Facebook Twitter

საქმე #ბ-1420-3(გან-14) 16 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლების საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. პ-ისა და ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარად იქნა აღიარებული გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 28 თებერვლის ... ბრძანება და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის № ... ბრძანება; ი. კ-ი აღდგენილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო ი. პ-ი აღდგენილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, ი. პ-სა და ი. კ-ს აუნაზღაურდათ იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, ზემოაღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ლიკვიდირებული მუნიციპალიტეტის უფლებამონაცვლის (ვალდებულების) საკითხი, შემდეგი მოტივით:

2014 წლის 2 აგვისტოს განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაცია და ახალი თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედებიდან ჩამოყალიბდა ორი ახალი მუნიციპალიტეტი: თვითმმართველი ქალაქ ,,გორის მუნიციპალიტეტი“ და ,,თვითმმართველი თემი ,,გორის მუნიციპალიტეტი“ ამასთან, ერთად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით განისაზღვრა მუნიციპალიტეტის გაყოფის შედეგად შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტებისათვის გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესი. აღნიშნული დადგენილებით არ არის განსაზღვრული შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული დავების შემთხვევაში ლიკვიდირებული ,,გორის მუნიციპალიტეტის“ უფლებამონაცვლეობის საკითხი (იხ. ს.ფ. 2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. პ-ისა და ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარად იქნა აღიარებული გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 28 თებერვლის ... ბრძანება და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის № ... ბრძანება; ი. კ-ი აღდგენილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო ი. პ-ი აღდგენილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, ი. პ-სა და ი. კ-ს აუნაზღაურდათ იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა გადაწყვეტილების განმარტებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაცია და ახალი თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედებიდან ჩამოყალიბდა ორი ახალი მუნიციპალიტეტი: თვითმმართველი ქალაქ ,,გორის მუნიციპალიტეტი“ და ,,თვითმმართველი თემი ,,გორის მუნიციპალიტეტი“ ამასთან, ერთად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით განისაზღვრა მუნიციპალიტეტის გაყოფის შედეგად შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტებისათვის გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესი. აღნიშნული დადგენილებით არ არის განსაზღვრული შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული დავების შემთხვევაში ლიკვიდირებული ,,გორის მუნიციპალიტეტის“ უფლებამონაცვლეობის საკითხი, აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე, განმარტების მიზანს წარმოადგენს სოფელი ... და სოფელ ... თუ რომელ ტერიტორიული ორგანოს დაექვემდებარა - გორის მუნიციპალიტეტს თუ ,,თვითმმართველი თემი ,,გორის მუნიციპალიტეტს“.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სსსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა, რადგან მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმარტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს და სასამართლოს ამგვარ უფლებამოსილებას ანიჭებს იმ პირობების არსებობისას, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტება ემსახურება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზანს. ამასთან, გადაწყვეტილების განმარტებისას არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განმარტების საგანს უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ გადაწყვეტილების შინაარსი, ამასთან განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანობის შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 29 გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო კანონმდებლობით არც ერთი პირობა, რამდენადაც გასარკვევია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ტერიტორიული ორგანოსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ტერიტორიული ორგანოს უფლებამონაცვლის საკითხი, რაც სცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს. შესაბამისად, მოცემული მოთხოვნა ნამდვილი მიზნის მიღწევას არ ემსახურება.

საკასაციო სასამართლო თვითმმართველობის ორგანოს განუმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი ითვალისწინებს, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობას, გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს საპროცესო უფლებათა რეალიზაციის წესებსა და ფორმებს, რაც მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფილი არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. არ დაკმაყოფილდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/