Facebook Twitter

საქმე №ბს-447-441(კს-14) 9 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) _ ი. პ-ე, ვ. პ-ე, ზ. გ-ე, რ. ზ-ე

დავის საგანი _ სააპერლაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. პ-ემ, ვ. პ-ემ, ზ. გ-ემ და რ. ზ-ემ 2013 წლის 31 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით - 3000 ლარის გაცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. პ-ის, ვ. პ-ის, ზ. გ-ისა და რ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელეების: ი. პ-ის, ვ. პ-ის, ზ. გ-ისა და რ. ზ-ისათვის თითოეულის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით გაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩაბარდა 2014 წლის 10 აპრილს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 25 აპრილს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული ბეჭდით, აღნიშნულს ასევე ადასტურებს ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია 2014 წლის 25 აპრილი. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2014 წლის 10 აპრილს, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა 2014 წლის 11 აპრილს დაიწყო და 2014 წლის 24 აპრილს 24 საათზე ამოიწურა. შესაბამისად, 2014 წლის 25 აპრილს შეტანილი სააპელაციო საჩივარი ითვლება გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილ საჩივრად, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად არ იქნა გამოკვლეული საჩივრის წარმოებაში მიღების პირობები. კერძოდ, სამინისტრომ 2014 წლის 24 აპრილს, კომპანია „...“ შეუკვეთა საფოსტო მომსახურება და შეადგინა შესაბამისი ტექსტი (ტელეგრამა) თბილისის საქალაქო სასამართლოს მისამართზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამინისტრო ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის 3/2767-13 გადაწყვეტილებას - ი. პ-ის, ვ. პ-ის, ზ. გ-ისა და რ. ზ-ის საქმეზე. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ფოსტას შეტყობინება ჩაბარდა კანონის სრული დაცვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით და ვადაში, რის გამოც ითვლება, რომ სამინისტროს მიერ საჩივრის წარდგენის ვადა დარღვეული არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონის არასწორად განმარტების შედეგად საქმეზე არასწორი განჩინება მიიღო, რის გამოც სახეზეა მისი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების საფუძვლები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის 10 აპრილს ჩაბარდა (ტ. I; ს.ფ. 148). სააპელაციო საჩივარი 2014 წლის 25 აპრილს იქნა წარდგენილი (ტ. I; ს.ფ. 152-162;), რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული სააპელაციო სასამართლოს შტამპით. გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა 2014 წლის 24 აპრილს იწურებოდა. რომელიც არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს და იყო სამუშაო დღე ხუთშაბათი. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის შეეტანის ვადა სწორედ 2014 წლის 24 აპრილს 24:00 საათზე ეწურებოდა, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამინისტრომ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების რეალიზება მოახდინა ტელეგრაფის მეშვეობით კომპანია ,,...“ 2014 წლის 24 აპრილს შეტყობინების გზით, ხოლო მომდევნო დღეს - 2014 წლის 25 აპრილს სასამართლოს ჩააბარა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განსაზღვრულია ფოსტით ან ტელეგრაფის მეშვეობით სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა. ამასთან, სააპელაციო საჩივრის ფორმა განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე - 368-ე მუხლებით, რომელთა დაუცველობა 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრაფის მეშვეობით გამოხატა ნება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების საპელაციო წესით გასაჩივრების თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით სააპელაციო საჩივარი ვადაში წარდგენილად უნდა იქნეს მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება – სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას – უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული იქნა კანონით განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, ტელეგრაფის მეშვეობით მოახდინა უფლების რეალიზება საპროცესო ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ანუ მხარემ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დატოვებული განუხილველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი საპროცესო ვადაში წარუდგენლობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინება, როგორც უსაფუძვლო, ექვემდებარება გაუქმებას და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა საფუძვლების შემოწმების სტადიიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე