. სხდომის მოუწვევლობის, სხდომაზე დეპუტატთა არყოფნის, სხდომაზე კენჭისყრის არჩატარების პირობებში მტკიცება მასზედ, რომ მ. ნ-ის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა, უსაფუძვლოა, არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს, არ დასტურდება შესაბამისი სახის და შინაარსის მტკიცებულებებით. თუნდაც დეპუტატის - შ. ც-ას არყოფნა დანარჩენ 15 დეპუტატთან ერთად ერთ დღეს (14.09.2007 წელს), ერთ შენობაში იმაზე მიუთითებს, რომ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს სადავო გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაუჭერია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მტკიცება და განმარტა, რომ 2007 წლის 14 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე საერთოდ არ უნდა განეხილათ და გადაეწყვიტათ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არამარტო იმიტომ, რომ სხდომა იყო რიგგარეშე და არა მორიგი, არამედ იმიტომ, რომ სხდომის ორგანიზება (მოწვევა და ჩატარება) არ მოხდა კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით ისე, რომ საერთოდაც ეჭქვეშ დგება თუნდაც ამ რიგგარეშე სხდომის ნამდვილობა, აგრეთვე იმიტომ, რომ სადავო გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს წევრთა შესაბამისმა რაოდენობამ.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2007 წლის 14 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის მოწვევის სისწორესა და კანონიერებაზე. კერძოდ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის (პირვანდელი რედაქცია) თანახმად, საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: ა) საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით; ბ) გამგებლის (მერის) წინადადებით; გ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით; დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან 1 კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის ამ ვადაში მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. საკრებულოს წევრთა გაფრთხილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ინიციატორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს დამსწრეთაგან უხუცესი წევრი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის კანონის (24-ე მუხლის) მოთხოვნათა შესაბამისად მოწვევის, ორგანიზების დამადასტურებელი შესაბამისი სახისა და შინაარსის მტკიცებულებები, კერძოდ, მტკიცებულებები იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კონკრეტულმა და თანაც სათანადო რაოდენობის წევრებმა (ანუ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა) 14.09.2007 წლამდე ერთი კვირით ადრე მაინც წერილობითი ფორმით გამოხატეს და საკრებულოს თავმჯდომარეს შეატყობინეს თავიანთი დასაბუთებული, მოტივირებული მოთხოვნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე; თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 14.09.2007 წლის სხდომა ყველა წესის ზედმიწევნით ზუსტად დაცვითაც რომ ყოფილიყო მოწვეული და მოცემულ სხდომას მართლაც რომ დასწრებოდა საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტი, საკრებულო, სხდომაზე დამსწრე დეპუტატები მაინც არ იქნებოდნენ უფლებამოსილნი განეხილათ და კენჭისყრის გზით გადაეწყვიტათ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, რადგან მოცემული სხდომა იყო რიგგარეშე და არა მორიგი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადებით დადგენილია, რომ კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ. ხოლო საქმის სასამართლო განხილვამ ცხადყო, რომ გადაწყვეტილება (განკარგულება) მ. ნ-ის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მიღებულია კოლეგიური საჯარო დაწესებულების - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისეთ სხდომაზე, რომელიც არ ყოფილა მოწვეული (ორგანიზებული) კანონით დადგენილი წესების დაცვით და რომელიც ჩატარდა კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ასევე, გადაწყვეტილება (განკარგულება) მ. ნ-ის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არ ყოფილა მხარდაჭერილი საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები - ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის №51 განკარგულება და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის ოქმი N14 მ. ნ-ის თანამდებობიდან გადაყენების ნაწილში წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ აქტებს, რადგან ისინი ეწინააღმდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლს, 33-ე მუხლის მე-4 პუნქტს, 63-ე მუხლს, ასევე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.11.2006 წლის №1 დადგენილებით დამტკიცებული „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 45.5. მუხლს, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მ. ნ-ის მოთხოვნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის №14 ოქმის იმ ნაწილის ბათილად ცნობაზე, რომელიც შეეხება გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზ. ხ-ის არჩევის საკითხს იმ მოტივით, რომ მ. ნ-ეს აქტის ამ ნაწილის ბათილად ცნობის მიმართ არ გააჩნია რაიმე სახის იურიდიული ინტერესი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. კასატორის მითითებით, მ. ნ-ისთვის იმთავითვე ცნობილი იყო მისი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისა და საკრებულოს სადავო განკარგულების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად, მ. ნ-ემ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით 6 წლის დაგვიანებით მიმართა, რითაც მან დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.

სააპელაციო სასამართლოს ფართო და არგუმენტირებული მსჯელობის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოტივაციას განსახილველი სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის კონსტიტუციურ გარანტს ქმნის საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლი, რომლის მიხედვითაც „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი ასახულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 1).

ამასთან, აღსანიშნავია, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე უპირველესად გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებისა და უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავისმხრივ უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალური ხელმისაწვდომობა.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება; ხოლო აღნიშნული მუხლის 21 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის გაცნობის ზოგად წესს განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე – 58-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რასაც არც საკრებულო უარყოფს, რომ სადავო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის №51 განკარგულება და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის №14 ოქმი მ. ნ-ეს, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ოფიციალურად მხოლოდ 2013 წლის 18 მარტს ჩაბარდა. თუმცა, საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2007 წლის 14 სექტემბერს ტელეკომპანია „...“ ეთერით გადაიცა სიუჟეტი, რომლის კადრებშიც ასახულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან მყოფი მ. ნ-ე, სადაც წევრები აღნიშნავენ, რომ მათზე განხორციელდა მუქარა და ზეწოლა და ისე მოაწერეს ხელი მ. ნ-ის თანამდებობიდან გადაყენებისა და მის მაგივრად ზ. ხ-ის არჩევის ოქმს. ამასთან, დადგენილია, რომ მ. ნ-ემ 2007 წლის 4 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტსა და საქართველოს სახალხო დამცველს, სადაც სხვა გარემოებებთან ერთად მიუთითა, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიმართ განხორციელდა ძალადობა, რის შედეგადაც იგი უკანონოდ გადაირჩიეს თანამდებობიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისს კანონმდებლობა უსაფუძვლოდ არ უკავშირებს დაინტერესებული მხარის მიერ აქტის გაცნობის ფაქტს. ბუნებრივია, შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის გასაჩივრება. აქტის არცოდნა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს. თუმცა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაინტერესებული მხარისათვის გაცნობა უპირველესყოვლისა გულისხმობს ამ აქტით მიღებული გადაწყვეტილების მიღების ფაქტისა და გადაწყვეტილების შინაარსის მხარისათვის გაცნობას და არა მარტო იმას, რომ პირმა მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურად ჩაიბაროს გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას.

განსახილველ შემთხვევაში ტელევიზიით მ. ნ-ის გამოსვლა და მისი პროტესტი გამოწვეული იყო სწორედ მოსარჩელის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე საკრებულოს გადაწყვეტილების შინაარსის ცოდნით, რომელსაც იგი უკანონოდ მიიჩნევდა. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტების მ. ნ-ის მიერ გაცნობის ფაქტს არა მხოლოდ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე 2007 წლის 14 სექტემბრიდან მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განუხორციელებლობისა და მის მიერ ხელფასის მიუღებლობის ფაქტი ადასტურებს, არამედ, აღნიშნული გარემოება დადასტურებულია მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების უკანონობის საჯაროდ მტკიცებით. ხოლო სადავო გადაწყვეტილების ცოდნამ მ. ნ-ეს წარმოუშვა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. სახეზე გვაქვს ის შემთხვევა, როდესაც მოსარჩელეს აქტის არჩაბარება არ აბრკოლებდა კანონით დადგენილი წესით მიემართა სასამართლოსთვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარების პირობებში კი პირს უსასრულოდ შეეძლება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და ეს მაშინ, როდესაც ხანდაზმულობის ვადების არსებობის უმთავრეს მიზანს სამართლებრივი სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტება არ პასუხობს დაინტერესებული მხარისათვის აქტის გაცნობის არსსა და ხანდაზმულობის ვადების არსებობის მიზნებს.

ამდენად, 6 წლის შემდგომ სარჩელის წარდგენით მოსარჩელეს გაშვებული აქვს სადავო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის №51 განკარგულებისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის №14 ოქმის გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის გამოთვლასთან დაკავშირებით ამგვარი განმარტება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის მოთხოვნებს და ადმინისტრაციულ ორგანოს არ უხსნის მისთვის კანონით დადგენილ ვალდებულებას მიღებული გადაწყვეტილების დაინტერესებული პირისთვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს შრომითსამართლებრივი ურთიერთობის თავისებურება და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უქმნის.

დამატებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2007 წლის 6 ნოემბრიდან 2013 წლის 13 იანვრამდე მ. ნ-ის პატიმრობაში ყოფნა არ წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენის საფუძველს. აღნიშნული მოსარჩელეს არ უზღუდავდა საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლით მინიჭებულ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში რეგლამენტირებულ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე–179-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნას, რაც სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას იმსჯელოს სარჩელის დასაბუთებულობაზე (მატერიალური დასაშვებობა). სარჩელის მატერიალური დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს განმწესრიგებელ სხდომაზე (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლი), თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლინდება სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, რომელიც არ საჩივრდება. სარჩელის დასაშვებობის შემოწმება ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე-25-ე მუხლების შესაბამისად.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის №51 განკარგულებისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის №14 ოქმის ბათილად ცნობა წარმოადგენს, სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული შეცილებითი სარჩელი, რა დროსაც სარჩელის დასაშვებობისათვის ერთ-ერთ სავალდებულო პირობას შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დაცვა წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის მატერიალური დასაშვებობის სავალდებულო პირობა (ხანდაზმულობა), რის გამოც 262 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მ. ნ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 262 მუხლის მე-6 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებები;

3. მ. ნ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება ხანდაზმულობის გამო;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე