Facebook Twitter

#ბს-214-210(კ-15) 23 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა რ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური; მოსარჩელე - ა. ფ-ე; მოპასუხეები - გ. და რა. მ-ეები).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 10 ოქტომბერს ა. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ., გ. და რა. მ-ეების მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რ., გ. და რა. მ-ეების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა 469 კვ.მ და 120 კვ.მ. მიწის ნაკვეთების ნაწილში.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ა. ფ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ყადაღა დაედო მოპასუხეების - რ., რა. და გ. მ-ეების საკუთრებაში რიცხულ, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე 469 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...) და 120 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთებს.

მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეებად მიუთითა რ., რა. და გ. მ-ეები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ჭარნალის თმის რწმუნებული.

მოსარჩელემ თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა ... საბჭოთა მეურნეობის დირექტორის მიერ 1990 წლის 27 ნოემბერს დამტკიცებული #36 მიზომვის აქტის, ... მეურნეობის მიწათმომწყობი კომისიის სიტუაციური დათვალიერების გეგმის, ... საბჭოთა მეურნეობის დირექტორის 1990 წლის 22 ნოემბრის #2, 1997 წლის 16 იანვრის #2 და 1997 წლის 24 აპრილის #5 ბრძანებების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად ცნობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის საოქმო განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის განსახილველად დაშვებაზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა რ., რა. და გ. მ-ეების კუთვნილ უძრავ ქონებას.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ფ-ემ, რომელმაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტმა ასევე მოითხოვა რაიონული სასამართლოს საოქმო განჩინებების გაუქმება, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ა. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და 2014 წლის 19 მაისის საოქმო განჩინება; საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; ა. ფ-ის მოთხოვნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ., გ. და მ. მიქელაძეებმა, რომლებმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად რ. მ-ის ნაწილში წარმოებაში იქნა მიღებული საკასაციო საჩივარი, ხოლო გ. და მ. მიქელაძეების ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან რ. მ-ის საკასაციო საჩივარზე მისი წარმომადგენლის - ჯ. ქ-ის მიერ 2015 წლის 30 მარტს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯ. ქ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორის - რ. მ-ის წარმომადგენელს - ჯ. ქ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2015 წლის 30 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე