საქმე ბს-245-241(კ-15) 7 ივლისი , 2015 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ხ-ემ და ლ. პ-მა 2014 წლის 3 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის N1/კ-8 და N1/კ-5 ბრძანებები ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის სხდომის 2013 წლის 20 დეკემბრის N3 ოქმი და დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელახალი კონკურსის გამოცხადება; დაეკისროს მოპასუხეს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 2500-2500 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის და ლ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ხ-ემ და ლ. პ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის N1/კ-8 და N1/კ-5 ბრძანებები ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტელად ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის სხდომის 2013 წლის 20 დეკემბრის N3 ოქმი ლ. ხ-ის და ლ. პ-ის ნაწილში და დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში; სარჩელის მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე